საქმე №ა-4245-შ-109-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.მ. (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.გ–ძესა და კ.მ–ს შორის კოპენჰაგენის მერიის მმაჩის ბიუროში, 2018 წლის 19 იანვარს, რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეესტრი #48).
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 5 აგვისტოს, შუამდგომლობით მომართა თ.გ–ძემ და გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თ.გ–ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს განქორწინების თაობაზე, რასაც მოპასუხე - კ.მ–ი დაეთანხმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 აგვისტოს განჩინებით თ.გ–ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ თ.გ–ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. განქორწინების თაობაზე, უცხო ქვეყნის სასამართლოს, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თ.გ–ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს განქორწინების თაობაზე, რასაც მოპასუხე - კ.მ–ი დაეთანხმა.
7. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც თ.გ–ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.
10. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.გ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ტემპელჰოფ-კროიცბერგის საოლქო სასამართლოს საოჯახო საკითხების განყოფილების 2020 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც თ.გ–ძესა და კ.მ–ს შორის კოპენჰაგენის მერიის მმაჩის ბიუროში, 2018 წლის 19 იანვარს, რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეესტრი #48);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური