Facebook Twitter

საქმე №ას-879-2023 4 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ხ. და კ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი შპს „ხ. და კ–იის“ (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხესათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლო შეადგენს: №502/06 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1 446.28 ლარს; № 770/06 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 157.21 ლარს; № 744/06 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 840.18 ლარს.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2017 წლის 15 ივნისს მხარეთა შორის, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა №502/06 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სასწავლო კორპუსებსა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში სანიტარული კვანძების სარემონტო სამუშაოების შესყიდვის შესახებ. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 75 კალენდარული დღე. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 563 336 ლარით, რაც, 2017 წლის 27 ივლისს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, შეიცვალა 619 628.84 ლარით. მოგვიანებით, 2017 წლის 24 ოქტომბრის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 619 624.90 ლარი, ხოლო 2017 წლის საბოლოო შეთანხმებით - 615 437.68 ლარი.

2.2. №502/06 ხელშეკრულებაში 2017 წლის 27 ივლისის შეთანხმებით შეტანილი ცვლილებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 105 კალენდარული დღე - 2017 წლის 28 სექტემბერი.

2.3. 2017 წლის 24 ოქტომბრის შეთანხმებით (5.2. პუნქტი) დადასტურდა, რომ სამუშაოების შესრულების სავალდებულო ვადა იყო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ არაუგვიანეს 105 კალენდარული დღე. ამასთან, დამატებითი შეთანხმებით, ბიბლიოთეკის მეოთხე სართულის სანიტარულ კვანძში დაბზარული კედლების გამაგრება-შეკეთების, მეხუთე სასწავლო კორპუსის გარე კანალიზაციის სისტემის არსებული სქემის შეცვლის, მეშვიდე სასწავლო კორპუსში გაზრდილი მოცულობების სამუშაოების შესასრულებლად მოპასუხეს დამატებით მიეცა ვადა 2017 წლის 15 ნოემბრამდე. ხელშეკრულების სხვა დებულებებთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობაზე, კერძოდ, ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სახელშეკრულებო ვალდებულების 5 შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

2.4. 2017 წლის 19 სექტემბერს მხარეთა შორის, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა №744/06 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიასთან არსებული ანთროპოლოგიური მუზეუმისათვის გამოყოფილი ფართისა და ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 57 848.00 ლარით, სამუშაოების შესრულების ვადა კი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღით.

2.5. ხელშეკრულების სხვა დებულებებთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობაზე, კერძოდ, ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

2.6. 2017 წლის 26 სექტემბერს მხარეთა შორის, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა №770/06 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდქალაქის, მე-2 სასწავლო კორპუსის 144-ე აუდიტორიის, მონოგრაფიულ-პალეონტოლოგიური მუზეუმის, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 49 999.00 ლარით, რაც 2017 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, შეიცვალა 44 916.63 ლარით; სამუშაოების შესრულების ვადად - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე.

2.7. ხელშეკრულების სხვა დებულებებთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობაზე, კერძოდ, ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია, დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

2.8. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 18 ოქტომბრის წერილით, მოპასუხეს, 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილის პასუხად, რომლითაც ეს უკანასკნელი ითხოვდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, ეცნობა შემდეგი: მიმდინარე წლის 5-6 ოქტომბერს ექსპერტების მიერ თსუ-ს სანკვანძების რემონტის მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ სარემონტო სამუშაოები უმრავლეს კორპუსში დაუმთავრებელია და ისევ მიმდინარეობს. ცალკეული კორპუსების მიხედვით, დაფიქსირდა შემდეგი მდგომარეობა:

2.9. მე-4 კორპუსი: მეოთხე სართულის სანკვანძი დაუმთავრებელია, რაც იწვევს ამ სართულზე მომსახურე პერსონალის სამართლიან აღშფოთებას; შშმ პირების ტუალეტში არ არის დამონტაჟებული აღჭურვილობა; მეორე სართულზე შესალესია ჩასმული ფანჯრის ფერდილები; შშმ პირების ტუალეტის შესასვლელში არსებული ზღურბლი მოსაშორებელია.

2.10. მე-5 კორპუსი: მოსაწყობია შშმ პირების ტუალეტი.

2.11. მე-6 კორპუსი: მეოთხე სართულის ტუალეტებში მოსაწყობია შეკიდული ჭერი თავისი სანათებით.

2.12. მე-8 კორპუსი: დასამთავრებელია შშმ პირების ტუალეტის მოწყობა.

2.13. მე-11 კორპუსი: სანკვანძებში შესაფუთია გათბობის მილები; ორ ადგილზე მოსაჭრელია ან შესაფუთია ძველი რკინის მილები; კორპუსის მინაშენში დასამთავრებელია სამღებრო და შეკიდული ჭერის სამუშაოები. შშმ პირების ტუალეტში აღჭურვილობის განლაგება შეუძლებელს ხდის შშმ პირების მიერ მათ გამოყენებას.

2.14. თსუ-ს სასწავლო ბიბლიოთეკა: შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ სანკვანძში სამუშაოები ბოლომდე დამთავრებული არ არის, ხოლო პირველ და მეორე სართულზე ჩატარებულია მხოლოდ დემონტაჟის სამუშაოები. იგივე შეიძლება ითქვას მათემატიკის ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოებზე, სადაც შესრულებულია სამუშაოების მხოლოდ მცირე ნაწილი.

2.15. ერთადერთი ობიექტი, სადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამუშაოები დამთავრებულია, არის მე-10 კორპუსი. ეს არის იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელთა შესრულება მოითხოვს რამდენიმედღიან პერიოდს ან ვიზუალურად არ გამოიყურება სათანადოდ და არ არის შეყვანილი ის წვრილმანი ხარვეზები, რომელთა გამოსწორება ასევე აუცილებელია, მაგრამ რომელიც ხელს არ უშლის სანკვანძის ექსპლუატაციას.

2.16. მოპასუხეს ეცნობა, რომ აღნიშნულ სამუშაოებს დამთავრების ვადა ამოიწურა 28 სექტემბერს. სიტუაციის უფრო მეტად დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გამოსწორდეს ზემოთ მითითებული ხარვეზები, ასევე შესრულდეს ის სამუშაოები, რომელზედაც გაუგრძელდა შესრულების ვადა.

2.17. ამ წერილის პასუხად, მოპასუხემ 2017 წლის 26 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ 2017 წლის 18 ოქტომბრის წერილში აღნიშნული ხარვეზები უკვე გამოსწორებული იყო. მოპასუხემ ასევე გამოთქვა იმედი, რომ მოსარჩელე გაითვალისწინებდა რთულ გარემოს და მოკლე პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მოუწიათ პროექტის შესრულება და არ მიიჩნევდნენ არსებულ გარემოებებს ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევად.

2.18. მოპასუხემ ასევე სთხოვა მოსარჩელეს, შეთანხმების დროულად გაფორმება 2017 წლის 19 ოქტომბრის წერილში მითითებული დამატებითი სამუშაოების შესახებ, შესაბამისი ვადის გათვალისწინებით.

2.19. 2017 წლის 26 ოქტომბრის წერილთან დაკავშირებით, მოსარჩელემ, 2017 წლის 10 ნოემბრის წერილით მოპასუხეს აცნობა შემდეგი: მიმდინარე წლის 30-31 ოქტომბერს ექსპერტების მიერ თსუ-ს სანკვანძების რემონტის ჯერ კიდევ მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირების შედეგად ცალკეული კორპუსების მიხედვით დაფიქსირდა შემდეგი მდგომარეობა:

2.20. მე-4 კორპუსი: მეოთხე სართულის სანკვანში დასაბურია ფანჯარა, კანალიზაციის მილის რევიზიას აკლია სახურავი, არ არის დამონტაჟებული გათბობის რადიატორი, სხვენში ასასვლელი არ არის დამთავრებული, სადენების კოლოფს არ აქვს ხუფი, გამწოვის ჩამრთველი არ არის დამაგრებული. მეორე სართულის სანკვანძში არ არის დაერთებული ხელის საშრობი აპარატი, არ არის დამონტაჟებული გათბობის რადიატორი, უნიტაზის ჩამრეცხში მოშლილია ჩამრეცხი მექანიზმი, შშმ პირების ტუალეტში არ არის დამონტაჟებული ხელის საშრობი, გასამაგრებელია ხელსაბანის შტანგა-სახელური. მესამე სართულის ტუალეტში დასაბურია ფანჯარა, არ არის დამონტაჟებული რადიატორი.

2.21. მე-6 კორპუსი: კორპუსის ტუალეტებში არ არის დამონტაჟებული გათბობის რადიატორები; პირველი სართულის შშმ პირების სანკვანძში მოსაწყობია პანდუსი, არ არის მოწყობილი სახელურები უნიტაზს და ხელსაბანს შორის, ხელის საშრობი აპარატი გადასატანია ხელსაბანთან. მე-4 სართულის ტუალეტებში დასამთავრებელია შეკიდული ჭერი.

2.22. მე-5 კორპუსი: ეზოს მხრიდან პირველი სართულის ტუალეტში არ არის ხელის საშრობი, არ არის გამოცვლილი ხის ფანჯარა, ამოსავსებია ვენტილაციის მილის ღიობი, მოსაჭრელია ან შესაფუთია კედლიდან გამოშვერილი მილი, დასამთავრებელია კანალიზაციის მილის შეფუთვა, ჩამოსაკიდია კაბინის კარი. პირველ სართულზე შშმ პირების ტუალეტში უნიტაზი გადასაადგილებელია, უნიტაზთან და ხელსაბანთან დასაყენებელია შტანგა-სახელურები. მესამე სართულზე უნიტაზი გაბზარულია; მეორე სართულზე უნიტაზის ჩამრეცხი მექანიზმი მოშლილია.

2.23. მე-8 კორპუსი: დასაბურია პირველი და მეორე სართულის ფანჯრები. ორივე სართულზე დასამონტაჟებელია გათბობის პანელური რადიატორები: შშმ პირების ტუალეტში დასამთავრებელია ინვენტარის კომპლექტაცია და მონტაჟი, გადასატანია სარკე. მეორე სართულზე მოსაწესრიგებელია შესასვლელი ზღურბლი, ფანჯრებზე მოსაწყობია წვიმამრიდები, დასამთავრებელია ხელსაბანის მონტაჟი.

2.24. მე-10 კორპუსი: ზოგადი შენიშვნა: უნიტაზები და ხელსაბანები სილიკონითაა დამაგრებული. ამის გამო მეხუთე სართულზე კაცების ტუალეტში უნიტაზი მოძრაობს, კანალიზაციის დგარებზე არ არის რევიზიები. მე-12 სართულზე კანალიზაციის მილები ბოლომდე არ არის აყვანილი, კომუნიკაციების შახტა ბოლომდე არ არის შეფუთული. მე-11 სართულზე გამწოვ ვენტილატორს ხუფი არ აქვს, ქალების ტუალეტში უნიტაზის გოფრეს გასდის. მე-10 სართულზე გამწოვ ვენტილატორს ხუფი არ აქვს. მეექვსე სართულზე ხელის საშრობი არ არის, ასევე გამწოვს არ აქვს ხუფი. მეხუთე სართულის შშმ პირების ტუალეტი დაკომპლექტებული არ არის. მეოთხე სართულზე ქალების ტუალეტში კედელზე ჩამოსულია წყალი, უნიტაზი გაბზარულია და უშვებს წყალს, კარებთან ღრეჩოები ამოსავსებია.

2.25. მე-11 კორპუსი: ზოგადი შენიშვნა: გამწოვი ვენტილატორი უმრავლეს ტუალეტში არ მუშაობს. პროფესორ-მასწავლებლების ზოგიერთ ტუალეტში არ არის შიგნიდან ჩამკეტი, კაბინეტების ჩამკეტები დასარეგულირებელია. მესამე სართულის ქალების ტუალეტში მიმდინარეობდა სამღებრო სამუშაოები. მინაშენი კორპუსის მესამე სართულზე კაცების ტუალეტში ჩატეხილია შესასვლელი კარის საკეტის ენა, ერთ კაბინაში არ მუშაობს ჩამრეცხი. მეორე სართულის ქალების ტუალეტში მიმდინარეობდა სამღებრო სამუშაოები. პირველ სართულზე მასწავლებლების ტუალეტში ჩამრეცხი არ მუშაობს, კაცების ტუალეტში ელგაყვანილობის კოლოფს არ აქვს ხუფი.

2.26. ბიბლიოთეკის შენობაში: ზოგადი შენიშვნა: არსად არ არის დამონტაჟებული სარკე, ხელის საშრობი აპარატი. ელექტრო წყლის გამაცხელებელი. მეხუთე სართულის კაცების ტუალეტში ჩამრეცხი არ მუშაობს, დატოვებულია ძველი სანათების ბუდეები. მეოთხე სართულის მეტალო-პლასტმასის კარი ამომწვარია. მესამე სართულის ერთ-ერთი კაბინის ჩამრეცხი არ მუშაობს. მეორე სართულის კაცების კაბინებში მოსაჭრელია გამოშვერილი არმატურა, მეორე სართულზე დასამთავრებელია სამღებრო სამუშაოები; პირველ სართულზე დასამთავრებელია სამღებრო სამუშაოები; ბიბლიოთეკის საგამოცდო ცენტრის კანალიზაციის დგარები არ არის შეცვლილი. არ არის შეცვლილი გამყვანი კანალიზაციის წოლანები. ასევე არ არის შეცვლილი წყლის მრიცხველიდან ძირითად დაერთებამდე 80 მმ-იანი წყალგაყვანილობის მილი.

2.27. ამ შენიშვნებიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოები უნივერსიტეტის სარემონტო კორპუსებში, რომლებშიც შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 29 სექტემბერს, დამთავრებული არ იყო წერილის შედგენის დროსაც. შესაბამისად, მოპასუხეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულად ვერ ჩაითვლებოდა (წერილს ერთვოდა ინსპექტირების პროცესში გადაღებული ფოტოები).

2.28. მხარეები არ დავობენ, რომ 2017 წლის 19 სექტემბრის №744/06 და 2017 წლის 26 სექტემბრის №770/06 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ შეასრულა დაგვიანებით. კერძოდ: №744/06 ხელშეკრულება მოპასუხის მიერ შესრულდა 2017 წლის 10 დეკემბერს, ხოლო №770/06 ხელშეკრულება - 2017 წლის 13 დეკემბერს. ვადაგადაცილება შეადგენს, შესაბამისად, 32 და 7 დღეს. ამ ვადაგადაცილებების შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 16 იანვრის წერილით მოპასუხეს ეცნობა შემდეგი: მხარეებს შორის თსუ ბაგების სტუდქალაქის, მე-2 სასწავლო კორპუსის 144-ე აუდიტორიის, მონოგრაფიულ-პალეონტოლოგიური მუზეუმის, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2017 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული №770/06 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებითა და 2017 წლის 27 ნოემბრის „შეთანხმების“ პირობით, დადგენილი შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დასრულდა 2017 წლის 5 დეკემბერს, ხოლო მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 13 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, მიწოდების ვადების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, შპს „ხ. და კ–იას" დაეკისრა პირგასამტეხლო (7 ვადაგადაცილებულ დღეზე - სახელშეკრულებო თანხის 0.05%) 157.21 ლარის ოდენობით (თსუ ინსპექტირების დასკვნა №3, 9.01.2018წ.).

2.29. მხარეთა შორის თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიასთან არსებული ანთროპოლოგიური მუზეუმისთვის გამოყოფილი ფართისა და ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2017 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული №744/06 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადა დასრულდა 2017 წლის 8 ნოემბერს, ხოლო მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 10 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, მიწოდების ვადების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო (32 ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო თანხის (0.05%) 840.17 ლარის ოდენობით (თსუ ინსპექტირების დასკვნა №2, 9.01.2018წ.). აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს ეთხოვა პირგასამტეხლოს თანხა, სულ - 997,38 ლარი, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში გადაერიცხა მოსარჩელის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. სადავო არ არის, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მოპასუხეს საქმის განხილვის დროისთვის შესრულებული არ აქვს.

2.30. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 18 იანვრის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ: მხარეთა შორის თსუ სასწავლო კორპუსებსა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში სანიტარული კვანძების სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2017 წლის 15 ივნისს გაფორმებული №502/06 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებითა და 2017 წლის 24 ოქტომბრის „შეთანხმების“ პირობით დადგენილი 12 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა დასრულდა 2017 წლის 28 სექტემბერს, ხოლო მიწოდება განხორციელდა 2017 წლის 15 ნოემბერს. აქედან გამომდინარე, მიწოდების ვადების დარღვევის გამო, ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 14 462.79 ლარის ოდენობით (თსუ ინსპექტირების დასკვნა №7, 17.01.2018 წ.). აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს ეთხოვა პირგასამტეხლოს თანხა, 14 462.79 ლარი, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში გადაერიცხა მოსარჩელის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2017 წლის 15 ივნისის №502/06 ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა დაარღვია. საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადად მხარეებმა განსაზღვრეს 2017 წლის 28 სექტემბერი, მხოლოდ სამუშაოების მცირე ნაწილის შესასრულებლად განისაზღვრა დამატებითი ვადა 2017 წლის 15 ნოემბრამდე.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მოწინააღმდეგე მხარემ/მოპასუხემ ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა - 14 462.79 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.

5. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრით აპელანტმა სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენდა.

6. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია და დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლო - 1 446.28 ლარი გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ათჯერ შემცირება კანონიერად, არამედ მიუთითა, რომ მხარეთა მიერ დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა, რაც ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული. ხელშეკრულების პირობებში ცვლილებათა რაოდენობა პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს არ უნდა განსაზღვრავდეს.

12.2. პირგასამტეხლოს სადავო ოდენობამდე შემცირებისას სააპელაციო პალატას არ მიუთითებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ №ას-971-2019, 28 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-581-2019, 31 ივლისი, 2019 წელი; №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი). აღნიშნული საფუძვლით პირგასამტეხლოს შემცირება 9675 ლარამდე მეტად დასაბუთებული იქნებოდა. მოცემული ოდენობა კი პირგასამტეხლოს ფუნქციას აზრს უკარგავს.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (შდრ: სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288).

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1245-2022, 9 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

15. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

16. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი).

17. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

18. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 3 დეკემბერი, 2021 წელი).

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

20. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ., გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 7 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.

23. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

25. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია, იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება (შდრ: სუსგ №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21).

26. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (შდრ. სუსგ №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

27. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება დასაშვებია მაშინაც, როდესაც საუბარი მეწარმე სუბიექტს შეეხება. საბოლოოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების არსებობის დადასტურებას.

28. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეზე პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა შესრულების ღირებულების, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობის, ვალდებულების მოცულობისა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის შეფასების შედეგად. აღნიშნული წინაპირობების შემოწმების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ მოპასუხემ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების უფლებით კანონშესაბამისად ისარგებლა.

29. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით არ დაუდასტურებია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ შემცირებული პირგასამტეხლო - 1 446.28 ლარი არაგონივრულია.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 23 ივნისის №41806 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 651 ლარის 70% – 455,7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ს/ნ N204864548) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 23 ივნისის №41806 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 651 ლარის 70% – 455,7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ე. გასიტაშვილი