კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1024-977(კ-06) 28 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 13 თებერვალს შპს “თ-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური შემოწმების აქტისა და ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 ნოემბრის ¹89 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 13 დეკემბრის ¹131 შეტყობინების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 24 იანვარს ფოთის საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო აღნიშნული ინსპექციის ¹89 საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 13 დეკემბრის ¹131 შეტყობინება, რომლის საფუძველზეც მას დარიცხული ჰქონდა 12000 ლარის გადასახადი. მოსარჩელემ განმარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტების ნაწილი შედგენილი იყო შპს “თ-ს” სახელზე, ხოლო ნაწილი _ შპს “ა-ის” სახელზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა შპს “თ-თან”.
მოსარჩელემ ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ იგი ეფუძნებოდა 2003 წლის 10 იანვრის კამერალური შემოწმების აქტს, რომელიც მოიცავდა 2002 წლის 1 აგვისტოდან 2003 წლის 1 იანვრამდე პერიოდს და კანონის უხეში დარღვევით იყო შედგენილი, კერძოდ, არ არსებობდა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შპს “თ-ზე” თანხის დარიცხვა განხორციელდა, ხსენებულ აქტში არ იყო მითითებული მეწარმის საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაცია და სხვა მონაცემები. არ არსებობდა დოკუმენტი, რომ კამერალური შემოწმების აქტის შედგენის დროს განხორციელდა პურის საცხობის ოფიციალური აზომვები.
მოსარჩელის განმარტებით, მასზე თანხის დარიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997წ.) 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის დარღვევით მოხდა, ვინაიდან პურის საცხობი არ აღემატებოდა 3 კვ. მეტრს. ამასთან, 2003 წლის 10 იანვრის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი მოსარჩელემ 2006 წლის 24 იანვარს მიიღო, რის გამოც ვერ შეძლო ძირითადი თანხის დროულად გადახდა, რის შედეგადაც, უკანონოდ დაერიცხა საურავი.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური შემოწმების აქტის იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც შპს “თ-ს” 12000 ლარის გადახდა დაეკისრა, ამასთან, ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 ნოემბრის ¹89 საგადასახადო მოთხოვნისა და გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 13 დეკემბრის ¹131 შეტყობინების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით შპს “თ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური შემოწმების აქტი იმ ნაწილში, რომლითაც შპს “თ-ს” 12000 ლარის გადახდა დაეკისრა; ბათილად იქნა ასევე ცნობილი ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 24 ნოემბრის ¹89 საგადასახადო მოთხოვნა და გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშის შესახებ ფოთის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 13 დეკემბრის ¹131 შეტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო 2003 წლის 10 იანვრის კამერალური შემოწმების აქტი, რომელიც 2005 წლის 24 ნოემბრის ¹89 საგადასახადო მოთხოვნის, გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2005 წლის 13 დეკემბრის ¹131 შეტყობინებისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2005 წლის 7 დეკემბრის შეტყობინების გამოცემის საფუძველი გახდა, შედგენილი იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004წ.) 112-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ხსენებულ აქტში არ იყო მითითებული, თუ რის საფუძველზე შედგა იგი, მაშინ, როდესაც აღნიშნული მუხლი დასახელებული აქტის შედგენას უკავშირებს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებს, ფინანსურ ანგარიშებს, ცნობებს, სხვა დოკუმენტებსა და მონაცემებს. სადავო კამერალური შემოწმების აქტში ასევე არ იყო მითითება გამოყენებულ დოკუმენტებზე და საგადასახადო ორგანოში არ ინახებოდა შესაბამისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შედგა აღნიშნული აქტი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2003 წლის 10 იანვრის კამერალური შემოწმების აქტი შედგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 ივნისის ¹546 ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, კამერალური შემოწმების უფლება საგადასახადო ორგანოში არსებულ მონაცემთა დამუშავების განყოფილების თანამშრომლებს ჰქონდათ, ხოლო სადავო აქტი შედგენილი იყო კონტროლის განყოფილების მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო კამერალური შემოწმების აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო შედგენილი, რის გამოც ხსენებული აქტი და მის საფუძველზე გამოცემული სხვა აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია დავის წარმოშობის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997წ.) 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის “ა” ქვეპუნქტის იგნორირებით, ანუ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა აღნიშნული კანონი.
კასატორი აღნიშნავს, რომ ზუგდიდის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003 წლის 10 იანვრის კამერალური შემოწმების აქტში, პირდაპირ არის მითითებული, რომ შპს “თ-ს” პურსაცხობის ღუმლის ფართი 7,5 კვ.მ შეადგენდა, რის საფუძველზეც შპს “თ-ს” კანონის სრული დაცვით დაერიცხა 12000 ლარის დავალიანება და საურავი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 28 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.