Facebook Twitter

საქმე №ას-699-2023 25 აპრილი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ი.ს–სი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ა–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 მარტის განჩინებით ს.ა–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს შპს „ი.ს–სის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სასარგებლოდ დაეკისრა 4 679 804,04 ლარის გადახდა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

2. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა (დირექტორი), გ.ჟ–მა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით; 2019 წლის 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, ლ.კ–ძემ და განმარტა, რომ მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია, მაგრამ გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, განცხადებას თან ერთვოდა ფოსტის ქვითრები. განმცხადებელმა იშუამდგომლა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის საჯარო გამოქვეყნების გზით ჩაბარების თაობაზე; მოსარჩელემ სარჩელი და თანდართული მასალები არაერთხელ გაუგზავნა მოპასუხეს სხვადასხვა მისამართებზე. პირველი სამი გზავნილი მოპასუხეს გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ………, თუმცა, საფოსტო უკუგზავნილების მიხედვით, აღნიშნული მისამართიდან გზავნილი ბრუნდებოდა ადრესატზე ჩაუბარებლად, მიზეზად კი მითითებული იყო - „სახლში არავინ იყო“ და „სახლში არავინ იყო, მეზობლის განმარტებით, ბინა დაკეტილია“. შემდეგი გზავნილები ორჯერ გაიგზავნა მისამართზე: თბილისი, …….., თუმცა დაბრუნდა უკუგზავნილით - „აღნიშნულ მისამართზე არის კორპუსი, გაკითხვით ადრესატი არ მოიძებნა“. მოპასუხეს გზავნილი ასევე ვერ ჩაბარდა ქ. ხაშურში, ……. უკუგზავნილზე მითითებული იყო, რომ „მისამართზე არსებული სახლი გაქირავებული აქვს ადრესატს“; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ივნისის განჩინებით შსს თბილისის გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის რაიონის მთავარ სამმართველოს და ხაშურის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის ჩაბარება, თუმცა მისთვის გზავნილის ჩაბარება კვლავ ვერ განხორციელდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსი ეცნობა საჯარო გამოქვეყნების გზით; დადგენილია, რომ 2019 წლის 17 ოქტომბერს მოპასუხის წარმომადგენელმა, ა.შ–მა სასამართლოში წარადგინა მოპასუხის მიერ გაცემული მინდობილობა. ამასთან, 2019 წლის 21 ოქტომბერს სასამართლოს ერთობლივად მიმართეს მოპასუხის წარმომადგენლებმა და მოითხოვეს შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის გაგრძელება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 122), ამავდროულად, წარადგინეს შესაგებელი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 123-133), თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 23 ოქტომბერს მიღებული განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ საპროცესო ვადის გაგრძელებაზე, ხოლო წარდგენილი შესაგებელი დარჩა განუხილველი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 134-136).

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის მიმდინარეობს სხვა სასარჩელო წარმოებებიც, როგორც თბილისის, ასევე, სხვა საქალაქო სასამართლოებში, ხოლო აღნიშნული სარჩელის თაობაზე მოპასუხისათვის ცნობილი გახდა სრულიად შემთხვევით, მოსარჩელის წარმომადგენელთან სასამართლოს ეზოში შეხვედრისას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა საუბარში ახსენა, რომ სავარაუდოდ საქმე საჯარო შეტყობინების რეჟიმში იყო, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვნენ წარმომადგენლები წინამდებარე საქმეში; საჩივრის მიხედვით, მოპასუხის წარმომადგენლებისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი საქმისწარმოების შესახებ. მოსარჩელის მიერ გაგზავნილი გზავნილების უკუგზავნილებიდან ირკვევა, რომ გზავნილები მოპასუხის იურიდიულ მისამართზე იგზავნებოდა, რომელიც მის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს არ წარმოადგენდა. აპელანტის/ საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელემ არ მიიღო საკმარისი ზომები იმისთვის, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელი დაედგინა. აღნიშნულ ეჭვს აღრმავებს ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა სხვა დავა, სადაც მოსარჩელე იყო „BRINA PROJECT LLP“ და რომელსაც მოპასუხე წარმოადგენდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იყო მოსარჩელე კომპანია. ამასთან, ამ უკანასკნელის წარმომადგენელი იყო იგივე პირი - მოსარჩელე კომპანიის დირექტორი. დასახელებულ დავაში მოსარჩელის წარმომადგენლის, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ძირითადი მისამართის ველში მითითებული იყო: ქალაქი რუსთავი, ……….., ბინა 58, აგრეთვე, ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი, თუმცა წინამდებარე დავაში მოსარჩელეს აღნიშნული მისამართით არ უხელმძღვანელია, არამედ, იყენებდა მხოლოდ იურიდიულ მისამართებს.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1, 71.3, 73.1, 73.8, 75.1, 78.1, 78.2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით და ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ არ მიიღო ყველა ზომა მოპასუხის ინფორმირებისთვის, ასევე, სასამართლოს არ მიაწოდა მისთვის ცნობილი ყველა მისამართი, რის გამოც, სასამართლოს შეტყობინება გავრცელდა საჯაროდ და მოპასუხეს არ მიეცა სამართლწარმოებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, რის გამოც, იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები) მიხედვით, სახეზე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საკასაციო საჩივრის თანახმად:

11.1. მოპასუხე მხარემ დაადატურა, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების ასლების მისთვის არაერთგზის გაგზავნისა და ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პერიოდისათვის ის სწორედ საქართველოში და იმ მისამართებზე იმყოფებოდა, სადაც ეგზავნებოდა გზავნილები და რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩაითვალა ჩაბარებულად;

11.2. მოპასუხის საზღვარგარეთ ცხოვრების ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის;

11.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა საქმეში არსებული აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმი, ასევე, არ შეაფასა, რომ საქმეში არსებულ შესაგებელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში, ასევე, განცხადებებში მოპასუხე მის მისამართად უთითებს შემდეგს: ქ. თბილისი, .........., სადაც მოხდა მასთან კომუნიკაცია და გაეგზავნა გზავნილები;

11.4. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ცდილობს დაასაბუთოს სარჩელის აღძვრიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ჩათვლით დროის პერიოდში მისი საზღვარგარეთ ცხოვრების ფაქტი, გაურკვეველია, რა ეფექტი ექნებოდა სარჩელისა და თანდართული მასალების იმ მისამართზე გაგზავნას, რომელიც მოპასუხეს მასთან კომუნიკაციის დასამყარებლად ვარგის მისამართად აქვს მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში. არც საჩივარი და არც სააპელაციო საჩივარი შეიცავს მტკიცებას მასზედ, რომ მისამართი: ქალაქი რუსთავი, ......, მოპასუხეს ან მის რომელიმე ოჯახის წევრს ეკუთვნის;

11.5. მისამართი: თბილისი, ........, ბინა 16, მოპასუხის რეგისტრირებული მისამართია. მოსარჩელემ სარჩელის აღძვრის შემდეგ აღნიშნული საცხოვრებელი ბინის მიმართულებით სამჯერ გაგზავნა სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, მაგრამ სახლში არავინ იმყოფებოდა, ხოლო მეზობლის განმარტებით, ბინა იყო დაკეტილი. მოსარჩელემ გზავნილის ჩაბარება არაერთხელ სცადა მისთვის ცნობილ სხვა მისამართებზეც: თბილისი, ......, სადაც მოპასუხის ოფისი ეგულებოდა და ხაშურში, ......., სადაც, მისივე ინფორმაციით, მოპასუხეს უძრავი ქონება გააჩნდა, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა წარმატებით, ვინაიდან ოფისის მისამართზე მდებარე კორპუსში ადრესატი ორჯერადი მცდელობის მიუხედავად, არ მოიძებნა, ხოლო ხაშურში მდებარე მისამართზე ფოსტას ბინა დახვდა გაქირავებული. საფოსტო უკუგზავნილების შინაარსის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მართებულად გაუჩნდა შინაგანი რწმენა, რომ მოსარჩელემ მოპასუხისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების გონივრული გზები ამოწურა;

11.6. როგორც მოსარჩელემ, ასევე, სასამართლომ იმაზე მეტი ძალისხმევა გამოიჩინა, ვიდრე ამას კანონი ავალებდა მათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.

13. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

14. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, უნდა არსებობდეს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.

15. ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. იმავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

17. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, ვინაიდან მოსარჩელემ არ მიიღო ყველა ზომა მოპასუხის ინფორმირებისთვის, ასევე, სასამართლოს არ მიაწოდა მისთვის ცნობილი ყველა მისამართი.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით; თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.

20. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად განიხილა სასამართლოს მხრიდან იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის გამოყენება და შემდგომში გამოუცხადებელი მხარის განცხადებაზე უარის თქმა, რომლითაც იგი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მართლზომიერად არ განკარგა საპროცესო შეტყობინების წესები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტლება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, GAKHARIA v. GEORGIA, განაცხადი №30459/13). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ: მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003-V და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხ. „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015 და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016). თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე (ibid.; ასევე იხილეთ mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული საქმე - „ზადოვნიკი“ (Zavodnik), §72).

21. გადაწყვეტილებაში ასევე განმარტებულია შემდეგი: სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007 და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015).

22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელემ არ მიიღო ყველა შესაძლო ზომა მოპასუხის ინფორმირებისთვის და სასამართლოს არ მიაწოდა მოპასუხის მისთვის ცნობილი ყველა მისამართი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის [თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ] შინაარსიდან გამომდინარე, მის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენდა. მართალია, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული მოპასუხის მისამართი: თბილისი, .........., ამ უკანასკნელის იურიდიული მისამართია, თუმცა აღნიშნული წინამდებარე საქმეში საკმარისი არ არის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დასატოვებლად, რადგან ასევე დადგენილია და მხარეები არ დავობენ იმის შესახებ, რომ ამ და კიდევ ორ სხვა მისამართზე, რომელზეც მოსარჩელემ მიუთითა, მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ჩაუბარებლობის მიზეზი ყველა შემთხვევაში უკავშირდებოდა მითითებას, რომ მოპასუხე ამ მისამართებზე ფაქტობრივად არ ცხოვრობს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი). ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მონაწილეობით სასამართლოს წარმოებაში იყო სხვა სამოქალაქო დავა, სადაც მოსარჩელე მხარე იყო “BRINA PROJECT LLP”, რომელსაც ამჟამინდელი მოპასუხე წარმოადგენდა, ხოლო მოპასუხე მხარე წინამდებარე საქმის მოსარჩელე. დასახელებულ სხვა დავაში მოსარჩელის (“BRINA PROJECT LLP”) წარმომადგენლის, ანუ წინამდებარე საქმის მოპასუხის ძირითადი მისამართის ველში მითითებული იყო შემდეგი: ქალაქი რუსთავი, ......., ბინა 58, ასევე, მითითებული იყო ამ უკანასკნელის ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი, თუმცა მოსარჩელეს წინამდებარე საქმეში სასამართლოსათვის მოპასუხის აღნიშნული მისამართის თაობაზე ინფორმაცია არ მიუწოდებია.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება, რაც იმავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების საფუძველია.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

26. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 8 000 ლარის 30% - 2 400 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი.ს–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ი.ს–სის“ (ს/ნ N......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 30% - 2 400 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი