საქმე№ას-440-2024
07 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ჯ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჯ.ა–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ.ჯ–ის სარჩელი მოპასუხე მ.ჯ.ა–ის წინააღმდეგ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის და თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს განჩინება, რომლითაც, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ჯ.ა–ძის მიერ 2018 წლის 20 ოქტომბერს გაცემული N181299373 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, მ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება. მ.ჯ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 640 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ჯ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით, კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. კერძოდ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
2024 წლის 06 ივნისს, კასატორის წარმომადგენლმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით, კასატორ - მ.ჯ–ის შუამდგომლობა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; მ.ჯ–ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სსსკ-ის 396.1-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
2024 წლის 04 ივლისს, კასატორის წარმომადგენლმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით, მ.ჯ–ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შეევსო ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინოს: სსსკ-ის 396.1-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; განემარტა, რომ სასამართლო დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით წარმოდგენის შემდგომ იმსჯელებდა, კასატორის 04.07.2024 წლის შუამდგომლობაზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
აღნიშნული განჩინება, კასატორს ჩაბარდა 2024 წლის 31 ივლისს.
2024 წლის 05 აგვისტოს, კასატორის წარმომადგენლმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, კასატორ - მ.ჯ–ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში შეევსო ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სსსკ-ის 396.1-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი;
აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2024 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. განჩინება ჩაბარდა შვილს, მ.ხ.მ.ჯ–ს (ს.ფ.387).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განჩინება Nას-1305-2022 .
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, 18 აპრილის განჩინებით, მ.ჯ–ს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 7 დღიანია საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და მიეცა 10 დღიანი საპროცესო ვადა. 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და ასევე განემარტა, რომ დასაბუთებული საკასაციო საჩივრის, გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით წარმოდგენის შემდგომ იმსჯელებდა სასამართლო, კასატორის 04.07.2024 წლის შუამდგომლობაზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, კასატორს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა სამი დღით. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, თბილისი, ......., 2024 წლის 24 სექტემბერს ჩაბარდა, მ.ჯ–ის შვილს - მ.ხ.მ.ჯ–ს (იხ. ჩაბარების დასტური). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინება, კასატორს ჩაბარდა 2024 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7 დღის საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 25 სექტემბერს და ამოიწურა 2024 წლის 27 სექტემბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით განსაზღვრულ სამ დღიან ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განჩინება საქმე №ას-821-2024 ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 372-ე, 396.3-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი