საქმე №ა-3821-შ-96-2023 27 სექტემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ბაქაქური,
თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.ა–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ. (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება #2-1208/2022 და ამავე სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება, უსწორობის გასწორების თაობაზე
დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა/აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით რ.ა–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა:
1.1. რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ა–ნის სარჩელი ნ.მ–ნის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; 2016 წლის 16 ივლისს დაბადებული მ.ნ. ძე ა–თვის, დედასთან ერთად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა კრასნოდარის მხარე, კავკაზსკი რაიონი, ქალაქი კროპოტკინი, ........;
1.2. რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინება, რომლითაც ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და მიეთითა მოპასუხის გვარი - მ. ნ.მ–ის ძე;
1.3. რ.ა–ნის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში დარჩა განუხილველად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით ნ.მ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nა-3821-შ-96-2023 (შუამდგომლობის ავტორი - რ.ა–ნი; მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ი; დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება) და განახლდა საქმის წარმოება რ.ა–ნის შუამდგომლობის, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინების ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, ცნობის შესახებ, წარმოებაში მიღების ეტაპიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებით დაასკვნა, რომ რ.ა–ნის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინების ცნობა/აღსრულება უნდა დარჩეს განუხილველად.
3.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კატეგორიის შუამდგომლობის განხილვა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო (მე-5 ნაწილი)) და 70-ე („1. სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. 2. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. 3. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება“) მუხლებს ეფუძნება და არ განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების იმ წესებით, რაც სასარჩელო წარმოებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკეული დებულებები გამოიყენება სწორედ იმ საკითხების შესამოწმებლად, რაც საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობას და/ან აღსრულებას უკავშირდება და საჯარო მართლწესრიგთან შესაბამისობის დადგენის მიხედვით უნდა შეფასდეს. უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა ნიშნავს იმას, რომ თავისი ძალმოსილებით და სამართლებრივი შედეგებით იგი უთანაბრდება იმ სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცნო ეს გადაწყვეტილება“ (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2001 , გამომცემლობა „ჯი სი აი“, გვ.157).
4. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით ნ.მ–ის საჩივარი დაკმაყოფილდა და რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, ანუ გაუქმდა ის გადაწყვეტილება, რომლის ცნობაც მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. თავის მხრივ, კრასნოდარის მხარის კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილებაში მითითებულია, რომ ნ.მ–ი ჯეროვნად არ იყო ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ, რის გამოც მისი საჩივარი დასაბუთებულად იქნა მიჩნეული.
6. საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ნ.მ–ის მოთხოვნა და გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინება, რადგან გაუქმდა და აღარ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით იქნა ცნობილი.
7. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმებულია, საკასაციო სასამართლო განუხილველად ტოვებს რ.ა–ნის შუამდგომლობას რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინების, რომლითაც ამავე სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს #2-1208/2022 დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.რ.ა–ნის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, კროპოტკინის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა #2-1208/2022 და ამავე სასამართლოს 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინების, უსწორობის გასწორების თაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
თ. ზამბახიძე