Facebook Twitter

03 ოქტომბერი, 2024 წელი

საქმე №ას-462-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.დ–ძე, ი.ბ–ძე, ნ.დ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - დელიქტიდან გამომდინარე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2019 წლის 25 სექტემბერს, ქ.ბათუმში ავტომობილის (მიკროავტობუსი) მართვისას გ.დ–ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან მოსარგებლე, რომელმაც ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის, შემდეგში - სპეციალური კანონის მოთხოვნები დაარღვია) ღია კარით მოძრაობდა, საიდანაც დამუხრუჭებისას მ.გ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დაზარალებული) გადმოვარდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276.4 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო ზემომითითებული ქმედებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენით პირველი მოპასუხე დამნაშავედ ცნეს.

3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ მიიღო: თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, ქალა-სარქვლის მოტეხილობა, ქალის-ფუძის მოტეხილობა. ავადმყოფობის მიმდინარეობა მწვავედ იყო განვითარებული.

4. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიღებულ ტრავმასთნ დაკავშირებით 2019 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელე საავადმყოფოში მოათავსეს და შემდეგი დიაგნოზი დაუსვეს: ქალა - ტვინის დახურული ტრავმა, ქალა - ფუძისა და ქალა - სარქვლის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, თხელი ფენა სუბდურული ჰემატომები ორმხრივ შუბლ - თხემის არეში, მარცხნივ შუბლ - თხემისა და მარჯვნივ თხემ - საფეთქლის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა. დაზიანებები ერთობლიობაში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას მიეკუთვნებოდა.

5. სტაციონარიდან მოსარჩელე 2019 წლის 30 სექტემბერს გაეწერა და შემდეგი სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები მიეცა: წოლითი რეჟიმი 10 დღე, მედიკამენტოზური მკურნალობა, დინამიკაში დაკვირვების მიზნით 1 თვის შემდეგ თავის ტვინის კ.ტ. კვლევა, შესაბამისი მედიკამენტებით ექიმი -ნევროპათოლოგის სამკურნალო რეკომენდაცია.

6. მისარჩელე ადვოკატია და საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს, ამასთან, იგი ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მცირე საოჯახო ტიპის სახლის მშობელჩამნაცვლებლად მუშაობს, სადაც მისი ყოველთვიური ხელფასი 500 ლარს შეადგენს.

7. სტაციონარში ყოფნისა და შემდგომი მკურნალობის განმავლობაში (2019 წლის 25 სექტემბრიდან 2019 წლის 20 ოქტომბრამდე) მოსარჩელეზე საავადმყოფო ფურცელი გაიცა, რაც მითითებულ პერიოდში მის შრომისუუნარობას ადასტურებს.

8. ავტომობილი, რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია, ი.ბ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მესაკუთრე) საკუთრებადაა აღრიცხული და ავტოსაგზაო შემთხვევისას მოსარგებლე მას მესაკუთრის ნების საფუძველზე მართავდა.

9. 2021 წლის 24 თებერვალს, მეორე მოპასუხესა და ნ.დ–ძეს (შემდეგში - მესამე მოპასუხე) შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც ქ.ბათუმში, ........ შესახვევში მდებარე უძრავი ქონება მეორე მოპასუხემ შვილზე, მესამე მოპასუხეზე გაასხვისა.

10. სასამართლოში სარჩელი აღძრა დაზარალებულმა, რომელმაც მოითხოვა:

10.1. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო პირველი მოპასუხისა და ი.ბ–ძისთვის სოლიდარულად 2 000 ლარის, ხოლო მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 16 600 ლარისა და 1 000 ლარის, ჯამურად 19 600 ლარის აზღაურების დაკისრება;

10.2. უძრავ ქონებაზე მეორე მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს 2 000 ლარის ოდენობით სამედიცინო მკურნალობის ხარჯის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს 2 000 ლარის ოდენობით მატერიალური და 1 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ;

- ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის 2021 წლის 24 თებერვალს უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა პირველი და მეორე მოპასუხის სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლები, რადგან ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებული პირი უფლებამოსილი იყო, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაეყენებინა, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლისთვის, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და უშუალოდ ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, ისე - სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის, რომლის ნების საფუძველზეც სატრანსპორტო საშუალებას მოსარგებლე მართავდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 998-ე, 999.1, 999.4 მუხლები).

13.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საფუძვლიანი იყო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც. აღნიშნულ ნაწილში სარჩელი იმ გარემოებას ეფუძნებოდა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, რის გამოც დაერღვა ცხოვრების ნორმალური რიტმი, ჯერ სტაციონარში, ხოლო შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, გადიოდა მკურნალობის კურსს, შრომისუნარიანობის დაქვეითების გამო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, კერძო სამართლით გათვალისწინებულმა სხვადასხვა სახის ურთიერთობებმა შეიძლება მორალური, სულიერი ტანჯვა გამოიწვიოს, მაგრამ მორალური ზიანის ანაზღაურება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში არის გათვალისწინებული, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ავადმყოფობის (ჯანმრთელობის დაზიანების) დამადასტურებელი, ასევე, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის ავადმყოფობას შორის ადეკვატური მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ პირველმა მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით ხელყო მოსარჩელის ჯანმრთელობა, კერძოდ, სს ,,ე.ჰ–ბის" ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, აღნიშნულ კლინიკაში დაზარალებული 2019 წლის 25 სექტემბერს, 12:00 საათზე მოთავსდა, სადაც შემდეგი დიაგნოზი დაესვა: თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევა, ქალა-სარქვლის მოტეხილობა, ქალის ფუძის მოტეხილობა. ამავე ცნობით ირკვეოდა, რომ ავადმყოფობა მწვავედ მიმდინარეობდა, ჩატარებული იყო მკურნალობა: სტაციონარი, ანტიბიოტიკოთერაპია, ანალგეტიკები, დეჰიდრატაცია, ინფუზია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 დეკემბრის განაჩენითაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ ჯანმრთელობის აღნიშნული დაზიანებები პირველი მოპასუხის (მოსარგებლის) მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მიიღო.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზემომითითებული დაზიანებებით ხელყოფილ იქნა დაზარალებულის სხეული, რამაც მოსარჩელის ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირების შეფერხება გამოიწვია, რომლის აღსადგენად მოსარჩელის სტაციონარში 5 დღით მოთავსება გახდა აუცილებელი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით პირველი მოპასუხე და მეორე მოპასუხე ვალდებული იყვნენ, რომ მოსარჩელისთვის სოლიდარულად აენაზღაურებინათ როგორც მატერიალური ზიანი ისე მორალური ზიანის სახით მის მიერ მოთხოვნილი თანხა - 1000 ლარი (სსკ-ის 413-ე მუხლი).

13.3. დელიქტით მიყენებული ზიანით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მისი შრომისუუნარობა დასტურდებოდა 2019 წლის 25 სექტემბრიდან 2019 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში.

სარჩელზე დართული ბ.კ–ძის განცხადებითა და სხვა მასალებით, ასევე, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე ჩამოყალიბებული განმარტებებით, არ დასტურდებოდა მოსარჩელის, როგორც ადვოკატის მიერ 2019 წლის 25 სექტემბრიდან იმავე წლის 22 ოქტომბრამდე 5 000 აშშ დოლარის ანუ 16 600 ლარის ოდენობით შემოსავლის გარანტირებულად მიღების შესაძლებლობა.

არ დასტურდებოდა, რომ ამ შემოსავლის მიღებას, სწორედ მოპასუხის ქმედებით გამოწვეულმა მოსარჩელის შრომისუუნარობამ შეუშალა ხელი და რომ ბ.კ–ძის საკუთრებაში ქონების დასარეგისტრირებლად საჭირო ყველა პროცედურა, აუცილებლად მითითებულ პერიოდში (2019 წლის 25 სექტემბრიდან - 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით) უნდა განხორციელებულიყო. ასევე არ გამოიკვეთა, რომ 2019 წლის 22 ოქტომბრის შემდეგ ამ მომსახურების გაწევა შეუძლებელი გახდა, რის გამოც მოსარჩელემ 5 000 აშშ დოლარის (16 600 ლარის) ოდენობით მისაღები შემოსავალი დაკარგა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ წარმოადგინა ცნობა, რომ ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მუშაობდა და 500 ლარის ოდენობით ხელფასი ჰქონდა, თუმცა არ დასტურდებოდა, რომ, მოსარჩელემ, მოპასუხე მხარის ბრალით ვერ მიიღო ეს შემოსავალი.

ვინაიდან არ დადასტურდა მიზეზობრივი კავშირი შემოსავლის მიღების შეუძლებლობასა და დელიქტით გამოწვეულ შრომისუუნარობას შორის, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით 16 600 ლარის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა.

13.4. რაც შეეხებოდა სარჩელს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებებიდან და საქმის სხვა მასალებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს მეორე მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილი იყო, ვინაიდან, იგი არ დადებულა მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე.

მეორე მოპასუხის განმარტების მიხედვით, ამ ხელშეკრულების დადება საკრედიტო დაწესებულების წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია, ოჯახის საცხოვრისის დაკარგვის საშიშროებით. ქონების შვილის (მესამე მოპასუხის) საკუთრებად აღრიცხვის შემდეგ, ეს უკანასკნელი სხვა ვადამოსული კრედიტის გადასაფარად ახალი კრედიტის აღებას შეძლებდა, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული უძრავი ქონების ბანკის მიერ რეალიზაცია.

მეორე მოპასუხემ ქონება შვილის საკუთრებად აღრიცხა, მაგრამ ახალი კრედიტის აღება ვერ მოხერხდა. პირველი მოპასუხის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტომობილს ყადაღა დაედო, საკრედიტო ვალდებულებები ვეღარ შესრულდა და ოჯახის კუთვნილი ქონების რეალიზაცია განხორციელდა. იმ იმედით, რომ ოჯახს ერთი საცხოვრისი მაინც (კერა) შეენარჩუნებინა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კუთვნილი უძრავი ქონება მეორე მოპასუხემ თავისი შვილის საკუთრებად აღრიცხა

შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი. შესაბამისად, ეს ხელშეკრულება ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა (სსკ-ის 56.1 მუხლი).

14. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

- არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2019 წლის 25 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე მოსარჩელის მიერ 5 000 აშშ დოლარის (16 000 ლარის) ოდენობით შემოსავლის მოსარჩელის მიერ გარანტირებულად მიღების შესაძლებლობა ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ არ დასტურდება მითითებული შემოსავლის მოსარჩელის მიერ მიღების პროცესში მოპასუხის ხელშეშლის ფაქტი. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოპასუხის ბრალეულობით მოსარჩელე შრომისუუნარო გახდა 2019 წლის 25 სექტემბრიდან ამავე წლის 5 ნოემბრამდე. ბ.კ–თან კი, იურიდიულ მომსახურებაზე ხელშეკრულება მოსარჩელემ 2019 წლის 20 სექტემბერს გააფორმა, რომლის თანახმადაც, ხსენებული მომსახურების მიზნით მას მოსარჩელისთვის 5 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება მოსარჩელემ სწორედ შრომისუნარიანობის დაკარგვის გამო ვერ შეძლო.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

16. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

18. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისთვის ძირითადი სწორედ კასატორის მიერ შედავებული მოთხოვნაა, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია:

რამდენად კანონიერია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დელიქტით მიყენებული ზიანით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში 16 600 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სარჩელის უარყოფის თაობაზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სხვა ნაწილებზე, სახელდობრ, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეთათვის ჯამურად 3 000 ლარის სოლიდარულად დაკისრებისა და უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივარი არ შემოუტანია, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი კანონიერ ძალაში შევიდა (სსსკ-ის 264.2 მუხლი), ამდენად, საკასაციო პალატა მათზე აღარ იმსჯელებს.

19. დელიქტით მიყენებული ზიანით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ შემოსავლის მიღების შეუძლებლობას და დელიქტით გამოწვეულ შრომისუუნარობას შორის მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.

20. განსახილველ ნაწილში სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ: მოსარჩელე ადვოკატია, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო მკურნალობის პერიოდში (2019 წლის 25 სექტემბრიდან ამავე წლის 5 ნოემბრამდე) საადვოკატო საქმიანობა ვერ განახორციელა, რამაც მისი მატერიალური მდგომარეობა გააუარესა, კლიენტისთვის იურიდიული დახმარების გაწევა ვერ შეძლო და მატერიალური შემოსავალი დაკარგა.

21. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 411-ე მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსიც შემდეგია: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მარტო ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესის მიხედვით, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისთვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. „მიუღებელი შემოსავალი“ არის ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებული კომერციული ინტერესია, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1911-2018, 31.05.2022; №ას-218-210-2013, 10.03.2014).

22. მოცემულ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დადასტურებულა მოსარჩელის მიერ შემოსავლის უშუალოდ მოპასუხის ქმედებით მიუღებლობის ფაქტი, კერძოდ, ის გარემოება, რომ შემოსავლის მიღებას სწორედ მოპასუხის ქმედებით გამოწვეულმა მოსარჩელის შრომისუუნარობამ შეუშალა ხელი.

ამავე მსჯელობის დასადასტურებლად ყურადსაღებია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც მისი შრომისუუნარობა 2019 წლის 25 სექტემბრიდან 2019 წლის 22 ოქტომბრამდე გაგრძელდა; თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის (როგორც ადვოკატის) პოტენციური კლიენტის (ბ.კ–ძის) საკუთრებაში ქონების დასარეგისტრირებლად საჭირო ყველა პროცედურა აუცილებლად მითითებულ პერიოდში (2019 წლის 25 სექტემბრიდან - 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით) უნდა განხორციელებულიყო და 2019 წლის 22 ოქტომბრის შემდეგ ამ მომსახურების გაწევა შეუძლებელი იქნებოდა.

23. ვინაიდან მიზეზობრივი კავშირი შემოსავლის მიუღებლობასა და დელიქტით გამოწვეულ შრომისუუნარობას შორის აშკარად არ დადასტურდა, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით 16 600 ლარის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა წარუმატებელი იყო.

24. ასევე არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე