საქმე №ას-260-2023 17 სექტემბერი2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.ი.ფ“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – ი.გ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ო.ი.ფ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.დ–ისა და ი.გ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 აშშ დოლარის, ხოლო პირველ მოპასუხეს 4 800 აშშ დოლარისა და 37 375 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი პირველი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 965 ლარი. 4 800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით კასატორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის 240 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და 1 548,25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2023 წლის 21 მარტს.
2023 წლის 27 მარტს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი) კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც დაზუსტებულია მოთხოვნა, კერძოდ, მითითებულია, რომ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.3. პუნქტი, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 965 ლარის გადახდა და მე-5 პუნქტი საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საკასაციო საჩივარზე გადახდილია დაზუსტებული მოთხოვნის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მ.დ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, კერძოდ 2024 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელის შპს „ო.ი.ფ–ის“ წარმომადგენელმა ი.კ–ძემ სასამართლოს მომართა განცხადებით და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო. განცხადებაში მითითებულია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა, რის გამოც უარს ამბობს წარდგენილ სარჩელზე. აღნიშნული განცხადება წარმოდგენილი იყო ასლის სახით.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 16.09.2024 წელს სასამართლოში დედნის სახით წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო (იხ.: განცხადება, ტ.2, ს.ფ. 55)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85).
სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).
სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
წარმოდგენილი განცხადება ხელმოწერილია მოსარჩელის წარმომადგენლის ი.კ–ძის მიერ (იხ. მინდობილობა სასარჩელო მოთხოვნები ცნოს ან უარყოს მთლიანად ან ნაწილობრივ, სარჩელზე უარის თქმის უფლებით, ტ.2, ს.ფ. 53-54; 59; ამონაწერეი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ტ.2 ს.ფ 50-52, 56-57). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია მხარის სახელით მომართოს სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობით.
სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამასთან, წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას, მოსარჩელის დისპოზიციური ნების შესაბამისად ჩამოყალიბებულ სასარჩელო მოთხოვნებზე წარმოების შეწყვეტის გარდა, საკასაციო პალატას არა აქვს სხვა საკითხებზე მსჯელობის უფლებამოსილება.
სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1550 ლარის ოდენობით. ვინაიდან საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარემ - მოსარჩელემ სარჩელზე თქვა უარი (სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი), კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს „ო.ი.ფის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ.დ–ს (პ/ნ ....) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, ......., ს.კ. .......... გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების/განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 1991-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ო.ი.ფ–ის“ წარმომადგენლის ი.კ–ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-260-2023 (მოსარჩელე - შპს „ო.ი.ფ“, მოპასუხეები - ი.გ–ი, მ.დ–ი, დავის საგანი – თანხის დაკისრება).
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც მოპასუხე მ.დ–ის (პ/ნ ......) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, ........., ს.კ. ........ გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
5. მ.დ–ს (პირადი ნომერი: .......) უკან დაუბრუნდეს დ.ა–ძის (პირადი ნომერი: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1550 ლარი (საგადახდო დავალება N16530242019, გადახდის თარიღი 27.03.2023 წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი