Facebook Twitter

24 სექტემბერი, 2024 წელი

საქმე №ას-902-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ა–ნი, ხ.კ–ნი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა - 2022 წლის 25 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თანხის დაკისრებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით ბ.ა–ნის (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ხ.კ–ნის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) წარმომადგენელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს განჩინებით:

2.1. მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

2.2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 344 536.68 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს;

2.3. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ.ბათუმში, ....... მდებარე პირველი მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებულ 753 კვ.მ უძრავ ქონებას (ს/კ - ...........);

2.4. განჩინება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით:

3.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3.2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ იჯარის საზღაურის ძირი თანხიდან 11 667 ლარის, პირგასამტეხლოს - 9 984 ლარისა და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობის საზღაურის - 67 298.75 ლარის ანაზღაურება;

3.3. მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 501კვ.მ უძრავი ქონება (ს/კ - ........, მდებარე - ქ.ბათუმი, ......... (ახალი მის.: ქ.ბათუმი, .........) და ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა.

3.4. 2023 წლის 21 აპრილიდან უძრავი ქონების (მდებარე - ქ.ბათუმი, ........., ახალი მის. - ქ.ბათუმი, .........., ს/კ .......) ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ უძრავი ქონების ყოველდღიური სარგებლობის საფასურის, 100.75 ლარის ყოველდღიურად გადახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით:

5.1. სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

5.2. მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანებისა (11 667 ლარი) და პირგასამტეხლოს (9 984 ლარი) დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მიღებული;

5.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს საიჯარო ქირის გადაუხდელი ნაწილის - 6 995.20 ლარის გადახდა დაეკისრათ;

5.4. გარდა ამისა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრათ 27 400 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება;

5.5. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მოსარჩელემ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2024 წლის 22 აგვისტოს, კასატორმა საკასაციო პალატაში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკისრებული თანხები მოპასუხეებმა ნებაყოფლობით აანაზღაურეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 2.1 მუხლით, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, რაც ნიშნავს, მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თვიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

10. სსსკ-ის 191.1 მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.

11. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს განჩინებით: მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 344 536.68 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ.ბათუმში, ........ მდებარე პირველი მოპასუხის თანასაკუთრებაში არსებულ 753კვ.მ უძრავ ქონებას (ს/კ - ......).

- 2024 წლის 22 აგვისტოს განცხადებით კი, მოსარჩელე მის სასარგებლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვს.

12. სსსკ-ის 191.1 მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა მოსარჩელისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობაა, რათა თავიდან აიცილოს შემდგომში მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა თუ აღსრულების გართულება, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა, სსსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარის დისპოზიციური უფლებაა.

დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს (სუსგ Nას-1023-2018, 30.11.2018წ.). აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე, რომლის შუამდგომლობის საფუძველზე და რომლის სასარგებლოდაც არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, მოითხოვს მის გაუქმებას, დადგენილი შეზღუდვის ძალაში დატოვების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, გამოყენებული უზრუნვლყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში მოპასუხე ბ.ა–ნის (პას N ….. და ხ.კ–ნის N ……) კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 344 536.68 ლარის ფარგლებში.

სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბ.ა–ნის (პას N .....) თანასაკუთრებაში არსებულ 753.00 კვ.მ ფართის უძრავ ქონებას, მდებარე - ქ.ბათუმი, ............, ს/კ .........

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე