Facebook Twitter

საქმე №ას-737-2023 25 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ს.კ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ივლისის განჩინებით შპს „თ.ს.კ–იის“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.კ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 06.07.2021 წლის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია 2000 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 20 სექტემბრიდან, ყოველთვიურად, ხელზე ასაღები თანხის - 1258.65 ლარის ოდენობით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის აღსრულების თარიღამდე.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე 2011 წლიდან უვადო ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში №3 ავტობაზის საექსპლუატაციო პარკის მ3 კატეგორიის ავტობუსების საექსპლუატაციო პარკის მძღოლად.

2.2. 2021 წლის 22 ივნისს, მოსარჩელემ გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება შპს „მ–ში“. მოსარჩელეს დაესვა შემდეგი დიაგნოზი: I ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, ქრონიკული ობსტრუქიული ბრონქიტი, 2020 წელს გადატანილი ფილტვის ემბოლია. სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების თანახმად, მოსარჩელეს შესუსტებული ჰქონდა რეფლექსები, გადაადგილდებოდა ყავარჯნის საშუალებით და წელის მალების ტკივილის გამო შეზღუდული ჰქონდა მოძრაობა და ფეხზე დგომა. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების თანახმად, არ არის რეკომენდირებული დასაქმებული დაიშვას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე და რისკის შემცველ პოზიციებზე (იხ., ტ.1. ს.ფ. 86, 87).

2.3. მოპასუხის 2021 წლის 06 ივლისის №01/2-1/1/2187 ბრძანებით მოსარჩელე 2021 წლის 9 ივლისიდან, გათავისუფლდა №3 ავტობაზის საექსპლუატაციო პარკის პატარა ტევადობის ავტობუსების საექსპლუატაციო პარკის მძღოლის თანამდებობიდან ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდეგში: სშკ-ის) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) და მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომითი ანაზღაურების ოდენობით. მოსარჩელის გათავისუფლებას ფაქტობრივ საფუძვლად დაედო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელის დაშვება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე და რისკის შემცველ პოზიციებზე არ იყო რეკომენდირებული.

3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენდნენ ისეთ „ობიექტურ გარემოებას“, რომელიც გამორიცხავდა ავტობუსის საექსპლუატაციო პარკის მძღოლის პოზიციაზე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძლებას, თუმცა, საერთაშორისო შრომის სტანდარტებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურეს ღონისძიებად განიხილება და უპირატესია შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული იყო მრავალი წლის განმავლობაში უვადო შრომითი ხელშეკრულებით და მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა დაკავებულ თანამდებობასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა. დამსაქმებელს დასაქმებულისათვის ალტერნატიული, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი სამსახური არ შეუთავაზებია. მხოლოდ გათავისუფლებიდან 3 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, მხარეთა შორის წარმოშობილი სასამართლო დავის პარალელურად, მოპასუხემ მოსარჩელეს ავტობუსის კონდუქტორის თანამდებობა შესთავაზა. დამსაქმებელს შეეძლო დასაქმებულისათვის გათავისუფლების მომენტშივე შეეთავაზებინა დასაქმებულის ჯანმრთელობის შესაფერისი სამუშაო ადგილი, თუმცა, არ შესთავაზა 2021 წლის 21 ოქტომბრამდე, რამაც გამორიცხა დამსაქმებლის მხრიდან უფლება-მოვალეობების მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განხორციელება.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ აკმაყოფილებდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებს, ხოლო დასაქმებულის დარღვეული შრომითი უფლების რესტიტუციის სახით მოსარჩელეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამუშაო ადგილეზე აღდგენის სანაცვლოდ, სწორად მიეცა კომპენსაცია და იძულებითი განაცდური (სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები).

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

8. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

10. საკასაციო საჩივრის თანახმად, დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი. დამსაქმებელი მოქმედებდა კანონიერად. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ დამსაქმებელს არ გააჩნდა სხვა პოზიციაზე დასაქმებულის გადაყვანის ვალდებულება, რადგან ის გათავისუფლდა არა კომპანიის რეორგანიზაციის ან შტატების შემცირების გამო, არამედ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, დამსაქმებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას 2021 წლის 21 ოქტომბრამდე შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის სხვა სამუშაო ადგილი, რადგან ვაკანტური პოზიცია არ არსებობდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანიაში ვაკანტური სამუშაო ადგილი გამოჩნდა, მოპასუხემ მიმდინარე სასამართლო დავისას მორიგების ფარგლებში მოსარჩელეს შესთავაზა სხვა სამუშაო ადგილზე დასაქმება.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ: სუსგ Nას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; Nას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).

12. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი უზრუნველყოფს შრომის თავისუფალებას. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).

13. დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის შრომის უფლების შეზღუდვა მართლზომიერად მიჩნევისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებული კანონიერი საფუძვლით უნდა განხორციელდეს.

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის 2021 წლის 06 ივლისის №01/2-1/1/2187 ბრძანებით მოსარჩელე 2021 წლის 9 ივლისიდან, გათავისუფლდა №3 ავტობაზის საექსპლუატაციო პარკის პატარა ტევადობის ავტობუსების საექსპლუატაციო პარკის მძღოლის თანამდებობიდან სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას). მოსარჩელის გათავისუფლებას ფაქტობრივ საფუძვლად დაედო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელის დაშვება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე და რისკის შემცველ პოზიციებზე, არ იყო რეკომენდირებული.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომპანიაში მრავალი წლის განმავლობაში უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ მძღოლთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მის პოზიციასთან შეუთავსებლობის გამო, სხვა პოზიციაზე დასაქმების ალტერნატული შეთავაზების გარეშე, არ შეესაბამება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერების პრინციპს, (შდრ: სუსგ №ას-173-2023, 24 აპრილი, 2023 წელი, პ. 67), და არ აკმაყოფილებს სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ წინაპირობებს.

16. დარღვეული შრომითი უფლების მაკომპენსირებელ საშუალებებთან მიმართებით (იხ., ამ განჩინების პ.4) კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

18. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -1359 ლარის 70% – 951,3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „თ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „თ.ს.კ–იას“ (ს/ნ N.........) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 15 მაისის №1684140033 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1359 ლარის 70% – 951,3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი