Facebook Twitter

საქმე №ას-346-2024 26 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ა.ც–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს „თ.დ–ვა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „თ.ბ–ის“ სესხთან დაკავშირებული ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულებითა და თანდართული ავტომობილის დაზღვევის პოლისში გათვალისწინებული პირობებით ა.ც–ძის (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დაზღვეული) კუთვნილი ავტომობილი LEXUS ..... (შემდეგში - სადავო ავტომობილი ან ავტომობილი) სს „თ.დ–ვის“ (შემდეგში - მოპასუხე, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) მიერ იქნა დაზღვეული.

2. დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, დაზღვევა სრულად ფარავს პოლისში მითითებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ავტომობილის დაზიანებით გამოწვეულ ზარალს.

3. დაზღვევის პირობების თანახმად, დაზღვეული ავტომობილის განადგურების შემთხვევაში ავტომობილის საბაზრო ღირებულება სადაზღვევო თანხის ფარგლებში ანაზღაურდება, მისი ნარჩენი ღირებულების (სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის საბაზრო ფასი, ასეთის არსებობის შემთხვევაში), პოლისში მითითებული ფრანშიზის, სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის უკვე ანაზღაურებული თანხებისა და დამზღვევის მიერ დარჩენილი სადაზღვევო პერიოდისთვის მზღვეველისთვის გადასახდელი მოქმედი პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის (ასეთის არსებობისას) გამოკლებით.

4. 2020 წლის 2 აგვისტოს, ქედის რაიონის სოფელ ......... ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილი დაზიანდა.

აღნიშნულის თაობაზე სადაზღვევო კომპანიას ცხელი ხაზის მეშვეობით ეცნობა.

ბრალეულ მძღოლად მიჩნეულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის, ........ სახელმწიფო ნომრის მქონე მერსედესის მძღოლი ა.დ–ძე, რომელმაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 და 33.2 მუხლის მოთხოვნები დაარღვია.

5. ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო, 2019 წლის 4 აპრილიდან - მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდე - მოსარჩელეს შეჩერებული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

6. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების მოთხოვნით 2020 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხს.

7. მოწინააღმდეგე მხარის 2020 წლის 16 სექტემბრის პასუხით მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მძღოლი სადაზღვევო შემთხვევის მომენტისთვის იყო მართვის უფლებამოსილების არმქონე პირი, რაც დაზღვევის პირობების 1.1.3 პუნქტით მზღვეველს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა.

8. 58 980 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების მოთხოვნით მზღვეველის წინააღმდეგ დაზღვეულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 58 980 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა დაეკისრა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სადაზღვევო კომპანიამ. ხსენებული გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მითითებულ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

- შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის მომენტისთვის მოსარჩელე წარმოადგენდა მართვის უფლებამოსილების არმქონე მძღოლს, რაც დაზღვევის პირობების 1.1.3 მუხლის საფუძველზე მზღვეველს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქმეზე გამოიკვეთა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები, რაც, თავის მხრივ, მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს გამორიცხავდა.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლით მოითხოვა:

მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რომ მართვის უფლების არმქონედ არ განიხილება პირი, რომელსაც ეს უფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეუჩერდა.

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონი სწორად განმარტა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ის დათქმაც მართებულად მიიღო მხედველობაში რომლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, მძღოლის ასაკი და, მის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის საჭირო/აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სატრანსპორტო საშუალების მართვის ცოდნა და უნარ-ჩვევები ჰქონდა, რაც მართვის მოწმობით დასტურდება.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროისთვის მართვის უფლების შეჩერება, მოსარჩელის სათანადო უფლებამოსილების არმქონე მძღოლად განხილვის საფუძველს არ ქმნის და, არც დავის საგანს არ წარმოადგენდა. ამასთან, ზეაღნიშნულის შესახებ მხარეთათვის ცნობილი იყო დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერად ეთქვა მოსარჩელეს (დამზღვევი) უარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის მოპასუხის (მზღვეველი) მიერ ანაზღაურების მოთხოვნაზე.

15. სარჩელის ზემომითითებული მოთხოვნა სსკ-ის 799.1 და 820-ე მუხლებიდან გამომდინარეობს, რომელთა შინაარსი ასეთია: დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ზიანის დაზღვევისას, მზღვეველმა ზიანი ფულით უნდა აანაზღაუროს.

16. რაც შეეხება განსახილველ სადაზღვევო შემთხვევას, მოსარჩელემ შემდეგ გარემოებაზე მიუთითა:

- 2020 წლის 2 აგვისტოს, ქედის რაიონის სოფელ ......... ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობისას ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა, რა დროსაც სადავო ავტომობილი დაზიანდა. აღნიშნულის თაობაზე სადაზღვევო კომპანიას ცხელი ხაზის მეშვეობით ეცნობა. ბრალეულ მძღოლად მიჩნეულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის, ..... სახელმწიფო ნომრის მქონე მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლი ა.დ–ძე, რომელმაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 და 33.2 მუხლის მოთხოვნები დაარღვია.

- სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილისთვის მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების მოთხოვნით 2020 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხს.

- მოპასუხის 2020 წლის 16 სექტემბრის წერილით მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურებაზე უარი იმ საფუძვლით გაეცა, რომ მძღოლი სადაზღვევო შემთხვევის მომენტისთვის მართვის უფლებამოსილების არმქონე იყო, რაც დაზღვევის პირობების 1.1.3 პუნქტით მზღვეველს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა.

17. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტა შემდეგი საკითხების ზუსტად განსაზღვრასთან არის დაკავშირებული:

1). სადაზღვევო შემთხვევის მომენტისთვის მოსარჩელე, იყო თუ არა მართვის უფლების მქონე პირი;

2). ხომ არ არსებობს, ზემომითითებული მოტივით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან მზღვეველის განთავისუფლების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი.

18. დასმულ საკითხზე პასუხის გასაცემად, თავდაპირველად, დაზღვევის ხელშეკრულებაზე თანდართული სადაზღვევო პირობების 1.1.3 პუნქტი უნდა მოვიშველიოთ, რომლის მიხედვით:

დაზღვევა არ მოქმედებს, დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება ან/და ანაზღაურების შემთხვევაში უკან დაბრუნებას ექვემდებარება, თუ დაზღვეულ ავტომობილს მართავდა 18 წლამდე ასაკის ან/და მართვის უფლებამოსილების არმქონე მძღოლი.

შექმნილ მოცემულობაში შემდეგი საკითხის გამორკვევის აუცილებლობა დგება დღის წესრიგში: ავტოსაგზაო შემთხვევისას, მოსარჩელე, იყო თუ არა მართვის უფლების არმქონე პირი?

საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მოსარჩელეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული ჰქონდა.

პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მოსარჩელეს ავტომობილის მართვის უფლება არ გააჩნდა და ეს დასკვნა შემდეგი მსჯელობიდან გამომდინარეობს:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54.1 მუხლის (ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა). რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ). რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული). გ). რომელიც სააგენტომ დაუშვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს), ამავე კანონის 59.1 (ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია: ა). პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ბ). სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეჩერება; გ). პირისათვის მინიჭებული „AM“, „A“, „B“, „ჩ“, „D“, „BE“, „ჩE“, „DE“, „თ“, „შ“ კატეგორიის/„A1“, „A2“, „B1“, „ჩ1“, „D1“, „ჩ1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა (მხოლოდ ამ კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის); დ). მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა; დ1). მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის კალენდარული წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწურვა; ე). საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა), 59.5 (ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), და 59.6 (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით მართვის უფლების შეჩერებიდან ამ უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე უფლებაშეჩერებული პირი მართვის უფლების არმქონედ ითვლება) მუხლების ერთობლიობაში შეფასება/გაანალიზების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მართვის უფლების შეჩერების პერიოდში მძღოლს აკრძალული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვა.

ზემომითითებული დასკვნის უარსაყოფად ვერ გამოდგება იმ გარემოებაზე მითითება, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59.6 მუხლი (სადაც მართვის უფლების არმქონე პირთა წრეა ფორმულირებული) ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე (რომლითაც დადგენილია, რომ ამ კანონით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეჩერება) მითითებას არ შეიცავს, რამდენადაც მოცემული ნორმის ამგვარად განმარტება წინააღმდეგობაში მოდის ამავე კანონის არაერთ იმპერატიულ ნორმასთან, მათ შორის, 54.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტთან, რომლითაც კანონმდებლის მიერ ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული.

აქვე, საგულისხმოა, რომ 59.1 მუხლით კანონმდებლის მიერ დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძვლები, რომელთაგან ერთ-ერთია შემთხვევა, როცა ადგილი აქვს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეჩერებას, ხოლო, 59.5 მუხლით დადგენილია, რომ მითითებული გარემოების არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე,

ამდენად, ნათელია, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეჩერების პირობებში პირს აკრძალული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვა მანამ, სანამ მართვის უფლების შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრება.

აღნიშნულის შესახებ მკაფიო დათქმას შეიცავს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59.5 მუხლი. შესაბამისად, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევის მომენტისთვის მართვის უფლება მოსარჩელეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეჩერებული ჰქონდა, იგი მართვის უფლებამოსილების არმქონე პირს წარმოადგენდა, რაც დაზღვევის პირობების 1.1.3 პუნქტით მზღვეველს სრულად ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

19. ზემოთ მოყვანილ მსჯელობას ვერ გააქარწყლებს კასატორის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების იმ პუნქტზე აპელირება, რომლითაც ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში უფლებამოსილი მძღოლის განმარტებაა წარმოდგენილი. მოცემული საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) მართებულად მიუთითა და სწორად აღნიშნა, რომ კერძოსამართლებრივი გარიგების ფარგლებში შეთანხმებულ ნებისმიერ პირობას, რომელიც კანონის იმპერატიულ ნორმებს ეწინააღმდეგება, მხარეთათვის მბოჭავი ძალა ვერ ექნება.

20. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა). კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ა.ც–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;

3.საკასაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე