საქმე №ა-3832-შ-99-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს "კ.ა.ზ." (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ტ.დ–ია" (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება #924/264/21
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის, ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის #924/264/21 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) შპს "კ.ა.ზ–ის" (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი შპს "ტ.დ–იის" (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების 13 927 ევროს, საჯარიმო სანქციის 626.89 ევროსა და სასამართლო მოსაკრებლის 7 196.15 გრივნის გადახდა.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2019 წლის 16 აგვისტოს, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა;
2.2. ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ 2019 წლის 16 აგვისტოს #1 და 2019 წლის 12 დეკემბრის #2 სპეციფიკაციის თანახმად საერთაშორისო სატვირთო და საბაჟო დეკლარაციის #უა400030/2019/028205 საფუძველზე 2019 წლის 21 აგვისტოს მოპასუხეს (მყიდველს) 25 883 ევროს ღირებულების საქონელი მიაწოდა, ხოლო 2019 წლის 20 დეკემბერს - 34 040 ევროს, ჯამურად საერთო თანხით - 59 923 ევროს ოდენობით;
2.3. საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის 19 დეკემბერს მოპასუხემ გასცა საგარანტიო წერილი #1812/01 საქონლის ღირებულების სრულ გადახდაზე უკრაინის ტერიტორიაზე განბაჟების დღიდან 10 კალენდარულ დღეში;
2.4. მოპასუხემ, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში ნაწილობრივ გადაიხადა მიღებული საქონლის საფასური - 45 996 ევრო;
2.5. მოსარჩელის (გამყიდველის) მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის დღისათვის მოპასუხის დავალიანება 13 927 ევროა;
2.6. ვინაიდან მოპასუხემ ნებაყოფლობით და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დავალიანება არ გადაიხადა, მოსარჩელემ შეიტანა სარჩელი მოპასუხისათვის 13 927 ევროს დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა მოპასუხისაგან ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად დარიცხული ჯარიმების 626,89 ევროს გადახდა;
2.7. მხარეები, 2019 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულებით, შეთანხმდნენ, რომ ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც წარმოიქმნება მხარეებს შორის ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეიძლება გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ექვემდებარება გადაწყვეტას ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს მიერ. ამ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ უფლებებზე და მოვალეობებზე ვრცელდება უკრაინის მატერიალური და საპროცესო სამართალი.
3. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სარჩელი 2021 წლის 22 მარტის დადგენილებით მიღებულ იქნა განსახილველად, საქმის მოსამზადებელი სხდომა არაერთხელ გადაიდო მოპასუხის სხდომის დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინების არარსებობის გამო.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს მისამართზე, 2023 წლის 2 აგვისტოს, საქმისწარმოების სამსახურის მეშვეობით, იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური რეგიონთაშორისი სამმართველოდან (კიევი), შევიდა მოპასუხისათვის, სასამართლო გზავნილის 2023 წლის 3 მაისს ჩაბარების შესახებ დასტური.
5. უცხო ქვეყნის სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს და მათი დაკმაყოფილება მოითხოვა. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი და არც სასამართლოში გამოუცხადებლობის საფუძვლიანი მიზეზების შესახებ უცნობებია. მოპასუხეს სარჩელზე წერილობითი პასუხი არ გაუცია.
6. მოსარჩელე გამყიდველმა საწარმომ 2024 წლის 16 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
7. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრების წარმოსადგენადგაეგზავნა.
9. უზენაესი სასამართლოს გზავნილი მოპასუხე კომპანიის დამფუძნებელს, თ.მ–ს (პ/ნ ........) 2024 წლის 9 აგვისტოს, საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე, ჩაჰბარდა.
10. მოწინააღმდეგე მხარეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არც მოსაზრება წარმოუდგენია და არც შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება) და საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
11. მოსარჩელის შუამდგომლობას თან ერთვის უცხო ქვეყნის სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი და არც სასამართლოში გამოუცხადებლობის საფუძვლიანი მიზეზების შესახებ უცნობებია. მოპასუხეს სარჩელზე წერილობითი პასუხი არ გაუცია.
12. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურასა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.
13. საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულების 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
14. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე. 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
15. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას), ისე სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია (შეად. სუსგ N ას-1060-შ-27-2020, 30.03.21 წ.).
16. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გაგზავნისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები არ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების (დადგენილების) ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებითაც ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს.
18. საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას.
19. ცნობილია, რომ რომელიმე ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს სხვა ქვეყანაში, თუ ამ უკანასკნელმა ის სცნო. მოახდინოს თუ არა სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ამასთან, გადაწყვეტილების ცნობის დროს, ის არ უნდა შეიჭრას უცხო ქვეყნის სასამართლო კომპეტენციაში (სუსგ Nა-198-შ-3-2024, 18.01.2024 წ.).
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების 40-45 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "კ.ა.ზ–ის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს უკრაინის, ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის #924/264/21 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს "კ.ა.ზ–ის" სარჩელი შპს "ტ.დ–იის" წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; შპს "ტ.დ–იას" შპს "კ.ა.ზ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების 13 927 ევროს, საჯარიმო სანქციის 626.89 ევროსა და სასამართლო მოსაკრებლის 7 196.15 გრივნის გადახდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური