საქმე №ას-504-2024 04 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ს.კ. „ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ს.კ. „ე.ჯ–იას“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 3 800 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის 2019 წლის 31 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ͏№419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მოეხდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების - №1 დანართისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - №2 დანართის შესაბამისად) მომსახურების გაწევა. ამასთან, ხელშეკრულების №1 დანართის (დაზღვევის პირობები) მეორე ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტომანქანის ან მისი ნაწილის შეკეთების დღედ განისაზღვრა ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე.
3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების №1 დანართის (დაზღვევის პირობები) მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, 2019 წლის 29 დეკემბერს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „RE͏NAULT SA͏NDERO“, სახელმწიფო ნომრით „.....“, გამოშვების წელი - 2019, ხოლო 2020 წლის 10 იანვარს, მხარეებმა ხელი მოაწერეს დარეგულირების აქტს. აღნიშნული ავტომობილის ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2019 წლის 30 იანვარისა, დასრულდა 2020 წლის 15 აპრილს -76 კალენდარული დღის დაგვიანებით.
4. მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადავილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 3 800 ლარს. დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისათვის განისაზღვრა 30 ( ოცდაათ) დღიანი ვადა, თუმცა მოპასუხეს თანხა არ გადაუხდია. (იხ. სარჩელი).
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 31 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ͏№419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს გაეწია მომსახურება. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შესახებ 2020 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების DEC MI 29/12/19-004 ფარგლებში, მოპასუხემ სრულად აანაზღაურა გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა. მოსარჩელის მოთხოვნით ავტოსერვის ცენტრის შპს „ფ.ა–ოს“ ანგარიშზე, ხელშეკრულებით დადგენილ 20 კალენდარული დღის ვადაში, კერძოდ, 2020 წლის 30 იანვარს ჩაირიცხა თანხა. დაზიანებული ავტომობილის შეკეთება-აღდგენა სცდება მზღვეველის, როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობას, ასევე ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დაგდენილ ნორმებს. მზღვეველმა სადაზღვევო ვალდებულება შეასრულა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემით - შესაბამისი სერვისცენტრის ანგარიშზე თანხის გადახდით. შემდგომი მოქმედებები და ამ მოქმედების შედეგად ავტომობილი შეკეთება-აღდგენის ვადების სერვის ცენტრის მხრიდან გადაცილება სცილდება მოპასუხის ბრალეულობის საკითხს.
6. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო ასევე შეუსაბამოდ მაღალია, ამასთან, არ დასტურდება მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოპასუხემ არაერთგზის სცადა შპს „ფ.ა–ოდან“ დაედგინა შეკეთების დაგვიანების მიზეზები, თუმცა, უშედეგოდ. დაზღვეული ავტომობილის შესაკეთებელი თანხა შეადგენდა 2 675 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის მიერ მოთხოვილია 3 800 ლარი, რაც არაგონივრული და არაპროპორციულია.
7. ასევე, 2020-2021 წლებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით, რთული პანდემიური პერიოდით და თანმდევი კრიზისული სიტუაციით, რაც პირდაპირ კავშირში იყო მოპასუხის კონტრაქტორ სერვის-ცენტრების მხრიდან ავტომობილის აღსადგენად საჭირო სათადარიგო ნაწილების მოძიებისას ვადების გაჭიანურებასთან და სცილდებოდა მზღვეველის პასუხისმგებლობას. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე აცნობებდა, როგორც მოსარჩელეს, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. მიუხედავად არარეთგზის მიმართვისა, ხელშეკრულების პირობები არ შეცვლილა.
8. მოპასუხემ მიუთითა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის, დადგენილი სასამართლო პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციის - პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა შეამციროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არაუმეტეს 0,02% მდე. ( იხ. შესაგებელი).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2019 წლის 31 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №419 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით 267.5 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 380 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, 327-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
12. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილზე და უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 31 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ͏№419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მოეხდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის 2 (თანდართული დაზღვევის პირობების - №1 დანართისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - №2 დანართის შესაბამისად) მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების №1 დანართის (დაზღვევის პირობები) მეორე ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტომანქანის ან მისი ნაწილის შეკეთების დღედ განისაზღვრა ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რაც გათვალისწინებული იყო როგორც არაჯეროვანი შესრულების, ასევე, შესრულების ვადადარღვევით მიწოდებისთვის.
13. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დაადგინა, რომ 2019 წლის 29 დეკემბერს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „RE͏NAULT SA͏NDERO“ სახელმწიფო ნომრით „.....“, გამოშვების წელი - 2019. 2020 წლის 10 იანვარს, მხარეებმა ხელი მოაწერეს დარეგულირების აქტს. დაზიანებული დაზღვეული ავტომობილის ტექნიკური მომსახურება უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 30 იანვარს, მაგრამ დასრულდა 2020 წლის 15 აპრილს - 76 კალენდარული დღის დაგვიანებით. ვადაგადაცილების გამო, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადავილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, სულ - 3 800 ლარი. სადავო არ არის, რომ მოპასუხეს სამინისტროსათვის დარიცხული პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
14. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას შეაფასა სააპელაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიის ჭრილში, რაც უკავშირდება საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას.
15. სსკ-ის 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები ͏№ას-848-814-2016, 28.12.2016; ͏№ას-816-767-2015, 19.11.2015; ͏№ას-953-918-2016, 22.11.2016).
16. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ. 6.05.2015წ., საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
17. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, რომელიც სასამართლოს აქვს მინიჭებული, ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).
18. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
19. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული
20. შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ, საქმე №ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; საქმე №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; საქმე №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; საქმე №ას-1511-2018, 26.03. 2019 წ.).
21. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობის მართებულობა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს არაგონივრულობისა და შემცირების მიზანშეწონილობის თაობაზე, თუმცა არ დაეთანხმება მსჯელობას იმ ნაწილში, რომ კონკრეტულ შემთხვევაში „მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №419 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებელი ნაწილის ღირებულებიდან - 2675 ლარიდან და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ.“
22. საააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი იმ პრაქტიკის შესახებ, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება), თუმცა განსახილველ შემთხვევაში განსხვავებული მოცემულობაა, კერძოდ დაზღვეული ავტომობილის აღდგენასთან დაკავშირებული სერვისის გაწევის ვადები და მისი დარღვევისათვის გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია მხარეთა შორის დადებული 2019 წლის 31 მაისის ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტებით, მათ შორის, 11.5 პუნქტით, რომელიც არ ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით გამოთვლის წესს შესრულებელი ვალდებულების, ან თუნდაც მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან, არამედ პირდაპირ ადგენს მყარად განსაზღვრულ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით.
23. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა შემცირდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3 800 (50X76) ლარი. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, ვადაგადაცილების მოცულობის, დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანიისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 380 ლარით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
25. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ისე გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სადავო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის შესახებ, რომ არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოება, თუ რატომ იყო იგი არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი.
26. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კასატორმა მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, დაზღვევის მომსახურება დადგენილ დროში შეესრულებინა, ვინაიდან მოსარჩელისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების დათქმულ ვადაში შესრულებას, რათა თავად ჯეროვნად შეასრულოს საკუთარი ფუნქცია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, კასატორმა მიუთითა უტყუარად დადგენილ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას ტექნიკური მომსახურება 76 კალენდარული დღის დაგვიანებით ჩაუტარდა. ხელშეკრულების მე-12 პუნქტით კი, სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხსა და ვადებზე მოპასუხე იყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, მოსარჩელეს მიადგა გარკვეული ზიანი. სსკ-ის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის დარიცხვის შესახებ სრულად ჯდება კანონით დადგენილ ჩარჩოში.
27. კასატორმა მოიხმო საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა (სუსგ 23.03.2023წ. საქმე №ას-889-2022; საქმე №ას-896-845-2015, 10.12.2020წ.; საქმე №ას-888-2020წ., 17.06.2020წ. საქმე №ას-174-2020) და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში პირგასამტეხლო გამოიყენა არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით, რაც უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.
28. კასატორის მოსაზრებით, სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს გონივრულობის ფარგლებში და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად. ყურადსაღებია ვალდებულების დროულად შესრულების საჯარო ინტერესი და ის მთავარი მიზანი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს უნდა გააჩნდეს შემაკავებელი ეფექტი. პირგასამტეხლოს თანხის ამდენად შემცირება, აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას, მის ქმედითობას და ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისა თუ შეუსრულებლობის წახალისების საშუალებად, მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესის დაკნინებადაც კი შეიძლება იქნებს განხილული. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებით ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ექმნება იმის მოლოდინი, რომ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების პირობებშიც კი, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ფარგლები ძალიან მცირე იქნება, რაც შემსყიდველს ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფის ბერკეტს ართმევს. ასევე, არ იმუშავებს მისი შემაკავებელი ეფექტი.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით კი საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
31. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.
33. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.
37. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება, სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), მუხლებიდან გამომდინარეობს.
38. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
39. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების(სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, თბილისი, 2017წ., გვ.119).
42. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
43. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ-ები: №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წ; №ას-882-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ; №ას-948-2023, 10 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-1335-2023, 30 იანვარი, 2024 წ.).
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში.
45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
46. მხარეთა შორის 2019 წლის 31 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ͏№419 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მოეხდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის 2 (თანდართული დაზღვევის პირობების - №1 დანართისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - №2 დანართის შესაბამისად) მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების №1 დანართის (დაზღვევის პირობები) მეორე ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტომანქანის ან მისი ნაწილის შეკეთების დღედ განისაზღვრა ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რაც გათვალისწინებული იყო როგორც არაჯეროვანი შესრულების, ასევე, შესრულების ვადადარღვევით მიწოდებისთვის. ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ.21-28).
47. 2019 წლის 29 დეკემბერს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „RE͏NAULT SA͏NDERO“ სახელმწიფო ნომრით „.....“, გამოშვების წელი - 2019. 2020 წლის 10 იანვარს, მხარეებმა ხელი მოაწერეს დარეგულირების აქტს. დაზიანებული დაზღვეული ავტომობილის ტექნიკური მომსახურება უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 30 იანვარს, მაგრამ დასრულდა 2020 წლის 15 აპრილს - 76 კალენდარული დღის დაგვიანებით. ვადაგადაცილების გამო, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადავილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, სულ - 3 800 ლარი. სადავო არ არის, რომ მოპასუხეს სამინისტროსათვის დარიცხული პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
48. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).
49. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
50. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).
51. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
52. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021 წელი).
53. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
54. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.
56. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).
57. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).
58. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზიანებული დაზღვეული ავტომობილის ტექნიკური მომსახურება უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 30 იანვარს, მაგრამ დასრულდა 2020 წლის 15 აპრილს - 76 კალენდარული დღის დაგვიანებით. ვადაგადაცილების გამო, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, სულ - 3 800 ლარი. სადავო არ არის, რომ მოპასუხეს სამინისტროსათვის დარიცხული პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
59. შესაბამისად გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის, მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხისაგან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
60. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რადგან მოსარჩელეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოება, თუ რატომ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა სასამართლოს შეემცირებინა პირგასამტეხლო, სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო იმგვარად, რომ არ უმსჯელია, თუ რა კონკრეტული ფაქტები მიიღო მხედველობაში, როდესაც შეთანხმებული პირგასამტეხლო შეამცირა, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:
61. ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).
62. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).
63. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).
64. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (შდრ: სუსგ-ები: №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019წელი; №ას-535-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი).
65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
66. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მხარის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც სარჩელში, (ასევე შესაგებელში თუ პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. შდრ: სუსგ №ას-576-2022, 7 ივლისი, 2022 წელი). ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი).
69. პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (იხ. ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7.). პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ-ები: №ას-186-2021, 25.03.2021წელი.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021 წელი).
70. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.
72. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ-ები: №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი).
73. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად არაგონივრული და შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა, სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (შდრ: სუსგ-ები: №ას-1499-2022, 24 იანვარი, 2023 წელი; №ას-1576-2022, 16 მარტი, 2023 წელი).
74. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
75. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
76. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
77. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები (შდრ: სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი).
78. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (შდრ: სუსგ №ას-827-2021, 03 დეკემბერი, 2021 წელი). რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (იხილეთ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
79. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი).
80. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ამასთან, არ დასტურდება მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. მოპასუხემ არაერთგზის სცადა შპს „ფ.ა–ოდან“ დაედგინა შეკეთების დაგვიანების მიზეზები, თუმცა, უშედეგოდ. დაზღვეული ავტომობილის შესაკეთებელი თანხა შეადგენდა 2 675 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის მიერ მოთხოვილია 3 800 ლარი, რაც არაგონივრული და არაპროპორციულია. ( იხ. შესაგებელი).
81. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შდრ: სუსგ-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი, პ.18; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ; №1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №485-2024, 28 ივნისი, 2024 წ.).
82. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 380 ლარამდე არამართებულად შემცირდა. აღნიშნული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა.
83. ამიტომაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. შესაბამისად, კასატორის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
84. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმის კონკრეტული გარემოებების, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და დარღვევის სიმძიმის შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად მიიჩნევს დაკისრებული პირგასამტეხლოს - 3800 ლარის 1/2-ს - 1900 ლარს, რაც სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას (შდრ: სუსგ №ას-303-2024, 22 ივლისი, 2024 წ.).
85. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1900 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
საკასაციო პალატის მიერ საპროცესო ხარჯების განაწილება:
1. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
2. სსსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, იმის გათავლისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ - 1900 ლარი ( ½ ), ხოლო მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამივე ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი 550 ლარის (პირველი ინსტანციის სასამართლოში - 100 ლარი, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში - 150 ლარი, ხოლო საკასაციო სასამართლოში - 300 ლარი) ნახევარის - 275 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 411-ე მუხლით, 55.1-ე მუხლით, 39.2 მუხლით და
გადაწყვიტა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი სს „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. სს „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 1900 ლარის გადახდა;
5. სს „ს.კ.ე.ჯ–ია“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 275 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე