Facebook Twitter

საქმე №ას-1093-2022 27 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ო“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

II კასატორი - შპს „გ–ო“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად ცნობა, პირგასამტეხლოს დარიცხვისგან გათავისუფლება, საგარანტიო თანხის მიღების უკანონოდ ცნობა (სარჩელით); პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებას, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება. 17.11.2021წ. გადაწყვეტილებით, შპს ,,გ–ოს" სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,გ–ოს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 400.9 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს მიერ დავის ფარგლებში გაკეთებული სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან და ეწინააღმდეგება როგორც მოქმედ კანონმდებლობას, ისე დამკვიდრებულ პრაქტიკას.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, ვინაიდან არასწორად შეამცირა დარიცხული პირგასამტეხლო. კერძოდ, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მის მიერ წარმოდგენილი დარიცხული პირგასამტეხლო და არ უნდა შეემცირებინა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

6.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გ–ოს“ შორის 2019 წლის 24 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N723 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტი იყო დაბა აბასთუმანში, ........ მიმდებარედ განთავსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რომელიც განსაზღვრული იყო მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, რაც ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

7.2. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 2'672'778.97 ლარს, მათ შორის: 1) 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - 267'277 ლარი; 2) 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - 2'405'501.97 ლარი. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მისი გაფორმებისთანავე და ძალაში იყო 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვან შესრულებამდე.

7.3. ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 330 კალენდარული დღით.

7.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N723 ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების გარანტია, კერძოდ: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინა სს „თ.ბ–ის“ მიერ გაცემული, ხელშეკრულების უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია N6972453-10662363 გაცემული 2019 წლის 24 სექტემბერს თანხით - 133'640 ლარი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტის ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. 2020 წლის 10 აპრილის საბანკო გარანტის ცვლილების თანახმად, გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 21 მაისის ჩათვლით.

7.5. ხელშეკრულების 9.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა, ყოველ ჯერზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;

7.6. ხელშეკრულების 9.4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ჩამოერთმეოდა ხელშეკრულების შესრულების გარანტია სრულად.

7.7. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გ–ოს“ შორის 2019 წლის 24 სექტემბერს გაფორმებულ N723-ე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2020 წლის 18 მარტის N2 შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ხელშეკრულების ობიექტი გახდა - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ....) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რომელიც განსაზღვრული იყო მიმწოდებლის მიერ წარდგენილი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 672 778.97 ლარით, მათ შორის: 1) 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენდა 2 138.223 ლარს; 2) 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - 534 555.97 ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მისი გაფორმებისთანავე და ძალაში იყო 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვან შესრულებამდე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

7.8. ხელშეკრულების მე-10 მუხლით განისაზღვრა მისი შეწყვეტის წინაპირობები. კერძოდ, 10.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ამავე ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას, ვალდებული იყო, შეეტყობინებინა მეორე მხარისათვის მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი. ხელშეკრულების 10.5. პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება ჰქონდა მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში; ბ) სამშენებლო გრაფიკის ორჯერ ზედიზედ დარღვევის შემთხვევაში; გ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.

7.9. 2020 წლის 2 ივნისის N73 წერილით შპს „გ–ოს“ დირექტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორს აცნობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 24 სექტემბერს, სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ შეთანხმება მოხდა 2020 წლის 18 მარტს, ხოლო 21 მარტს ქვეყანაში კოვიდ 19-ის გავრცელების გამო, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. სამუშაოები შეჩერდა და მისი განახლება მოხდა 2020 წლის 19 მაისს. ხელშეკრულების გაფორმებიდან გავიდა რვა თვე; ქვეყანაში კოვიდ 19-ის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა, პირდაპირი გავლენა იქონია სამშენებლო მასალების ფასებზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სამშენებლო სამუშაოების სრულფასოვან და შეუფერხებელ წარმოებას. კერძოდ, გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა. მოხდა სამშენებლო მასალებისა და გაუთვალისწინებელი სამუშაოებში გათვალისწინებული ხარჯების ზრდა 20%-დან 35%-მდე, ასევე, ეროვნული ვალუტის ინფლაციის გამო, გაიზარდა შრომის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „გ–ოს“ დირექტორმა მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 განკარგულებისა და სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2020 წლის 1-ლი აპრილის N11 ბრძანებიდან გამომდინარე, სატენდერო ღირებულების ფასის გაზრდა 10%-ით. ამასთან, მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდებოდა აღნიშნული განკარგულების „ა“, „ბ“, პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაზრდა, ამავე განკარგულების „ბ“ პუნქტის შესაბამისად, კომპანია წარადგენდა ყველა საჭირო დოკუმენტაციასა და განკარგულებაში მითითებულ კომპეტენტური ორგანოების დასკვნას.

7.10. შპს „გ–ოს“ დირექტორის 2020 წლის 9 სექტემბრის წერილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორს ეცნობა, რომ (წერილი N109) ქვეყანაში კოვიდ 19-ის შედეგად განვითარებული მოვლენებმა პირდაპირი გავლენა იქონია სამშენებლო მასალების ფასებზე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა სამშენებლო სამუშაოების სრულფასოვან და შეუფერხებლად წარმოებას. მოხდა სამშენებლო მასალებისა და გაუთვალისწინებელ სამუშაოებში გათვალისწინებული ხარჯების ზრდა 20%-დან - 35%-მდე, ასევე ეროვნული ვალუტის ინფლაციის გამო, გაიზარდა შრომის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კომპანიამ კვლავ ითხოვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 განკარგულებისა და სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2020 წლის პირველი აპრილის N11 ბრძანებიდან გამომდინარე, სატენდერო ღირებულების ფასის 10%-ით გაზრდა.

7.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 4 ნოემბრის NMIA920 02601508 მიმართვით შპს „გ–ოს“ დირექტორს მის მიერ წარდგენილ 2020 წლის 2 ივნისისა და 9 სექტემბრის წერილების პასუხად ეცნობა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2'672'778.97 ლარით, წარდგენილ კორესპონდენციაში დასახელებული სამართლებრივი საფუძვლები, საამისოდ აუცილებელ ფაქტობრივ მდგომარეობასთან კავშირში, ითვალისწინებდა არა სატენდერო, არამედ სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდის შესაძლებლობას. შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია, ცხადია, მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა სატენდერო ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით. რაც შეეხებოდა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-მდე ოდენობით გაზრდის საკითხს, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისთვის აუცილებელი იყო შემსყიდველ ორგანიზაციაში წარედგინათ მის მიერ განსახილველ წერილში დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები. მათ შორის, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნა, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისას სამუშაოების შესრულების მიზნით გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე მიმწოდებლის ხარჯის გაზრდა, კონკრეტული პერიოდისთვის. შესაბამისი სხვაობის თანხის მითითებით, აღნიშნული დასკვნის მომზადების პრინციპები განისაზღვრებოდა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველი ორგანიზაცია, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის პირობებში მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა ხელშეკრულების ღირებულების 10%-მდე ოდენობით გაზრდასთან დაკავშირებით, მხოლოდ მიმწოდებლის ზეპირსიტყვიერი განმარტების საფუძველზე.

7.12. შპს „გ–ოს“ 2020 წლის 10 დეკემბრის N131 წერილით შპს „გ–ოს“ დირექტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორს აცნობა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ მოხდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ მდგომარეობასთან და მათთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა, კომპანია მუშაობდა ზარალზე, მაგრამ არ აჩერებდა სამშენებლო სამუშაოებს, რის გამოც მათი ინტერესები ყოველდღიურად ირღვეოდა და განიცდიდა ზარალს, აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გ–ო“ უარს ამბობდა ხელშეკრულებაზე და ითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტას. ასევე, 2020 წლის 4 დეკემბრიდან, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები სრულად იყო შეჩერებული.

7.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 12 აპრილის NMIA 121 00901878 მიმართვით შპს „გ–ოს“ დირექტორს მის მიერ წარდგენილ წერილის პასუხად, ეცნობა, რომ როგორც უკვე შპს „გ–ოსთვის“ ცნობილი იყო, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-მდე ოდენობით გაზრდის საკითხზე მსჯელობისთვის აუცილებელი იყო შემსყიდველ ორგანიზაციაში წარედგინათ დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის, „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნა, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისას სამუშაოების შესრულების მიზნით გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე მიმწოდებლის ხარჯის გაზრდა, კონკრეტული პერიოდისთვის. შესაბამისი სხვაობის თანხის მითითებით, აღნიშნული დასკვნის მომზადების პრინციპები განისაზღვრებოდა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად. ასევე, შპს „გ–ოს“ ეცნობა, რომ ხელშეკრულების მე-16 მუხლის შესაბამისად, არაუგვიანეს 2021 წლის 19 აპრილისა, შსს ეკონომიკურ დეპარტამენტში წარედგინათ მათი პოზიცია, კერძოდ: გამოთქვამდნენ თუ არა მზაობას, შეესრულებინათ ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულება და გაეგრძელებინათ დაბა აბასთუმანში, ...... მიმდებარედ განთავსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ-.......) შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო შენობის სამშენებლო სამუშაოები, კანონმდებლობისა და ხელშეკრულების მოქმედი რედაქციით დადგენილი პირობების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაუგვიანეს 2021 წლის 19 აპრილისა, მათი მხრიდან განმეორებითი უარის დაფიქსირების ან აღნიშნული კორესპონდენციის უპასუხოდ დატოვების პირობებში, შემსყიდველი ორგანიზაცია მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, იტოვებდა უფლებას ცალმხრივად შეეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული N723 ხელშეკრულება და მიმწოდებლისთვის დაეკისრებინა შესაბამისი საჯარიმო სანქციები.

7.14. 2021 წლის 23 აპრილის N46 წერილით, შპს „გ–ოს“ დირექტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორს აცნობა, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულება 2020 წლის 10 დეკემბრიდან უკვე შეწყვეტილი იყო შემსრულებლის მიერ, თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანია გამოხატავდა მზაობას სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენაზე, იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იქნებოდა 2019 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.

7.15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 23 აპრილის NMIA 221 01024449 მიმართვით შპს „გ–ოს“ დირექტორს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,გ–ო“-ს შორის 2019 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული N723 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, ეკისრებოდათ ჯარიმის გახადა ხელშეკრულების ღირებულების 2'672'778.97 ლარის 0.15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენდა 4009.17 ლარს. ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N723 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, 2021 წლის 23 აპრილიდან წყვეტდა ხელშეკრულებას და ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სს „თ.ბ–ისგან“ ითხოვდა 2019 წლის 24 სექტემბერს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას N6972453-10662363, რომლის ოდენობაც შეადგენდა 133'640 ლარი სრულად.

7.16. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 28 ივნისის N2043 განკარგულებით, შპს „გ–ო“ 2021 წლის 29 ივნისს დარეგისტრირდა შავ სიაში და შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://procurement.gov.ge/BlackList/ (424065914.) Aspx. 28. შპს „გ–ომ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, 1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარება, 2) შპს „გ–ოს“ გათავისუფლება, პირგასამტეხლოს გადახდისაგან და 3) შემსყიდველის მიერ სს „თ.ბ–ისაგან“ საბანკო გარანტიის სახით 133 640 ლარის მიღების უკანონოდ აღიარება;

7.17. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „გ–ოს“ მიმართ და შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის მე-4.1 მუხლი]. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. ამრიგად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები) ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ხელშეკრულებიდან გასვლა (უარი ხელშეკრულებაზე) მონაწილეთა შორის ახალი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ (ორმხრივი რესტიტუცია) ანუ მხარეები ახდენენ ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას (შდრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 230-231, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის სამოქალაქო საქმე Nას-1376-2020 განჩინება).

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარეგნულად ხელშეკრულებიდან გასვლა (უარი ხელშეკრულებაზე) და ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა) ერთმანეთს ძალიან ემსგავსება ანუ ამ დროს ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულება, თუმცა მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებაც. მართალია, ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა), მიუხედავად მისი საფუძვლისა, იწვევს სახელშეკრულებო უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტას, მაგრამ სამომავლოდ და არ იწვევს მხარეების მიერ უკვე მიღებულის უკან დაბრუნებას, ე.ი. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობების დროს ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა) ასრულებს ხელშეკრულებიდან გასვლის ფუნქციას, თუკი მოვალე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაგრამ ეს იწვევს არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრებას. პრაქტიკაში გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული ხელშეკრულებიდან გასვლის, ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის და ხელშეკრულების შეწყვეტის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. ყოველი კონკრეტული შემთხვევის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს რასთან გვაქვს საქმე: ხელშეკრულების მოშლასთან (შეწყვეტასთან) თუ ხელშეკრულებიდან გასვლასთან (უარი ხელშეკრულებაზე) (შდრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 233-234).

11. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, შპს „გ–ოს“ 2020 წლის 19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს N715944 წერილით ეცნობა, რომ მას შეეძლო დაეწყო სამშენებლო სამუშაოები. შპს „გ–ოს“ დირექტორმა ამავე სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორს აცნობა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან გავიდა რვა თვე, ქვეყანაში კოვიდ 19-ის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა პირდაპირი გავლენა იქონია სამშენებლო მასალების ფასებზე. კერძოდ, სამშენებლო მასალების ფასი და გაუთვალისწინებელ სამუშაოებში გათვალისწინებული ხარჯები 20%-დან-35%-მდე გაიზარდა; ასევე, ეროვნული ვალუტის ინფლაციის გამო, გაიზარდა შრომის ანაზღაურება, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა სამშენებლო სამუშაოების სრულფასოვან და შეუფერხებელ წარმოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 განკარგულებისა და სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის 2020 წლის 1 აპრილის N11 ბრძანებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ფასის გაზრდა 10%-ით, ამასთან მიუთითა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამავე განკარგულების „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარადგენდნენ ყველა საჭირო დოკუმენტაციასა და განკარგულებაში მითითებულ კომპეტენტური ორგანოების დასკვნას.

12. აღნიშნულის საპასუხოდ მიმწოდებელ კომპანიას განემარტა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-მდე ოდენობით გაზრდის საკითხზე მსჯელობისათვის, აუცილებელი იყო შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარედგინა დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნა, რომლითაც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისას სამუშაოების შესრულების მიზნით გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე მიმწოდებლის ხარჯის გაზრდა, კონკრეტული პერიოდისთვის. შესაბამისი სხვაობის თანხის მითითებით, აღნიშნული დასკვნის მომზადების პრინციპები განისაზღვრებოდა ამ განკარგულების დანართის შესაბამისად.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2020 წლის 4 დეკემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტა სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ შპს „გ–ოს“ გაეგზავნა 2021 წლის 14 აპრილის წერილი, რომლითაც მიმწოდებელს განემარტა, რომ არაუგვიანეს 2021 წლის 19 აპრილისა, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა პოზიცია, გამოთქვამდა თუ არა მზაობას შეესრულებინა ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულება და გაეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები, კანონმდებლობისა და ხელშეკრულების მოქმედი რედაქციით დადგენილი პირობების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ ვადაში შპს „გ–ოს“ მხრიდან განმეორებით უარის დაფიქსირების ან აღნიშნული კორესპონდენციის უპასუხოდ დატოვების პირობებში, შემსყიდველი ორგანიზაცია მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-5 მუხლის საფუძველზე, იტოვებდა უფლებას, ცალმხრივად შეეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მიმწოდებელს დაჰკისრებოდა შესაბამისი სანქციები.

14. შპს „გ–ოს“ დირექტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის დირექტორს აცნობა, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულება 2020 წლის 10 დეკემბრიდან უკვე შეწყვეტილი იყო შპს „გ–ოს“ მიერ, თუმცა მიუხედავად ამისა, კომპანია გამოხატავდა მზაობას სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენაზე, იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იქნებოდა 2019 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულების პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. 2021 წლის 23 აპრილს შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე და N102449 წერილით შეწყვიტა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისრა სანქციები.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად ცნობის თაობაზე საფუძველს მოკლებული იყო, რაც ამავე ხელშეკრულების 9.2 (ხელშეკრულებით ნაკისრის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა, ყოველ ჯერზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით) და 9.4 (ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ჩამოერთმევა ხელშეკრულების შესრულების გარანტია სრულად) მუხლების საფუძველზე, უპერსპექტივოდ აქცევს, ასევე, სარჩელის მოთხოვნებს პირგასამტეხლოს დარიცხვისა და საგარანტიო თანხის მიღების უკანონოდ ცნობის თაობაზე.

16. პირველი კასატორი არ ეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას და მიიჩნევს, რომ შემსყიდველს გააჩნია დარიცხული პირგასამტეხლოს სრულად გადახდის ვალდებულება. საკასაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის ზემოხსენებულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის მიმართ აპელანტს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. კერძოდ, აპელანტის მოსაზრებით, რაკი დადგენილია შემსყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, სასამართლოს შემსყიდველისათვის სრულად უნდა დაეკისრებინა პირგასამტეხლო, რადგან ეს გამომდინარეობს ხელშეკრულების პირობებიდან.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი). სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. იხ. ირ.რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.). კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ, #ას-1485-2020, 04.03.2021).

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე შეამცირეს. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრულია, შესაბამისად, მისი ზემოხსენებული პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. პირველი კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად. რაც შეეხება მეორე კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,გ–ოს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. შპს ,,გ–ოს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 21.07.2022 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 6703.00 ლარის 70% – 4692.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი