Facebook Twitter

საქმე №ას-771-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ.დ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ქ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქორწინების ფაქტის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ.დ–ნის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი ლ.ქ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, ქორწინების დადგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე და მოპასუხე, 1992 წლიდან 2003 წლის 6 მარტამდე, ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - დ.ქ–ძე, დაბადებული 1994 წელს;

3.2. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, მასსა და მოპასუხეს შორის ქორწინების მოწმობის განმეორებით გაცემის თაობაზე;

3.3. აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2021 წლის 11 აგვისტოს N077121022792 ცნობით მოსარჩელისა და მოპასუხის ქორწინების აქტის ჩანაწერი არ მოიძებნა (ს.ფ. 40).

4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

5. მოსარჩელის მოთხოვნაა მასსა და მოპასუხეს შორის ქორწინების რეგისტრაციის არსებობის აღიარება 1994 წლის სექტემბრის თვიდან და შესაბამისი ჩანაწერის განხორციელება საჯარო რეესტრის სახელმწიფო სერვისებში.

6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რეგისტრირებული ქორწინების არსებობა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ცნობით, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 11.08.2021 წლის ცნობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24/06/2016 წლის დასკვნით, 02/05/2008 წლის განცხადებით გენერალურ პროკურორისადმი და მოწმეთა ჩვენებებით.

7. აპელანტის მითითებით, როგორც ახსოვს, ქორწინების რეგისტრაცია 1994 წლის სექტემბრის თვეში მოხდა, თუმცა არ ახსოვს კონკრეტულად რომელ რიცხვში, მიუთითებს რომ ქორწინების რეგისტრაცია, როგორც ახსოვს ქ. ბათუმში მდებარე ყოფილი ინტურისტების ქუჩაზე არსებულ ქორწინების სახლში განხორციელდა, მოსარჩელე კონკრეტულად ვერ მიუთითებს ქორწინების რეგისტრაციის განხორციელების ადგილსაც.

8. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ კონკრეტული ფაქტების მითითებისა და მტკიცების ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მხარეებს შორის ქორწინების რეგისტრაციის განხორციელების ფაქტი, ხოლო ფაქტი იმის შესახებ, რომ მხარეები ერთად ცხოვრობდნენ, ჰყავთ საერთო შვილი და 2003 წლის 6 მარტამდე ერთობლივად ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას სადავო არ არის.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმეები: ლ.დ–ძე და თ.ფ–ა, რომლებმაც მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთად ცხოვრობდნენ, მოწმეების ჩვენებებიდან არ იკვეთება, რომ მათ შორის ქორწინების რეგისტრაცია მოხდა.

10. მოსარჩელის მიერ მითითებული მოწმეებიდან, მხოლოდ დ.ს–ი მიუთითებს, რომ მხარეებმა ქორწინების სახლში მოაწერეს ხელი, თუმცა სად და როდის ვერც აღნიშნული მოწმე მიუთითებს.

11. ამდენად, აპელანტის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ გაიზიარა და არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს არც სხვა რაიმე სახის მტკიცებულება წარუდგენია, რომელიც მოპასუხესთან ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს (რეგისტრირებულ ქორწინებას) ასახავდა.

12. აპელანტის მიერ მითითებული მტკიცებულების (პასპორტის ანკეტა) შესახებ სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ბლანკს და შევსებულია დაინტერესებული პირის მიერ, ხოლო მასში ასახული მონაცემები მოწმდება უფლებამოსილი პირის მიერ და გაიცემა ოფიციალური დოკუმენტი.

13. ამდენად დაინტერესებული პირის (აპელანტის) ანკეტაში მეუღლის შესახებ მითითება, ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება საფუძვლად ვერ დაედება სარჩელის და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 1992 წლიდან მხარეებს შორის არსებობდა ფაქტობრივი თანაცხოვრება, ასევე სადავოდ არ გაუხდიათ გარემოება, რომ თანაცხოვრების პერიოდში 1993 წელს შეეძინათ ერთი შვილი დ.ქ–ძე.

15. სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებს, რომ ვინაიდან დაკარგულ დოკუმენტებს დღესაც ეძებს, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ მთავარ სხდომაზე მოახერხა სახელმწიფო სერვისების მიერ გაცემული ცნობების წარდგენა, რომლის საქმეზე დართვაზეც სასამართლომ უარი უთხრა, დაგვიანებით წარდგენის გამო. აპელანტმა მიუთითა, რომ ეს არის მოსარჩელის საბჭოთა პასპორტის მონაცემები და ცნობა, სადაც მეუღლედ მოპასუხე ფიქსირდება.

16. აპელანტს მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება არ გაუსაჩივრებია, თუმცა სააპელაციო საჩივარში მითითებული დოკუმენტების საქმისთვის მტკიცებულების სახით დართვა და ამ მტკიცებულებებით დადასტურებული ახალი ფაქტობრივი გარემოების შეფასება მოითხოვა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. თუმცა, აპელანტის მიერ მითითებული მტკიცებულებების საქმეზე დართვის შემთხვევაშიც, მხარის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო ბარათი მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ შევსებული ანკეტაა, რაც არ ადასტურებს, რომ პასპორტში აპელანტის მეუღლედ მოპასუხე იყო მითითებული. აღნიშნული ბარათი არ წარმოადგენს პასპორტის გაცემის საფუძველს, ბარათში მითითებული მონაცემები შემდეგ მოწმდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

17. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი. რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს ფაქტებს. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით ახდენს სასამართლო მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებას.

18. საქმის განხილვისას, სასამართლო სწორ მიმართულებას აძლევს მტკიცების პროცესს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სასამართლო ახდენს სადავო და უდავო ფაქტების გამიჯვნას. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა სსსკ-ის მე-4 მუხლთან კავშირში იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი (შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013 წ.).

19. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი ინტერესები ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით უნდა დადასტურდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხესთან ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის არსებობა. საქმეში წარმოდგენილი და მოსარჩელის მიერ მითითებული ვერც ერთი მტკიცებულება ვერ ადასტურებს ქორწინების რეგისტრაციის არსებობის ფაქტს.

20. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნაა რეგისტრირებული ქორწინების დადგენა, რასაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა და მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების არსებობა უარყო. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ფაქტობრივი შემადგენლობიდან თუნდაც ერთ-ერთი ფაქტის არარსებობა კი გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (სარჩელის გადაწყვეტას მოსარჩელის სასარგებლოდ). გარდა ამისა, მოთხოვნის წამოყენების საფუძველი ვალდებულების არსებობაა, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას კი, გარდა ხელშეკრულებისა, ზიანის მიყენებისა და უსაფუძვლო გამდიდრებისა, კანონით გათვალისწინებული საფუძველიც წამოადგენს.

21. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები, მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა და დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ (სუბსუმცია).

22. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1970 წლის 18 ივნისის საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის მოქმედების დროს, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, საქორწინო და საოჯახო ურთიერთობის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ახორციელებს მხოლოდ სახელმწიფო. მხოლოდ ის ქორწინებაა აღიარებული, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოებში. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, დაქორწინება ფორმდება მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოში. ქორწინების რეგისტრაცია წესდება როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებით, ისე - მეუღლეთა და მათი შვილების პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-16 მულის თანახმად, დაქორწინება ფორმდება ერთი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როცა დაქორწინების მსურველნი განცხადებას შეიტანენ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ სახელმწიფო ორგანოებში.

23. საქართველოს რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, ქორწინების რეგისტრაცია ხდება ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად დანიშნულ დღესა და საათზე, დასაქორწინებელ პირთა დასწრებით... განსახილველ შემთხვევაში, ისეთ პირობებში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აღიარებულ იქნეს 1994 წლის სექტემბრის ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის სახელმწიფო სერვისებში, აღნიშნულ მოთხოვნას მოპასუხე უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მიუთითებს, რომ ქორწინების რეგისტრაცია არ მომხდარა, ამასთან მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად თქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

24.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

24.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს ადასტურებს პარლამენტის წევრის დეკლარაცია, საპასპორტო ჩანაწერი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასკვნა, სადაც მოპასუხე მითითებულია, როგორც მეუღლე.

24.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინების ფაქტი არ დადასტურდა და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 18-23 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას. ამასთან, კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უსწორობასთან დაკავშირებით.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი იმდენად არაკვალიფიციურია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რადგან კასატორი არ მიუთითებს, თუ რაში გამოვლინდა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობები.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის არგუმენტი, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების ფაქტი მოპასუხის, როგორც თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციით დასტურდება, დაუსაბუთებელია, რადგან ‘საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირები. მოხმობილი ნორმის მიხედვით თანამდებობის პირის მიერ ფინანსურ დეკლარაციაში პირის მოხსენიება მეუღლედ ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ მათ შორის რეგისტრირებულია ქორწინება.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს ვერც მოწმეთა ჩვენებები დაადასტურებს. ამასთან, ვერც თავად მოსარჩელე და ვერც მოწმე ვერ იხსენებენ როდის და სად „დარეგისტრირდა“ ქორწინება. ამასთან, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქორწინების იურდიული ფაქტის რეგისტრაციას უარყოფს მოპასუხე.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.დ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ქ.დ–ნს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ჭ–ძის მიერ 22.07.2024 #22953861634 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური