საქმე №ას-537-2022 22 ივნისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ძ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ი.რ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით მ.ძ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის, პირგასამტეხლოსა და გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურების შესახებ.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მ.ძ–იასა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) და სს „ი.რ–სს“ (შემდეგში: მოპასუხე) შორის 2011 წლის 1 მარტიდან წარმოიშვა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.
2.2. 2015 წლის 1 ივლისიდან მოსარჩელე, რომელიც იკავებდა ფინანსური კონტროლიორის თანამდებობას, გადაიყვანეს ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.
2.3. მოპასუხის 2016 წლის 10 ნოემბრის ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) საფუძველზე, მხარეთა შორის შეწყდა შრომის ხელშეკრულება 2016 წლის 14 ნოემბრიდან. მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, ასევე, აუნაზღაურდა გამოუყენებელი შვებულების თანხა.
2.4. მოპასუხის 2016 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით მოპასუხე კომპანიაში ფინანსური დირექტორის საშტატო ერთეული გაუქმდა იმ საფუძვლით, რომ საწარმოს ფინანსური მაჩვენებელი იყო არასახარბიელო და საჭირო იყო დანახარჯების შემცირება; დადგა კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და კომპანიის თანამშრომელთა უნარების მაქსიმალურად გამოყენების საჭიროება. მოპასუხე კომპანიის ფინანსური დირექტორის მოვალეობები დაეკისრა ამავე კომპანიის დირექტორს ფლორინ რადულესკუს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოსარჩელეს არ გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. სამეწარმეო რეესტრში იგი არ ყოფილა რეგისტრირებული დირექტორად. კომპანიის ფინანსურ საკითხებს წყვეტდა და კომპანიის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული დირექტორი. შესაბამისად, ხარჯების დაზოგვის მიზნით ფინანსური დირექტორის ფუნქციები შეითავსა სხვა საშტატო ერთეულზე დასაქმებულმა პირმა.
2.5. დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის რეორგანიზაციამდე კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობდა 10 თანამშრომელი, მათ შორის, ფინანსური დირექტორი - მოსარჩელე. რეორგანიზაციის შემდეგ კი, კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში დარჩა 8 საშტატო ერთეული (ტ.1.სფ. 202). კომპანიის ახალი სტრუქტურით, ფინანასური დირექტორის ფუნქციები შეითავსა სხვა საშტატო ერთეულზე დასაქმებულმა პირმა - მმართველმა. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა როგორც ფინანსური დირექტორის საშტატო ერთეული, ასევე სხვა საშტატო ერთეულებიც, როგორიცაა წარმოების დირექტორი, ადამიანური რესურსების მენეჯერი, მარკეტინგის სპეციალისტი, ინსპექტორი, მოლარის ასისტენტი, მზარეულის თანაშემწე, დირექტორის პირადი მძღოლი და იურისტის ერთი შტატი.
2.6. რეორგანიზაციის შედეგად მოპასუხე კომპანიაში ახალი საშტატო ერთეული არ შექმნილა.
2.7. წარმოების დირექტორისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის შრომითი ვალდებულებები გადანაწილდა სხვა საშტატო ერთეულებზე, კერძოდ, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ფუნქციები დაეკისრა იურისტს, ხოლო წარმოების დირექტორის ფუნქციები - ხარისხის მართვის მენეჯერს.
2.8. 2017 წლის ფინანსური მონაცემებით, კომპანიამ, რომელშიც 270 ადამიანია დასაქმებული, მნიშვნელოვანი კლიენტების დაკარგვის შემდეგაც მოახერხა, მიეღწია წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარეობისათვის. რამდენიმე ძვირადღირებული საშტატო ერთეულის შემცირებით ყოველწლიური ხარჯი 332 639 ლარით შემცირდა. თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებამ განაპირობა კომპანიის სახელფასო ფონდის შემცირება, რითაც გამოთავისუფლდა ფინანსური სახსრები და დაფინანსდა კომპანიისთვის მომგებიანი პროექტები. ამდენად, კომპანიის ასეთმა გადაწყვეტილებამ, დინამიკაში კომპანიის ფინანსური ზრდა განაპირობა. თანამშრომლების შემცირებას კი, კორპორაციული მმართველობის ხარისხზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
2.9. მოსარჩელეს გათავისუფლებისას მიეცა ორი თვის კომპენსაცია, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და გამოუყენებელი შვებულების - 19 დღის ანაზღაურება.
3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა წარმატებით გაართვა თავი შრომით დავებში დამსაქმებელზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს და დაარწმუნა სასამართლო რომ კომპანიის რეორგანიზაციასა და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას შორის მიზეზობრივი კავშირი არსებობდა და ამდენად, წარმოშობილი იყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მოქმედი რედაქციით 47-ე მუხ.) გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
4. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მართლზომიერად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობები (სშკ-ის 38.8 მუხ.).
5. 2011 წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი სახით ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 21-ე, 22-ე და 25-ე მუხლებით (ორგანული კანონის მოქმედი რედაქციით 31-ე, 32-ე და 35-ე მუხ.) და განმარტა, რომ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. დასაქმებულს დასვენების უფლება წარმოეშობა მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ, ხოლო მომდევნო წლიდან, მხარეთა შეთანხმებით - წლის ნებისმიერ დროს. საგამონაკლისო შემთხვევაში, შვებულების ერთჯერადი (დაუშვებელია ზედიზედ 2 წლის განმავლობაში) გადატანა დასაშვებია, ამასთან, ორივე მხარის თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ დასაქმებულმა დამსაქმებელს მოსთხოვა ფასიანი შვებულებით სარგებლობა და დამსაქმებელმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის გამოც, მოსარჩელეს ეთქვა უარი შვებულების თანხის ანაზღაურებაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად, დამსაქმებელმა დასაქმებულის გათავისუფლების მიზეზად მიუთითა ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, რასაც ადასტურებდა კონტრაჰენტებთან (შპს „ო.ნ–ი“ და შ.ძ–ი) ხელშეკრულებების შეწყვეტით, თუმცა, აღნიშნულ გარემოებებზე დამსაქმებელს არ მიუთითებია გათავისუფლების ბრძანების დასაბუთებაში. შესაბამისად, გათავისუფლების კანონიერებაზე მსჯელობისას აღნიშნული არ უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული. ამასთან, მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მოპასუხეს და შპს „ო.ნ–ს“ შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და არც განიხილებოდა ასეთი საკითხი. რაც შეეხება მოპასუხე კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. დამსაქმებელმა დასაქმებულის გათავისუფლებიდან მეორე დღესვე გააფორმა ფინანსური მომსახურების ხელშეკრულება შპს „მართვის ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან“. შესაბამისად, მოპასუხე კომპანიაში ჩატარებული რეორგანიზაცია ატარებდა ფორმალურ ხასიათს.
12. კასატორის პრეტენზიებს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას). მითითებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების კვლევისას გასათვალისწინებელია საკასაციო პალატის განმარტება, რომ „ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა“ (იხ. სუსგ №ას-1361-2022 29 მაისი, 2023 წელი). თავის მხრივ, „სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა“ განეკუთვნება ფაქტის საკითხს, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს შრომით დავებში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). დამსაქმებელმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაადასტუროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ორგანიზაციული ცვლილებების გამო დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობა, იმისათვის, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირება და დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ იქცეს დამსაქმებლის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.
13. ამასთან, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმებით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ.სუსგ №ას-419-2022, 27 მაისი, 2022).
14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელმა დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, კერძოდ, სარწმუნოდ დაადასტურა, რომ მის კომპანიაში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებები გამომდინარეობდა კომპანიის ფინანსური საჭიროებიდან.
15. ამ განჩინების პ. 2.4-2.7-ით დადგენილია, რომ ფინანსური დირექტორის საშტატო ერთეული გაუქმდა იმ საფუძვლით რომ საწარმოს ფინანსური მაჩვენებელი არასახარბიელო იყო და მოითხოვდა ხარჯების შემცირებას. რეორგანიზაციამდე კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობდა 10 თანამშრომელი, მათ შორის, ფინანსური დირექტორი (მოსარჩელე). რეორგანიზაციის შემდეგ კი, კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში დარჩა 8 საშტატო ერთეული. კომპანიის ფინანსური დირექტორის მოვალეობები დაეკისრა ამავე კომპანიის დირექტორს. ამასთან, წარმოების დირექტორისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის შრომითი ვალდებულებები გადანაწილდა სხვა საშტატო ერთეულებზე, კერძოდ, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ფუნქციები დაეკისრა იურისტს, ხოლო წარმოების დირექტორის ფუნქციები - ხარისხის მართვის მენეჯერს. რეორგანიზაციის შედეგად მოპასუხე კომპანიაში ახალი საშტატო ერთეული არ შექმნილა (შდრ:.სუსგ №ას-280-2020 5 მარტი, 2021 წელი)
16. კასატორის მოსაზრებით, დამსაქმებელს მოსარჩელისათვის გათავისუფლების ნაცვლად უნდა სხვა სამუშაო ადგილი, მაგ., ფინანსური კონტროლიორის თანამდებობა უნდა შეეთავაზებინა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის იდენტური შტატი რეორგანიზაციის შემდგომ კომპანიაში არ შექმნილა. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე ფინანსური კონტროლიორის თანამდებობას იკავებდა დაწინაურებამდე, კერძოდ, 2015 წლის 1 ივლისიდან სანამ მოსარჩელე გადაყვანილი იქნებოდა ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.
17. გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, დასაქმებულმა უნდა დაადასტუროს ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დასაქმების პერიოდში შვებულების უფლების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა, თუმცა, ვერ ისარგებლა დამსაქმებლის ბრალეული ქმედებით, რაც წინამდებარე საქმის მასალებით არ დასტურდება (სუსგ №ას-180-2023 18 მაისი, 2023, პ.115).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ძ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ.ძ–იას (პ/ნ N........) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 24 მაისს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი