Facebook Twitter

02 ოქტომბერი 2024 წელი

№ას-151-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. ,,ე–ი’’ (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ის’’ მიერ)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. ,,ფ–ი’’

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 27 ოქტომბერს შ.პ.ს. „ფ“-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი წარდგინა შ.პ.ს. ,,ე–ი“-ს (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ის“ მიერ) მიმართ და მოითხოვა შემდეგი:

1.1. შ.პ.ს. ,,ე–ი’’-ისათვის (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ის’’ მიერ) შ.პ.ს. ,,ფ’’-ს სასარგებლოდ 190 893.20 ევროს გადახდის დაკისრება;

1.2. შ.პ.ს. ,,ე–ი’’-ისათვის (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ის’’ მიერ) შ.პ.ს. ,,ფ’’-ს სასარგებლოდ 190 890.20 ევროს წლიური 10%-ის ანაზღაურების დაკისრება, 2018 წლის 20 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. (იხ. დაზუსტებული სარჩელი ტ.3. ს.ფ. 190-211). მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ითხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შ.პ.ს. ,,ფ’’-ს (წარმომადგენელი - გ.კ–ძე) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ,,ე. ს.ფ–ის’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი ....) ყველა სახის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 190 893.20 ევროს ფარგლებში, საქართველოში რეგისტრირებულ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში.

3. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა შ.პ.ს. ,,ე–ი’’-მ (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ის’’ მიერ).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით შ.პ.ს. ,,ე’’-ს (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ის’’ მიერ) წარმომადგენლის ბო ლენნარტ რაგნარ სამუელსსონის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით შ.პ.ს. ,,ე’’-ს (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ის’’ მიერ) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,ფ’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შ.პ.ს. ,,ე.’’-ს (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ის’’ მიერ) მოსარჩელე შ.პ.ს. ,,ფ’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა 190 893.20 ევროს გადახდა. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ, შ.პ.ს. ,,ფ’’-მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ხოლო შ.პ.ს. ,,ე’’-მ (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე.ს.ფ–ის’’ მიერ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. 2024 წლის 01 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შემოვიდა შ.პ.ს. ,,ფ’’-ს და შ.პ.ს. ,,ე–ი’’-ს (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ის’’ მიერ) ერთობლივი განცხადება, რომლითაც მათ მორიგების აქტი წარმოადგინეს და მისი დამტკიცება ითხოვეს.

12. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტებით დასტურდება, რომ მხარეებმა (წარმომადგენლებმა) მორიგების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე თანხმობა განაცხადეს.

13. 2024 წლის 02 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შემოვიდა შ.პ.ს. ,,ფ’’-ს და შ.პ.ს. ,,ე’’-ს (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ის’’ მიერ) ერთობლივი განცხადება, რომლითაც მათ განმარტეს, რომ წარმოდგენილ მორიგების აქტში გათვალისწინებული არ ყოფილა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხი და ითხოვეს პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება შ.პ.ს. ,,ე–ი’’-ს მხრიდან მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე და გაუქმება აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მორიგების პირობები უნდა დამტკიცდეს და შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ და თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

16. მორიგება თავისუფალი ნების გამოვლენაა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას ისახავს მიზნად და იგი, თავისი ბუნებით, სამოქალაქო-სამართლებრივ გარიგებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მასზე ვრცელდება გარიგების ნამდვილობის ყველა ის მოთხოვნა, რაც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს, იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სადაც მოქალაქე სამკურნალოდ იმყოფება, შესაბამისი სამხედრო ნაწილის მიერ, თუ მინდობილობა სამხედრო მოსამსახურემ გასცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

20. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მორიგების აქტს კასატორის (მოპასუხის) მხრიდან ხელს აწერს და მორიგების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე თანხმობას აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენლობით უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე - რ.ჭ–ი. საქმეში წარმოდგენილია მინდობილობა, რომლის ძალითაც შ.პ.ს. ,,ე’’-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების - პ.მ–სა და ტ.რ–ოს მიერ რ.ჭ–ს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს შ.პ.ს. ,,ე–ი’’ ყველა ინსტანციის სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით. ამასთან, დადასტურებულია, რომ ფინეთის სამეწარმეო რეესტრის შესაბამისად, პ.მ–სა და ტ.რ–ოს აქვთ უფლებამოსილება, ერთობლივად წარმოადგინონ კომპანია „ე–ი“(იხ. მინდობილობა).

21. მორიგების აქტს მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მხრიდან ხელს აწერს და მორიგების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე თანხმობას აცხადებს ორგანიზაციის დირექტორის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი - გ.კ–ძე. საქმეში წარმოდგენილია შ.პ.ს. „ფ“-ს დირექტორის ი.მ–ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის ძალითაც, გ.კ–ძეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს შ.პ.ს. „ფ–ი“ ყველა ინსტანციის სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების უფლების ჩათვლით (იხ. მინდობილობა). საქმის მასალებში ასევე მოიპოვება ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება ი.მ–ის უფლებამოსილება შ.პ.ს. „ფ“-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე. ამდენად, მორიგების პირობები მიღწეულია საამისოდ უფლებამოსილ პირთა შორის.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო თავისი განცხადებით ან მხარეთა ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები მორიგების აქტით შეთანხმდნენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №2/22553-20) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში მორიგების აქტის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე და გაუქმდეს აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდეგ.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

27. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ შ.პ.ს. ,,ე“-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით. ვინაიდან მორიგების აქტი წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტით, მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ფ“-ს და შ.პ.ს. ,,ე–ი“-ს შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მხარეთა - შ.პ.ს. ,,ე“-ს (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე.ს.ფ’’-ს მიერ) (ს/კ ....) (შემდგომ მოპასუხე) და შ.პ.ს. „ფ“-ს (ს/კ ......) (შედგომ მოსარჩელე) შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

2.1. მოპასუხე ვალდებულია წინამდებარე მორიგების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების ასლის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ელექტრონული ფოსტით (მოსარჩელის ელექტრონული ფოსტის მისამართი: .....i@attorney.ge; მოპასუხის წარმომადგენლების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე (შეტყობინება იგზავნება ყველა ამ მეილზე) Piotr......@eltelnetworks.com, .....@blc.ge და ....@blc.ge) გაგზავნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში მოსარჩელეს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: მიმღების ბანკი ს.ს. „თ.ბ–ი“, ბანკის კოდი TBCBCE22 მიმღების ანგარიში: GE66TB0600000011467777, მიმღების სახელი: შ.პ.ს. „ფ–ი“, გადაუხადოს უნაღდო ანგარიშსწორების გზით 120000 (ასოციათასი) ევროს ექვივალენტი ლარში გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.

2.2. იმ შემთხვევში, თუ მოპასუხე შ.პ.ს. ,,ე–ი“ (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე ს.ფ–ი’’-ს მიერ (ს/კ ....)) დაარღვევს ამ მორიგების აქტის პირველი პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას, რაც დადასტურდება წინამდებარე მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებულ მოპასუხის ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილის დაბეჭდილი ასლითა და ს.ს. „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული ცნობით (რომლითაც დასტურდება, რომ ამ მორიგების აქტის პირველ (2.1.) პუნქტში მითითებულ ვადაში არ მომხდარა 120000 (ასოციათასი) ევროს ექვივალენტი ლარში გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით ჩარიცხვა ამ მორიგების აქტის პირველ პუნქტში მითითებულ შ.პ.ს. „ფ“-ს ანგარიშზე), მას მოსარჩელის შ.პ.ს. „ფ–ი“-ს (ს/კ .......) სასარგებლოდ დაეკისროს 190 893.20 ევროსა და 10 379.82 ლარის გადახდა.

2.3. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხის მხრიდან მორიგების აქტის პირველი (2.1.) პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე და გაუქმდეს აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდეგ.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება (№2/22553-20) და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება (№2ბ/601-23).

4. მხარეთა მორიგების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე №ას-151-2024.

5. დაუბრუნდეს ,,ე–ი“-ს (საქართველოში წარმოდგენილი ,,ე. ს.ფ–ი’’) (ს/კ ......) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი (საგადასახადო დავალება №8845, გადახდის თარიღი: 29.01.2024წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი