Facebook Twitter

საქმე №ას-1037-2024

26 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ფ.ს–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ნი, ე.ს–ლი, ო.ს–ვი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ფ.ს–ვამ (შემდეგში - „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.კ–ნის, ე.ს–სა და ო.ს–ვის (შემდეგში - „მოპასუხეები“) მიმართ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით.

2. მოპასუხე ე.ს–მ სარჩელი ცნო, მოპასუხე გ.კ–ნმა კი ნაწილობრივ ცნო, ო.ს–ვს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2024 წლის 13 მაისს და ამოიწურა 2024 წლის 27 მაისს.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - 2024 წლის 28 მაისს წარადგინა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი.

11. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა მოხდა კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით, FEDEX-ის საშუალებით. საფოსტო ბილის მიხედვით, გაგზავნის თარიღი 2024 წლის 27 მაისი, ხოლო სასამართლოში რეგისტრაციის თარიღი 2024 წლის 28 მაისია. კერძო საჩივარს ერთვის საფოსტო ბილის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31 იანვარი 2019 წელი). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).

16. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (სუსგ საქმეზე №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი 2014 წელი).

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

18. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი გასაჩივრების უფლების მქონე მხარე საჩივარს ფოსტაში ჩააბარებს გასაჩივრების ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, მიიჩნევა, რომ მან საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა, მიუხედავად თავად ფოსტის მიერ გზავნილის ადრესატამდე მიტანის თარიღისა.

19. საქმეში წარდგენილი მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრით არის სადავო, რომ აპელანტის წარმომადგენელი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის 12 აპრილს გამართულ სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის შედეგი, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, წესი და ვადა. სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 13 მაისს დაიწყო და ამავე წლის 27 მაისს (26 მაისი დაემთხვა დასვენების დღეს) ამოიწურა.

20. კერძო საჩივარზე დართული საფოსტო ბილით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2024 წლის 27 მაისს (იხ. ტ,2 ს.ფ. 18-19), ხოლო სასამართლოში 2024 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა. საფოსტო ბილზე აღნიშნულია, რომ გამგზავნი არის ა.ხ–ია (განმცხადებლის წარმომადგენელი) და იგზავნება ფ.ს–ვას სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულ ბილს აქვს შტრიხკოდი და გადახდილია გაგზავნის საფასურიც. როგორც სააპელაციო საჩივარზე დართულ საფოსტო ბილზე, ისე კერძო საჩივარზე დართულ საფოსტო ბილზე მითითებული შტრიხკოდი (..........) ერთი და იგივეა.

21. ამდენად, კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებებითა და ზემოაღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩააბარა 2024 წლის 27 მაისს გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ამოწურვამდე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ საქმე №ას-73-2024, 1 აპრილი 2024 წელი).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 399-ე, 284-ე,285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ფ.ს–ვას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინება და საქმე ფ.ს–ვას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე