Facebook Twitter

საქმე №ას-1013-2023 4 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის განჩინებით ნ.კ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) სააპელაციო საჩივარი შპს „ტ–ას“ (შემდგომ - მოსარჩელის უფლებამონაცვლე), როგორც მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე) უფლებამონაცვლის მიმართ არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19 493,06 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა - 15 926,98 ლარი, პროცენტი - 2 066,08 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 500 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2019 წლის პირველი აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 20 თებერვლიდან 2024 წლის 10 აპრილამდე ძირითად თანხაზე - 15 926,98 ლარზე წლიური 18% სარგებლის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2019 წლის პირველი აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №1940308-10428273 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა კრედიტი - 16 500 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 2024 წლის 10 აპრილამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-ისა);

2.2. 2020 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით, №1940308-10428273 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით - 15 926,98 ლარი, საპროცენტო სარგებლის სახით - 2 066,08 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2 270,29 ლარი.

3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წინამდებარე სააპელაციო საჩივრით მოპასუხე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა 2020 წლის 20 თებერვლიდან 2024 წლის 10 აპრილამდე ძირითად თანხაზე - 15 926,98 ლარზე წლიური 18% სარგებლის გადახდის ნაწილში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შუამდგომლობის ავტორი ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.

5. სააპელაციო პალატის მითითებით, მიუხედავად პრეზუმფციისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო, დასახელებულ ნაწილში წარდგენილი მოთხოვნა მხარეთა სამოქალაქო კანონმდებლობით გამტკიცებული კეთილსინდისიერი ქცევის შესაბამისი უნდა იყოს და კრედიტორის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე რაიმე უფლებამოსილების გამოყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 115-ე მუხლით დადგენილი უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის მსგავსი არ უნდა იყოს.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით და მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა კრედიტებით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება. საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის წლიური 18%-ის ოდენობით. მოსარჩელემ კრედიტით გაცემული ძირითადი თანხიდან შემოსავალი ვერ მიიღო, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად და მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ 2020 წლის 20 თებერვლიდან 2024 წლის 10 აპრილამდე (ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე) ძირითად თანხაზე - 15 926,98 ლარზე წლიური 18% სარგებლის გადახდა მართებულად დააკისრა.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში წარდგენილი მოთხოვნა მხარეთა სამოქალაქო კანონმდებლობით გამტკიცებული კეთილსინდისიერი ქცევის შესაბამისია. ამასთან, კრედიტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება სსკ-ის 115-ე მუხლით დადგენილი უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვად ვერ შეფასდება.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მოთხოვნაზე მიუღებელი შემოსავლის ნაწილში და იგი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა ძირ თანხაზე სარგებლის გადახდა არა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არამედ, ხელშეკრულების მოქმედების ვადით. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავდა დასკვნას, რომელიც შეეხებოდა მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარს, კერძოდ, თუ რატომ არ უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს სარგებელი ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის სარგებლის დაკისრება ხელშეკრულების ვადით და არა ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ მოპასუხემ ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებით და სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის - 15 926,98 ლარის ნაწილში ცნო, რაც აისახა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

10. სააპელაციო პალატა დაეთანხმა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შედეგს სარჩელის ცნობის გამო, სესხის ძირი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ. ამასთან, რადგან სააპელაციო პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენ ნაწილზე არ წარდგენილა, სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მათზე აღარ იმსჯელა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

16. საკასაციო საჩივრის თანახმად:

16.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მიუღებელი შემოსავალი არის ის ზიანი, რომელიც ბანკმა, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ვერ მიიღო. მიუღებელი შემოსავალი არის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც დამტკიცება სჭირდება. სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოსარჩელემ მიუთითა ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა მოპასუხე არ დაეთანხმა სადავო პერიოდში მიუღებელი შემოსავლის მიღების საკითხს, რითაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოეშვა.

16.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მითითება ზიანის მიყენების ფაქტზე, თუმცა ზიანის ოდენობა - 18% აღსრულებამდე პერიოდისათვის დასაბუთებულად არ მიიჩნია. ამდენად, იმავე საფუძვლით, რაც სასამართლომ ამ დებულების დასაბუთებისათვის გამოიყენა, დაუსაბუთებელია 2020 წლის 20 თებერვლიდან 2024 წლის 10 აპრილამდე ძირითად თანხაზე 15926.98 ლარზე წლიური 18% სარგებლის გადახდის დაკისრებაც. სამოქალაქო ბრუნვის პირობებში, ასევე, საკრედიტო დაწესებულების საკრედიტო პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების გათვალისწინებით, ყოველწლიურად საპროცენტო განაკვეთები იცვლება. შესაბამისად, წლების მანძილზე (2020 წლიდან - 2024 წლამდე) ფიქსირებულად ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს. აღნიშნული მსჯელობა შეეხება აღსრულებამდე პერიოდისათვის მიუღებელ შემოსავალს, შესაბამისად, იგი უნდა გავრცელდეს 2020 წლიდან 2024 წლამდე პერიოდისათვის მიუღებელ შემოსავალზეც, რადგან ერთსა და იმავე ფაქტობრივ გარემოებას ეხება საქმე და, პერიოდების მიხედვით, სხვაგვარად განმარტება დაუშვებელია.

16.3. ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ზიანის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იყო დასაბუთებული და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივარი უნდა დაეკმაყოფილებინა.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნებიდან როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო პალატის შეფასების საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის, 2019 წლის პირველი აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის 20 თებერვლიდან 2024 წლის 10 აპრილამდე (ანუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში) ძირითად თანხაზე - 15 926,98 ლარზე წლიური 18% სარგებლის გადახდის დაკისრების მართლზომიერება. აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ ნაწილში გაასაჩივრა.

18. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს კრედიტით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება. შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში კრედიტორს უნდა მიეღო შემოსავალი კრედიტის გადაუხდელი თანხის წლიური 18%-ის ოდენობით, რაც ვერ განხორციელდა.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრის ნორმატიული წესი მოცემულია სსკ-ის 411-ე მუხლში, რომლის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, მოვლენები რომ მართლზომიერების ფარგლებში განვითარებულიყო.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმით დადგენილი ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხმება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც, სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე, ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

21. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების დებულებებს შეესაბამება. კასატორს კი აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, მოსარჩელე სარჩელში ითხოვდა 18%-იანი სარგებლის ანაზღაურებას ვალდებულების სრულად შესრულებამდე, თუმცა როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს სარჩელი ნაწილობრივ - მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ 2023 წლის 21 ივლისის №4739 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 2023 წლის 10 აგვისტოს საგადასახადო დავალებით №2103 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 130,03 ლარის, საერთო ჯამში 430,03 ლარის 70% – 301,02 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ნ.კ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 21 ივლისის №4739 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 2023 წლის 10 აგვისტოს საგადასახადო დავალებით №2103 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 130,03 ლარის, საერთო ჯამში 430,03 ლარის 70% – 301,02 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი