¹ბს-1023-977(კ-07) 19 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ნ. ე.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2007წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ე.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს "ს.-ს" და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, შპს "ს.-ს" რეგისტრაციის გაუქმების, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის აზრით, შპს რეგისტრირებული იყო კანონის დარღვევით, საქმიანობას ეწეოდა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, სარეგისტრაციო მასალებში არ არის შპს-ს მიერ პარტნიორთა კრების მოწვევის, რომელიმე პირის დანიშვნის ან მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დოკუმენტები, აღნიშნული კი "მეწარმეთა შესახებ" კანონის 57 მუხლის თანახმად შპს-ს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. მოსარჩელის განცხადებით, შპს "ს.-ს" საქმიანობით მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, რადგან მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ამბულატორიული ფსიქიკური ექპერტიზის დასკვნა შპს-მ გასცა ექსპერტიზის ჩატარების გარეშე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 04.05.07წ. გადაწყვეტილებით ნ. ე.-ს სარჩელს შპს “ს.-ს” დირექტორის ბ. მ.-ის, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ საჯარო რეესტრში შპს “ს.-ს” რეგისტრაციის გაუქმების და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ს.-ს” რეგისტრაცია მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. შპს-ს დამფუძნებელი პარტნიორი და 100% წილის მფლობელია ბ. მ.-ი, შესაბამისად იგი ვერ მოიწვევდა პარტნიორთა კრებას დირექტორის დასანიშნად. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.7 მუხლის თანახმად, კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი დაეთანხმება განსახილველ საკითხს. ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივი რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, შპს "ს" ლიცენზირებული სახედიცინო დაწესებულებაა, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების მუდმივმოქმედი კომისიის 20.07.01წ. ¹11 სხდომის გადაწყვეტილებით ბიუროს მიეცა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია ¹00837, ხოლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე _ ლიცენზია ¹007623. ექიმებს ბ. მ.-ს, ლ. კ.-ს და პ. ი.-ს ჩაბარებული აქვთ სასერტიფიკაციო გამოცდა სპეციალობით სასამართლო ფსიქიატრია და აქვთ უფლება აწარმოონ შესაბამისი სამედიცინო საქმიანობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ს" საქმიანობას ეწეოდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო საქმიანობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლების თანახმად, უსაფუძვლოა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ე.-მ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა ნ. ე.-მ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასრულად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. შპს-ს სარეგისტრაციო მასალებში არ მოიპოვება დირექტორის დანიშვნის შესახებ დოკუმენტი, რაც საწარმოს რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა იქნას წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა თუ რამდენი დამფუძნებელი პარტნიორი ყავს მას. საწარმო თავად არ არის ლიცენზირებული, ხოლო იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალის სერთიფიკატები არ არის ლიცენზიის ალტერნატივა. კასატორის განცხადებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სარწმუნო ცნობით სადღეისოდ შპს “ს" აღარ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, რაც ასევე წარმოადგენს საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
კასატორის მოსაზრებით, შპს "ს.-ს” საქმიანობით, მის მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით განიცადა მძიმე მორალური ტკივილი, რადგან საექსპერტო გამოკვლევა შეიცავდა დისკრიმინაციის, დამცირების ნიშნებს, რის გამოც კასატორს მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლოს უარი უსაფუძვლოდ მიაჩნია.
კასატორი სასკ-ის მე-9 მუხლის პირველ და მე-4 ნაწილზე დაყრდნობით ითხოვს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას, იმ საფუძვლით, რომ შემოსავლის წყარო არ გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ე.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.