Facebook Twitter

საქმე№ას-978-2024

07 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ზ.ზ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.ს–ი, თ.ზ–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა; საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ზ.ზ–ის თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ზ.ზ–ის სარჩელი, ლ.ს–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ზ.ზ–ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 60 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის, თ.ზ–ის სარჩელი, ზ.ზ–ის მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ.ზ–ს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი სადგომი, მდებარე ქ. თბილისი, ზურაბ ....... ქუჩა N9-11-ში, კერძოდ, N ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან პირველ სართულზე 9.886 კვ.მ და მეორე სართულზე 16.22 კვ.მ ფართი, ზ.ზ–ისათვის ამ ფართის საბაზროს ღირებულების - 32000 ლარის 25%- ის 8000 ლარის გადახდის სანაცვლოდ; დადგინდა, რომ საცხოვრებელ სადგომზე, მდებარე ქ. თბილისი, ........, კერძოდ, # ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან პირველ სართულზე 9.886 კვ.მ და მეორე სართულზე 16.22 კვ.მ ფართზე, თ.ზ–ის საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე დარეგისტრირდეს იპოთეკა ზ.ზ–ის სასარგებლოდ, რაც გაუქმდეს თ.ზ–ის მიერ ზ.ზ–ისათვის 8000 ლარის გადახდისთანავე; ზ.ზ–ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 240 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ.ზ–მა, რომელმაც უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ზ.ზ–ის სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, მან ასევე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ.ზ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით, ზ.ზ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ზ.ზ–ს, სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრა 160 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ზ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, ზ.ზ–ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. კერძოდ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით.

აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2024 წლის 31 ივლისს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. განჩინება ჩაბარდა შვილიშვილს, ნ.ზ–ს (ს.ფ.190).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განჩინება Nას-1305-2022 .

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, ზ.ზ–ს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 7 დღიანია საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ........, 2024 წლის 31 ივლისს ჩაბარდა ზ.ზ–ის შვილიშვილს- ნ.ზ–ს (იხ. ჩაბარების დასტური). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება, კასატორს ჩაბარდა 2024 წლის 31 ივლისს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7 დღის საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 01 აგვისტოს და ამოიწურა 2024 წლის 07 აგვისტოს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით განსაზღვრულ შვიდ დღიან ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განჩინება საქმე №ას-821-2024 ).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 372-ე, 396.3-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ზ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი