Facebook Twitter

საქმე №ას-1215-2022 11 დეკემბერი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ლ–ი"-ს შორის 2020 წლის 1 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N253 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისათვის მიეწოდებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მომსახურეებისათვის პულოვერები. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დანართი N1-ში გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, მათ შორის: პულოვერი (უბნის ინსპექტორი) - ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა, ხოლო პულოვერი (დმი) - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 31 მაისისა.

2. მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ: ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი - 1201 ცალი უბნის ინსპექტორის პულოვერი ნაცვლად 2020 წლის 30 ივნისისა, მიაწოდა 2020 წლის 24 ივლისს - 24 კალენდარული დღის დაგვიანებით; უბნის ინსპექტორის პულოვერი - 915 ცალი, ნაცვლად 2020 წლის 30 ივნისისა, მიაწოდა 2020 წლის 7 აგვისტოს - 38 კალენდარული დღის დაგვიანებით. პულოვერი (დმი) – 265 ცალი, ნაცვლად 2020 წლის 31 მაისისა, - 2020 წლის 13 აგვისტოს - 74 კალენდარული დღის დაგვიანებით.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოპასუხეს შორის 2020 წლის 1 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N253 ხელშეკრულების 9.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კერძოდ, შესყიდვის ობიექტის - 1201 ცალი უბნის ინსპექტორის პულოვერის - 24 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით მიწოდებისთვის (ნაცვლად 2020 წლის 30 ივნისისა, საქონლის მიწოდება განხორციელდა 2020 წლის 24 ივლისს), ხელშეკრულების ღირებულების 133'240 ლარის 0,15%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 4796.64 ლარს. შესყიდვის ობიექტის - უბნის ინსპექტორის პულოვერი - 915 ცალი, ნაცვლად 2020 წლის 30 ივნისისა, მიწოდებულ იქნა 2020 წლის 7 აგვისტოს - 38 კალენდარული დღის დაგვიანებით. ხოლო, პულოვერი (დმი) - 265 ცალი, ნაცვლად 2020 წლის 31 მაისისა, მიწოდებულ იქნა, 2020 წლის 13 აგვისტოს - 74 კალენდარული დღის დაგვიანებით. შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგენს - ხელშეკრულების ღირებულების 133'240 ლარის 0,15%-ს, რაც თანხობრივად შეადგენს 17'587.68 ლარს.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ მიმწოდებელს გაეგზავნა 2020 წლის 4 აგვისტოს N1798734 და ამავე წლის 31 დეკემბრის N3051435 წერილები, რომლითაც ეცნობა საჯარიმო სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით და განესაზღვრა 30 დღიანი ვადა ჯარიმის გადასახდელად, თუმცა მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ მომხდარა.

5. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე შპს ''ლ–ის'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 4476.86 ლარის გადახდა.

8. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

10. განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1. კასატორის მტკიცებით, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ.

10.2. კასატორი მიუთითებს, რომ მიმწოდებლის მიერ უხეშად დაირღვა პროდუქციის მიწოდების ვადები. ვადაგადაცილებას ადგილი რიგ შემთხვევაში ჰქონდა ერთ თვემდე ვადითაც. ეს იმ დროს, როდესაც არსებითად დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ინსპექტორების დროულად ფორმის ტანსაცმლით აღჭურვა. ამასთან, ის რომ შემსყიდველი უწყება მაღალი ინტერესით ადევნებდა თვალს ფორმის ტანსაცმლის დროულად მოწოდებას, ცნობილი იყო კომპანიისთვისაც. მიუხედავად აღნიშნულისა მათ დააგვიანეს მოწოდება. აგრეთვე, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით და ამდენად, აღნიშნულით უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას. კასატორი მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე (Nას-174-2020, 17.06.2020) უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ "პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია." სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას და სწორედ დადებული ხელშეკრულებები იძლევა იმის გარანტიას, რომ პირნათლად შესრულდეს მისი ძირითადი ფუნქცია.

10.3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტრო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ამგვარად შემცირება არაპროპორციულია და სცდება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგი ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებებს და, განსახილველ შემთხვევაში, მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

13. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).

14. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).

15. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 420-ე მუხლთან დაკავშირებით განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება სასამართლოს კომპეტენციაა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებისა - 133’240 ლარი და მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს (ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%) გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 22’384.32 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა, აქვე აღნიშნავს, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო არ არის, ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულებისა და ვადაგადაცილების დღეების მიხედვით, დაწესებული ადეკვატური ჯარიმა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქონლის მთლიანი ღირებულების 134’240 ლარის, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება მიმწოდებლისათვის არაგონივრული იქნება. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კასატორის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისროს 2020 წლის 1 აპრილის N253 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 74 დღის ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების - 95’240 ლარის და მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს - 0.15% გათვალისწინებით - 10’571.64 (0.15%=142.86X74) ლარის გადახდა. რაც შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის ის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოა, რომელიც გამომდინარეობს მხარეთა შეთანხმებიდან და შეესაბამება დაგვიანებით შესრულებული ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დადგენილ საზღაურს.

16. "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "უ" ქვეპუნქტის თანახმად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, შპს "ლ–ი"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს ,,ლ–ი"-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით, 10 571.64 ლარის გადახდა.

5. შპს „ლ–ი"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1268,58 (317,14+422,86+528,58) ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი