Facebook Twitter

საქმე №ას-1193-2022 7 ივნისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „a-o” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ძე, ლ.კ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღრიცხვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „A-O“-ს წარმომადგენელმა (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ქ–ძისა (შემდეგში პირველი მოპასუხე, მყიდველი) და ლ.კ–ის (შემდეგში მეორე მოპასუხე, მყიდველი) მიმართ და მოითხოვა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 24 მაისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისში, ........ (ავტოსადგომი №12, ს/კ ........) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 24 მაისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისში, ........ (ავტოსადგომი №11, ს/კ ........) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 24 მაისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისში, ........ი (ავტოსადგომი №10, ს/კ .........) და ზ/აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 24 მაისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისში, ....... (ავტოსადგომი №9, ს/კ ........) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 2 მარტს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისში, ....... (კომერციული ფართი ს/კ ........) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 27 თებერვალს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისში, ....... (ავტოფარეხი ს/კ .......) და ზ/აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 27 თებერვალს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისში, .......... (კომერციული ფართი ს/კ. ........) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.8. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 23 იანვარს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისში, ........ (საოფისე ფართი ს/კ .......) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.9. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 23 იანვარს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისში, ........., საოფისე ფართი №3 (ს/კ ......) და ზ/აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.10. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისში, ..... (ავტოსადგომი ს/კ .......) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.11. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ....... (ავტოსადგომი ს/კ .......) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.12. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისში, ....... (ავტოსადგომი ს/კ .....) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.13. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ....... (ავტოსადგომი ს/კ .......) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე;

1.14. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ....... (ავტოსადგომი ს/კ .......) და ზემოაღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე.

2. შპს „A-O“ ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლის მოთხოვნები, არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან და მათ ეწინააღმდეგება (ახსნა-განმარტებებს, წერილობით მტკიცებულებებს). არსებითი სახის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად ან არასრულყოფილად დადგენა დავის საგნის მიმართ არასწორი სამართლებრივ შეფასების გარდაუვალი შედეგია, რაც თავის მხრივ, უკანონოდ აქცევს სასამართლოს გადაწყვეტილებას იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელი ხდება. სასამართლომ დავის განხილვისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მე-4 და მე-5 მუხლის მოთხოვნები, რომლითაც განსაზღვრულია შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი.

3.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი. საქმის მასალებით დასტურდება იძულების უამრავი ფაქტი, როგორც ფიზიკური, ასევე – ფსიქოლოგიური და მუქარის შემცველი იძულება 2015 წლიდან იმ პერიოდამდე, სანამ მ.კ–ისა და სხვა ქურდული სამყაროს წევრებს არ დააკავებდნენ. მ.კ–ი არ წარმოადგენდა მოსარჩელის არც დამფუძნებელს და არც პარტნიორს; ის ითხოვდა და სძალავდა თანხებს როგორც ჯ.მ–ას, ასევე – კომპანიას; ფიზიკურად იძალადა ჯ.მ–აზე; ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და ემუქრებოდა, როგორც ჯ.მ–ას, ასევე - მოწმე ნ.ხ–ას. ემუქრებოდა მათ ქონების განადგურებითა და წართმევით, ასევე – სიკვდილითაც და დასჯით; მ.ქ–ძესა და ლ.კ–ზე (რომლებიც არიან მ.კ–ის მეუღლე და დედა) ისე გადაფორმდა სხვადასხვა უძრავი ქონება, რომ მათი ღირებულება არ გადაუხდიათ; ხელშეკრულებებში მითითებული ნასყიდობის ღირებულებები ბევრად ნაკლებია რეალურ საბაზრო ღირებულებებთან შედარებით; მ.კ–ის მიერ ქურდული სამყაროს გავლენიანი წევრების (რომლის წევრიც თვითონაც გახლავთ) მეშვეობით ჯ.მ–აზე ძალადობდა.

3.2. არასწორია ფაქტობრივი გარემოება, რომ ჯ.მ–ა და მ.კ–ი იყვნენ ბიზნესპარტნიორები, აღსანიშნავია, რომ მ.კ–ი არასოდეს ყოფილა ჯ.მ–ას ბიზნესპარტნიორი, მათ არასდროს დაუარსებიათ კომპანია ერთობლივად და არც გაუფორმებიათ ერთობლივი საქმიანობის თაობაზე ხელშეკრულება. დაარსების დღიდან - დღემდე საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელია ჯ.მ–ა.

3.3. არასწორია, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის მოწმის ჩვენებით და ფარული ვიდეოჩანაწერებით, არ დასტურდება სადავო გარიგებების ძალადობით ან მუქარით დადება. სასამართლომ არ დაადგინა, რომ მ.ქ–ძესა და ლ.კ–ს არ გადაუხდიათ ნასყიდობის საფასური.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

6.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები.

7.1. 2016 წლის 24 მაისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისგან 750 ლარად იყიდა უძრავი ქონება, რომლის მისამართია : თბილისი, ......, ს/კ ......., ავტოსადგომი №12, 6.53 კვ.მ;

7.2. 2016 წლის 24 მაისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისგან 750 ლარად იყიდა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: თბილისი, ......., ს/კ ....., ავტოსადგომი №11, 6.53 კვ.მ;

7.3. 2016 წლის 24 მაისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისგან 750 ლარად იყიდა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: თბილისი, ...., ს/კ ......, ავტოსადგომი №10, 6.53 კვ.მ;

7.4. 2016 წლის 24 მაისს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისგან 750 ლარად იყიდა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: : ქ.თბილისი, ......, ს/კ ........., ავტოსადგომი №9, 6.40 კვ.მ;

7.5. 2016 წლის 2 მარტს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისგან 23280 აშშ დოლარად იყიდა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ.თბილისი, ......., ს/კ ........, კომერციული ფართი №1, 91.10 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი;

7.6. 2018 წლის 27 თებერვალს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისგან 2000 ლარად იყიდა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ.თბილისი, ......., ს/კ ........, ავტოსადგომი №7, 40 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი;

7.7. 2018 წლის 27 თებერვალს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისგან 63125 ლარად იყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ........, ს/კ ........, კომერციული ფართი №1, 50.50 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი;

7.8. 2018 წლის 23 იანვრის მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისგან 56 000 ლარად იყიდა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: : თბილისი, ......., ს/კ ........, საოფისე ფართი №4, 75 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი;

7.9. 2018 წლის 23 იანვარს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელისგან 46 200 ლარად იყიდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისში, ...... (ს/კ ........., საოფისე ფართი №3, 61.60 კვ.მ). ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი;

7.10. 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მეორე მოპასუხემ მოსარჩელისგან 750 ლარად იყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ......., ს/კ ......., ავტოსადგომი №8, 18 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი;

7.11. 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მეორე მოპასუხემ მოსარჩელისგან 750 ლარად იყიდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ......., ს/კ ........., ავტოსადგომი №7, 18 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი;

7.12. 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მეორე მოპასუხემ მოსარჩელისგან 750 ლარად იყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ......., ს/კ .........., ავტოსადგომი №6, 18 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი;

7.13. 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მეორე მოპასუხემ მოსარჩელისგან 750 ლარად იყიდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ......., ს/კ ........, ავტოსადგომი №5, 18 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი;

7.14. 2017 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მეორე მოპასუხემ მოსარჩელისგან 750 ლარად იყიდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ......, ს/კ ......, ავტოსადგომი №4, 18 კვ.მ. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საფასური მყიდველმა სრულად გადაიხადა;

7.15. მოსარჩელე იურიდიული პირის 100% წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი ჯ.მ–აა (შემდეგში კომპანიის დირექტორი);

7.16. მ.კ–ი არის პირველი მოპასუხის მეუღლე და მეორე მოპასუხის შვილი;

7.17. შპს „ს.ჯ.კ–ის“ 2019 წლის 29 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნის მიხედვით: ქ.თბილისში, ........ და №229-ში, 1 კვ.მ უძრავი ქონების (მშენებარე) კომერციული, საცხოვრებელი ფართი და ავტოსადგომის ღირებულება 2016, 2017, 2018 წლებში შეადგენდა: 2016 წელს კომერციული ფართის – 3000 ლარს; 2017 წელს –კომერციული ფართის – 3130 ლარს; 2018 წელს კომერციული ფართის – 3710 ლარს; 2016 წელს საცხოვრებელი ფართის - 1764 ლარს; 2017 წელს საცხოვრებელი ფართის – 1757 ლარს; 2018 წელს საცხოვრებელი ფართის – 1990 ლარს; 2016 წელს ავტოსადგომის - 2450 ლარს; 2017 წელს ავტოსადგომის – 2550 ლარს; 2018 წელს ავტოსადგომის – 2650 ლარს;

7.18. კომპანიის დირექტორი და მ.კ–ი, თბილისში, ...... და №229 კორპუსების მშენებლობაში იყვნენ ბიზნესპარტნიორები.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო გარიგების იძულებით დადების ფაქტი. საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, კერძოდ დიდი პალატამ განმარტა, რომ იძულება არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია. სამოქალაქო კოდექსის 85-ე-89-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგების იძულებით დადება სამართლებრივი კატეგორიაა და სასამართლო ნორმით გათვალისწინებული შედეგის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული ფაქტებითა და ამ ფაქტების დადასტურების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას უნდა ქმნიდეს. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის საქმე №ას-664-635-2016 გადაწყვეტილება). ამ კუთხით გასათვალისწინებელია, რომ, მართალია, სასამართლო სამართლებრივ შეფასებაში მხარეთა მითითებებით არ არის შეზღუდული, მაგრამ უშუალოდ ფაქტების მითითება მხარეთა პრეროგატივაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, მხარეებმა უნდა მიუთითონ შესაბამის ფაქტებზე და წარადგინონ სათანადო მტკიცებულებები, რომელთა შესწავლისა და გამოკვლევის შედეგადაც, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად მოხდა პირის იძულება გარიგების დადების მიზნით. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი იძულებად იმ ფაქტს მიიჩნევდა, რომ სადავო გარიგებების დადების მიზნით, მასზე (საწარმოს დირექტორზე) იძალადა მესამე პირმა, რაც ამ უკანასკნელის მუქარით გამოიხატა. მისი განმარტებით, დასტურდება იძულების უამრავი ფაქტი, როგორც ფიზიკური, ისე - ფსიქოლოგიური მუქარის შემცველი იძულება, რაც ხდებოდა 2015 წლიდან მ.კ–ისა და სხვა ქურდული სამყაროს წევრების დაკავებამდე.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მუქარა/ფსიქიკური იძულება სამომავლო საფრთხის შესახებ შეტყობინებაა, რომლის რეალიზებასაც დამმუქრებელი საკუთარ ნება-სურვილზე დამოკიდებულად წარმოაჩენს, რათა, ამგვარად, ზეგავლენა მოახდინოს მუქარის ადრესატის ნების ჩამოყალიბებაზე და დაიყოლიოს შესაბამისი გარიგების დადებაზე. სამომავლო საფრთხე მოიცავს ნებისმიერ უარყოფით შედეგს როგორც მატერიალურს, ისე არამატერიალურს, დამოუკიდებლად მისი სიმძიმისა. მუქარის სიმძიმე მნიშვნელობას იძენს მხოლოდ მიზეზშედეგობრიობის დადგენისას (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი-1, გვ-495). საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე განმარტებულია შემდეგი: იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობით ან მუქარით. ძალადობა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ იძულებას გულისხმობს, ხოლო, მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, გამოავლინოს სხვისი ნების შესატყვისი ნება. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია, გავლენა მოახდინოს პირზე, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიანად, თუკი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც არარსებულია. იძულების შეფასებისას, გასათვალისწინებელია პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებები, ასევე, უნდა შეფასდეს იძულების განმახორციელებელი პირიც, რათა გამოკვლეული იქნეს, თუ რა შესაძლო ფაქტორებმა, რა ინსტრუმენტებმა მოახდინა იძულება კონკრეტულ პირზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის საქმე Nას-192-2022 განჩინება). პირზე იძულების, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგიური იძულების, განხორციელებისას იძულების ფაქტის დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებებით ძალიან რთულია და ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მხარის ობიექტური შესაძლებლობა, სასამართლოს იძულების დასადასტურებლად არაპირდაპირი მტკიცებულებები წარმოუდგინოს. იძულების განმახორციელებელი პირი ყოველთვის მოქმედებს გააზრებულად და ფრთხილად მისთვის საინტერესო მიზნის მიღწევის პროცესში, რის გამოც, ძალიან რთულია საჭირო მტკიცებულებების მოპოვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ისეთ შემთხვევებში, როცა გარიგების დადების წინ განვითარებული მოვლენები აშკარად ქმნის მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ან მუქარის რწმენას, მტკიცებულებები გონივრულობისა და ჯეროვნების პრინციპიდან გამომდინარე შეფასდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის საქმე Nას-945-2022 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის საქმე Nას-679-2021 განჩინება). მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებს სადავო გარიგების იძულებით დადების ფაქტს და, შესაბამისად, არ ქმნის სსკ-ის 85-ე მუხლის შემადგენლობას.

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვერც მოსარჩელე და ვერც მოწმედ დაკითხული პირი ვერ უთითებს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა მესამე პირის მხრიდან მუქარა. მოწმის განმარტებით, თუ სადავო ქონებას მოპასუხეებზე არ გადააფორმებდნენ, ცუდი რაღაც მოხდებოდა. კერძოდ, მოწმემ აჩვენა, რომ მესამე პირი საწარმოს დირექტორს ,,მოკვლით არ დამუქრებია, ეუბნებოდა, რომ ცუდი რაღაც მოხდებოდა“ (იხ.22.09.2020 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, 12:34:19 წუთიდან). მისივე ჩვენებით, ,,ბინები უნდა გადაფორმებულიყო, თორემ გვემუქრებოდნენ, რომ კარგი ამბავი არ მოხდებოდა“ (იხ.22.09.2020 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, 12:48:37 წუთიდან). მოწმის მიერ ნახსენები სიტყვები - „ცუდი რაღაც მოხდებოდა“, ან კიდევ „კარგი ამბავი არ მოხდებოდა“, ძალიან ზოგადია და რეალური მუქარის ფაქტს ვერ ადასტურებს, მით უფრო, რომ ამავე მოწმის ჩვენებით, საწარმოს დირექტორს ,,ასე პირდაპირ არ ემუქრებოდნენ“ და არც „მოკვლით არ დამუქრებიან“. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება მესამე პირის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტს არ ადასტურებს. ასეთი ფაქტი, პალატის მოსაზრებით, არ დასტურდება ასევე 27.01.2019 წლის ფარული ვიდეო ჩანაწერით. ამ ჩანაწერში წარმოდგენილი პირების (მათ შორის, ზემოხსენებული მოწმის, საწარმოს დირექტორისა და მესამე პირის) საუბრებით არ დასტურდება მესამე პირის მხრიდან საწარმოს დირექტორზე მუქარის განხორციელების ფაქტი. პირიქით, როგორც მოწმე, ასევე საწარმოს დირექტორი, მესამე პირის მოსვლამდე, სხვა პირებთან საუბარში სრულიად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და მესამე პირის მხრიდან რაიმე მუქარაზე არ უთითებენ. ამავე ჩანაწერით ირკვევა, რომ საწარმოს დირექტორსა და მესამე პირს შორის გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა საერთო ბიზნესის (მშენებლობის) განხორციელების პროცესში, რაც მესამე პირის მიერ მშენებლობაში ჩადებული თანხისა და მიღებული შემოსავლის ხარჯვას უკავშირდება. ამავე ჩანაწერით ისიც ირკვევა, რომ შეკრებაში მონაწილე პირთა მეშვეობით მოგვარდა უთანხმოება მესამე პირსა და საწარმოს დირექტორს შორის, რაც ამ უკანასკნელის მიერ მესამე პირისათვის შეგინების გამო წარმოიშვა. ძნელი დასაჯერებელია, რომ საწარმოს დირექტორი, რომელიც პირისპირ აგინებს მესამე პირს, ამ პირის მსხვერპლი იყოს, კერძოდ, მისი „ძალაუფლების“ ეშინოდეს და ამ შიშით საწარმოს ქონებას მოპასუხეებზე აფორმებდეს. ჩანაწერით ისიც ირკვევა, რომ სწორედ მესამე პირი შიშობს (ეჭვობს), რომ მშენებლობაში მის მიერ ჩადებულ თანხებს საწარმოს დირექტორი გაუმჭვირვალედ ხარჯავს, რაც მათ შორის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზია. ამდენად, ამ ჩანაწერით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საწარმოს დირექტორზე მესამე პირის მხრიდან იძულების (მუქარის) ფაქტი, მოპასუხეებზე სადავო ქონების გადაფორმების მიზნით, არ დასტურდება. სადავო გარემოება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენითაც არ დასტურდება. ეს განაჩენი კანონიერ ძალაში არაა შესული და, შესაბამისად, მასში მოყვანილ ფაქტებს პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია. ამასთან, კანონიერ ძალაში შესულიც რომ იყოს, ამ განაჩენით დადგენილი ფაქტებით არ დასტურდება მესამე პირის მიერ მოსარჩელის მიმართ მუქარის ფაქტი, კერძოდ, მესამე პირს ბრალი წარდგენილი აქვს ქურდული სამყაროს წევრთა შეკრებაში მონაწილეობის და არა მოსარჩელის მიმართ მუქარის გამო. ამ შეკრებაზე კი, როგორც განაჩენითაა დადგენილი, მოგვარდა საერთო ბიზნესიდან, ასევე – შეგინების გამო წარმოშობილი უთანხმოება მესამე პირსა და საწარმოს დირექტორს შორის.

11. რაც შეეხება შეცილების ვადების დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ მხარემ ვერ დაადასტურა სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას/გაფორმების შემდეგ მის მიმართ იძულების ფაქტის არსებობა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე მუხლების საფუძველზე გარიგების ბათილობა საფუძველს მოკლებულია, პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სკ-ის 89-ე მუხლით გათვალისწინებულია იძულებით დადებული გარიგების შეცილების ერთწლიანი ვადა. იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. გარიგების დადების მომენტი, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს იძულების დამთავრების მომენტს, თუმცა, სამართლის თეორიაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების დადებიდან ერთ წელზე მეტია გასული და შემცილებელი აპელირებს იმ ფაქტზე, რომ იძულება გარიგების დადების შემდეგაც გრძელდებოდა, ოღონდ არა თავდაპირველი, არამედ მოდიფიცირებული ფორმით, მაშინ ამ მოდიფიცირებული მუქარის მტკიცების ტვირთი ისევ შემცილებელზე გადადის (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2017 წელი, გვ. 528). საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების მიხედვით, „კანონით დადგენილ ვადაში შეცილების განუხორციელებლობის შემთხვევაშიც, თუკი იკვეთება პირის ნების თავისუფალ ფორმირებაში აშკარა და უხეში ჩარევა, დაზარალებულს უფლება აქვს ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა დააფუძნოს დელიქტურ ნორმებს“ (2017 წლის 2 მარტის №ას-664-635-2016 გადაწყვეტილება).

12. კასატორი აცხადებს, რომ გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას ეწინააღმდეგება, თუმცა ამგვარი განაცხადი დაუსაბუთებელია, რადგან კასატორი უთითებს კონკრეტულ საქმეებზე, მაგრამ არ ასახელებს კონკრეტულ გარემოებებს, რომლებიც განსახილველ საქმეში მის მიერ მითითებულ მსგავს საქმეებში შეფასებებისაგან განსხვავებულად, შეფასდა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის ზოგადი ხასიათის, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარემ სასამართლოს უნდა დაუდასტუროს ფაქტობრივი გარემოებების მის სასარგებლოდ შეფასების მართლზომიერება, სამართლებრივი შეფასება კი სასამართლოს პრეროგატივაა (jura novit curia - სასამართლომ იცის კანონი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებულია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს შეფასება და დასკვნა, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის თაობაზე, მართებულია, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „a-o”-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „a-o”-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ჯ.მ–ას მიერ 15.10.2022წ. №28839491 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი