26 სექტემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-932-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.პ–ი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 15 მაისს, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან შემკვეთი) და შპს „ჯ.პ–ს“ (შემდეგში - მოსარჩელე, მენარდე ან საწარმო) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც, მენარდემ, ხელშეკრულებაზე თანდართული ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად ქ.ქუთაისში, შემკვეთის მიერ მითითებულ 13 ობიექტზე სპორტული ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟის ვალდებულება იკისრა.
2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 227 999.98 ლარს შეადგენდა, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადა 2018 წლის 14 ივლისით იყო განსაზღვრული.
3. ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი დადგინდა, რომლის განმავლობაშიც შემკვეთს საკუთარი ხარჯებით ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები უნდა აღმოეფხვრა, რაც საგარანტიო პერიოდში დაზიანების აღდგენას გულისხმობდა, თუ დაზიანება დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით ან გარეშე ძალის ზემოქმედებით არ იქნებოდა გამოწვეული.
4. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან მოპასუხის მიერ დაკავებული იქნებოდა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით თანხა.
ამ თანხიდან ხელშეკრულების ღირებულების 2.5%-ის გადახდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და ობიექტის ჩაბარების შესახებ შემკვეთის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის აქტის გაფორმების შემდეგ განხორციელდებოდა, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა - საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ მენარდეს სამი თვის ვადაში უნდა მიემართა დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ მენარდე თანხის დაბრუნების თაობაზე არ მიმართავდა, ასევე, შემკვეთის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ან სპეციალური კომისია აქტის შედგენისას მიწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების ნაკლს ან უხარისხობას გამოავლენდა, დეფექტების გამოსწორებამდე მენარდეს ეს თანხა არ აუნაზღაურდებოდა.
5. ნარდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2018 წლის 14 მაისს სს ,,თ.ბ–მა’’ 11 400 ლარის ოდენობით საბანკო გარანტია გასცა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 13 ივლისს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის მიხედვით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელემ ქ.ქუთაისში შეთანხმებულ მისამართებზე 223 083.99 ლარის ღირებულების ტრენაჟორების (მთლიანობაში 13 ტრენაჟორის) შეძენა-მოწყობის სამუშაო შეასრულა, რაც შემკეთს აუნაზღაურდა.
6. 2020 წლის 7 ივლისს, სამუშაოს მიღების შემდეგ (საგარანტიო ვადაში), სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით, კერძოდ, ქ.ქუთაისში, ........–ის სამხრეთით ,,ხარისხის სახლთან’’ მოწყობილ ტრენაჟორებზე გამოკვეთილ მრავლობით ხარვეზებზე მოპასუხემ მოსარჩელეს პრეტენზია წარუდგინა.
7. მოპასუხე დაწესებულების შესაბამის სტუქტურულ ერთეულს მოსარჩელემ 2020 წლის 20 ივლისის წერილით აცნობა, რომ ხსენებული დაწესებულების თანამშრომელ კ.ა–ძესთან ერთად, საკითხის ადგილზე შესასწავლად, 2020 წლის 9 ივლისს თანამშრომელთა ჯგუფი გააგზავნეს.
აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ მითითებულ მისამართზე ტრენაჟორების დაზიანება გარეშე ძალის ზემოქმედებით (ვანდალიზმით) იყო გამოწვეული, რის გამოც ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად გარეშე ძალის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების აღდგენაზე მოპასუხეს ვალდებულება არ ეკისრებოდა. გარდა ამისა, მოპასუხეს ეცნობა, რომ რამდენიმე ტრენაჟორი აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა და მათი ახლით შეცვლა იყო საჭირო.
8. 2020 წლის 27 ნოემბერს, მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა ზ.ს–მა წერილობით მიმართა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ დ.ე–ს, რომ მათთვის უცნობი იყო 2020 წლის 20 ივლისის წერილზე მერიის პოზიცია, კერძოდ, მისაღები იყო თუ არა მათთვის მოსარჩელის მიერ წარდგენილი არგუმენტები, რის გარეშეც ხელშეკრულების ფარლებში დაკავებული 2.5% თანხის დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებული იყვნენ და დაკავებული თანხის 5 577.11 ლარის მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა.
9. მოპასუხის 2020 წლის 1 დეკემბრის პასუხით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების 8.5 პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო თანხის მოთხოვნის სამთვიანი ვადა მენარდემ დაარღვია (ხსენებული ვადა 2020 წლის 13 ოქტომბერს დასრულდა), ამიტომ დაკავებული თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა.
10. 5 577.11 ლარის ოდენობით შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით შემკვეთის წინააღმდეგ მენარდემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი თანხის - 5 577.11 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მენარდემ სრულად შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, რაც 2018 წლის 13 ივლისს შემკვეთმა უპრეტენზიოდ ჩაიბარა და შესრულებული სამუშოს ღირებულების დიდი ნაწილი კიდეც აანაზღაურა.
შემკვეთს ასანაზღაურებელი დარჩა მხოლოდ საგარანტიო ვადაში დაკავებული 2.5%, რაც სწორედ სარჩელით სადავო თანხას - 5 577.11 ლარს წარმოადგენდა.
13.2. საგარანტიო ვადაში დაკავებული 2.5%-ის ანაზღაურების მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, რადგან მენარდე გონივრული ვადის ფარგლებში ელოდებოდა გამოწვეული ხარვეზების ასევე დაზიანებების მიზეზებისა და მისი გამოსწორების ვალდებულების დასაბუთების შესახებ შემკვეთის პასუხს, რაც ამ უკანასკნელმა საერთოდ არ აცნობა.
რაც შეეხებოდა დაკავებული საგარანტიო თანხის მოთხოვნის სამთვიანი ვადის მოსარჩელის მიერ დარღვევაზე მოპასუხის მითითებას, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ვადის დარღვევა მენარდის ბრალეული მოქმედებით არ იყო გამოწვეული, ვინაიდან მენარდის წერილზე შემკვეთის პასუხს მხარე გონივრულ ვადაში კეთილსინდისიერად ელოდებოდა, თუმცა შემკვეთს პასუხი არ გაუცია; ე.ი. მისთვის არ უცნობებია პოზიცია, ეთანხმებოდა თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებულ მოსაზრებებს სამუშაოს ნაკლოვანი შესრულების უსაფუძვლობასთან მიმართებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრეტენზიის წარდგენის სამთვიანი ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით მოსარჩელეს სახელშეკრულებო პირობა არ დაურღვევია, შესაბამისად, მისთვის თანხის დაკავების საფუძველი არ არსებობდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 648-ე მუხლი).
14. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:
- სსკ-ის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ამავე კოდექსის 327.1 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მითითებული ნორმების შესაბამისად, მხარეებმა მოცემულ შემთხვევაში ნარდობის ხელშეკრულება გააფორმეს, სადაც ხარისხის დაცვის მიზნით ყოველ მიწოდებულ საქონელსა და გაწეულ მომსახურებაზე შემკვეთის მიერ ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის დაკავება დაადგინეს, რომლის ნახევარი (2.5%) მომსახურების სრულად დასრულებისა და შემკვეთის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი ობიექტების ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ დაბრუნდებოდა, ხოლო, მეორე ნახევარი - საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდეგ მენარდე ვალდებულია, დაკავებული თანხის ანაზღაურების თაობაზე 3 თვის ვადაში მიმართოს შემკვეთს. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ან სპეციალური კომისია აქტის შედგენისას მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ნაკლს ან უხარისხობას დააფიქსირებს, დეფექტების გამოსწორებამდე მენარდეს ზემომითითებული თანხა არ აუნაზღაურდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგარანტიო ვადის გასვლის პირობებში ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დამატებით რაიმე აქტის შედგენას და საგარანტიო თანხის მენარდისთვის გადარიცხვას შემკვეთს არ ავალდებულებდა. თანხის მოთხოვნის ვალდებულება ჰქონდა მენარდეს, რომელმაც საამისოდ ხელშეკრულებით დადგენილი ვადა თავისი დაუდევრობით გაუშვა.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საგარანტიო ვადის დარღვევა მენარდის ბრალით არ იყო გამოწვეული, რადგან იგი გონივრულ ვადაში ელოდებოდა მის წერილზე შემკვეთის პასუხს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განმარტოს, თუ რა ვადა მიაჩნია გონივრულად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 100.1 მუხლის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული ორგანო განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში იღებს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
16. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
18. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია: ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდეგ დამკვეთის გადაუხდელი ნარდობის საზღაურის - 5 577.11 ლარის, მენარდის მიერ ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერება.
19. პალატის განსჯით, სადავო თანხის შემკვეთის მხრიდან მენარდისათვის ანაზღაურების საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებები, რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა, სახელდობრ:
1). ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან შემკვეთი დააკავებდა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით თანხას. ამ თანხიდან ხელშეკრულების ღირებულების 2.5%-ის ოდენობით თანხის გადახდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემკვეთის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ შესრულდებოდა, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა - საგარანტიო ვადის (2 წლის) გასვლის შემდეგ. საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, მენარდე ვალდებული იყო, დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე სამი თვის ვადაში მიემართა შემკვეთისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მენარდე თანხის დაბრუნების თაობაზე არ მიმართავდა ან შემკვეთის შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ან სპეციალური კომისია აქტის შედგენისას მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ნაკლს ან უხარისხობას დაადგენდა, დეფექტების გამოსწორებამდე მენარდეს ეს თანხა არ აუნაზღაურდებოდა.
2). 2020 წლის 7 ივლისს, შესრულებული სამუშაოების ჩაბარების (2018 წლის 13 ივლისი) შემდეგ, საგარანტიო ვადაში, სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით მოპასუხემ მოსარჩელეს პრეტენზია წარუდგინა. აღნიშნულის პასუხად, ჯერ კიდევ მოთხოვნის ვადაში, 2020 წლის 20 ივლისის წერილით მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ, როგორც მათი ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ ტრენაჟორების დაზიანება გარეშე ძალის ზემოქმედებით (ვანდალიზმით) იყო გამოწვეული, რის გამოც ხელშეკრულების 7.1 პუნქტის შესაბამისად, გარეშე ძალის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების აღდგენის ვალდებულება მენარდეს ეკისრებოდა. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ რამდენიმე ტრენაჟორი აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა და მათი ახლით შეცვლა იყო საჭირო. აღნიშნულ წერილზე შემკვეთს პასუხი არ გაუცია.
3). 2020 წლის 27 ნოემბერს, მოსარჩელემ, შემკვეთს, დაკავებული 2.5% თანხის - 5 577.11 ლარის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც ხელშეკრულების 8.5 პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო თანხის მოთხოვნის სამთვიანი ვადის რომელიც 2020 წლის 13 ოქტომბერს დასრულდა) დარღვევის გამო უარი მიიღო.
შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა ასაბუთებს, რომ მენარდეს დაკავებული თანხის დასაბრუნებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა საკუთარი ბრალეული მოქმედებით არ გაუშვია და მოსარჩელე გონივრული პერიოდის ფარგლებში ელოდებოდა შესრულებული სამუშაოს ხარვეზის, დაზიანებების მიზეზებისა და მათ გამოსწორებაზე ვალდებული პირის შესახებ არგუმენტაციაზე შემკვეთის მოტივირებულ პოზიციას, რომელიც შემკვეთს მენარდისთვის არ უცნობებია.
საყურადღებოა, რომ დასახელებული ვადის გონივრულობა არ მოიაზრებს, დროის აღნიშნული მონაკვეთის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემისთვის დადგენილ პერიოდთთან ავტომატურ თანხვედრას, როგორც ამაზე კასატორი მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში, „გონივრულობის“ შესახებ სასამართლოს დასკვნას საქმის კონკრეტული გარემოებების ერთობლივად შეფასება უდევს საფუძვლად, რაც სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მართებულად მიიღო სსკ-ის სსკ-ის 390-ე (კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს), 392-ე (კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მოვალე მხოლოდ მაშინ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) მუხლები და არგუმენტირებულად მიიჩნია, რომ დაკავებული საგარანტიო თანხის მოთხოვნის სამთვიანი ვადა მენარდის ბრალით არ დარღვეულა.
20. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ ნარდობის ხელშეკრულების 8.5 პუნქტზეც მართებულად მიუთითა და, აღნიშნა, რომ თანხის გადახდის მოთხოვნით 3-თვიან ვადაში შემკვეთისთვის მიმართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო გათვალისწინებული, თუ მხარეები მიღება-ჩაბარების აქტს შეადგენდნენ ან თუ შემკვეთი მენარდეს პრეტენზიას არ წარუდგენდა; ხოლო, თუკი შემკვეთი მენარდეს პრეტენზიით მიმართავდა (რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი), ასეთ დროს შემკვეთის მიერ შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს ან სპეციალურ კომისიას აქტი უნდა შეედგინა, სადაც მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ნაკლი და უხარისხობა იქნებოდა გამოვლენილი.
მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთს არც ინსპექტირების ჯგუფი და არც სპეციალური კომისია (მით უფრო მას შემდგომ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მოსარჩელის პოზიცია სამუშაოს ნაკლთან დაკავშირებით, რომ ის არა ხარისხობრივი ნაკლით არამედ ვანდალიზმით იყო გამოწვეული) არ შეუქმნია, საიდანაც თანხის მოთხოვნის სამთვიანი ვადის (რასაც ხელშეკრულება უკავშირებს მოსარჩელის მხრიდან დაკავებული საგარანტიო თანხის მოთხოვნას) ათვლა გახდებოდა შესაძლებელი. მეტიც, მოსარჩელის მოთხოვნაზე მოპასუხეს პასუხიც არ გაუცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაკავებული თანხის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა წარმატებულია, რაც სსკ-ის 648-ე მუხლზე დაყრდნობით სწორად დაკმაყოფილდა.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
21. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე