Facebook Twitter

საქმე №ას-741-2023 25 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ქ.ს–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით შპს „ქ.ს–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, მიმწოდებელი, აპელანტი, კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, შემსყიდველი) მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №12 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, 2022 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველისათვის გაეწია სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისათვის საკვების მიწოდების მომსახურება.

2.2. საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მიმწოდებელი ასრულებდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №12 ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა შემსყიდველის 2022 წლის 8 აპრილის წერილით მას ეცნობა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე, რის გამოც მიმწოდებელს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 629-656-ე მუხლები. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის ფაქტი.

4. ზემოაღნიშნული ნორმებისა და განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო მიმწოდებლისთვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებას.

5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების შესახებ, რაც გამოიხატა მიწოდებული პროდუქტის ხარისხის, კალორაჟის, შემადგენლობისა და ვარგისიანობის სტანდარტებთან შეუსაბამობაში.

6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დაეკისრა ორ შემთხვევაში - 2022 წლის 18 მარტსა და 21 აპრილს მიწოდებული პროდუქტების შეთანხმებულ ხარისხთან შეუსაბამობის გამო. საქმეში წარმოდგენილია 2022 წლის 8 აპრილის წერილი, რომლითაც მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს იანვრიდან მარტის ჩათვლით (კონკრეტული თარიღების მითითებით) მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ, მათ შორის, 18 მარტს მიწოდებული ერთ-ერთი კერძი - მაკარონი ხორცით, არ იყო საკვებად ვარგისი. მითითებულის დასადასტურებლად შემსყიდველმა შეუკვეთა საექსპერტო კვლევა.

7. 2022 წლის 2 ივნისის წერილით მოპასუხემ აცნობა მიმწოდებელს, რომ 21 აპრილს მიწოდებული კარაქის შემადგენლობა არ აკმაყოფილებდა რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ორივე შემთხვევაში საექსპერტო კვლევა შემსყიდველის ხარჯით ჩატარდა.

8. მოპასუხე მხარემ პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერების დასადასტურებლად წარადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 29 მარტის №001914022 და 2022 წლის 5 მაისის №002780422 დასკვნები. 2022 წლის 29 მარტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტს დაევალა წარდგენილ ნიმუშებში (ხორციანი მაკარონი) ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებისა და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების გაკეთების თაობაზე „სანწდან 2.3.2.000-00“-თან (ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი) შედარება. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ნიმუშში („ხორციანი მაკარონი“) მომატებულია მეზოფილური აერობული და ფაკულტატური ანაერობული მიკროორგანიზმების რაოდენობა. ასევე აღმოჩნდა კოლიფორმული ბაქტერიები (ნ.ჩ.ჯ.ბ), რის გამოც წარდგენილი ნიმუში არ შეესაბამება „სანწდან 2.3.2.000-00“-ით გათვალისწინებულ მიკრობიოლოგიურ მოთხოვნებს. ექსპერტიზაზე წარდგენილი კერძის ნიმუში („ხორციანი მაკარონი“) თავისი ორგანოლეპტიკური (სუნი, გემო, გარეგნული სახე) მაჩვენებლებით არ აკმაყოფილებს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

9. 2022 წლის 5 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტს დაევალა, დაედგინა წარდგენილ ნიმუშში არის თუ არა კარაქი და რამდენს იწონის იგი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 197,68 გრ. ნიმუში არ წარმოადგენს კარაქს. იგი თავის შემადგენლობაში არ შეიცავს რძის ცხიმს და არ აკმაყოფილებს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის №152 დადგენილება; 2015 წლის 3 აპრილი, ქ. თბილისი).

10. ზემოხსენებულ ექსპერტიზის დასკვნებთან მიმართებით აპელანტის პრეტენზია ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ ნიმუშების აღების პროცესში მიმწოდებლის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა ადგილზე და არც შეტყობინება გაგზავნია, შესაბამისად დაუდგენელია, თუ როგორ და საიდან მოხდა ნიმუშის აღება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს დასკვნების სანდოობას.

11. აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების №1 დანართზე, რომლითაც შეთანხმდა შესყიდვის ობიექტის ხარისხი, რაც უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო წინადადებასა და ტექნიკურ დოკუმენტაციაში ასახულ ინფორმაციას. მიწოდებული საკვები უნდა იყოს ახალი, საჭმელად ვარგისი და არ უნდა იყოს ჯანმრთელობისათვის საშიში. ერთი პაციენტის დღიური ნორმა და კალორაჟი განისაზღვრება შემსყიდველის მიერ მენიუს გადაცემის შესაბამისად, რომელიც შეიძლება შეიცვალოს პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით. მიმწოდებელი ვალდებულია, ზუსტად დაიცვას მიწოდებული მენიუს შემადგენლობა. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ დროს, წლის განმავლობაში მოახდინოს მიწოდებული საკვები პროდუქტების ხარისხის, შემადგენლობის და ვარგისიანობის, ასევე, კვების ობიექტის (სამზარეულოს) ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიული კვლევა (№1 დანართი). აღნიშნული სახელშეკრულებო პირობის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შემსყიდველს მინიჭებული ჰქონდა უფლება, ნებისმიერ დროს საკუთარი ინიციატივით შეემოწმებინა მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა მხარეთა შორის შეთანხმებულ ხარისხთან.

12. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით არ მომხდარა შეთანხმება შემოწმების პროცედურის თაობაზე, კერძოდ, ხელშეკრულებაში არსადაა მითითებული, რომ პროდუქტის შემოწმების დროს აუცილებელია, ნიმუშის აღებას ესწრებოდეს მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენელი. ხელშეკრულებაში არც ის გარემოებებია გათვალისწინებული, თუ რა პროცედურით და დროის მონაკვეთში უნდა აღებულიყო მიწოდებული პროდუქტის ნიმუში.

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მიმწოდებლის არყოფნა ნიმუშის აღების დროს არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დარღვევად, რაც წარმოშობდა ექსპერტიზის დასკვნების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს.

14. ექსპერტიზისათვის გადაგზავნილი ნიმუშების ვარგისიანობისა და მათი აღების წესის დაცვის კუთხით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თავად ექსპერტიზის დასკვნებში მოცემულ ინფორმაციაზე. 2022 წლის 29 მარტის დასკვნის კვლევითი ნაწილიდან დგინდება, რომ გამოსაკვლევი ნიმუშები ექსპერტს წარედგინა სამი ცალი სტერილური სპეცდანიშნულების კონტეინერით, რომელიც დახუფულია პლასტმასის სტაფილოსფერხრახნიანი ხუფით, დაწებებულია უფერო, გამჭვირვალე, წებვადი ლენტით. თითოეულ კონტეინერზე მიკრულია თეთრი ფერის ქაღალდის სტიკერი წარწერით: „18.03.22; 01 საათი 10 წთ.“ (იხ. ფოტოილუსტრაცია). კონტეინერის გახსნისას მასში აღმოჩნდა „ხორციანი მაკარონი“. გამოსაკვლევი ნიმუშების გარეგნული დათვალიერებით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამივე სპეცდანიშნულების კონტეინერი წარწერით („18.03.22; 01 საათი 10 წთ.“) ერთნაირია, რის გამოც, ექსპერტის სპეციალური ცოდნიდან გამომდინარე, ნიმუში იდენტიფიცირდა ერთ პარტიად. 2022 წლის 5 მაისის დასკვნის კვლევითი ნაწილიდან დგინდება, რომ ბიუროს ნიმუში წარედგინა პოლიმერული მასალისგან დამზადებული, ოთხი ცალი, ინდივიდუალურად დალუქული, ერთჯერადი კონტეინერებით. ქაღალდის ლუქების მრგვალი ბეჭდის ანაბეჭდზე იკითხება - „საქართველო, შპს ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ი. გასული დოკუმენტაცია 404945164; 21.04.22“. ლუქები დადასტურებულია ხელმოწერით. საკვლევ ნიმუშთან ერთად წარდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი.

15. ექსპერტიზის დასკვნებში მოცემული, ზემოხსენებული ინფორმაციის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შემსყიდველის მიერ ნიმუშების აღება განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც მოხდა საკვები პროდუქტების მიწოდება. ამასთან, ნიმუშები ექსპერტს წარედგინა დალუქულ მდგომარეობაში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიმწოდებელს ნიმუშების აღებისა და ექსპერტიზაზე გადაგზავნის დროს არაფერი დაურღვევია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თუკი მოსარჩელე ეჭვქვეშ აყენებს შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმების უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელების ფაქტს, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, რაიმე მტკიცებულება ან წონადი არგუმენტი მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საპირისპიროდ საქმეში არ წარუდგენია. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არ ესწრებოდა ნიმუშების აღების პროცედურას, ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად ექსპერტიზის დასკვნებში მოცემული ინფორმაციის გასაბათილებლად, ვინაიდან მოსარჩელის ინფორმირებისა და მისი დასწრების აუცილებლობის თაობაზე რაიმე დათქმას მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიცავს.

16. რაც შეეხება აპელანტის იმ არგუმენტს, რომ შემსყიდველმა ხელი მოაწერა პროდუქტის მიღება-ჩაბარების აქტს და რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია, პალატის მოსაზრებით, ვერ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გადაცემული პროდუქტი იყო უხარისხო. აღნიშნულ არგუმენტთან მიმართებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული შეფასება, რომ მხოლოდ ამ მტკიცებულებებზე მითითება არ არის საკმარისი. თავად ხელშეკრულება და მისი დანართი შეიცავს ხარისხთან დაკავშირებით დათქმას. როგორც ხელშეკრულებით და მისი №1 დანართით ირკვევა, რომ მხარეებმა მკაცრად განსაზღვრეს შესყიდვის ობიექტის (მზა საკვების) ხარისხი, ყოველდღიური მენიუს შემადგენლობა, თითოეული პაციენტისთვის განკუთვნილი საკვების დღიური ნორმა, კალორაჟი, ულუფაში შემავალი ინგრედიენტების რაოდენობა/კომბინაცია. №1 დანართში აღინიშნა, რომ მზა საკვები პროდუქტი/კერძები უნდა იყოს ახალი და საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობას. დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება. საკვები პროდუქტების მიწოდება უნდა განხორციელდეს მათი კვებითი ღირებულების სრულად შენარჩუნებით, შემსყიდველის მოთხოვნების/მითითებებისა და ამ სფეროში არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გარდა ამისა, შეთანხმებით შემსყიდველს მიენიჭა უპირობო უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოახდინოს საკვები პროდუქტების ხარისხის, შემადგენლობის, ვარგისიანობის შემოწმება. ამდენად, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერა და ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება არ გულისხმობს, რომ შემსყიდველს აღარ შეეძლო პროდუქტის ხარისხის და ვარგისიანობის შემოწმება.

17. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ საქმეში წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები მიწოდებული პროდუქტის შეთანხმებულ ხარისხთან შეუსაბამობის თაობაზე, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა და ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დასადგენად. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს უშუალოდ, სადავო მიწოდების თაობაზე რაიმე კონტრარგუმენტი ან მტკიცებულება, როგორიცაა მაგალითად, მიწოდებული კარაქის სერთიფიკატი, ან სხვა რაიმე რელევანტური დოკუმენტი, არ წარუდგენია.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შესაბამისი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დაადასტურა მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის ფაქტი, რაც, საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, აპელანტმა ვერ გააბათილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, დგინდება მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევა.

19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე მუხლით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა კონტრაჰენტისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კერძოდ, ხელშეკრულებისა და მისი №1 დანართის თანახმად, თუ ლაბორატორიული კვლევისას დადგინდა მიწოდებული საკვების პროდუქტების კალორაჟის, ხარისხის, შემადგენლობის და ვარგისიანობის შეუსაბამობა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილსა და არსებულ სტანდარტებთან, მიმწოდებელი ჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 2%-ით, ასევე, იხდის კვლევის ღირებულებას (დანართი 1-ის „მ“ ქვეპუნქტი). ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს საჯარიმო თანხის ჩამოჭრა ასანაზღაურებელი თანხიდან (9.6. პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სახელშეკრულებო ვალდებულებები დაარღვია 2022 წლის 18 მარტსა და 21 აპრილს მიწოდებული პროდუქტის ხარისხის კუთხით. შესაბამისად, არსებობს მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

20. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე, რომელიც იძლევა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას და აღნიშნა, რომ მოპასუხე ორგანიზაცია ფსიქიკური საჭიროების მქონე სტაციონარში მყოფ ბენეფიციარებს მკურნალობს. მკურნალობისას მათთვის ჯანსაღი საკვები პროდუქტების მიწოდება კი ერთ-ერთი არსებითი ელემენტია და მოსარჩელის მხრიდან ამ პირობის დარღვევა შეიძლება ატარებდეს პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის შემცველ ხასიათს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

25. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

27. საკასაციო საჩივრის თანახმად:

27.1. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი, როდესაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტები არასწორად დაადგინა. შემსყიდველის მიერ ხელმოწერილი აქტებით დასტურდება, რომ მიმწოდებელი მას პროდუქტს შეთანხმებული პირობების დაცვით აწვდიდა, რაზეც მოპასუხეს პრეტენზია არასდროს განუცხადებია.

27.2. სადავო პროდუქტის ექსპერტიზაზე გაგზავნისას მოსარჩელე ნიმუშის აღებას არ ესწრებოდა, მისთვის აღნიშნულის შესახებ ცნობილი არ ყოფილა, შესაბამისად, გაურკვეველია მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქცია შემოწმდა თუ არა, ასევე, დაცულ იქნა თუ არა ნიმუშის აღების წესები.

27.3. ექსპერტიზის სადავო დასკვნები დათარიღებულია 2022 წლის 29 მარტისა და 5 მაისის თარიღით მაშინ, როდესაც ამავე პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ, შემსყიდველმა, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტები.

28. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288).

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1245-2022, 9 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

30. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

31. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).

32. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

33. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 3 დეკემბერი, 2021 წელი).

34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

35. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ., გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 7 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.

38. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

40. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია, იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება (შდრ: სუსგ №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21).

41. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (შდრ. სუსგ №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

42. მოცემულ საქმეზე კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერებასთან დაკავშირებით.

43. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ მას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია.

44. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში არსებული მტკიცების სტანდარტი ავალდებულებს მხარეებს, სარწმუნო მტკიცებულებებით დაასაბუთონ საკუთარი პრეტენზია (სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები).

45. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, 2022 წლის 18 მარტსა და 21 აპრილს განხორციელებული მიწოდებისას მოსარჩელემ დაარღვია თუ არა პროდუქტების შეთანხმებული ხარისხით მიწოდების ვალდებულება.

46. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტის დასადასტურებლად მოპასუხემ წარადგინა სადავო მიწოდებული პროდუქციის ვარგისიანობის შესამოწმებლად ჩატარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 29 მარტის №001914022 და 2022 წლის 5 მაისის №002780422 დასკვნები, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2022 წლის 18 მარტს მიწოდებული ერთ-ერთი კერძი - მაკარონი ხორცით არ იყო საკვებად ვარგისი და შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ბაქტერიებს. 21 აპრილს მიწოდებული კარაქის შემადგენლობა კი, არ აკმაყოფილებდა რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

47. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხის პოზიციის დასადასტურებლად წარმოადგენს სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებას, რომელიც ამტკიცებს მოსარჩელის მხრიდან ვარგისი პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა.

48. სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისა და მისი №1 დანართის თანახმად, თუ ლაბორატორიული კვლევისას დადგინდა მიწოდებული საკვები პროდუქტების კალორაჟის, ხარისხის, შემადგენლობის და ვარგისიანობის შეუსაბამობა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილსა და არსებულ სტანდარტებთან, მიმწოდებელი ჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 2%-ით, ასევე, იხდის კვლევის ღირებულებას (დანართი 1-ის „მ“ ქვეპუნქტი). ამავდროულად, შემსყიდველი უფლებამოსილია, მოახდინოს საჯარიმო თანხის ჩამოჭრა ასანაზღაურებელი თანხიდან (9.6. პუნქტი). აღნიშნული შეთანხმების ძალით მოპასუხე უფლებამოსილი იყო, ვალდებულებების დარღვევის გამო, მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლო დაეკისრებინა და სადავო პირგასამტეხლო დაეკავებინა მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხიდან.

49. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის არგუმენტი, რომ იგი არ დასწრებია ექსპერტიზაზე გასაგზავნი ნიმუშის აღებას, შესაბამისად, გაუგებარია, მის მიერ მიწოდებული პროდუქცია შემოწმდა ექსპერტის მიერ თუ არა.

50. კასატორმა სარწმუნო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ მიწოდებული პროდუქციიდან ნიმუშის აღებისას რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირდა. საქმის მასალები არც იმგვარი ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ შესამოწმებლად განკუთვნილი საკვების ნიმუში მოსარჩელის მიერ წარდგენილ პროდუქციას არ განეკუთვნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელეს მიწოდებული პროდუქციის შესაბამისი ხარისხის დასადასტურებლად, მოპასუხის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების საპირისპიროდ, რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. ამდენად, მოსარჩელის პოზიცია მხოლოდ მის ვარაუდს ეფუძნება, რაც მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

52. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 22 ივნისის №2849 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 889,25 ლარის 70% – 622,47 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ქ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ქ.ს–ის“ (ს/ნ N......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 22 ივნისის №2849 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 889,25 ლარის 70% – 622,47 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი