Facebook Twitter

საქმე №ას-948-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ტ.რ–კო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.დ–ვი, ლ.კ–ვა, ი.დ–ვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ.რ–კოს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი ა.დ–ვის, ლ.კ–ვასა და ი.დ–ვის წინააღმდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ....... საკუთრების უფლებით ა.დ–ვის სახელზეა აღრიცხული. უფლების დამდგენი დოკუმენტია N027132, 30/07/1940წ. სააღრიცხვო ბარათი;

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2ბ/4071-18) ა.დ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 3 აპრილს ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ა.დ–ვი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ;

3.3. ნოტარიუს ც. დ–ძის მიერ 03.02.2017 წელს გაცემული N170111423 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ნ.დ–ვი აღირიცხა ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ N......) მესაკუთრედ, რომელმაც შემდგომ განახორციელა ამ უძრავი ქონების ორ დამოუკიდებელ ობიექტად დაყოფა (ს/კ N...... და ს/კ N........), რომლებიც დღეის მდგომარეობით, თანაბარწილად, 1/3-1/3-1/3 ირიცხება ა.დ–ვის, ლ.კ–ვასა და ი.დ–ვის სახელზე;

3.4. ა.ბ–ვისა და ვ. რ–ოს ქორწინების თარიღია 1950 წლის 16 მარტი. ქორწინების შემდგომ ცოლს მიენიჭა გვარი „რ–ო“. მათი შვილია 1950 წლის 2 თებერვალს დაბადებული ა. რ–ო, რომელიც გარდაიცვალა 1996 წლის 2 ოქტომბერს;

3.5. ვ.რ–ოს გარდაცვალების თარიღია 1984 წლის 26 აგვისტო;

3.6. 1979 წლის 5 იანვარს დაბადებული ტ.რ–კო (მოსარჩელე) არის ა. რ–ოსა და ლ. რ–ოს შვილი, რომელმაც 2020 წლის 12 ნოემბერს, ნოტარიუს ე.შ–ას მიერ გაცემული N200926824 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სრულად მიიღო 02.10.1996წ. გარდაცვლილი მამის - ა. რ–ოს დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის ის ქონებაც, რომელიც ა. რ–ოს მიღებული ჰქონდა 1984 წლის 26 აგვისტოს გარდაცვლილი მამის - ვ. რ–ოსგან;

3.7. ა. რ–ო ქ. თბილისში, ......... რეგისტრირებული იყო 16.12.1971 წლიდან, ხოლო ტ.რ–კოს რეგისტრაცია ამავე მისამართზე 22.09.2004 წლიდან ფიქსირდება;

3.8. სს „თ–ის“ მონაცემთა ბაზაში N2568386 სააბონენტო ბარათზე, 1996 წლის მდგომარეობით, სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრირებული იყო რ–ო, მის: ..... ქ. 94; 1996 წლამდე ინფორმაცია სს „თ–ში“ არ იძებნება ხანდაზმულობის გამო. ზემოაღნიშნულ სააბონენტო ბარათზე, 03.09.2020წ. მდგომარეობით, სს „თ–ის“ აბონენტად რეგისტრირებულია რ–ო, მის: ...... ქ. 94;

3.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 25 ნოემბრის N469804 წერილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულია ქართული ენციკლოპედიის ი.ა–ძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ 2008 წელს გამოცემული ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, რომლის მიხედვით, ......... ქუჩა წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. 1938 წლამდე მას ახალშენის IV ქუჩა ერქვა, შემდეგ კი ......... სახელი ეწოდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით წარმოდგენილია უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით თბილისი, ......... ქუჩა 94-96 (სააღრიცხვო მასალა N027162). სააღრიცხვო მასალაში ყოფილ მისამართად მითითებულია მე-4 ..... ქუჩა 52, ხოლო სააღრიცხვო მასალაში დაცულ დოკუმენტაციაში ასევე მითითებულია მისამართი: ........ ქუჩა N94, ......... ქუჩა N96. მისამართი: ......... ქუჩა N52 სააღრიცხვო მასალაში მითითებული არ არის;

3.10. მოსარჩელის/აპელანტის ფაქტობრივ მფლობელობაშია ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ N.......) 18.00 კვ.მ. ფართი;

3.11. ლ.კ–ვამ წარმოდგენილი შესაგებლით დაადასტურა ვ.რ–ოს მიერ ვ.ლ–გან 18 კვ.მ. ფართის შეძენის ფაქტი (იხ. ტ.1. ს.ფ. 288-295). აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ სადავო მისამართზე მდებარე უძრავი ქონებიდან შენობა-ნაგებობების: N1, N2 და N4 მოსარჩელის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი.

4. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმება როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.

5. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში: სპეციალური კანონი) აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (პირველი მუხლი). კანონის მიზანია, მოაწესრიგოს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც იცავენ, როგორც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის, ასევე მოსარგებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

6. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ქვემდგომი სასამართლოს მითითებას და ყურადღება გაამახვილა საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ განმარტებაზე, რომლის თანახმად, სპეციალური კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ მოწესრიგებას. მითითებული კანონის მოქმედების ფარგლებში სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ, დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევებში, ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები (შდრ. სუსგ ას-1193-1138-2013, 31.03.2015 წ.).

7. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. ამგვარად, სპეციალური კანონი მოსარგებლეებს ჰყოფს სამ კატეგორიად: 1) პირები, რომლებიც საცხოვრებელ სადგომს ფლობენ სანოტარო წესით დაუმოწმებელი, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე; 2) პირები, რომელთაც მფლობელობის უფლება მიღებული აქვთ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით და 3) პირები, რომელთაც იგივე უფლება მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პირველ ორ კატეგორიას მიკუთვნებული მოსარგებლეები, თავის მხრივ, მფლობელობის ხანდაზმულობის მიხედვით იყოფიან ორ ქვეკატეგორიად. კერძოდ, 30 წელზე ხანგრძლივი ვადით და 30 წელზე ნაკლები ვადით მფლობელ პირებად. ამ ნიშნით წესდება განსხვავებული მიდგომები თითოეულ ქვეკატეგორიას მიკუთვნებულ მოსარგებლეთა მიმართ.

9. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი). ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია.

10. თუ მხარეთა შორის არსებობს წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც შესრულებულია ორივე მხარის მიერ (ნასყიდობის ფასის გადახდა, ნივთის გადაცემა) და, ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან გასულია არანაკლებ 30 წელი, სასამართლოს შეუძლია ნასყიდობის ხელშეკრულება ცნოს დადებულად. ასეთ შემთხვევაში, მოსარგებლე მოიპოვებს საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლებას.

11. იმ შემთხვევაში თუ კუმულატიურად სახეზეა (1) ნასყიდობის თაობაზე მხარეთა წერილობითი ფორმით გამოხატული ნება, (2) მესაკუთრის მიერ ნივთის ფაქტობრივი გადაცემა, (3) მოსარგებლის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა და (4) ურთიერთობის ხანდაზმულობა, აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა, მიჩნეულია ისეთ მოცემულობად, რომელიც აკომპენსირებს (გადაწონის) გარიგების ფორმის ნაკლს და იწვევს მხარეთა მიერ გარიგებით განსაზღვრული შედეგების სამართლებრივ აღიარებას (იხ. კანონის განმარტებითი ბარათი, პ.2., https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/122561).

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მან სადავო საცხოვრებელ სადგომზე უფლება მოიპოვა მემკვიდრეობით, კერძოდ, მამის - ა. რ–ოსგან, რომელსაც, თავის მხრივ, მიღებული აქვს მამის - ვ. რ–ოს დანაშთი სამკვიდრო ქონება. ვ. რ–ოს კი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება მიღებული აქვს წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამგვარად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ქონებაზე ტ.რ–კოს საკუთრების უფლების აღიარება საჭიროებს მოვლენათა მთელი ჯაჭვის სამართლებრივი ბუნების შეფასებასა და მათი სამართლებრივი გამართულობის შემოწმებას სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნებთან მიმართებით. საბოლოო შედეგის დასადგომად აუცილებელია, რომ სათანადო წესით იქნეს დადასტურებული ყველა წინმსწრები სამართლებრივად რელევანტური ნაბიჯის გამართულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოკლებული იქნება მოსარჩელის საბოლოო მიზნის - პირის მესაკუთრედ ცნობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

13. სააპელაციო სასამართლომ, უპირველესად, ყურადღება გაამახვილა სადავო ქონების თავდაპირველ განკარგვაზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 28.02.1947 წლით დათარიღებული ხელწერილი, შედგენილი მ. ე. დ–ვას სახელით, რომლითაც მ. დ–ვა ადასტურებს ვ.ს. ვ–სთვის ......... ქუჩა, სახლი N52-ში მდებარე ოთახის 4500 მანეთად მიყიდვის ფაქტს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ......... ქ. N94-96-ში მდებარე უძრავი ქონება 1940 წლიდან აღრიცხული იყო ა.დ–ვის სახელზე. ტ.რ–კოს განმარტებით, მ. დ–ვა იყო ა.დ–ვის მეუღლე და სახლის მესაკუთრე, ვინაიდან 1947 წლისთვის (როდესაც შედგა პირველი ხელწერილი) ა.დ–ვი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული სამამულო ომში.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა, კერძოდ:

14.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 21-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ფიზიკური პირი შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის მანძილზე იგი არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონით მემკვიდრეები მოიპოვებენ უფლებამოსილებას, უკვალოდ დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის, მიიღონ მისგან სარგებელი. ამ ქონებიდან მიეცემა სარჩო უგზო-უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფ პირებს და დაიფარება ვალები. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ. მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არა აქვს;

14.2. სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, 1. პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება; 2. სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის გასვლისა საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან; 3. პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე; 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე;

14.3. განცხადება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ ორ ძირითად გარემოებას უნდა ეფუძნებოდეს, კერძოდ: 1. არ უნდა მოიპოვებოდეს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია; 2. იგი ორი წლის მანძილზე არ უნდა იყოს მის საცხოვრებელ ადგილას გამოჩენილი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს აქვს. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულის კანონით მემკვიდრეებს მის ქონებაზე მინდობილი საკუთრების სახით მართვის უფლება წარმოეშობათ;

14.4. რაც შეეხება პირის გარდაცვლილად გამოცხადებას, ამ შემთხვევაშიც, აღნიშნული ფაქტის აღიარების უფლებამოსილება სასამართლოს აქვს. გარდაცვლილად გამოცხადებისას პირის გარდაცვალების დღედ ჩაითვლება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 264-ე მუხლი). სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, თავად განსაზღვროს პირის გარდაცვლილად გამოცხადების დღე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე ითვლება სამკვიდროს გახსნის დროდ;

14.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად და პირის გარდაცვლილად გამოცხადება განსხვავებული სამართლებრივი შედეგების მომტანია (სსკ-ის 21-22 მუხლები). პირველ შემთხვევაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულის კანონით მემკვიდრეებს მის ქონებაზე მინდობილი საკუთრების სახით მართვის უფლება წარმოეშობათ, ხოლო მეორე შემთხვევაში, სამკვიდროს მიღების უფლება.

15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომი საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ა.დ–ვის სახელზე. დადგენილია, რომ ა.დ–ვის გარდაცვალების თარიღია 2016 წლის 17 ივნისი. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2017 წლის 12 იანვარი. ა.დ–ვი დაიკარგა დიდ სამამულო ომში და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გარდაცვლილად. 1947 წლის 28 თებერვლით დათარიღებული ხელწერილით მ. ე. დ–ვამ ვ. ს. ძე ვ–ს მიჰყიდა ოთახი მდებარე ......... ქუჩა #52-ში 4500 მანეთად. უძრავი ქონება ამ დროისათვის ირიცხებოდა ა.დ–ვის სახელზე, რომლის გარდაცვალების თარიღია 2016 წლის 17 ივნისი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. დ–ვა არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა ა.დ–ვის უძრავი ნივთი, შესაბამისად, არ არსებობს ნასყიდობის თაობაზე მესაკუთრის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული ნება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი ა.დ–ვსა და მ. დ–ვას ქორწინების მოწმობა. თუმცა, ქორწინების მოწმობის არსებობის პირობებშიც კი, მ. დ–ვას უფლებამოსილ პირად აღიარებას გამორიცხავს ის ფაქტი, რომ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ა.დ–ვის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ, რომელიც ხელწერილის შედგენის მომენტისათვის ა.დ–ვის გარდაცვლილად ყოფნას დაადასტურებს.

16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის/აპელანტის მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები არასწორად იქნა დადგენილი. მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, სსსკ-ის 102.3-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს საკმარის, ვალიდურ მტკიცებულებას ა.დ–ვის უფლებამონაცვლედ და შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მ. დ–ვას მიჩნევისთვის. აღნიშნული კი, სპეციალური კანონის მიზნებიდან გამომდინარე, გამორიცხავს 28.02.1947წ.-ით დათარიღებული ხელწერილის წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულებად მიჩნევის შესაძლებლობას.

17. რაც შეეხება ქონების განკარგვის მეორე ეტაპს, საქმეში ასევე წარმოდგენილია ვ.ლ. ასულ ლ-ვ–ვას სახელით შედგენილი ხელწერილი, რომლითაც ვ.ლ-ვ–ვა ადასტურებს ვ. ტ. ძე რ–ოსთვის ......... ქ. N52-ში 18 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის კუთვნილ ეზოს ფართთან ერთად 3 000 მანეთად მიყიდვის ფაქტს.

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ.ლ-ვ–ვას სახელით დადებული გარიგება არ შეიცავს ნასყიდობის ხელშეკრულების მახასიათებელ ნიშნებს. კერძოდ, არ დგინდება ოჯახური კავშირი ს.ვ–სა და ვ.ლ-ვ–ვას შორის. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ 1947 წელს ს.ვ–მა მოიპოვა საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ......... ქ. N94-96-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შემდგომ ამ ქონებაზე უფლება მიღებული ჰქონდა ვ.ლ-ვ–ვას, რაც მას მიანიჭებდა ქონების ვ.რ–ოზე გასხვისების უფლებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელწერილი არ არის დათარიღებული, რაც არა მხოლოდ გარიგების არსებითი რეკვიზიტია, არამედ ასევე მოსარგებლეობის ხანდაზმულობის განმსაზღვრელი აუცილებელი პირობაა.

19. ამგვარად, წარმოდგენილი ხელწერილები ვერ მიიჩნევა წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულებად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის თაობაზე.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, 28.02.1947 წლით დათარიღებული, მ. ე. დ–ვას სახელით და ვ.ლ. ასულ ლ-ვ–ვას სახელით შედგენილი ხელწერილები არ წარმოადგენენ სპეციალური კანონით გათვალისწინებულ წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულებებს, რაც ამავე კანონის მე-3 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, გამორიცხავს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებისა და საჯარო რეესტრში სადავო საცხოვრებელ სადგომზე მოსარჩელის/აპელანტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას.

21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

21.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ტ.რ–კომ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

21.2. კასატორის განმარტებით, უძრავი ქონების გასხვისების და სამართლებრივი შედეგების დაცვის მიზნით იყო შედგენილი ხელწერილი, რომლითაც მ. დ–ვამ დაადასტურა, რომ ვ.ლ-ვ–ვა ნამდვილად ცხოვრობდა ......... 94-ში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს მეპატრონესთან ერთად, საიდანაც გამომდინარეობს, რომ ის ვერ დადებდა გარიგებას ვ. რ–ოსთან, ვინაიდან საკუთრების უფლება და შესაბამისად ამ საკუთრების განკარგვის უფლება ვ–ვების ოჯახისათვის ჰქონდა გადაცემული და აქედან გამომდინარეობს, რომ ქონება მფლობელიდან მფლობელზე თანმიმდევრულად გადადიოდა;

21.3. კასატორის განმარტებით მ. დ–ვას უფლება ჰქონდა სადავო უძრავი ქონება გაესხვისებინა, რადგან იგი უზო-უკვლოდ დაკარგული ა.დ–ვის ქონების მმართველი იყო;

21.4. მოსარჩელემ სადავო ფართზე მიშენება განახორციელა, რაც არცერთ მოპასუხეს არ გაუპროტესტებია.

21.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით ტ.რ–კოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

24. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ დასტურდება მისი სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლედ მიჩნევის ფაქტი, რაც მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

25. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს სადავო საკითხებთან მიმართებით (იხ. წინამდებარე განჩინების 3-20 პუნქტებში ასახული მსჯელობა), რომელიც სავსებით შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მოცემული კატეგორიის საქმეებზე (იხ. სუსგ-ები: Nას-1193-1138-2013, 31.03.2015 წ; N ას-1115-1072-2016, 17.02.2017წ; N ას-111-104-2017, 28.07.2017 წ; N ას-781-781-2018, 25.09.2018წ; N ას-1207-1127-2017, 19.09.2018წ; N ას-137-2019, 06.05.2019წ; N ას-1931-2018, 26.03.2019წ; N ას-1293-2018, 01.03.2019წ; N ას-1763-2019, 21.02.2020წ; N ას-761-2020, 8.04.2021წ; N ას-1439-2020, 22.04.2021წ; N ას-318-2021, 5.04.2022წ; N ას-282-2021, 5.07.2022წ; N ას-958-2022, 30.09.2022წ; Nჟ ას-795-2-21, 22.11.2022წ; N ას-1017-2023-13.10.2023წ.).

26. სპეციალური კანონიდან გამომდინარე, პირისათვის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის სტატუსის მინიჭების ცნობის თაობაზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, სპეციალური კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (სპეციალური კანონით 5601-IIს {მიღებულია 24/06/2016, ვებ გვერდზე გამოქვეყნდა 18/07/2016} ძალადაკარგულად გამოცხადდა “ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი {პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 11}).

27. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში ,,მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო განსახილველი ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ტერმინი „რეგისტრაცია“ განიმარტება, როგორც „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით რეგისტრაცია (ჩაწერა) საცხოვრებელ ფართობში. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე - მათ უფლებამონაცვლეებზე.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონი ადგენს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. მოცემული კანონის მიზანია ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რომელთაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და ისინი არც საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით იყო სათანადოდ მოწესრიგებული. ეს ურთიერთობები ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მოქალაქეთა შორის მოწესრიგებული სამოქალაქო ურთიერთობების გვერდით. მათ ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობდა არა მარტო საბჭოთა სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებანი, არამედ - სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებანი. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება კანონში მითითებულ პერიოდში ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში მხარეები ფაქტობრივად იძულებული იყვნენ, ურთიერთობები დაემყარებინათ კანონის მიღმა. მითითებულიდან გამომდინარე, სპეციალურმა კანონმა მათ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი - ე.ი. აღნიშნული გარიგებების საგანი აღიარებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად. თავის მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ ნივთები, არამედ არამატერიალური ობიექტები - უფლებები და მოთხოვნები, შესაბამისად, ამ კანონით მოსარგებლის სტატუსიდან გამომდინარე უფლება შესაძლოა განკარგული იქნეს ან/და გადავიდეს მემკვიდრეზე (შეად. სუსგ-ებს: N ას-958-2022, 30.09.2022წ; N ას- 1017-2023, 13.10.2023წ.).

29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და ისინი სამართლებრივად სწორად შეაფასა.

30. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება 1940 წლიდან ა.დ–ვის სახელზე იყო აღრიცხული; 1947 წლის 28 თებერვლის ხელწერილით მ. დ–ვამ სადავო ქონება ს.ვ–ს მიჰყიდა; დადგენილია, რომ ა.დ–ვი დაიკარგა დიდ სამამულო ომში და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადდა გარდაცვლილად. ა.დ–ვის გარდაცვალების თარიღია 2016 წლის 17 ივნისი. გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2017 წლის 12 იანვარი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და პირის გარდაცვლილად გამოცხადების განსხვავებული სამართლებრივი შედეგები (სსკ-ის 21-22 მუხლები). პირველ შემთხვევაში, უგზო-უკვლოდ დაკარგულის კანონით მემკვიდრეებს მის ქონებაზე მინდობილი საკუთრების სახით მართვის უფლება წარმოეშობათ, ხოლო მეორე შემთხვევაში, სამკვიდროს მიღების უფლება (ამ ნაწილში იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინების 14.1-14.5 პუნქტები); საქმის მასალებში არ არის ა.დ–ვისა და მ. დ–ვას ქორწინების მოწმობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მ. დ–ვას უფლებამოსილება, განეკარგა ა.დ–ვის ქონება, არ დასტურდება; საქმის მასალებით არ დასტურდება ს.ვ–ს მიერ „შეძენილი“ ქონება რომელი უფლების საფუძველზე „გაასხვისა“ ვ.ლ-ვ–ამ, ამასთან, ხელწერილი არ არის დათარიღებული (იხ. ამ განჩინების მე-18 პუნქტი).

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია სადავო სადგომის განკარგვის ფაქტობრივი საფუძვლები და შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისად გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომ საქმის მასალებით დადგენილ მოვლენათა ქრონოლოგია არ ადასტურებს კასატორის/მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე მის (მოსარჩელის) უფლებას გახდეს სადავო უძრავი ქონებს მესაკუთრე.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

34. კასატორი, კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ.რ–კოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური