Facebook Twitter

საქმე№ა-1522-შ-44-2022 27 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ნინო ბაქაქური,

თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ.ს–ვი

მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ს–ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება #2-627/21

დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით ვ.ს–ვის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე, დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნა რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ტ.ს–ვას მშობლის უფლებები შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ.ვ. ასული ს–ვას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე.ვ. ასული ს–ვასა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ.ვ. ძე ს–ვის მიმართ.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით ტ.ს–ვას განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება საქმეზე Nა-1522-შ-44-2022 (შუამდგომლობის ავტორი - ვ.ს–ვი; მოწინააღმდეგე მხარე - ტ.ს–ვა; დავის საგანი - მშობლის უფლების შეზღუდვა) და განახლდა საქმის წარმოება ვ.ს–ვის შუამდგომლობის, რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილების ცნობის შესახებ, წარმოებაში მიღების ეტაპიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებით დაასკვნა, რომ ვ.ს–ვის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების #2-627/21 ცნობა უნდა დარჩეს განუხილველად.

3.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობის განხილვა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო (მე-5 ნაწილი)) და 70-ე („1. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. 2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“) მუხლებს ეფუძნება და არ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების იმ წესებით, რაც სასარჩელო წარმოებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკეული დებულებები გამოიყენება სწორედ იმ საკითხების შესამოწმებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას და/ან აღსრულებას უკავშირდება და საჯარო მართლწესრიგთან შესაბამისობის დადგენის მიხედვით უნდა შეფასდეს. უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ნიშნავს იმას, რომ თავისი ძალმოსილებით და სამართლებრივი შედეგებით იგი უთანაბრდება იმ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცნო ეს გადაწყვეტილება“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001 , გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ.157).

4. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა, აღარ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესრული სასამართლო აქტი.

6. რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილება გაუქმდა რუსეთის ფედერაციის, საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინებით და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. რუსეთის ფედერაციის ბატიასკის საქალაქო სასამართლომ ხელახლა იმსჯელა აღნიშნულ საქმეზე, 2022 წლის 26 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება და კვლავ დააკმაყოფილა ვ.ს–ვის სარჩელი. როსტოვის ოლქის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 29 მაისის განჩინებით გააუქმა როსტოვის ოლქის ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, ვ.ს–ვის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, არასრულწლოვანი ბავშვების - 2013 წლის 20 ივნისს დაბადებული ვ.ვ. ასული ს–ვას, 2015 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ე.ვ. ასული ს–ვასა და 2018 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ვ.ვ. ძე ს–ვის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა მამასთან - ვ.ა. ძე ს–თან, ტ. ს–ვას ვ.ს–ვის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდაც, ვ.ს–ვის სხვა მოთხოვნები და ტ.ს–ვას ძირითადი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. რუსეთის ფედერაციის, საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით როსტოვის ოლქის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7. საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ტ.ს–ვას მოთხოვნა და გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინება, რადგან გაუქმდა და აღარ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს ის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით იქნა ცნობილი.

8. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილება გაუქმებულია, საკასაციო სასამართლო განუხილველად ტოვებს ვ.ს–ვის შუამდგომლობას რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ვ.ს–ვის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, ბატიასკის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აგვისტოს #2-627/21 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

თ. ზამბახიძე