Facebook Twitter

საქმე Nას-327-2023

28 დეკემბერი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - დ.ს–ძე, შპს „მ.ი-ჯ–ა“ (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით - მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.რ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები

1.1. რ.რ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული), თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით შპს „მ.ი-ჯ–ასთვის“ (შემდეგში: მოპასუხე კომპანია, აპელანტი კომპანია, კასატორი კომპანია) და დ.ს–ძისთვის (შემდეგში: მოპასუხე, მოპასუხე კომპანიის დირექტორი, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) მის სასარგებლოდ 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 104 500 ლარის დაკისრება, აგრეთვე 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.

1.2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2017 წლის 23 თებერვალს დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება 2020 წლის 1 მაისამდე გადაეხადათ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება. მოპასუხეებმა აღნიშნული ვალდებულება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ შეასრულეს. ამავე ხელშეკრულებით, მოვალეებმა, ასევე იკისრეს ვალდებულება თანხის 2020 წლის 1 მაისამდე გადაუხდელობის შემთხვევაში მოსარჩელისათვის ჯარიმის სახით გადაეხადათ 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მოვალეთა მხრიდან ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა ვალის აღიარების შესახებ გარიგებით გათვალისწინებული თანხების მოპასუხეთათვის დაკისრება.

2. მოპასუხეთა შესაგებელი

2.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

2.2. მოპასუხეებმა იდენტური შინაარსის შესაგებლის წარმოდგენით განმარტეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ვალის აღიარების ხელშეკრულება არის ყალბი საბუთი, ვინაიდან მოპასუხეებს მოსარჩელისგან არასოდეს აუღიათ ვალი და რაიმე მსგავსი ვალდებულება არ არსებობს. ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებები არის სრული სიცრუე და სახეზეა ყალბი საბუთის გამოყენებით ქონებრივი სარგებლის მიღება, რის თაობაზეც მიმართავს შესაბამის ორგანოებს. მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს როდის, რა ვითარებაში მოხდა მოპასუხისგან ვალის აღება. არ არის წარმოდგენილი არც თანხის გაცემის და არც მისი მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება, ვინიდან ასეთი არც არსებობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მითითებულ ხელშეკრულებაზე არის მხოლოდ კომპანიის ბეჭედი და მისი დირექტორის ხელმოწერა დატანილი, ხოლო მოპასუხე დირექტორის, როგორც ფიზიკური პირის ხელმოწერა კი მასზე არ არის და ვერც იქნება.

3. დირექტორის შეგებებული სარჩელი

3.1. დირექტორმა, წარდგენილი შეგებებული სარჩელით ვალის აღიარების ხელშეკრულების ყალბ დოკუმენტად აღიარება და მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არ არსებობის დადგენა მოითხოვა.

4. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

4.1. მოსარჩელის განმარტებით, შეგებებული სარჩელი, ვალის აღიარების დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, 104 500 ლარისა და 5 000 აშშ დოლარის გადახდა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

6. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი

6.1. მოპასუხეებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა სარჩელისა და შეგებებული სარჩელის მოთხოვნებზე, თანდართულ მტკიცებულებებზე, აგრეთვე ხაზგასმით მიუთითა მტკიცების ტვირთზე და საქმის განხილვისას დანიშნულ ექსპერტიზის დასკვნებზე და განმარტა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ერთმნიშვნელოვნად, კატეგორიულად ვერ უთითებს ხელშეკრულებაზე ტექსტისა და ხელნაწერების დატანის წესის თანმიმდევრობაზე. 2021 წლის 2 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა გ.დ–მა, რომელმაც შეადგინა აღნიშნული დასკვნა, განმარტა, რომ კვლევა ჩატარდა პოლარიზაციული მიკროსკოპის გამოყენებით, რათა დადგენილიყო ნივთიერების განაწილების დონეზე სად რა ნაწილაკია ფენების მიხედვით და განსაზღვრულიყო ამ ნაწილაკების რაოდენობა და დადების პერიოდები. დროის პერიოდის დადგენა მიკროსკოპიული კვლევით შეუძლებელია, დგინდება მხოლოდ ფენების დადების რიგითობა. მიკროსკოპს არ აქვს უნარი დაადგინოს თუ რა ნაწილაკებია დოკუმენტზე დატანილი. ერთი, რაც დადგენილია, რომ პირველი ფენა იყო ბეჭდის და ხელმოწერის მელანი და შემდგომ არის ნაწილაკები, რომლებიც არის მსგავსი და იდენტური (და არა იდენტიფიცირებული) პრინტერის ე.წ. ტონერის. ამასთან, იყო თუ არა ეს ნაწილაკები ნამდვილად პრინტერის ნაწილაკები, ამის მიკროსკოპის მეშვეობით დადგენა შეუძლებელია. რაც შეეხება კომპანიის ბეჭედს, ექსპერტმა განმარტა, რომ 2017 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებაზე ასახული ბეჭდის ფერი და საკვლევად გადაცემული 2017 წლის 13-14 და 27-28 თებერვალს შედგენილ დოკუმენტებზე ასახული ბეჭდის ფერისაგან განსახვავებულია. ბეჭდების ფერის დადგენა მოხდა დოკუმენტების ვიზუალიზაციით და არა რაიმე ქიმიური კვლევით. რაც შეეხება იმ ფაქტს, საკვლევად წარდგენილი დოკუმენტები ნამდვილად არის თუ არა მასზე მითითებული თარიღის, ექსპერტმა განმარტა, რომ კვლევისას მოცემულობას ღებულობ ისე, როგორც არის და ეს არის აუცილებელი პირობა.

7.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია დოკუმენტის შედგენის თანმიმდევრულობა (მასზე ბეჭდისა და ტექსტის დატანის რიგითობა), თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ მოპასუხე თავად განმარტავდა, რომ იგი როგორც კომპანიის დირექტორი თავად ქმნიდა და ტოვებდა მისი, როგორც დირექტორის ხელმოწერილ და ბეჭედდარტყმულ ცარიელ (შეუვსებელ) ფურცლებს, აღნიშნული ქმნის შესაძლებლობას ვარაუდისათვის, რომ მას, თავადაც შეეძლო მსგავსი, მის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმულ ცარიელი (შეუვსებელი) ფურცლის გამოყენება. აღნიშნულის შესაბამისად აპელანტის მითითება, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ. დ–მა ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა ხელშეკრულებაზე დატანილი კომპანიის ბეჭდის და შესრულებული ტექსტის ერთ დროში შესრულება, ვალის აღიარების შესახებ სიყალბის დადგენის საფუძვლად ვერ განიხილება, ვინაიდან როგორც ზემოთ აღინიშნა არსებობდა ვარაუდის საფუძველი, რომ სწორედ წინასწარ გამზადებულ დირექტორის ხელმოწერილ და ბეჭედდარტყმულ ცარიელ (შეუვსებელ) ფურცლზე მომხდარიყო ხელშეკრულების შედგენა.

7.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ მოცემულობით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას (ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებას, რომელზეც მოპასუხის ხელმოწერის ნამდვილობა ექსპერტიზის დასკვნითაა დადგენილი და რასაც თავად მოპასუხე მხარეც არ უარყოფს) მოპასუხე მხარემ ვარგისი და წონადი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა, მხარეთა შორის სადავოდ ქცეული 2017 წლის 23 თებერვლით დათარიღებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობა დადგენილ გარემოებად უნდა ჩაითვალოს.

7.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხემ ექსპერტიზის სავარაუდო დასკვნით ერთმნიშვნელოვნად და სარწმუნოდ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება, ხოლო მისი მხოლოდ ზეპირი, ზოგადი ხასიათის ახსნა-განმარტება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ განიხილება.

7.6. სააპელაციო სასამართლომ ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული შეთანხმება შეესაბამებოდა ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების აუცილებელ მოთხოვნებს, რომლის ფარგლებშიც მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ იყო შესრულებული, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის უარყოფის საფუძველი იყო.

8. მოპასუხეთა საკასაციო მოთხოვნა და პრეტენზიები

8.1. მოპასუხეებმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

8.2. საკასაციო პრეტენზიების მიხედვით, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში 2017 წლის გაზაფხულამდე. დასაქმებულის არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო კომპანიამ შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. კასატორის განმარტებით, სწორედ აღნიშნულ პერიოდში დაიდო ე.წ. ყალბი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კასატორებს გააჩნდათ სოლიდური დავალიანება, თუმცა, მოსარჩელე ვერ ამტკიცებდა ვერც სესხის ხელშეკრულების და ვერც თანხის გადაცემის ფაქტს.

8.3. კასატორის პრეტენზიის მიხედვით, მოსარჩელეს შრომითსამართლებრივი დავა ჰქონდა კომპანიასთან, რომელიც მორიგებით დასრულდა, ამავე მორიგების აქტით განისაზღვრა, რომ მოსარჩელეს, კომპანიის მიმართ არავითარი პრეტენზია და მოთხოვნა აღარ გააჩნდა. დავის მორიგებით დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ, ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგინა მოსარჩელემ ახალი სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნით.

8.4. კასატორის განმარტებით, იმ პერიოდში მხარეთა შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, შეუძლებელია 2017 წლის 23 თებერვლით დათარიღებული ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება შეედგინა და გადაეცა მოსარჩელისთვის მოპასუხე დირექტორს.

8.5. საკასაციო პრეტენზიის მიხედვით, სარჩელზე წარდგენილი შესაგებლისა და სააპელაციო საჩივრის მსგავსად, მხარე განმარტავდა, რომ კომპანიის შეუფერხებელი მუშაობის მიზნით, მოპასუხეს და აგრეთვე რამდენიმე პირს უტოვებდა ხელმოწერილ და ბეჭედდარტყმულ ცარიელ, შეუვსებელ ფურცლებს, რომელიც მოსარჩელემ გამოიყენა ყალბი დოკუმენტის შესაქმნელად.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო, 2023 წლის 21 ნოემბრის განჩინების მიხედვით დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

.საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ( შემდეგ -სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).

10. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

10.1. ვალის აღიარების შესახებ 2017 წლის 23 თებერვლის წერილობითი ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეებმა აღიარეს, რომ მოსარჩელის მიმართ დავალიანება შეადგენდა 25 000 აშშ დოლარსა და 104 500 ლარს. ამასთან, იკისრეს სოლიდარული ვალდებულება მითითებული ვალი გადაეხადათ 2020 წლის 1 მაისამდე თავისუფალი გრაფიკის მიხედვით. თანხის გადახდა შესაძლებელი იყო როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით მოსარჩელის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ იკისრეს სოლიდარული ვალდებულება 2020 წლის 1 მაისამდე, თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის სახით გადაეხადათ 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

10.2. დ.ს–ძე წარმოადგენს შპს „მ.ი - ჯ–ას“ დირექტორს.

10.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით დანიშნულ კალიგრაფიულ ექსპერტიზას დაესვა შემდეგი შეკითხვა: 2017 წლის 23 თებერვალს შესრულებულ ხელშეკრულებაზე გაკეთებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა კომპანიის დირექტორის მიერ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2020 წლის 11 დეკემბერს გაიცა დასკვნა N0074664120, სადაც კატეგორიულად არის მითითებული, რომ ხელმოწერა დირექტორის სახელით, განლაგებული 2017 წლის 23 თებერვლის თარიღით შედგენილ ხელშეკრულებაზე, მარჯვენა მხარეს, შესრულებულია კომპანიის დირექტორის მიერ (იხ. ს.ფ. 185-188).

10.4. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით დანიშნულ ექსპერტიზას დაესვა შემდეგი კითხვა: 2017 წლის 23 თებერვალს შესრულებულ ხელშეკრულებაზე გარკვეულიყო ტექსტისა და ხელნაწერების დატანის წესის თანმიმდევრობა, ასევე განსაზღვრულიყო შესრულების პერიოდი. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრს. 2021 წლის 8 ივნისს გაიცა ექსპერტიზის დასკვნა N113/21-დ, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 23 თებერვალს შესრულებულ ხელშეკრულებაზე A4 ფორმატის თეთრი ფერის ფურცელზე სავარაუდოდ პირველად დატანილია ლურჯი ფერის საღებავის ანაბეჭდი „მ.ი ჯ–ა“, შემდგომ ლაზერული პრინტერით დატანილია ტექსტი, ვინაიდან ანაბეჭდის მელნის ზემოდან შეინიშნება შავი ფერის მიკრონაწილაკები, რომელიც სავარაუდოდ არის ლაზერული პრინტერის „ტონერის“ ნაწილაკები; 2017 წლის 23 თებერვალს შესრულებულ ხელშეკრულებაზე ბეჭდის ანაბეჭდი „მ.ი - ჯ–ა“ არის უფრო მუქი ფერის საღებავი საშუალებით (მელნით) შესრულებული, ვიდრე იმავე პერიოდის დოკუმენტებზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდი „მ.ი-ჯ–ა“.

10.5. მოპასუხეები სადავოდ ხდიან მხარეთა ხელმოწერებითა და რეკვიზიტებით შედგენილი 2017 წლის 23 თებერვლის ვალის აღიარების ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენასა და შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არსებობის საკითხს.

10.6. საქმის მასალებში არსებული, ვალის აღიარების შესახებ 2017 წლის 23 თებერვლის წერილობითი ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხე კომპანიამ და ამავე კომპანიის დირექტორმა სოლიდარულად შესასრულებლად აღიარეს, მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების 25 000 აშშ დოლარისა და 104 500 ლარის გადახდის ვალდებულება. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ჯარიმა - 5 000 აშშ დოლარი (ტ.1,ს.ფ.19).

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე - საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგNას-1206-1166-2016).

12. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“ –„affirmanti, non legati, incumbit probatio“. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გადანაწილდეს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. (საქმე №ას-1408-2022 17 ივლისი, 2023 წელი)

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში უნდა დადგინდეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ-სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

14. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება მტკიცების საგნის განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ შემდეგი დასკვნის გაკეთება: მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც, სასამართლოს შეხედულებით, სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.

15. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 105-ე მუხლის მოხმობით განმარტავს, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშველობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

16. წარმოდგენილი შესაგებლითა და ზეპირის მოსმენისას მიცემული ახსნა-განმარტებებით მოპასუხეებმა იმთავითვე სადავოდ გახადეს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე იშუამდგომლეს სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნა. ერთ-ერთი მოპასუხე თავიდანვე უთითებდა, რომ 2017 წლის 23 თებერვლის წერილობითი ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა და მოითხოვდა ექსპერტიზის დანიშვნას. ასევე მიუთითებდა, რომ შესაძლოა ყოფილიყო გამოყენებული დირექტორის ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული ცარიელი (შეუვსებელი) ფურცელი, რომელსაც, იგი როგორც შპს „მ.ი ჯ–ას“ დირექტორი თავად ქმნიდა და ტოვებდა სამსახურში, მისი არყოფნისას, საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით.

17. მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, განჩინებით დანიშნულ კალიგრაფიულ ექსპერტიზას დაესვა შემდეგი შეკითხვა: 2017 წლის 23 თებერვალს შესრულებულ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა კომპანიის დირექტორის მიერ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2020 წლის 11 დეკემბერს გაიცა დასკვნა N0074664120, სადაც კატეგორიულად არის მითითებული, რომ ხელმოწერა დირექტორის სახელით, განლაგებული 2017 წლის 23 თებერვლის თარიღით შედგენილ ხელშეკრულებაზე, მარჯვენა მხარეს, შესრულებულია კომპანიის დირექტორის მიერ (იხ. ს.ფ. 185-188).

18. დასახელებულ დასკვნას დაეთანხმა მოპასუხე და დამატებით მოითხოვა ახალი ექსპერტიზა, ხელშეკრულებაზე ტექსტის, ხელმოწერისა და ბეჭდის დატანის თანმიმდევრობის, ასევე შესრულების პერიოდის შესახებ (იხ. შუამდგომლობა, ტ.1,ს.ფ. 207-209), იმ გარემოების დასადგენად, რასაც მოპასუხე შესაგებელში უთითებდა (საუბარია მოსარჩელის მიერ ბეჭედდასმული და ხელმოწერილი ცარიელი ფურცლის გამოყენებაზე).

19. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განჩინებით დანიშნულ ექსპერტიზას დაესვა შემდეგი კითხვა: 2017 წლის 23 თებერვალს შესრულებულ ხელშეკრულებაზე გარკვეულიყო ტექსტისა და ხელნაწერების დატანის წესის თანმიმდევრობა, ასევე განსაზღვრულიყო შესრულების პერიოდი (იხ, განჩინება, ტ.1,ს.ფ. 234). ექსპერტიზის ჩატარება დაევალა გ. რ–ძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრს. 2021 წლის 8 ივნისს გაიცა ექსპერტიზის დასკვნა N113/21-დ, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 23 თებერვალს შესრულებულ ხელშეკრულებაზე A4 ფორმატის თეთრი ფერის ფურცელზე სავარაუდოდ პირველად დატანილია ლურჯი ფერის საღებავის ანაბეჭდი „მ.ი ჯ–ა“, შემდგომ ლაზერული პრინტერით დატანილია ტექსტი, ვინაიდან ანაბეჭდის მელნის ზემოდან შეინიშნება შავი ფერის მიკრონაწილაკები, რომელიც სავარაუდოდ არის ლაზერული პრინტერის „ტონერის“ ნაწილაკები; 2017 წლის 23 თებერვალს შესრულებულ ხელშეკრულებაზე ბეჭდის ანაბეჭდი „მ.ი - ჯ–ა“ არის უფრო მუქი ფერის საღებავი საშუალებით (მელნით) შესრულებული, ვიდრე იმავე პერიოდის დოკუმენტებზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდი „მ.ი-ჯ–ა“.

20. საკვლევ დოკუმენტზე (23/02/2017 წლის ხელშეკრულებაზე) სავარაუდოდ პირველად დატანილია ლურჯი ფერის საღებავის ანაბეჭდი „მ.ი - ჯ–ა“, შემდგომ ლაზერული პრინტერით დატანილია ტექსტი, ვინაიდან ანაბეჭდის მელნის ზემოდან შეინიშნება შავი ფერის მიკრონაწილაკები, რომელიც სავარაუდოდ არის ლაზერული პრინტერის „ტონერის“ ნაწილაკები; (აღნიშნული მითიტებულია ექსპერტიზის დასკვნის წინა პუნქტშიც)

21. მითითებული დასკვნის კვლევით ნაწილში კი ექსპერტი უთითებს, რომ ლაზერული პრინტერის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, 2017 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულების შემთხვევაში, შესაძლოა ითქვას, რომ ფოტოდოლურამ გადაიტანა ქაღალდზე მასზე ფორმირებული ტექსტი - მანამდე გაცხელდა, დაიმუხტა, აიკრა „ტონერი“ ტექსტის სახით, მაგრამ მასზე იყო კიდევ ქაოტურად დამუხტული ტონერის ნაწილაკები, რომელიც შემდგომ დაიტანა ბეჭდის ანაბეჭდზე საღებავის (მელნის) ზემოდან; განსაკუთრებულად აღსანიშნავია ბეჭდის ლურჯი ფერის საღებავის მქონე ანაბეჭდის წარწერაზე - ციფრებით გამოსახულება - „404891480“ მეოთხე ციფრის „8“ ქვედა რგოლში არსებული შავი ფერის კრისტალური წარმონაქმნები, რომლის ქვეშაც ჩანს ლურჯი ფერის საღებავი (იხ. ექსპერტიზის დასკვნის დანართი 9); შესრულდა სხვადასხვა ფილტრების მეშვეობით მიკროსკოპული გადიდება, რამაც გამოავლინა სხვაობა მელანსა და დატანილ „ტონერის“ კრისტალურ გროვას შორის (იხ. ექსპერტიზის დასკვნის დანართი 10). ბეჭდის ლურჯი ფერის საღებავის მქონე ანაბეჭდზე არსებული მუქი შავი ფერის ნაწილაკების ქიმიური შემადგენლობის დადგენა შეუძლებელია დოკუმენტის განადგურების საშიშროების და ლაბორატორიაში სათანადო კვლევის მეთოდის არარსებობის გამო. ამიტომ, მტკიცება იმისა, რომ ბეჭდის ანაბეჭდის მელნის თავზე არსებული ნაწილაკები მიეკუთვნება ლაზერული პრინტერის ფხვნილს - „ტონერს“ სავარაუდოა და საჭიროებს შემდგომ დასაზუსტებელ კვლევას.

22. ასევე მოთხოვნის საფუძველზე, იდენტიფიკაციის მიზნით, შპს "მ.ი-ჯ–ა" დ.ს–ძის მიერ წარმოდგენილ ლაბორატორიაში დატოვებულ იქნა "მ.ი-ჯ–ას" ბეჭდის ანაბეჭდის ნიმუშები, რომელზედაც შემდგომში შესრულდა ლაზერული პრინტერით ტექსტის ექსპერიმენტალური ბეჭდვა, რის შემდეგაც მოხდა ექსპერიმენტული ნიმუშის მიკროსკოპული ანალიზი, სადაც ბეჭდის ანაბეჭდის ზემოდან აღმოჩნდა "ტონერის" ნაწილაკები.

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს („მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს და არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას გაამახვილებს მეორე ექსპერტიზაზე, სადაც ექსპერტს დაესვა კითხვა, გარკვეულიყო ბეჭდისა და ხელნაწერის დატანის თანმიმდევრულობა სადავო ხელშეკრულებაზე და შესრულების პერიოდი. შედგენილი დასკვნით დასტურდება, რომ 1. 2017 წლის 23 თებერვლის შესრულებულ ხელშეკრულებაზე A4 ფორმატის თეთრი ფერის ფურცელზე სავარაუდოდ პირველად დატანილია ლურჯი ფერის საღებავის ბეჭდის ანაბეჭდი „მ.ი-ჯ–ა“, შემდგომ ლაზერულ პრინტერით დატანილია ტექსტი, ვინაიდან ანაბეჭდის მელნის ზემოდან შეინიშნება შავი ფერის მიკრონაწილაკები, რომელიც სავარაუდოდ არის ლაზერული პრინტერის „ტონერის“ ნაწილაკები. 2. 2017 წლის 23 თებერვლის შესრულებულ ხელშეკრულებაზე ბეჭდის ანაბეჭდი „მ.ი-ჯ–ა“ არის უფრო მუქი ფერის საღებავი საშუალებით შესრულებული ვიდრე იმავე პერიოდის დოკუმენტებზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდი „მ.ი-ჯ–ა“.

26. ამდენად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის დასკვნითი ნაწილის არაკატეგორიულობის („...სავარაუდოდ პირველად დატანილია...“) მიუხედავად, უშუალოდ ექსპერტის ჩვენების გათვალისწინებით (რომელიც გაფრთხილებულია ხელწერილის ქვეშ ყალბი დასკვნის ან ჩვენების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ) ერთობლიობაში, სასამართლოსთვის სარწმუნო მტკიცებულებას წარმოადგენს, ასევე მოპასუხის შესაგებლის გათვალისწინებით, რომ კომპანიის დირექტორი მივლინებაში ყოფნის დროს ბეჭედდარტყმულ და ხელმოწერილ ცარიელ ბლანკებს ტოვებდა სამსახურში, რომელზეც ხელი მოსარჩელესაც მიუწვდებოდა, მოპასუხემ თავი გაართვა მისი წილი მტკიცების ტვირთს, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნულის გასაბათილებლად საპასუხო დასკვნა ან რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ზემოთ მითითებულ ექსპერტიზის დასკვნას გააქარწყლებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, საკასაციო პალატა იმ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომ თავდაპირველი მოსარჩელე და შეგებებული სარჩელის მოპასუხე ცალსახად უარყოფდა მოწინააღმდეგე მხარის მითითებას ხელმოწერილი ბლანკების დატოვების თაობაზე(იხ. ს.ფ.6 ტომი მე-3), ასეთ ვითარებაში, სააპელაციო პალატამ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მხედველობაში მიიღო რა ჯერ ხელმოწერისა და ბეჭდის, ხოლო შემდეგ ტექსტის დატანის რიგითობის თაობაზე საქმის ფაქტობრივი გარემოება, აღნიშნული ახსნა იმ დასაბუთებით, რომ თავად მოპასუხესაც შეეძლო მის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმულ ცარიელი (შეუვსებელი) ფურცლის გამოყენება სადავო ვალის აღიარებისთვის.

27. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს, ვერ წარმოადგინა მოპასუხეების შუამდგომლობით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. მით უმეტეს, აღსანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე ჩატარებული პირველი ექსპერტიზით დადასტურებულია კომპანიის დირექტორის ხელმოწერის ნამდვილობა. აღნიშნულს მოპასუხე მხარე დაეთანხმა, მეტიც, თავადვე უთითებდა ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული ცარიელი ფურცლების დატოვების შესახებ, ხოლო, სადავო საკითხზე - ხელმოწერისა და კომპანიის ბეჭდის ასევე ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ტექსტის A4 ფორმატის ფურცელზე დატანის თანმიმდევრობაზე საქმეში მხოლოდ ერთი (თავად დასკვნა არაკატეგორიული ხასიათისაა, თუმცა, ექსპერტის ჩვენებით გამყარებულია დასკვნა.) ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვება, რომელიც მხოლოდ მოპასუხეთა შესაგებლის პოზიციას ამყარებს. საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის სხდომის ოქმს მიაქცევს დამატებით ყურადღებას. აღნიშნულ სხდომაზე ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც განმარტა ექსპერტიზის ჩატარების მეთოდები, ამასთან მის მიერ გაცემულ დასკვნაზე დამატებით ისაუბრა. ექსპერტის განმარტებით, მან მსგავსი საკითხების კვლევისთვის შედარებით ძველი თუმცა გამოცდილი და სანდო მეთოდით იხელმძღვანელა. მიკროსკოპის მეშვეობით შეისწავლა სადავო ხელშეკრულებაზე არსებული ნაწილაკები სხივებში და დაადასტურა, რომ სადავო ხელშეკრულებაზე ჯერ კომპანიის ბეჭდისა და ხელმოწერის მელნის კვალი იყო, ხოლო, შემდეგ პრინტერის ტონერის ნაწილაკები. დამატებით განმარტა, რომ სხვა შემთხვევაში, ჯერ პრინტერის ტონერის ნაწილაკები იქნებოდა, ხოლო შემდეგ ბეჭდის მელანი, რასაც მიკროსკოპული კვლევით თავისუფლად გაარჩევდა (იხ. 2021 წლის 2 ნოემბრის სხდომის ოქმი 16:11:59; 16:14:48; ტ.3, ს.ფ. 110).

29. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა იმ საფუძვლით, რომ იგი ერთმნიშვნელოვნად, კატეგორიულად ვერ უთითებს ხელშეკრულებაზე ტექსტისა და ხელნაწერების დატანის წესის თანმიმდევრობაზე. თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, სათანადოდ, საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში ვერ შეაფასა 2021 წლის 2 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის გ. დ–ის ჩვენება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა ხელშეკრულებაზე დატანილი კომპანიის ბეჭდის, კომპანიის დირექტორის ხელმოწერისა და შესრულებული ტექსტის ერთ დროში შესრულება და ცალსახად მიუთითა, სადავო შემთხვევაში ჯერ ხელმოწერისა და ბეჭედის, ხოლო შემდეგ ტექსტის დატანის რიგითობაზე.

30. დამატებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსის განმარტების საკითხზე, ვინაიდან სადავოდაა ქცეული ვალის აღიარების ხელშეკრულება. პალატსამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულებასა და დადგენილ სტაბილურ სასამართლო პრაქტიკაზე მიუთითებს, რომლის თანახმად, ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, ვინაიდან თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს.

31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას, ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, გვ. 174, http://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf). რაც შეეხება დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას, იგი მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს, ანუ მიმართულია ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე... დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით (იქვე, გვ.176).

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკითაც დადგენილია, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი).

33. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე მიუთითებს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში თავისი შინაარსითა და ფორმით დამოუკიდებელ ხელშეკრულებას წარმოადგენს, თუმცა, საკასაციო სასამართლო მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი შესაგებლის, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით განმარტავს, რომ ადგილი არ ჰქონია გარიგებას დადებას, არამედ, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ შედგენილი დოკუმენტი.

34. მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სადავო ვალის აღიარების ხელშეკრულება არ წარმოადგენს მხარეთა ნების გამოვლინების შედეგად დადებულ გარიგებას.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის მიხედვით მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა, რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულ მოთხოვნის წარდგენის ფაქტის დასადასტურებლად, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია (იხ. სარჩელი, ფაქტობრივი გარემოება 3, ტ.1,ს.ფ. 5), საქმის მასალებით არ დგინდება, აგრეთვე ვალის აღიარებს ხელშეკრულების დადებამდე, მხარეთა შორის არსებული რაიმე კომუნიკაციის დამადასტურებელი ფაქტის არსებობა, რომლის შემდეგაც მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება შეედგინათ აღნიშნული დოკუმენტი.

36. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებასა და მტკიცებულებათა შეფასებაზე, ვალის აღიარების სამართლებრივ ბუნებაზე და სოლიდარული მოვალეების არსზე გაამახვილებს ყურადღებას, ამასთან მხარეთა შორის წინამდებარე დავის განხილვამდე მოვლენათა ქრონოლოგიურ განვითარებას მიაქცევს ყურადღებას, და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებების, მხარეთა მიერ ნაკისრი მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სადავო ხელშეკრულებაზე კომპანიის ბეჭდის, დირექტორის ხელმოწერისა და ტექსტის დატანის თანმიმდევრობის გათვალისწინებით, მხარეთა შორის გარიგება არ დადებულა და წარმოდგენილი სადავო ხელშეკრულების თაობაზე მოპასუხეს საერთოდ არ გამოუხატავს ნება.

37. საკასაციო სასამართლო მოპასუხე დირექტორის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელის მოთხოვნას მიაქცევს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 23 თებერვლის ვალის აღიარების ხელშეკრულების ყალბად აღიარება და მხარეთა შორის სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის დადგენაა მოთხოვნილი, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ ნაწილში შეგებებული სარჩელი განუხილველად უნდა დარჩეს.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის შეგებებული სარჩელი აღიარებითი სარჩელის კატეგორიას განეკუთვნება, რომლის სამართლებრივ განმარტებას შეიცავს სსსკ-ის 180-ე მუხლი, კერძოდ, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს; ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა.

39. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებას; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოთხვნის დაკმაყოფილება არ წარმოადგენს სარჩელის ავტორის მიზნის მიღწევის ერთადერთ და აუცილებელ საშუალებას, მოცემულ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნისა და მისი გამომრიცხველი შესაგებლის, აგრეთვე შესაბამისი მტკიცებულებების გაზიარების პირობებში მიიღწევა სწორედ ის შედეგი, რომელიც შეგებებული სარჩელის ავტორს ამოძრავებს.

42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დ.ს–ძის და შპს „მ.ი-ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ.რ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. დ.ს–ძის შეგებებული სარჩელი დარჩეს განუხილველი;

5. რ.რ–ძეს დაეკისროს, შპს "მ.ი-ჯ–ას" სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 7000 ლარი;

6. რ.რ–ძეს დაეკისროს, დ.ს–ძის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარი;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე