საქმე №ას-20-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ჭ–ძის უფლებამონაცვლე ნ.ბ–სი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ვ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იურიდიული მომსახურების ღირებულების დაკისრება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.ვ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ანადვოკატი ) სარჩელი მ.ჭ–ძის (უფლებამონაცვლე ნ.ბ–სი) (შემდეგში: მოპასუხე, კლიენტი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, იურიდიული მომსახურების ღირებულების დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 31 200 ლარის გადახდა დაეკისრა;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს (პ/ნ ……) შორის 2013 წლის 21 ივლისს დაიდო იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ადვოკატი (მოსარჩელე) კისრულობდა ვალდებულებას, კლიენტისათვის გაეწია იურიდიული მომსახურება, წარმოედგინა და დაეცვა მისი ინტერესები სამივე ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან - ქობულეთში, სოფელ ......... მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით (მოწინააღმდეგე მხარე ე.ჭ–ძე), ხოლო კლიენტი (მოპასუხე)ვალდებული იყო, გადაეხადა ჰონორარი - პირველ ინსტანციაში 700 ლარი, მეორე და მესამე ინსტანციებში 600-600 ლარი, ხოლო საქმის კლიენტის (მოპასუხის) სასარგებლოდ დამთავრების შემთხვევაში - სადავო საგნის ღირებულების 50%, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა აუცილებელი ხარჯები. ამასთან, ხელშეკრულების ტექსტის დასაწყისში და ბოლოს კლიენტად მითითებულია მოპასუხე, პ.ნ. …….., რაც ემთხვევა მოპასუხის პირად ნომერს, ხელშეკრულებაზე დატანილია მისი ხელმოწერაც. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ტექსტში, ერთგან კლიენტად (შემკვეთად) მითითებულია ქ.ჯ–ძე, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს.
3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოცემულ დავაზე მოპასუხე კლიენტი მოსარჩელის (შემკვეთის) სტატუსით მონაწილეობდა და მისი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე (ადვოკატის კლიენტი) ე.ჭ–ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილი იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე - №….. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემადგენლობაში არსებული 1501.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობების (ნაკვეთის წინა ნომერი …….) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
3.3. აღნიშნულ დავაში კლიენტის/შემკვეთის (მოცმეული დავის მოპასუხის) ინტერესებს იცავდა მოსარჩელე ადვოკატი.
3.4. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთი, სოფელი ………, ს/კ ……., დარეგისტრირდა კლიენტის თანასაკუთრებაში.
3.5. შპს ,,შ.ც“-ს 24.04.2019წ. შეფასების დასკვნის თანახმად, ქ.ქობულეთში, სოფელ ......... მდებარე 2621,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, ს/კ ……, 350,00 კვ.მ. მიწისა და შენობა-ნაგებობის ¼ ნაწილის საბაზრო ღირებულებაა - 36 400 ლარი.
4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის (ადვოკატის) მოთხოვნა მოპასუხისთვის (კლიენტისათვის) იურიდიული მომსახურებისთვის შეთანხმებული ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, გამომდინარეობს დავალების ხელშეკრულებიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 709-ე და 710.1 მუხლებიდან.
4.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას, რაც სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიდან გამომდინარეობსს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე. გარდა ამისა, მომსახურეობის საფასური არის ადვოკატის მიერ განსაზღვრული, მის მიერ გასაწევი მომსახურების შესაბამისი ანაზღაურება. რისთვისაც აუცილებელია კლიენტსა და ადვოკატს შორის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთ პირობად მიჩნეული იქნება ჰონორარზე შეთანხმება. კლიენტისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ადვოკატის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა და გადახდის წესი.
4.2. განსახილველ შემთხვევაში, ანაზღაურების გადახდის ვალდებულება და მისი ოდენობა შეთანხმდა მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული ხელეკრულებით, კერძოდ, მხარეები ნათლად შეთანხმდნენ, რომ ადვოკატი (მოსარჩელე) კისრულობდა ვალდებულებას კლიენტისათვის (მოპასუხისათვის) გაეწია იურიდიული მომსახურება, წარმოედგინა და დაეცვა მისი ინტერესები სამივე ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან - ქობულეთში, სოფელ ......... მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო კლიენტი ვალდებული იყო გადაეხადა ჰონორარი - პირველ ინსტანციაში 700 ლარი, მეორე და მესამე ინსტანციებში 600-600 ლარი, ხოლო საქმის კლიენტის სასარგებლოდ დამთავრების შემთხვევაში - სადავო საგნის ღირებულების 50%, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა აუცილებელი ხარჯები.
4.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არსებობს მოსარჩელის/ადვოკატის მიერ მოთხოვნილი იურიდიული მომსახურებისათვის გათვალისწინებული გასამრჯელოს - 31 200 ლარის ანაზღაურების საფუძვლები.
4.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (კლიენტის/მოპასუხის) შედავება, რომ ის ხელშეკრულების შინაარს არ გაცნობია, ვინაიდან იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებას ხელს აწერს მოპასუხე, შესაბამისად მისი მტკიცება, შინაარსის უცოდინრობის თაობაზე, დაუსაბუთებელად მიიჩნია.
4.5. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის (კლიენტის) შედავება იმის შესახებ, რომ მას სადავო თანხები ადვოკატისთვის გადახდილი აქვს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისად, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია.
4.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ (ადვოკატმა) დაადასტურა თავის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი - იურიდიული მომსახურების ჯეროვნად გაწევა. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, დავალიანების ამ ოდენობით არარსებობის ფაქტის დადასტურება, კი სწორედ მოპასუხის (კლიენტის) ვალდებულებაა, რაც მან სათანადოდ ვერ უზრუნველყო.
4.7. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის/მოპასუხის შედავება იმის შესახებ, რომ უძრავი ქონების 1/12 ნაწილის მე-3 პირზე - მოსარჩელის (ადვოკატის) ნათესავზე - დ.ც–ძეზე გაფორმებით, მისი მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება ადვოკატის მიმართ შესრულებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან მოსარჩელე ადვოკატი და დ.ც–ძე მეგობრები არიან, ამ უკანასკნელმა გააცნო მოპასუხეს ადვოკატი/მოსარჩელე. ამ გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, არ წარმოუდგენია. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ მითთებული ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება წერილობითი ფორმით იყო გაფორმებული და მხარეების მიერ მასში შეტანილი პირობების ნებისმიერი ცვლილება ასევე წერილობით უნდა მომხდარიყო. მოპასუხეს/კლიენტს მსგავსი წერილობითი შეთანხმება არ წარმოუდგენია. ამდენად, აღნიშნული გამორიცხავს სხვა შესრულების მიღებით სადავო ვალდებულების შეწყვეტას.
4.8. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და დაასკვნა, რომ სსკ-ის 709- 710-ე მუხლების შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, რადგან მოპასუხის/კლიენტის (აპელანტის)მიერ ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა სსკ 316-ე და 361-ე მუხლების საფუძველზე, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არის წარმოდგენილ ხელშეკრულებაში შემკვეთად/კლიენტად ქ.ჯ–ძის მითითება მექანიკური შეცდომა.
5.3. კასატორის განმარტებით, მან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ექსტრემალურ პირობებში, ისე რომ არ მიეცა მისი გაცნობის საშუალება,
5.4. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთების გარეშე დააკისრა კლიენტს ვალდებულების შესრულება. კლიენტის უფლებამონაცვლის განმარტებით, მხარეები მოგებული ქონების ღირებულების 50%-ზე არ შეთანხმებულან, მით უმეტეს, რომ ადვოკატს (მოსარჩელეს) სრულყოფილი იურიდიული მომსახურება არ გაუწევია. ამასთან, კასატორის განმარტებით, კანონმდებლობით იურიდიული მომსახურების გაწევის საფასური არ უნდა აღემატებოდეს 4%-ს, შესაბამისად, უსაფუძვლოა კლიენტისათვის მოგებული ქონების ღიღებულების 50%-ის დაკისრება, აღნიშნულ საკითხზე კი სასამართლოს არ უმსჯელია.
5.5. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია, რომ მოსარჩელე ადვოკატი და დ.ც–ძე მეგობრები არიან, შესაბამისად, მოპასუხემ/კლიენტმა დ.ც–ძეს სწორედ საადვოკატო მომსახურების ანგარიშში გადაუფორმა მიწის ნაკვეთიდან 1/12 წილი. მიუხედავად ამისა, ამ ნაწილში სასამართლომ კლიენტის ვალდებულება შესრულებულად არ ჩათვალა.
5.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ.ბ–სი, ამავე განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს/მოპასუხეს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
10. საკასაცო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს იურიდიული მომსახურების ხელშკრულებიდან, რაც, დავალების მარეგულირებელი ნორმებით წესრიგდება. მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს იურიდიული მომსახურებისთვის შეთანხმებული გასამრჯელოს გადახდას.
11. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შესაფასებელია მხარეთა შორის იურიდიული მომსაურებისთვის შეთანხმებული გასამრჯელოს 31 200 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების მართლზომიერება.
12. სსკ-ის 709-ე მუხლით დადგენილია, რომ „დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე“, ხოლო 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამჯრელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი. რწმუნებულის ძირითადი ვალდებულებაა შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დავალების ხელშეკრულებით უფლებამოსილების ფარგლებში რწმუნებული მოქმედებს მარწმუნებლის სახელით, ასრულებს რა დავალებულ მოქმედებას, აღნიშნული მოქმედების შედეგად წარმოშობილი მატერიალური სარგებლის მიღებაზე უფლებამოსილი პირი მარწმუნებელია.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსკ-ის 709-ე მუხლში მითითებული ხარჯი არ მოიაზრებს რწმუნებულის მიერ შესრულებული მოქმედების საფასურს, იგი გულისხმობს იმ ხარჯსაც, რაც უკავშირდება მარწმუნებლის მიერ დავალებული მოქმედების შესრულებას. ხოლო შესრულებული დავალების გასამრჯელოს გადახდის წესს არეგულირებს სსკ-ის 710-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს როგორც უსასყიდლო ისე სასყიდლიანი, ამიტომ თუ რწმუნებულმა მარწმუნებლის სახელით შესრულებული მოქმედებისთვის უნდა მიიღოს გარკვეული საზღაური, ამის თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა იყოს მითითებული.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს კონკრეტული პირის (ან პირთა) უფლება, სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგინოს სხვა პირი (ან პირები) - წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე (იხ.დამატებით: ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, 427.). გარდა ამისა, მომსახურების საფასური (ჰონორარი) არის ადვოკატის მიერ განსაზღვრული, მის მიერ გასაწევი მომსახურების შესაბამისი ანაზღაურება. რისთვისაც აუცილებელია კლიენტსა და ადვოკატს შორის შეთანხმება, რომლის ერთ- ერთ პირობად მიჩნეული იქნება ჰონორარზე შეთანხმება. კლიენტისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ადვოკატის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა და გადახდის წესი (იხ. სუსგ-ები Nას-894-2021, 23.12.2021წ.; №ას-501-2022 24.10.2022 წ.;№ას-464-2023 23.05.2023წ.)
16. განსახილველ შემთხვევაში, გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება და მისი ოდენობა შეთანხმდა მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელშიც მხარეები ნათლად შეთანხმდნენ, რომ ადვოკატი. როგორც შემსრულებელი, კისრულობდა ვალდებულებას, კლიენტისათვის/შემკვეთისათვის გაეწია იურიდიული მომსახურება, წარმოედგინა და დაეცვა მისი ინტერესები სამივე ინსტანციის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან - ქობულეთში, სოფელ ......... მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით (მოწინააღმდეგე მხარე ე.ჭ–ძე), ხოლო კლიენტი ვალდებული იყო, გადაეხადა ჰონორარი - პირველ ინსტანციაში 700 ლარი, მეორე და მესამე ინსტანციებში 600-600 ლარი, ხოლო საქმის დამკვეთის სასარგებლოდ დამთავრების შემთხვევაში სადავო საგნის ღირებულების - 50%, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა აუცილებელი ხარჯები.
17. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე დაყრდნობით არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ კლიენტს ეკისრება ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურება ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას, აღნიშნული უნდა დადგინდეს მხარეთა ნების გამოვლენის გონივრულობის გათვალისწინებით. “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოწესრიგებიდან გამომდინარე, ადვოკატს ეკისრება კლიენტის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელისათვის ყველა ფინანსური ვალდებულების (რომელიც სასამართლო ხარჯების გარდა, ადვოკატისათვის გადასახდელ ჰონორარსაც მოიცავს) შესახებ ინფორმაციის დროულად და კვალიფიციურად მიწოდება (ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის 8.6 მუხლის მიხედვით, „ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ“), რაც კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილე კონტაჰენტთა იმთავითვე პრეზუმირებული კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს (სსკ-ის მე-8.3 მუხლი). ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის 8.8 მუხლის თანახმად, კი ჰონორარის ოდენობა და მისი გამოანგარიშების წესი წინასწარ ცნობილი და მისაღები უნდა იყოს კლიენტისათვის.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი (დამტკიცებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს- ხელმისაწვდომია: https://www......ge/files/1/GBA_Code.pdf ) არ შეიცავს. ამაზე ყურადღების გამახვილება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას, ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. 3.3.3 Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ (http://www.ccbe.eu/NTCdocument/EN_CCBE_CoCpdf1_1382973057.pdf.). საკასაციო სასამართლო არ განავითარებს მსჯელობას Pactum Quota de Litis-ზე, რადგან აღნიშნული საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, მოხმობილი ევროპული რეგულაცია კი ე.წ. „რბილი სამართალია“ (soft law), არ წარმოადგენს სამართლის უშუალო წყაროს, შესაბამისად, საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებაში ამ საკითხზე შეთანხმების ბათილად ცნობა ვერ მოხდება, რადგან არ არსებობს საჯარო მართლწესრიგი, რომელსაც ქართულ რეალობაში ეწინააღმდეგება მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმება, წინამდებარე საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროისათვის. ასევე საყურადღებოა სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოცულობაც, შესაბამისად, ამ მიმართებით სხვა მსჯელობა მიზანშეწონილი არ არის. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის საკანონმდებლო წესით მოწესრიგებული ადვოკატის მიერ ჰონორარის, მათ შორის წარმატების ჰონორარის, გამოანგარიშების საკითხი, სასამართლომ მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების განმარტების, ანუ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრულობისა და დადგენილი გასამრჯელოს სამართლიანობის შეფასების გზით უნდა იმსჯელოს მხარეთა შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე (იხ. სუსგ-ები Nას-1161-1116-2016, 12.10.2017წ.; №ას-1117-2020 25.03.2021წ.; ას-29-2021, 28.05.2021წ.; ას-413-2021-12.11.2021წ.; №ას-894-2021, 23.12.2021 წ.; ას-501-2022, 24.10.2022წ.)
19. საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების შესახებ მსჯელობისას, უპირველესად, იმას აღნიშნავს, თუ რა წესით შეთანხმდა ადვოკატისათვის კლიენტის მიერ ჰონორარის (გასამრჯელოს) ანაზღაურება, ამასთან, ეს საზღაური, თავისი არსით ჰონორარი იყო, თუ წარმატების ჰონორარი, რომელიც, ადვოკატისათვის უკვე გადახდილი გასამრჯელოს გარდა, დავის წარმატებით დასრულებისათვის /რაც არა მხოლოდ მხარის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოიხატება, არამედ-მოდავე მხარეთა მორიგებაშიც/ დამატებით თანხის გადახდას გულისხმობს, რომელიც, როგორც წერილობითი ხელშეკრულებიდან ირკვევა, მოგებული თანხის 50%-ით განისაზღვრებოდა. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული თანხა წარმოადგენდა წარმატების ჰონორარს, რაც შემკვეთს საადვოკატო მომსახურებისთვის შეთანხმებულ თანხებთან ერთად, საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში უნდა გადაეხადა.
20. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,შ.ც“-ს 24.04.2019წ. შეფასების დასკვნის თანახმად, ქ.ქობულეთი, სოფელ ......... მდებარე 2621,00 კვ.მ. სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, ......, 350,00 კვ.მ. მიწისა და შენობა-ნაგებობის ¼ ნაწილის საბაზრო ღირებულებაა 36 400 ლარი.
21. დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის (განსახილველ საქმეში მოპასუხე) მოთხოვნა მოპასუხე ე.ჭ–ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელე ცნობილი იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე -№...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების შემადგენლობაში არსებული 1501.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობების (ნაკვეთის წინა ნომერი .....) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
22. დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთი, სოფელი ......., ს/კ ......, დარეგისტრირდა კლიენტის თანასაკუთრებაში. დადგენილია, რომ ე.ჭ–ძესთან ქობულეთში, სოფელ ......... მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავაში, რომელიც გრძელდებოდა 5 წლის განმავლობაში, 2013-2018წწ., მოპასუხის (კლიენტის/შემკვეთის) ინტერესებს იცავდა მოსარჩელე (ადვოკატი/შემსრულებელი). მიუხედავად ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებისა, მოგებული სასამართლო დავის საფუძველზე, მოსარჩელემ მოითხოვა უძრავი ქონების ღირებულების არა 1/2 ნაწილის - 36 400 ლარის, არამედ 30 000 ლარის, ასევე მეორე და მესამე ინსტანციების სასამართლოებში იურიდიული მომსახურებისათვის შეთანხმებული 1 200 ლარის, ჯამში 31 200 ლარის ანაზღაურებას.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიული მომსახურებისთვის გათვალისწინებული გასამრჯელოს - 31 200 ლარის ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებულია და სახელშეკრულებო შეთანხმებას ეფუძნება. საკასაციო სასამართო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი. შეთანხმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება მოიცავს მკაფიო მოწესრიგებას ჰონორარის გადახდის წესის თაობაზე, შესაბამისად, ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკური ვალდებულება და დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა სრულად შესრულებულია, რაც უსაფუძვლოს ხდის კასატორის პრეტენზიას.
24. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას, რომ მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებას ხელს აწერს მოპასუხე. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი.
25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ხელშეკრულებაში მის ნაცვლად შემკვეთად/კლიენტად ქ.ჯ–ძის მითითების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ ხელშეკრულებაში დასაწყისში და ბოლოს შემკვეთად/კლიენტად მითითებულია მოპასუხე (პ/ნ ........), რაც ემთხვევა მოპასუხის პირად ნომერს, ხელშეკრულებაზე ასევე დატანილია მისი ხელმოწერაც, ამასთან, მხარეთა ხელმოწერები სადავო არაა. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე: ,,გარიგების წერილობითი ფორმით არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა“ მითითებით განმარტავს, რომ ,,ზოგადი წესის თანახმად, წერილობითი გარიგების ნამდვილობა და მისთვის ორმხრივად/მრავალმხრივად მავალდებულებელი ძალის მინიჭება დასტურდება მხარეთა ხელმოწერით (იხ. სსკ-ის 69.3 მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დოკუმენტში გამოვლენილი ნება არ წარმოადგენს გარიგების არსებითი პირობების თაობაზე მიღწეული შეთანხმების საგანს“ (იხ. სუსგ-ები N ას-839-805-2016, 06.03.2017წ; N ას- 391-2024, 5.07.2024წ.).საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელმოწერას ე.წ. დოკუმენტის დასრულების ფუნქცია აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელის მომწერი ხელმოწერით ასრულებს თავის ნების გამოვლენას და შინაარსობრივად ადასტურებს მას (შეად. სუსგ-ებს: N ას-19287-2018, 5.07.2019; N ას-1408-2022, 17.07.2023წ; N ას-391-2024, 5.07.2024წ.). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა, რომ ხელშეკრულების შინაარსში ერთგან შემკვეთად ქ.ჯ–ძის მითითება არის მხოლოდ ტექნიკური შეცდომა (იხ. ს.ფ 15-17).
26. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონების 1/12 ნაწილის მე-3 პირზე ადვოკატის/შემსრულებლის ნათესავ დ.ც–ძეზე გაფორმებით მისი (კლიენტის) მხრიდან მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება მოსარჩელის (ადვოკატის) მიმართ შესრულებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან მოსარჩელე და დ.ც–ძე მეგობრები არიან, ამ უკანასკნელმა გააცნო მოპასუხეს ადვოკატი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად კასატორს რაიმე სახის მტკიცებულება, ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა, არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება წერილობითი ფორმით იყო გაფორმებული და მხარეების მიერ მასში შეტანილი პირობების ნებისმიერი ცვლილება ასევე წერილობით უნდა მომხდარიყო. მოპასუხეს კი მსგავსი წერილობით შეთანხმება არ წარმოუდგენია, რაც გამორიცხავს სხვა შესრულების მიღებით სადავო ვალდებულების შეწყვეტას.
27. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სსკ-ის 709-ე-710-ე მუხლების შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ვინაიდან მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია მოპასუხის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჭ–ძის უფლებამონაცვლე ნ.ბ–სის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ჭ–ძის უფლებამონაცვლე ნ.ბ–სს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 01.07.2024 წლის #22618471564 საგადახდო დავალებით გადახდილი 1560 ლარის 70% - 1092 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური