საქმე №ას-791-2021 2 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ი–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად აღიარება, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განჩინებით მ.ი–იას (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2007 წლიდან 2016 წლის ივლისამდე მოსარჩელე მიწვეული იყო მოპასუხე უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრში საბაკალავრო მასწავლებლის თანამდებობაზე და მასთან ფორმდებოდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები. აღნიშნულის საფუძველზე ყოველ სემესტრში მოსარჩელე კითხულობდა ლექციებს.
2.2. 2016 წლის 24 ივლისიდან მხარეთა შორის დადებული ბოლო - 2016 წლის 14 მარტის შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძვლით, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მათ შორის შრომითი ურთიერთობა აღარ არსებობდა.
2.3. 2016 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელემ მოითხოვა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება და შესაბამისი საფუძვლის მითითება. მოპასუხის 2017 წლის 6 იანვრის წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, თუ რატომ აღარ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება. ამასთან, 2017 წლის 16 მარტს მოპასუხემ მოსარჩელეს, მისივე მოთხოვნით, წერილობითი დასაბუთება დამატებით გაუგზავნა.
3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთება მოსარჩელეს ჩაბარდა 2017 წლის 6 იანვარს, დამატებით - 16 მარტს, რის შემდგომაც მან სასამართლოში სარჩელი აღძრა არა კანონით განსაზღვრულ 30-დღიან ვადაში, არამედ 2017 წლის 23 ივნისს.
4. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 128-ე მუხლის თანახმად, მოწესრიგებულია ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. მისი ზოგადი სამართლებრივი არსი სსკ-ის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში №3/1/531 საქმეზე (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია: „სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“.
5. ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო, არასაიმედო ან არასრული იყოს (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
6. სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადები. საქართველოს შრომის კოდექსი (შემდგომ - სშკ) ადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების შედავების ვადასა და წესს, კერძოდ, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 38-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 ნაწილების შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გაუგზავნოს დამსაქმებელს წერილობითი მოთხოვნა შეწყვეტის დასაბუთების შესახებ; ამ მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღის ვადაში, დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამის შემდგომ დასაქმებულს უფლება აქვს აღძრას სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში 30 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ ვადაში, დასაქმებულს უფლება აქვს 30 დღის ვადაში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში, იცვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდგომ - სსსკ) მხარეებზე გადანაწილებული მტკიცების ტვირთი და დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს).
7. სშკ-ის 38-ე მუხლით დადგენილი სარჩელის წარდგენის 30-დღიანი ვადის ათვლა უკავშირდება შესაბამისი შეტყობინების (რა ვალდებულებაც დამსაქმებელს კონკრეტული საფუძვლებით 47.1 „ა“, „ვ“, „ი“, „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას გააჩნია) მიღების შემდეგ, დასაქმებულის მოთხოვნიდან 7 დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების გადაცემის ან ამავე ვადაში გათავისუფლების საფუძვლის დაუსაბუთებლობის მომენტს. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონკრეტული მიზეზებისა და გარემოებების შესახებ დასაქმებულის ინფორმირება, რის გარეშეც შეუძლებელია, მან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სადავო გახადოს. სწორედ ამიტომ დასაქმებულის მხრიდან წერილობითი დასაბუთების მიღების უფლების რეალიზების შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი არ დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მასზე გადადის.
8. წარმოდგენილი საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების დასაბუთების მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 9 ნოემბერს, ხოლო 2017 წლის 15 მარტის განცხადებით მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ჩაბარება. მოპასუხეს, მოსარჩელისთვის სშკ-ის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში (2017 წლის 17 ნოემბერს) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობით დასაბუთება არ გადაუცია და ასეთი დოკუმენტი გადასცა ჯერ 2017 წლის 6 იანვარს, ხოლო შემდგომ 2017 წლის 16 მარტს. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 23 ივნისს, რა დროსაც 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის 30-დღიანი ვადა უკვე ამოწურული იყო.
9. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის უარსაყოფად მოპასუხის შესაგებელი ეფუძნება ხანდაზმულობას. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხანდაზმულობის გამო. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის პირობებში, არ არსებობს სამსახურში ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის (როგორც დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგის) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა გაუშვა. ჯერ კიდევ 2017 წლის 16 იანვარს მან აღძრა სარჩელი, რომელიც 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით არ იქნა მიღებული წარმოებაში; შემდეგ 25 აპრილს, 25 მაისს, ბოლოს კი 23 ივნისს მიმართა სასამართლოს. ყველა სარჩელი განსახილველად დაეწერა ერთსა და იმავე მოსამართლეს, რაც წარმოადგენდა აღნიშნულ ფაქტზე მიუთითებლობის საპატიო მიზეზს. სარჩელში ასახული მოთხოვნები ექვემდებარება გასაჩივრების სამწლიან ვადას.
15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების დასაბუთების მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 9 ნოემბერს, რომელზეც წერილობითი პასუხი მიღებულ იქნა 2017 წლის 6 იანვარს, ხოლო ბოლოს - 2017 წლის 16 მარტს. მოსარჩელემ კი სარჩელი სასამართლოში აღძრა 2017 წლის 23 ივნისს, რა დროსაც 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის 30-დღიანი ვადა უკვე ამოწურული იყო. განსახილველ საქმეზე, მართლაც 2017 წლის 23 ივნისს იქნა წარდგენილი სარჩელი, თუმცა მანამდე - 2017 წლის 16 იანვარს, შემდეგ 25 აპრილსა და 25 მაისს. ამდენად, დასაბუთებული პასუხის მიღებიდან 30 დღის ვადაში სარჩელი წარედგინა სასამართლოს.
15.3. რაც შეეხება 7-დღიან ვადაში პასუხის მიუღებლობას და 17 ნოემბრიდან 30-დღიანი ვადის გასვლას, 2016 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული წერილით დასაქმებულმა მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების დასაბუთება, ანალოგიური მოთხოვნით მან მიმართა ასევე განათლების სამინისტროს (ფაქტობრივად, დაიწყო დავა). 2016 წლის 15 ნოემბერს მოპასუხემ წერილი გაუგზავნა განათლების სამინისტროს და არა დასაქმებულს. 7-დღიანი ვადის ამოწურვამდე განათლების სამინისტროდან (სატელეფონო საუბრის მეშვეობით) მოსარჩელემ შეიტყო, რომ გაეცა პასუხი, რომელსაც მას გაუგზავნიდნენ. ამასთან, სამინისტრომ დაავალა მოპასუხეს დასაბუთებული პასუხის მოსარჩელისთვის გადაგზავნა. 2016 წლის 9 დეკემბრით დათარიღებული წერილით მოსარჩელეს გაეგზავნა მოპასუხის 15 ნოემბრის წერილი, ხოლო 2017 წლის 6 იანვარს პასუხი მიიღო უშუალოდ მოპასუხისგან.
15.4. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა სშკ-ის 38-ე მუხლით, არამედ 47-48 მუხლებით. ის ფაქტი, რომ მოპასუხემ 2016 წლის 9 ნოემბრის წერილს პასუხი გასცა 2017 წლის 6 იანვარს, ადასტურებს, რომ ამ პერიოდში მიმდინარეობდა დავის მორიგებით დასრულებაზე მოლაპარაკება. სხვა შემთხვევაში გაურკვეველია, რატომ დასჭირდა მოპასუხეს 6 იანვარს პასუხის გაცემა, თუკი ამ დროს მოსარჩელის მოთხოვნა უკვე ხანდაზმული იყო. სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისათვის არ უცნობებიათ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მის მიმართ დაიწყო გასაჩივრების არა 30-დღიანი, არამედ 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა (სსკ-ის 129-ე მუხლი).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.
17. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა - ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოთხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).
18. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება რაიმე დროით შეზღუდული არ არის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრა, რაც მოვალის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითების შემთხვევაში სასამართლოს გამოსაკვლევი და დასადგენია.
19. ხანდაზმულობა სამართალში ფაქტის საკითხია და მასზე მითითება მოპასუხის ვალდებულებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1504-1424-2017, 09 თებერვალი, 2018 წელი). მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენისას, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-498-2020, 25 ნოემბერი, 2020 წელი).
20. წინამდებარე დავაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ წარადგინა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც მიუთითა მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის ვადის დარღვევაზე.
21. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მოპასუხის შედავებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მოსარჩელემ პირველად დააფიქსირა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში, სადაც ასახა წინამდებარე განჩინების 15.1 პუნქტში მითითებული ფაქტები, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებამდე რამდენჯერმე უკვე მიმართა სასამართლოს; მისი სარჩელები დაეწერა ერთსა და იმავე მოსამართლეს, რის გამოც აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სასამართლოსათვის აღარ მიუწოდებია.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს.
23. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე მხარემ შესაგებელში მიუთითა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით სარჩელის სასამართლოში წარდგენის თაობაზე, სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც მოპასუხე სარჩელს უარყოფს აღნიშნული საფუძვლით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეს გადადის და მას ევალება ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.
24. სსსკ-ის 219.1 მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ „მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტიურ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმისათვის, სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ ამ შეცდომას სასამართლო ვერ გამოასწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს“ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 215).
26. საკასაციო პალატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება მიღებულია იმავე მოსამართლის მიერ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში წინამდებარე საქმის განხილვისას მიიღო გადაწყვეტილება ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, გავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე საქმის განხილვის შედეგზე, რადგან ფაქტზე მითითება არის მხარის ვალდებულება, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება და სასამართლოს არ აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს მტკიცებულებები, მოპასუხის მიერ შედავებულ ფაქტობრივ გარემოებას „გამოესარჩლოს“ მოსარჩელის ნაცვლად და „გააბათილოს“ იგი.
27. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ეფექტურად განკარგა თავისი საპროცესო უფლება და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა, რომლის საპირისპიროდ მოსარჩელეს შედავება არ განუხორციელებია, არ მიუთითებია იმ ფაქტზე, რომ სარჩელი სასამართლოში მანამდე უკვე აღძრა, თუმცა იგი არ იქნა მიღებული წარმოებაში.
28. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება ასევე კასატორის მითითება, რომ მან დავა არა სასამართლოს, არამედ სხვა დაწესებულებისათვის მიმართვით დაიწყო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი, ზემოთ მოყვანილი სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი სასარჩელო ხანდაზმულობის შეწყვეტას ვერ გამოიწვევდა.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა აღნიშნულისათვის მხარემ სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით უნდა დაასაბუთოს, რომ საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს, აღნიშნულ ინსტანციაში ახალი მტკიცებულების წარდგენა დაუშვებელია.
31. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.01.2017წ., 28.04.2017წ. და 30.05.2017წ. განჩინებები სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ), მთლიანობაში „14“ ფურცლად.
32. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს №25299682 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ი–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ.ი–იას (პ/ნ N.......) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს №25299682 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.01.2017წ. 28.04.2017წ. და 30.05.2017წ. განჩინებები სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ), მთლიანობაში „14“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 84-97);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი