Facebook Twitter

საქმე №ას-497-2024 30 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ.რ–კო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.პ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს.პ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.რ–კოს (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 14 273 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის მითითებით, 2021 წლის 16 ივნისს სს მისო „ქ.კ–ს“ (შემგომ - მისო) მოპასუხის სესხის ანგარიშსწორების ანგარიშზე გადაურიცხა 14 273 ლარი სესხის დასაფარად, რომელიც შემდგომში მოპასუხეს უნდა დაებრუნება მოსარჩელისათვის. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხემ თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს მხარეებმა ერთობლივად აიღეს სესხი მისოში 10800 ლარის ოდენობით. მოსარჩელე წარმოადგენდა თანამსესხებელს- ანუ თავდებს. მოპასუხის განმარტებით, თავდების მიერ თანხის გადახდა არ წარმოადგენს მისი უფლებების შელახვას, ამასთან, მოსარჩელემ თანხა გადაიხადა მოპასუხესთან შეუთანხმებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 273 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 11 ოქტომბრის თავდებობის №21.24829912.001/02 ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხესა და მისო შორის დადებული №21.24829912.001 საკრედიტო ხელშეკრულების პირობები. მან გამსესხებლის წინაშე, ასევე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება მიენიჭა, თავდებისთვის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე წაეყენებინა.

7. 2019 წლის 11 ოქტომბრის თავდებობის №21.24829912.001/02 ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, თავდებობა უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ №21.248829912.001 საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი შემდეგი ვალდებულებების შესრულებას: 10 800 ლარის ოდენობის კრედიტის დაბრუნებას №21.248829912.001 საკრედიტო ხელშეკრულებით მითითებული ვადებითა და წესით; კრედიტის თანხაზე დარიცხული წლიური 29.00%-ის გადახდას კრედიტის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრება კრედიტის დაფარვის გრაფიკით; პირგასამტეხლოს გადახდას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგაცილებული ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით, არაუმეტეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 625-ე მუხლით დადგენილი ოდენობისა.

8. იმავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უგზავნის თავდებს წერილობით მოთხოვნას დავალიანების დაფარვის ან მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ვადამდე შესრულების შესახებ, რომელშიც მოცემული იქნება მოთხოვნის დღისათვის თავდების მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. ხოლო, იმავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 10800 ლარი განისაზღვრა.

9. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელემ 2021 წლის 16 ივნისს მისო კუთვნილ, მოპასუხის სესხის ანგარიშსწორების ანგარიშზე სესხის დასაფარად ჩარიცხა 14273 ლარი.

10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შეფასების საგანია, თავდების უკუმოთხოვნის ფარგლებში რამდენად არსებობს მოპასუხისათვის სადავო თანხის დაკისრების საფუძველი.

11. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს მისოსა და მოსარჩელეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ გამსესხებლის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა. დადგენილია, რომ კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულება თავდებმა შეასრულა, შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ თავდებზე გადავიდა.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ გახადა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. აპელანტის განმარტებით, თავდებმა თანხა, მასთან შეთანხმების გარეშე, გადაუხადა კრედიტორს, იმ პირობებში, როდესაც მოვალეს არ დაურღვევია სესხის თანხის გადახდის გრაფიკი და გადახდის თაობაზე კრედიტორისაგან შეტყობინება არ მიუღია, არც აღსრულება ყოფილა დაწყებული. აპელანტი თვლის, რომ კრედიტორის წინაშე სადავო თანხის გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა, ვინაიდან მის მიერ გადახდილი იყო ძირითადი თანხის გარკვეული ნაწილი. მისი მითითებით, მოსარჩელემ ისე გადაიხადა თანხა, რომ არ შეუმოწმებია პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა მათ მიერ გადასახდელ თანხას შეესაბამებოდა თუ არა.

13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება თავდების რეგრესული მოთხოვნის უფლებას მოვალის მიმართ.

14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 11 ოქტომბრის მოსარჩელემ თავდებობის №21.24829912.001/02 ხელშეკრულების შესაბამისად, იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხესა და მისოს შორის დადებული №21.24829912.001 საკრედიტო ხელშეკრულების პირობები. მან გამსესხებლის წინაშე ასევე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება მიენიჭა, თავდებს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე წაუყენოს. იმავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 10 800 ლარი განისაზღვრა.

15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 464-ე მუხლით, 891-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ 895-ე მუხლის მიზნებისათვის თავდებობის ხელშეკრულებიდან ცალსახად უნდა ირკვეოდეს, რომ თავდები, მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თანახმაა, შეასრულოს ვალდებულება სოლიდარულად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის №ას-1012-2018 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი ნება თავდებმა გამოავლინა, ვინაიდან მოსარჩელესა და სს „ს.ბ–ს“ შორის 2019 წლის 11 ოქტომბრის თავდებობის №21.24829912.001/02 ხელშეკრულების შესაბამისად, თავდებმა გამსესხებლის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება მიენიჭა, თავდებს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე წაუყენოს.

16. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის, 905-ე მუხლის თანხმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თავდებს, რომელიც ასრულებს ვალდებულებას კრედიტორის წინაშე, კანონისმიერი ცესიის გზით ენიჭება მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ. მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ იმ მოცულობით გადადის მასზე, რა ფარგლებშიც თავდები კრედიტორს აკმაყოფილებს.

17. იმავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამდენად, ძირითადი მოთხოვნა თავდებზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო კრედიტორის ხელში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის №ას-584-584-2018 განჩინება).

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 16 ივნისს თავდებმა - მოსარჩელემ მისოს ანგარიშზე, კერძოდ, მოპასუხის სესხის ანგარიშსწორების ანგარიშზე, სესხის დასაფარად 14273 ლარი ჩარიცხა. აღნიშნული კი, თავდების რეგრესული მოთხოვნის უფლებას წარმოშობს მოვალის მიმართ, შესრულებული ვალდებულების ფარგლებში.

19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა თავდების მიერ გადახდილ თანხაზე ნაკლებია, რომ სესხი არ იყო ვადაგადაცილებული და თავდების მიერ ერთიანად თანხის გადახდა არ შეესაბამებოდა მოპასუხის ინტერესებს იმ თვალსაზრისით, რომ თუ მოვალე სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩებოდა, სასესხო ვალდებულებას ნაწილ-ნაწილ დაფარავდა; აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასე მაგალითად, მსესხებელს შეეძლო, საკრედიტო დაწესებულებისაგან მოეთხოვა ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულებას ვადის დაცვით ასრულებდა, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თავდების მიერ თანხის გადახდის წინაპირობა და ა.შ., ასეთი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშიც კი, თავდების მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების პირობებში, მოვალე, თავდების მიერ უკუმოთხოვნისას, თანხის გადახდის ვალდებულებისაგან არ გათავისუფლდებოდა, თუმცა, ასეთ დროს, უკუმოთხოვნა იმ წესითა და პროპორციით დაკმაყოფილდებოდა, რა ფარგლებშიც კრედიტორის წინაშე ვალდებულება იქნებოდა შესასრულებელი. მაშასადამე, ძირითად მოვალესა და კრედიტორს შორის არსებულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში თავდები დაიკავებდა კრედიტორის ადგილს.

20. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხის მდგომარეობა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მისი ბრალის გარეშე, არსებითად გაუარესდა იმ მხრივ, რომ თავდების მიერ კრედიტორისათვის თანხის გადახდის გამო, ფულადი ვალდებულება მას ერთიანად შესასრულებელი გაუხდა. ვინაიდან მტკიცებულების სახით საქმეში მხოლოდ მოსარჩელის მიერ კრედიტორისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტია წარმოდგენილი, მას თავის მიერ გადახდილი თანხის ერთიანად უკუმოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოპასუხის მიმართ. მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ ვერც ის გარემოება გაიზიარა, რომ ეს თანხა შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მცირე, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა გარკვეული თანხა და სასესხო ვალდებულება შემცირებული იყო.

21. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 105-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

22. სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებითაც წყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

23. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის №ას-559-2019 განჩინება).

24. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, როგორც თავდებმა, შეასრულა მსესხებლის ვალდებულება, რის გამოც მას ძირითადი მოვალისაგან აღნიშნული თანხის უკუმოთხოვნის უფლება წამოეშვა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

26. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სათანადოდ არ შეაფასა სააპელაციო საჩივრის არგუმენტები. ყურადღების მიღმა დარჩა ის საკითხი, რომ მოსარჩელემ სადავო თანხა გადაიხადა მოპასუხესთან შეუთანხმებლად, რომელსაც სესხის დაფარვის გრაფიკი არ დაურღვევია, არც შეტყობინება მისვლია ბანკიდან, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაფარული თანხის ანაზღაურება მას არ ევალებოდა.

27. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო, რადგან მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებანი სულ ოთხი სტრიქონის მოცულობით.

28. მხარის მითითებით, სასამართლოს წარუდგინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოპასუხეს სურდა, მოსარჩელე ჩაენაცვლებინა თავდებობაში, მაგრამ ბანკმა უარი განუცხადა.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით კი სააკსაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ასევე, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდესშემდეგ გარემოებათა გამო:

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

32. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხისთვის 10800 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 905-ე მუხლი (თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამოდინარეობს მასსა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება), ხოლო 3473 ( 14273-10800) ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 371.1 (თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც) და სსკ-ის 986-ე (პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება) მუხლები.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

36. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).

37. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია რომ:

38. 2019 წლის 11 ოქტომბრის თავდებობის №21.24829912.001/02 ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხესა და მისო (გამსესხებელი) შორის დადებული №21.24829912.001 საკრედიტო ხელშეკრულების პირობები. მან გამსესხებლის წინაშე ასევე, იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება მიენიჭა, თავდებისთვის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, წაეყენებინა.( იხ. ხელშეკრულების 1-ლი მ უხლი).

39. იმავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უგზავნის თავდებს წერილობით მოთხოვნას დავალიანების დაფარვის ან მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ვადამდე შესრულების შესახებ, რომელშიც მოცემული იქნება მოთხოვნის დღისათვის თავდების მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა.

40. იმავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 10800 ლარი განისაზღვრა.

41. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელემ 2021 წლის 16 ივნისს მისო (გამსესხებელი) კუთვნილ, მოპასუხის სესხის ანგარიშსწორების ანგარიშზე სესხის დასაფარად ჩარიცხა 14273 ლარი.

42. საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეფასების საგანია, თავდების უკუმოთხოვნის ფარგლებში რამდენად არსებობს მოპასუხისათვის სადავო თანხის დაკისრების საფუძველი.

43. კასატორი გასაჩივრებული განჩინებას სადავოდ ხდის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მისი განმარტებით, თავდებმა თანხა, მასთან შეთანხმების გარეშე გადაუხადა კრედიტორს, იმ პირობებში, როდესაც მოვალეს არ დაურღვევია სესხის თანხის გადახდის გრაფიკი და გადახდის თაობაზე კრედიტორისაგან შეტყობინება არ მიუღია, არც აღსრულება ყოფილა დაწყებული. კასატორი თვლის, რომ კრედიტორის წინაშე სადავო თანხის გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა, ვინაიდან მის მიერ გადახდილი იყო ძირითადი თანხის გარკვეული ნაწილი. მისი მითითებით, მოსარჩელემ ისე გადაიხადა თანხა, რომ არ შეუმოწმებია პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა მათ მიერ გადასახდელ თანხას შეესაბამებოდა თუ არა. ( იხ. საკასაციო საჩივარი)

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდებობა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სამოქალაქო ბრუნვაში. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს კრედიტორის წინაშე, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სანივთო უზრუნველყოფისაგან განსხვავებით, თავდებობა პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებად გვევლინება (იხილეთ: ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012 წ., გვ.182; ირ.რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი (თანაავტორობით), თბილის, 2014 წ., გვ.546.), რომლის დროსაც კრედიტორის შესრულების ინტერესის უზუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა თავდების გადახდისუნარიანობას ენიჭება (იხ. სუსგ №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ.).

45. თავდებობა, როგორც კრედიტის უზუნველყოფის პიროვნული (პირადი) საშუალება, რომლის სუბიექტები (კონტრაჰენტები) თავდები პირი და კრედიტორი არიან, დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა. თავდებობის ხელშეკრულება შესაძლოა ვალდებულების წარმოშობამდეც გაფორმდეს და, როგორც დამოუკიდებელი ხელშეკრულება, სამართლებრივ საფუძველს (კაუზას) თავის თავშივე ატარებს, ამასთან, ცალმხრივად მავალდებულებელია (იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.). მოვალის მონაწილეობა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებაში არ არის აუცილებელი, თუმცა შესაძლებელია, სამმხრივი ხელშეკრულება დაიდოს ერთდროულად მოვალის, კრედიტორისა და თავდების მონაწილეობით. თავდების როლში შესაძლოა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები გამოვიდნენ. კანონი ამ კუთხით რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ-ები: №ას-132-2019, 30 ივნისი, 2021 წ.; №ას-1114-2020, 24 დეკემბერი, 2020 წ).

46. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც. თავდებობის აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა და მხარეთა შეთანხმებით მისი შეზღუდვა, ანდა გამორიცხვა უზრუნველყოფის სახის ცვლილებას განაპირობებს (შდრ. სუსგ-ები: №ას-836-802-2016, 20 იანვარი, 2016წ; № ას-97-2019, 05 ივლისი, 2019 წ; №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ). თავდებობის მთავარი ელემენტი არის მისი აქცესორული/დამხმარე ხასიათი. (იხ. The Suertyship in the Law of the Member States of the European Communities – Commission of the European Communities, 1971, Study prepared by the "Max-Planck-lnstitut für ausländisches und internationales Privatrecht", Hamburg – par.20, 43, 53, 58; იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.).

47. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, იგი სსკ-ის 891-ე და 892-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებს აკმაყოფილებდეს. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მის წერილობით ფორმას განსაზღვრავს, ასევე, მოითხოვს თავდების განცხადებას და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებას (სსკ-ის 892-ე მუხლი) ( იხ. სუსგ-ები: №ას-1338-2021, 18 ივლისი, 2022 წ.; №ას-4-2022, 13 ოქტომბერი, 2022 წ.; №ას-1801-2019, 28 მაისი, 2020 წ.).

48. ეს მოთხოვნები სწორედ თავდები პირის უფლებას იცავს, რადგან სსკ-ის 891-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე საკრედიტო დაწესებულებების პრაქტიკაში უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც თავდებობის კისრების მომენტში ვალდებულება წარმოშობილიც კი არ არის (იხილეთ: ზვიად გაბისონია, საბანკო სამართალი, თბილისი, 2017 წ., გვ. 210). აქცესორულობის პრინციპიდან გამომდინარე, თავდები ამ შემთხვევებში მხოლოდ მას შემდეგ აგებს პასუხს, რაც ძირითადი ვალდებულება წარმოიშობა და გახდება ვადამოსული (იხილეთ: გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი - www.gccc.tsu.ge, 893-ე მუხლის კომენტარი, ველი 7);

49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა თავდები პირის სამართლებრივი დაცვის მექანიზმი გაითვალისწინა, როდესაც დაადგინა თავდებობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმა და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითების სავალდებულობა. ამ დამცავი ნორმის ფუნქცია სწორედ იმაში გამოიხატება, რომ თავდებმა იცის მისი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა (სსკ-ის 892 მუხლი, 898-1 მუხლი) და თავდებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. ძირითადი მოვალის მიერ თავდებობის ხელშეკრულების შემდეგ კრედიტორთან გარიგების დადება ვერ მოახდენს გავლენას თავდები პირის იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მან წინასწარ, კრედიტორის მიერ მოვალისათვის კრედიტის სამომავლოდ გაცემამდე იკისრა, რადგან მისი პასუხისმგებლობა უკვე შემოფარგლულია მის მიერ წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორთან სწორედ იმ ზღვრული (მაქსიმალური) თანხით, რაც თავდებობით იკისრა; თავდების პასუხისმგებლობა ვრცელდება კრედიტორის მიერ ძირითადი მოვალისათვის თავდებობის ფარგლებში გაცემული მაქსიმალური თანხის ფარგლებში გასაცემ ყველა კრედიტზე (შესაძლოა არაერთი გარიგების ფარგლებში), რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა და ამ ფარგლებში მოვალისათვის გაცემულ თითოეულ კრედიტზე აღარ არსებობს დამატებით თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება (შდრ: სუსგ №ას-1033-2022, 28 აპრილი, 2023 წ.).

50. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თავდებობა შეიძლება იყოს სუბსიდიური და სოლიდარული. სუბსიდიური თავდებობის შემთხვევაში, კრედიტორი არ არის უფლებამოსილი, ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართოს თავდებს, თუ მან ძირითადი მოვალის მიმართ არ სცადა იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლოსადმი მიმართვის გზით შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მაგრამ აღნიშნული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდება, მას უფლება აქვს მიმართოს თავდებს ძირითადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სუბსიდიური თავდებობა, თანამედროვე საქმიან ურთიერთობებში არაპრაქტიკულად მიიჩნევა და შესაბამისად ნაკლები დაინტერესებით გამოირჩევა.

51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები, განსაკუთრებით საფინანსო ინსტიტუტები, ყოველთვის ცდილობენ გამოიყენონ თავდებობის ისეთი ფორმა, რომელიც სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად იქცევა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მისთვის ყველაზე ხელსაყრელ ფორმას წარმოადგენს. ამ დროს კრედიტორს შეუძლია შესრულების მოთხოვნით მიმართოს როგორც ძირითად მოვალეს, ასევე თავდებსაც ან/და რამდენიმე თავდებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

52. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სოლიდარული თავდებობა და თანათავდებობა. სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, შესაძლებელია თავდებს მოთხოვნა წაეყენოს ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშე. რაც შეეხება ე.წ თანათავდებობას, ის ხასიათდება მხოლოდ ძირითად მოვალესა და რამდენიმე თავდებს (სოლიდარული მოვალეები) შორის წარმოშობილი ურთიერთობით. ეს ის შემთხვევაა, როცა რამდენიმე თავდები ერთიანდება ერთი და იმავე ვალდებულების უზრუნველყოფის გარშემო. ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს ისინი ამ ურთიერთობაში ერთობლივად ჩაებნენ თუ დამოუკიდებლად. სახეზე მაინც სოლიდარული ვალდებულება გვექნება და კრედიტორი უფლებამოსილი იქნება, შესრულება თითოეული მათგანისგან მოითხოვოს.

53. შესაძლებელია, რამოდენიმე სოლიდარულმა თავდებმა იკისროს ძირითადი ვალდებულების ნაწილის უზრუნველყოფა. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს უფლება ექნება, ნებისმიერი თავდებისგან მოითხოვოს იმ ოდენობის შესრულება, რაც მათ თანათავდებობით იკისრეს. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების შესრულების სრულ ღირებულებასთან მიმართებაში საქმე გვაქვს წილობრივ პასუხისმგებლობასთან, თანათავდებების მიერ ვალდებულების ნაკისრი წილის ფარგლებში, საქმე გვაქვს სოლიდარულ ვალდებულებასთან (იხ. სუსგ №ას-559-2019, 04 დეკემბერი, 2019 წ.).

54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს მოვალის მაგივრად კრედიტორის წინაშე, თუმცა კანონმდებელი თავდებს კრედიტორის მოთხოვნისაგან თავდაცვის საშუალებებსაც ანიჭებს. ასეთ საშუალებად გვევლინება შესაგებლის წარდგენის უფლება. შესაგებელი, მატერიალური სამართლის თვალსაზრისით, მოვალის შემხვედრი უფლებაა, რომელიც შესრულებაზე დროებით, ანდა ხანგრძლივად უარის თქმის უფლებას იძლევა. თავდები უფლებამოსილია, კრედიტორს წარუდგინოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც მასა და კრედიტორს შორის არსებული თავდებობის ურთიერთობიდან გამომდინარეობს. აღნიშნული რეგულირების საფუძვლად თავდებობის აქცესორული ბუნება გვევლინება. კანონმდებელი აღნიშნული რეგულირებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თავდებობა სხვისი ვალის შესრულების უზრუნველყოფას ემსახურება და, შესაბამისად, კრედიტორს თავდების მიმართ უფლების განხორციელების თვალსაზრისით იმაზე კარგი უფლებები არ უნდა ჰქონდეს, ვიდრე მას მოვალის მიმართ აქვს. ნორმა მოვალის ყველა არსებულ შესაგებელს მოიცავს (შდრ: სუსგ №ას-1329-2019, 12 აპრილი, 2019 წ.).

55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ძირითადი უფლებების დაცვის და ადამიანის, როგორც უმთავრესი ღირებულების, დაცვის პრობლემა აქტუალურია იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებიც განსაკუთრებული რისკის მატარებელია ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიმართ. თავდებობის ხელშეკრულებაში უმთავრესია თავდების მიერ გამოხატული ნება, რომ იგი კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს მსესხებლის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. „თავდებობის შემთხვევაში საქმე ეხება ძირითადი ვალდებულებისაგან გასამიჯნ, თავდების მიერ ცალმხრივად ნაკისრი შესრულების ვალდებულებას. თავდები შესრულებით ასრულებს სკუთარ ვალდებულებას, რის შემდეგადაც ძირითადი მოთხოვნა გადადის მასზე სსკ-ის 905 მუხლის მიხედვით“. (იხილეთ: გ.რუსიაშვილი, აქცესორულობის პრინციპი იპოთეკისა და თავდებობის მაგალითზე, შედარებითი სამართლის ჟურნალი, 3/2019, გვ.15.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავისი შინაარსიდან გამომდინარე, თავდებობის ხელშეკრულება წარმოუდგენელია თავდებისათვის რაიმე სახის, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი იყოს. იგი ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას ისეთ მნიშვნელოვან ვალდებულებას უკავშირდება, როგორიც მოვალის მაგივრად ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა.

56. მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (შდრ: სუსგ-ები: №ას-1152-2021, 31 იანვარი, 2022წ.; №ას-1329-2019, 12 აპრილი, 2022 წ.).

57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

58. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

59. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ: მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

60. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე.

61. სააკსაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს მხარეებმა ერთობლივად აიღეს სესხი მისოში 10800 ლარის ოდენობით. მოსარჩელე წარმოადგენდა თანამსესხებელს- ანუ თავდებს. თავდების მიერ თანხის გადახდა არ წარმოადგენს მისი უფლებების შელახვას, ამასთან, მოსარჩელემ თანხა გადაიხადა მოპასუხესთან შეუთანხმებლად (იხ. შესაგებელი).

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

63. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით.

64. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.

65. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხილეთ: ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21.).

67. სსსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

68. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში განთავსებულ საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი 2019 წლის 11 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულებას (იხ. ტ.1.ს.ფ.32-33), რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხესა და მისო (გამსესხებელი) შორის დადებული №21.24829912.001 საკრედიტო ხელშეკრულების პირობები. მან, გამსესხებლის წინაშე, ასევე, იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება მიენიჭა, თავდებისთვის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, წაეყენებინა. იმავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უგზავნის თავდებს წერილობით მოთხოვნას დავალიანების დაფარვის ან მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ვადამდე შესრულების შესახებ, რომელშიც მოცემული იქნება მოთხოვნის დღისათვის თავდების მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. ხოლო იმავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 10800 ლარი განისაზღვრა.

69. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდები შესრულებით ასრულებს თავის საკუთარ ვალდებულებას, რის შემდეგაც ძირითადი ვალდებულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მასზე გადადის. ამიტომ თავდები და ძირითადი მოვალე ვერ ჩაითვლებიან სოლიდარულ მოვალეებად, მათ შორის, ვერც სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში. ( შდრ: სუსგ №ას-132-2019, 30 ივნისი, 2021 წ.; იხილეთ: გიორგი რუსიაშვილი, თავდებობის ხელშეკრულება, მისი გამიჯვნა მსგავსი ტიპის შეთანხმებებისაგან და სპეციალური ფორმები, შედარებითი სამართლის ჟურნალი 1/2020, გვ.20). ამასთან, სსკ-ის 905-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ამრიგად, თავდებზე მოთხოვნის გადასვლისთვის აუცილებელია დადასტურდეს ძირითადი და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა და კრედიტორის მოთხოვნის სწორედ თავდების მიერ დაკმაყოფილება.( შდრ: სუსგ №ას-1182-2021, 21 აპრილი 2022 წ.).

70. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 16 ივნისს თავდებმა (მოსარჩელემ) მოპასუხის კრედიტორს მოპასუხის სესხის დასაფარავად თანხა ჩაურიცხა, აღნიშნული კი 905-ე მუხლის საფუძველზე თავდების რეგრესული მოთხოვნის უფლებას წარმოშობს მოვალის მიმართ შესრულებული ვალდებულების ფარგლებში.

71. სსკ-ის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. (შდრ: სუსგ №ას-1012-2018, 22 თებერვალი, 2019 წ.). საქმის მასალებით კი დაადსტურებულია, რომ 2019 წლის 11 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 10800 ლარი განისაზღვრა.(იხ. ტ.1.ს.ფ.32-33).

72. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსკ-ის 905-ე მუხლი, თავდებს, რომელიც მოვალის ნაცვლად ასრულებს კრედიტორის წინაშე ვალდებულებას, ანიჭებს კანონისმიერი ცესიის გზით რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (იხილეთ: გიორგი რუსიაშვილი, თავდების დაცვის მექანიზმები თავდებობის ურთიერთობის ფარგლებში, შედარებითი სამართლის ჟურნალი, 3/2019, გვ.40).

73. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულების სამართალურთიერთობის თავისებურებებზე:

74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის საფუძვლისა, წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ვალდებულების შესრულების სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან იღებენ შესრულებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები შეიძლება არ დაემთხვეს ვალდებულების სუბიექტებს. ვალდებულების სუბიექტები ყოველთვის არიან კრედიტორი და მოვალე, ვალდებულება კი მოვალის ნაცვლად შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა და შესრულება მიიღოს არა კრედიტორმა, არამედ სხვამ. როგორც წესი, მოვალე თვითონ (პირადად) ასრულებს ვალდებულებას, მაგრამ კრედიტორს შეიძლება შესრულება შესთავაზოს სხვა, მესამე პირმაც, რომელიც არ არის მოცემული ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე. (იხ. დამატებით: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-3, მუხლი 371, თბ., 2001, 303; Staudinger/Bittner §267, Rn 6; Palandt/Heinrichs, §267, Rn 4; Pruting/Jud, §267, S. 419-420; Münch Komm, BGB/Kruge, §267, Rn 1.)

75. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 371 I მუხლის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.

76. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულების სამართლებრივი ინსტიტუტი მოიცავს სამი სახის სამართალურთიერთობას. პირველ ჯგუფში შედის მესამე პირისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრების შემთხვევები; მეორე ჯგუფში შედის მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულება ნებაყოფლობით; მესამე ჯგუფში შედის მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულების შემთხვევები ნორმატიული აქტების ძალით.

77. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება მოვალის ნაცვლად მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების ინსტიტუტის გამიჯვნას სამოქალაქო სამართლის ისეთი ინსტიტუტისაგან, როგორიცაა ვალის გადაკისრება (სსკ-ის 203-ე მუხლი). ვალის გადაკისრება წარმოადგენს სანივთო-სამართლებრივ გარიგებას, რომელიც აბსოლუტურად ცვლის სამართლებრივი ურთიერთობის თავდაპირველ სუბიექტებს. გარდა ამისა, ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი თანხმობას არ განაცხადებენ ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულებისას, უზრუნველყოფის საშუალებები ძალას არ კარგავენ და ისინი წარმოადგენენ მესამე პირის მოთხოვნის უფლების დაცვის რეალურ გარანტიებს.

78. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების შედეგად წარმოშობილი სამართალურთიერთობის თითოეულ მონაწილეს გააჩნია შესაბამისი უფლებები და მოვალეობები. ეკონომიკური თვალსაზრისით კრედიტორისათვის სულერთია, თუ ვინ შეასრულებს მოვალის ვალდებულებას (გადაიხდის ვალს, საფასურს, ქირას, გასამრჯელოს და ა.შ.). მოვალის ნაცვლად მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, ათავისუფლებს მოვალეს კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან. მესამე პირის მიმართ მოვალის ვალდებულებები განისაზღვრება მასსა და მესამე პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობით.

79. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალესა და მესამე პირს შორის არ არის რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა ანდა იგი ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა კი მესამე პირმა უკვე განახორციელა მოვალის ნაცვლად კრედიტორის მიმართ შესრულება, მესამე პირს აღარ აქვს კრედიტორისგან შესრულების უკან გამოთხოვის უფლება სსკ-ის 976 II გ მუხლის თანახმად. მესამე პირს შეუძლია მხოლოდ წარადგინოს მოვალის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე. ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მესამე პირი ვალდებულების შესრულებისას შეცდომით ფიქრობდა, რომ ასრულებდა თავის ვალდებულებას, თუმცა კი შეასრულა სხვა პირის ვალდებულება, ასეთ შემთხვევაშიც მესამე პირს შეუძლია მოვალეს წაუყენოს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნა. (იხილეთ: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-3, მუხლი 371, თბ., 2001, 305.)

80. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 3473 ( 14273-10800) ლარის მოთხოვნის ნაწილში დავა უნდა გადაწყდეს უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმებით ანუ მოპასუხის მიმართ ( გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნება) მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 371-ე, 976-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სსკ-ის 986-ე მუხლი - პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. მითითებული ნორმის მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (შდრ. სუსგ-ები: №ას-1069-1022-2014 , 16 ივნისი, 2016წ; №ას-1298-2018, 22 მარტი, 2019 წ.)

81. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ფულადი ვალდებულება და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა შეასრულა (გაისტუმრა).

82. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, უზრუნველეყო მოპასუხესა და მისო (გამსესხებელი) შორის დადებული №21.24829912.001 საკრედიტო ხელშეკრულების პირობები. მან გამსესხებლის წინაშე ასევე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება მიენიჭა, თავდებისთვის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, წაეყენებინა. იმავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 10800 ლარი განისაზღვრა. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელემ 2021 წლის 16 ივნისს მისო (გამსესხებელი) კუთვნილ, მოპასუხის სესხის ანგარიშსწორების ანგარიშზე სესხის დასაფარად ჩარიცხა 14273 ლარი.

83. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არსებობს სსკ-ის 986-ე მუხლის დანაწესის გამოყენების წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელემ შეგნებულად გაისტუმრა მოპასუხის ვალი (შეასრულა ფულადი ვალდებულება), რითაც ეს უკანასკნელი მოსარჩელის ხარჯზე გამდიდრდა (დაზოგა საკუთარი ქონება), შესაბამისად, მოსარჩელემ განიცადა ქონებრივი დანაკლის. აქედან გამომდინარე, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის უპირველესი ფუნქცია კრედიტორის პირვანდელ ქონებრივ მდგომარეობაში აღდგენაა, ამიტომ მოპასუხემ მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნოს დაზოგილი ქონება (ფულადი თანხა) 3473 ლარის ოდენობით.

84. სააკსაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა, აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად ზემდგომი ინსტანციის სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

85. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხისაგან გადასახდელად ჯამში მოთხოვნილი 14 273 ლარიდან, 10800 ლარის გადახდის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 905-ე მუხლი, ხოლო 3473 გადახდის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 371-ე, 986-ე მუხლები.

86. სააკსაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელეობებსა და დასკვნებს, რომ არ არის გასაზიარებელი მოპასუხის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა თავდების მიერ გადახდილ თანხაზე ნაკლებია, რომ სესხი არ იყო ვადაგადაცილებული და თავდების მიერ ერთიანად თანხის გადახდა არ შეესაბამებოდა მოპასუხის ინტერესებს იმ თვალსაზრისით, რომ თუ მოვალე სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩებოდა, სასესხო ვალდებულებას ნაწილ-ნაწილ დაფარავდა; აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასე მაგალითად, მსესხებელს შეეძლო, საკრედიტო დაწესებულებისაგან მოეთხოვა ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულებას ვადის დაცვით ასრულებდა, რომ არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თავდების მიერ თანხის გადახდის წინაპირობა და ა.შ., ასეთი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშიც კი, თავდების მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების პირობებში, მოვალე, თავდების მიერ უკუმოთხოვნისას, თანხის გადახდის ვალდებულებისაგან არ გათავისუფლდებოდა, თუმცა, ასეთ დროს, უკუმოთხოვნა იმ წესითა და პროპორციით დაკმაყოფილდებოდა, რა ფარგლებშიც კრედიტორის წინაშე ვალდებულება იქნებოდა შესასრულებელი. მაშასადამე, ძირითად მოვალესა და კრედიტორს შორის არსებულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში თავდები დაიკავებდა კრედიტორის ადგილს. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხის მდგომარეობა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მისი ბრალის გარეშე, არსებითად გაუარესდა იმ მხრივ, რომ თავდების მიერ კრედიტორისათვის თანხის გადახდის გამო, ფულადი ვალდებულება მას ერთიანად შესასრულებელი გაუხდა. ვინაიდან მტკიცებულების სახით საქმეში მხოლოდ მოსარჩელის მიერ კრედიტორისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტია წარმოდგენილი, მას თავის მიერ გადახდილი თანხის ერთიანად უკუმოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოპასუხის მიმართ. მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ ვერც ის გარემოება გაიზიარა, რომ ეს თანხა შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მცირე, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა გარკვეული თანხა და სასესხო ვალდებულება შემცირებული იყო. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის №ას-559-2019 განჩინება). ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, როგორც თავდებმა, შეასრულა მსესხებლის ვალდებულება, რის გამოც მას ძირითადი მოვალისაგან აღნიშნული თანხის უკუმოთხოვნის უფლება წამოეშვა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.

87. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

88. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

89. ვინაიდან საკასაციო საჩივარი უარყოფილია, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.რ–კოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელეად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე