საქმე №ას-954-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.გ–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.გ–ნის (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ლ.გ–ნის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მ.გ–ნსა და ლ.ა–ანს (გ–ნი ქორწინების შემდგომი გვარია) შორის 2003 წლის 05 აგვისტოს დადებული, ნინოწმინდის რაიონის სოფელ .......... მდებარე 10000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება №1-468; ბათილად იქნა ცნობილი ნ. გ–ნსა და ლ.ა–ანს შორის 2003 წლის 05 აგვისტოს დადებული, ნინოწმინდის რაიონის სოფელ .......... მდებარე 9000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება №1-467.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.მიწის (უძრავი ქონების) 2000 წლის 22 ივნისის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს ნინოწმინდის რაიონის სოფელ .......... საკუთრებაში გააჩნდა 9991,92 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №65.08.05.281. 2000 წლის 22 ივნისის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, მოსარჩელის მამას ნ. გ–ნს, ასევე, სოფელ .......... საკუთრებაში გააჩნდა 9123 კვ.მ სასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №......
3.2.მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2003 წლის 5 აგვისტოს დადებული №1-468 ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელემ გაყიდა და მოპასუხემ შეიძინა ნინოწმინდის რაიონის სოფელ .......... მდებარე 10000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ნ. გ–ნსა და მოპასუხეს შორის 2003 წლის 5 აგვისტოს დადებული №1-467 ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნ. გ–ნმა გაყიდა და მოპასუხემ შეიძინა ნინოწმინდის რაიონის სოფელ .......... მდებარე 9000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
3.3.მოპასუხის 2009 წლის 3 ივლისის განცხადების საფუძველზე 9123 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე და მიწის ნაკვეთს მენიჭა ს/კ ........; ასევე, მოპასუხის 2009 წლის 4 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, 9993 კვ.მ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე და მიწის ნაკვეთს მიენიჭა ს/კ .........
3.4.ნ. გ–ნი გარდაიცვალა 2016 წლის 17 ივნისს, გარდაცვალების შესახებ ჩანაწერი განხორციელებულია 2016 წლის 29 ივნისს, გარდაცვალების ადგილი - რუსეთი, როსტოვის ოლქი, კაგალნიცკის რაიონი, სოფ. ........
3.5.რაიონულ სასამართლოში წარდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 18 მაისის ცნობის მიხედვით, მოსარჩელის და ნ. გ–ნის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები, სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით, 2001 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე არ დაფიქსირებულა.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის, ერთი მხრივ, მასსა და მოპასუხეს შორის, ხოლო, მეორე მხრივ, ნ. გ–ნსა და მოპასუხეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას ისე, რომ აღიარებით მოთხოვნებთან ერთად დაყენებული არ არის მიკუთვნებითი მოთხოვნა.
4.1.პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად განიხილა დავა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით და დააკმაყოფილა წარმოდგენილი სარჩელი, რაც განსახილველი დავის ფარგლებში არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნების ამგვარი ფორმულირებით სასამართლო მოკლებულია საპროცესო შესაძლებლობას დავა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს დავა.
4.2.სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტკაზე, რომლის თანახმადაც, მაშინაც კი, როდესაც მოსარჩელეს მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნა აქვს აღძრული მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნის გარეშე და მცდარად ვარაუდობს მისი დაკმაყოფილებით იურიდიული შედეგის მიღწევას, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე უნდა შეამოწმოს, რამდენად არის შესაძლებელი მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება (სარჩელის დაზუსტება) იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გზით (იხ. სუსგ №ას-1288-2021, 10.02.2022წ.). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და პროცესის ეკონომიის პრინციპების დაცვით, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელეს მისცა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შესაძლებლობა და განუმარტა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ, თუმცა სასამართლოს შეთავაზების მიუხედავად, მოსარჩელე დარჩა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნების მართებულობა თავდაპირველი სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა (04.04.2024 წლის სხდომის ოქმი 11:36 სთ-დან).
4.3.სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ აღიარებითი სარჩელის პირობებში, როდესაც აღძრული არ არის მიკუთვნებითი მოთხოვნა, არ იკვეთება სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერც სააპელაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას დაასაბუთა მოცემულ აღიარებთ სარჩელზე მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შეუძლებლობა.
4.4.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნასყიდობის ხეშლეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნების მიმართ, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული არ იყო გამოკვეთილი და დასაბუთებელი, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, ხელახლა განსახილველად.
5.1.კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან მან სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მიკუთვნებითი ხასიათის სასარჩელო მოთხოვნები არ წარმოადგინა. სასამართლომ მხოლოდ სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მიიჩნია მოსარჩელის მიზნის მიღწევისთვის - სადავო მიწის ნაკვეთებზე უფლების დაბრუნებისთვის საკმარისად, ვინაიდან მოსარჩელემ არ მოითხოვა ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების აღდგენა, ანუ მოსარჩელეს თითქოსდა არ გააჩნია იურიდიული ინტერესი ნასყიდობის საგნის მიმართ.
5.2.კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის თანახმად, თუკი მოსარჩელეს ნასყიდობის საგნის მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი და არ სურს ნასყიდობის საგანზე დაკარგული უფლების აღდგენა, მაშინ სასამართლოში არ დაიწყებდა დავას, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ უკანონო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, აკრძალული არ არის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, მიწის ნაკვეთების საკუთრების აღიარების შესახებ ცალკე დაიწყოს სასამართლო დავა. მოსარჩელე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ერთდროულად უნდა წარმოადგენდეს როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ასევე ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა.
5.3.კერძო საჩივრის ავტორის შეფასებით, სასარჩელო მოთხოვნაში ნათლად ჩანს მისი იურიდიული ინტერესი ნასყიდობის საგნის მიმართ და მოსარჩელე, ნასყიდობის საგნის მის სახელზე საკუთრების აღიარების მოთხოვნით, აპირებს სასამართლოში აღძრას ცალკე სარჩელი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია - სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის, სარჩელზე იურიდიული ინტერესის არ არსებობის გამო, განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
8. საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად განიხილა დავა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით და დააკმაყოფილა წარმოდგენილი სარჩელი, რასაც სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნების ამგვარი ფორმულირებით სასამართლო მოკლებულია საპროცესო შესაძლებლობას დავა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს.
9. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ აღძრა აღიარებითი სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2003 წლის 5 აგვისტოს დადებული, ნინოწმინდის რაიონის სოფელ .......... მდებარე 10000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის N1-468 ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ნ. გ–ნსა და მოპასუხეს შორის 2003 წლის 5 აგვისტოს დადებული, ნინოწმინდის რაიონის სოფელ .......... მდებარე 9000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ 1-467 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
10. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი უკავშირდება საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთებზე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმებასა და მოსარჩელის სახელზე მათი საკუთრების უფლების აღრიცხვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთებზე მოპასუხის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მოპასუხის 2009 წლის 3 ივლისისა და 2009 წლის 4 სექტემბრის განცხადებების საფუძველზე, რასაც საფუძვლად დაედო 2003 წლის 5 აგვისტოს, ერთი მხრივ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, ხოლო მეორე მხრივ, ნ. გ–ნსა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ამასთან, მოსარჩელის მამა გარდაცვლილია და მოსარჩელემ სარჩელში არ მიუთითა მამის სამკვიდროს მიღების ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებზე ანუ ვერ ადასტურებს სამკვიდრო უფლების რეალიზების ფაქტს.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მიკუთვნებითი ხასიათის სასრჩელო მოთხოვნები წარდგენილი არ არის. მხოლოდ სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებით, მოსარჩელე ვერ მიაღწევს მიზანს - ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნის გარეშე, დაიბრუნოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია უფლებამოსილებას, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის რაც მას არ მოუთხოვია (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 248-ე მუხლი). ამასთან, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი და აუცილებელიც იყო, თუმცა მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს შეთავაზების მიუხედავად უარი თქვა მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 4.2 ქვეპუნქტი).
13. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად შეაფასა, რომ ნ. გ–ნსა (მოსარჩელის მამა) და მოპასუხეს შორის 2003 წლის 5 აგვისტოს დადებული, ნინოწმინდის რაიონის სოფელ .......... მდებარე 9000 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის N1-467 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მამა გარდაცვლილია, ხოლო მოსარჩელემ სათანადო წესით ვერ დაადასტურა სამკვიდრო უფლების რეალიზება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სამკვიდრო უფლების შესაძლო რეალიზება და მიკუთვნებით მოთხოვნების არ არსებობა, განსახილველ დავაში გამორიცხავს სადავო ხელშეკრულების მიმართ ნამდვილ იურიდიულ ინტერესს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, სახეზე იქნება გაუქმებული საკუთრების უფლება, ტიტულოვანი მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების გაუქმება, რაც სასამართლოს შეფასებით დაუშვებელია.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მიმართ არ არის გამოკვეთილი მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, არ დადგება მოსარჩელის სასარგებლო იურიდიული შედეგი, რადგან საკუთრების უფლების აღდგენის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, აღსრულების ეტაპზე, ვერ იქნება უზრუნველყოფილი მოსარჩელისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რადგან მხოლოდ გარიგების ბათილად ცნობით, საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციის შედეგად წარმოშობილი უფლებები ეჭვქვეშ ვერ დადგება. გარიგების ბათილობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს გავლენას რეესტრის ჩანაწერის ნამდვილობაზე თუ ჩანაწერის უსწორობა სასამართლო გადაწყვეტილებით პირდაპირ დადგინდება. აღნიშნული მსჯელობა შეესაბამება უკვე დადგენილ სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-664-635-2016, 02.03.2017 წ.; სუსგ-ები Nას-664-635-2016, 02.03.2017წ.; Nას-323-308-2016, 03.06.2016წ.; Nას-838-802-2014, 19.03.2015წ.; Nას-273-2020, 9.11.2021წ.; Nას-1288-2021, 10.02.2021წ.).
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში თუ სარჩელის დაკმაყოფილეების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17.03.2016წ.).
16. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ მაშინაც კი, როდესაც მოსარჩელეს მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნა აქვს აღძრული მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნის გარეშე და მცდარად ვარაუდობს მისი დაკმაყოფილებით იურიდიული შედეგის მიღწევას, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, უნდა შეამოწმოს, რამდენად არის შესაძლებელი მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება (სარჩელის დაზუსტება) იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გზით (იხ. სუსგ. Nას-1288-2021, 10.02.2022წ.).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განმარტების თანახმად, „სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე არ შეამოწმა სარჩელის გამართულობა (დასაბუთებულობა), რა დროსაც სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, თუ რა სურდა მოსარჩელეს. მართლმსაჯულების ეფექტიანობა მის საპროცესო ეკონომიაშიც გამოიხატება და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსარჩელისათვის შეკითხვების მეშვეობით უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის დაკონკრეტების (დაზუსტების) შესაძლებლობა (სსსკ-ის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილი), რადგანაც ამ შემთხვევაში, მოთხოვნილი აქტების ბათილობა, სავარაუდოდ იმის წინაპირობას წარმოადგენს, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის დაზუსტება, მოთხოვნის გამართულად ჩამოყალიბება არ წარმოადგენს იმ შემთხვევას, რომელიც დადგენილია სსსკ-ის 381-ე მუხლით და დაუშვებლად მიიჩნევს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას“ (იხ. სუსგ №ას-595-554-2017, 15.12.2017წ.) .
18. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული დანაწესის ფარგლებში, მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და პროცესის ეკონომიის პრინციპების დაცვით, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელეს სასამართლოს მხრიდან მიეცა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შესაძლებლობა და განემარტა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ, თუმცა, სასამართლოს შეთავაზების მიუხედავად, მოსარჩელე დარჩა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნების მართებულობა თავდაპირველი სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა (04.04.2024 წლის სხდომის ოქმი 11:36 სთ-დან).
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ წარმოდგენილი სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ, თავისი სამართლებრივი ბუნებით, აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელია იურიდიული ინტერესის არსებობა. ამდენად, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეაფასოს არის თუ არა მოსარჩელე დასახელებული აღიარებითი მოთხოვნების მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის მქონე პირი. სასამართლომ აღიარებითი სარჩელის სამართლებრივი ბუნების შესახებ არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ აღიარებით სარჩელის დასაშვებობის, ისევე როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. სუსგ-ები N ას-937-887-2015, 10.11.2015; N ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; N ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; N ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; N ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; N ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; N ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; N ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; Nას-407-390-2016, 10.6.2016წ; N ას-375-359-2016, 17.06.2016წ.; Nას-443-415-2017, 02.06.2017წ.; №ას-916-857-2017 12.09.2017 წ.; №ას-1171-2023 26.01.2024 წ.; №ას-913-2023 9.02.2024 წ.;).
20. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17.03.2016წ.)
21. იურდიული ინტერესი არის ის სამართლებრივი სიკეთე, რომელიც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. ამასთან, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. სარჩელის დასაშვებობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა მხოლოდ ის გარემოება, რომ სარჩელის ფორმაში შესაბამისი გრაფა შევსებული იყოს, არამედ მხარის მიერ მითითებული ინტერესის ნამდვილობაც. იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ №ას-1188-2021, 29.09.2022წ.; №ას-957-2023 29.12. 2023წ.). დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი (იხ. სუსგ №ას-443-415-2017, 02.06.2017წ.).
22. აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ №ას-443-415-2017,02.06.2017წ.).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი)პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018 წ.) .
24. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია „სამართლიანი სასამართლოს“ პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც შედეგად არ მოჰყვება დავის აღმოფხვრა [მართებული/დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის კვლევის აუცილებლობის თვალსაზრისით იხ. საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 - სადაც ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40] (იხ. სუსგ საქმეზე №ას-324-2021, 29.06.2021წ.).
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ აღიარებითი სარჩელის პირობებში, როდესაც აღძრული არ არის მიკუთვნებითი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერც სააპელაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას დაასაბუთა მოცემულ აღიარებით სარჩელზე მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი და სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შეუძლებლობა. უფრო მეტიც, სასამართლოს შეთავაზების მიუხედავად, უარი თქვა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრაზე და დარჩა თავდაპირველი აღიარებითი სარჩელის ფარგლებში.
26. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
27. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ნის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური