საქმე №ას-935-2024
სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ძე (არასრულწლოვანი) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – დ.გ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.გ–ძისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „მჩუქებელი“, „მსესხებელი“) და მ.გ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, „არასრულწლოვანი“, „კასატორი“, „დასაჩუქრებული“) (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
2. პირველმა მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს გარკვეული ოდენობის დაკისრების ნაწილში.
3. არასრულწლოვანის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2022 წლის 2 მარტის №3853346-11880169 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 62 796, 63 ლარი (ძირი თანხა 50 000 ლარი, პროცენტი 6 398,6 ლარი, ჯარიმა 1 275,92 ლარი, დაზღვევა 122.11 ლარი დ მიუღებელი შემოსავალი 5 000 ლარი); 2022 წლის 4 მარტის №3853346-11883206 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი, 2 687, 91 (ძირი თანხა 2 428,01 ლარი, ჯარიმა 242,8ლარი და საკომისიო 17,1 ლარი); 2022 წლის 4 მარტის №3853346-11883390 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 532, 14 (ძირი თანხა 468,22 ლარი, ჯარიმა 46,82 ლარი და საკომისიო 17,1 ლარი); ბათილად იქნა ცნობილი 2022 წლის 1 აპრილის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ნივთი (ს/კ ........) აღირიცხა პირველი მოპასუხის სახელზე.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი დ.გ–ძესთან ერთად მ.გ–ძისათვის სოლიდარულად საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული თანხები, სს ,,თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლის შპს ,,ტ.კ–ის“ სასარგებლოდ, ჯამში 677 ლარის ოდებობით დაეკისრა დ.გ–ძეს.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2022 წლის 2 მარტს დაიდო №3853346-11880169 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდგომში - „საბანკო კრედიტის ხელშეკრულება“, „ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 50 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16%-ით, კრედიტის ვადა - 2026 წლის 4 მარტამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 4 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად;
7.2. ხელშეკრულებით მხარეებმა ასევე გაითვალისწინეს ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 2022 წლის 4 აპრილს დაირღვა;
7.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ერიცხება დავალიანება 57 796.63 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 50 000 ლარი, პროცენტი - 6 398.6 ლარი, ჯარიმა - 1 275.92 ლარი და დაზღვევა - 122.11 ლარი;
7.4. ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის 2022 წლის 4 მარტს სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო №3853346-11883206 საბანკო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2 428. 01 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 20 თებერვლამდე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში 103. 06 ლარის გადახდით;
7.5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა სესხის დაფარვის საკომისიო - 1.9 ლარი ყოველთვიურად, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულებები 2022 წლის 20 მარტს და აღნიშნული სესხის დასაფარად გადახდა საერთოდ არ განხორციელებულა;
7.6. 2022 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2022 წლის 4 მარტის საბანკო კრედიტის №3853346-11883206 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4096.83 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2428.01 ლარი, ჯარიმა - 1651.72 ლარი და საკომისიო - 17.1 ლარი;
7.7. ბანკსა და მსესხებელს შორის 2022 წლის 4 მარტს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა №3853346-11883390 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 468.22 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 379 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 18 რიცხვში 40.92 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა სესხის დაფარვის საკომისიო - 1.9 ლარი ყოველთვიურად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - ფიქსირებული 2 ლარისა და დავალიანების 1.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
7.8. მოპასუხემ 2022 წლის 18 აპრილს დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და სესხის დასაფარად გადახდა საერთოდ არ განხორციელებულა;
7.9. 2022 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2022 წლის 4 მარტის №3853346-11883390 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 795. 34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 468.22 ლარი, ჯარიმა - 310.02 ლარი და საკომისიო - 17.1 ლარი;
7.10. პირველი და მეორე მოპასუხეები არიან მამა-შვილი;
7.11. 2021 წლის 8 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება ს/კ ........ 14/500 (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო პირველი მოპასუხის საკუთრებად;
7.12. საქმეში წარდგენილია 2022 წლის 1 აპრილს მოპასუხეებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება აჩუქა მეორე მოპასუხეს;
7.13. 2023 წლის 17 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება არასრულწლოვნის საკუთრებად აღირიცხა;
7.14. 2024 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განსახილველ სამოქალაქო დავაში სს ,,თ.ბ–ის“ უფებამონაცვლედ ჩაბმული იქნა შპს ,,ტ.კ–ი“. განჩინების გასაჩივრებაზე მხარეებმა უარი განაცხადეს.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გამოსაკვლევია მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება არის თუ არა ნამდვილი.
9. საპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მსესხებელს კრედიტის დაფარვა უნდა დაეწყო 2022 წლის 4 აპრილიდან. 2022 წლის 1 აპრილს გააფორმა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად. მჩუქებელი და დასაჩუქრებული არიან მამა-შვილი, რომლებიც ერთად ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ დასაჩუქრებული არის მცირეწლოვანი (3 წლის). ამ ვითარებაში, პირველი მოპასუხის მიერ შვილისათვის ნივთის ჩუქება შეიძლება მიუთითებდეს მხარეთა კეთილ ნებაზე და განპირობებული იყოს გარკვეული აუცილებლობით, თუმცა მსესხებელს ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს ის, თუ რამ განაპირობა და რა აუცილებლობა არსებობდა ჩუქების ხელშეკრულების დადებისა, ამასთან სესხის გაფორმებიდან 3 დღეში, თანაც იმ უდაო რეალობის გათვალისწინებით, რომ არც ერთი თეთრი ნასესხები თანხიდან პირველ მოპასუხეს არ გადაუხდია. პირველი მოპასუხე ვერ ასახელებს ვერც იმ აუცილებლობას, რამ განაპირობა 3 წლის ბავშვის ავტოფარეხით დაჯილდოვების აუცილებლობა სწორედ აღნიშნულ დროს.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მსეხსებლის მიერ ბანკის სასარგებლოდ არც ერთი გადახდა განხორცილებულა, ამგვარ ვითარებაში, გაფორმდა მოპასუხეებს შორის ჩუქების ხელშეკრულება, რაც ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებითობას და მიზანს, თავიდან აეცილებინათ სესხის გადახდევინების მიზნით, უძრავი ქონების რეალიზაცია. შესაბამისად, სასესხო ვალდებულების წარმოშობის პერიოდში, მოვალის მიერ კუთვნილი ქონების შვილისათვის ჩუქება, მართებულად აჩენს ეჭვს სადავო გარიგების ნამდვილობის წინააღმდეგ, ამ დაშვებული პრეზუმფციის გაქარწყლება პირველმა მოპასუხემ ვერ შეძლო.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გაჩუქებულ ქონებას ამჟამადაც ფლობს მსესხებელი და ის ფაქტი, რომ რეალურად ქონების გადაცემა არ მომხდარა ადასტურებს გარიგების მოჩვენებით ხასიათს.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არასრულწლოვანმა წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.
13. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
13.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტება. კონვენციის მე-3 მუხლი ბავშვს აძლევს უფლებას მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას შეფასდეს და უპირატესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო და ჭეშმარიტ ინტერესს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში;
13.2. ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2013 წლის №14 კომენტარის მე-12 პუნქტში აღინიშნა, რომ კომენტარის ზოგადი ამოცანაა ხელი შეუწყოს რეალურ ცვლილებას დამოკიდებულებაში, რაც საფუძვლად დაედება ბავშვის როგორც უფლების მატარებლის მიმართ სრულ პატივისცემას. კომენტარი ზეგავლენას ახდენს როგორც მთავრობის მიერ გასატარებელ ღონისძიებების შემუშავებაზე, ისე სასამართლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოს ან საჯარო უწყების მიერ თავიანთი წარმომადგენლის საშუალებით მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შეეხება ერთ ან მეტ ბავშვს; კონვენციის მე-12 მუხლი და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-8 მუხლი განამტკიცებს ბავშვის უფლებას იყოს მოსმენილი;
13.3. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ბანკმა სესხი გასცა უზრუნველყოფის გარეშე, ეს რისკი ბანკზე გადავიდა და არ შეიძლება დაზარალდეს არასრულწლოვნის ინტერესები.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
20. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22 მარტი 2019 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი წელი; №ას-1610-2019, 7 თებერვალი 2020 წელი).
21. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად მიიჩნია მოპასუხეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითად.
22. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
23. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). „დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას და ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს, არამედ ამ გარიგების დადება ემსახურება სხვა, მათ შორის, მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებას. თავის მხრივ, მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები“ (იხ. სუსგ №ას-296-283-2015, 2015 წლის 4 ივნისი).
24. მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361).
25. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (სუსგ №ას-976-908-2017, 22 იანვარი 2018 წელი; №ას-366-2019, 17 მაისი 2019 წელი; №ას-603-562-2017, 10 ივლისი 2019 წელი; №ას-1483-2020, 19 მარტი 2021 წელი).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება (იხ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი 2013 წელი; №ას-862-812-2015, 11 ნოემბერი 2015 წელი).
27. განსახილველ შემთხვევაში, ასეთი სახის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეზე იყო, რომელმაც გარიგების ბათილობის საფუძვლად მხარეთა არაკეთილსინდისიერებასა და მოჩვენებითი გარიგების არსებობაზე მიუთითა იმ მიზეზით, რომ გარიგების მხარეები წარმოადგენდნენ ოჯახის წევრევრებს, მამა-შვილს და ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მიზანი სასესხო ვლადებულებისათვის თავის არიდება იყო.
28. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსესხებელმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები 2022 წლის 2 მარტსა და 4 მარტს გააფორმა. კრედიტის დაფარვა 2022 წლის 4 აპრილიდან უნდა დაწყებულიყო. პირველმა მოპასუხემ 2022 წლის 1 აპრილს გააფორმა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად. ამასთან, ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მხარეს საერთოდ არ შეუსრულებია, კერძოდ, უდავოა, რომ სესხის გადახდა/დაფარვა არ დაწყებულა. ამასთან, მჩუქებელი და დასაჩუქრებული არიან მამა-შვილი, რომლებიც ერთად ცხოვრობენ. დასაჩუქრებული არის მცირეწლოვანი (3 წლის). ჩუქების ხელშეკრულებას ხელს აწერს პირველი მოპასუხე, როგორც მჩუქებელი და როგორც დასაჩუქრებულის კანონიერი წარმომადგენელი, დასაჩუქრებულის მხარეს ხელმომწერია ასევე არასრულწლოვანის დედა ნ.გ–ძე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 81-83).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებში სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ნამვილად დაძლია დასაბუთების სტანდარტი, რაც მტკიცების ტვირთს ატრიალებს მოპასუხეთა (ხელშეკრულების მხარეების) მიმართ კეთილსინდისიერებისა და გარიგების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, რადგან, ასეთი სახის გარიგების ნამდვილობა, როგორც აღინიშნა, დამოკიდებულია გარიგების მონაწილეთა, მათ შორის, წინასწარგანწყობაზე.
30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ-ები №ას-1347-1272-2012 2013 წლის 1 ივლისი, №ას-1439-1357-2012, 2013 წლის 1 თებერვალი), რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ახლო ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს, დედა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის/ახლო ნათესავებისთვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე, და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ნივთის ჩუქება შეიძლება მიუთითებდეს მხარეთა კეთილ ნებაზე და განპირობებული იყოს გარკვეული აუცილებლობით, მაგრამ ზუსტად მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი, ამტკიცონ ის, თუ რამ განაპირობა და ამ ხელშეკრულების დადების რა აუცილებლობა არსებობდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების მონაკვეთში (იხ. სუსგ. №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი).
32. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ თავის მიმართ შებრუნებული მტკიცების ტვირთის დაძლევა ვერ შეძლო, რამდენადაც წარდგენილია არაკვალიფიციური შედავება. მარტოოდენ ბავშვის უფლებებზე მითითება, ბავშვისთვის ქონების გადაცემის აუცილებლობის დადასტურების გარეშე, არ არის საკმარისი მტკიცების ტვირთის დასაძლევად. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სასესხო ვალდებულების დაფარვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ფორმდება ჩუქების ხელშეკრულება და მისი გაფორმებიდან მსესხებელი საერთოდ უგულვებელყოფს ბანკის წინაშე არსებულ ფულადი ვალდებულების გადახდას.
33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-820-786-2016 15 მაისის 2017 წელი; ას-76-2024, 22 მაისი 2014 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
34. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. საკასაციო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე