საქმე №ას-561-2024 23 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ.ბ–ძე (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შ.ბ–ძის (შემდგომში ასევე - „მოსარჩელე” ან „განმცხადებელი”) განცხადებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება - დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით შ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და:
- შპს „ტ–ს” შ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ შპს „ტ–ში” შეტანილი 621 426 ლარის გადახდა. შ.ბ–ძეს უარი ეთქვა ამ ნაწილში 656 666 ლარის დაკისრებაზე, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1,5 % სარგებლის დაკისრებაზე;
- შ.ბ–ძეს უარი ეთქვა აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებულად აღიარებაზე უსაფუძვლობისა და იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო;
- შპს „ტ–ს” შ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 621 426 ლარის გადახდის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 13 177,86 ლარის ოდენობით. ამ ნაწილში სხვა თანხების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;
- ბ.დ–ს შპს ,,ტ–ის” სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 682 123 ლარის ოდენობით;
- შ.ბ–ძის სარჩელი ბ.დ–ისა და მ.ფ–ვას მიმართ კომპენსაციის თანხისა და მიუღებელი შემოსავლის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;
- შ.ბ–ძის სარჩელი მიუღებელი ხელფასის ნაწილში და ხელფასის დაყოვნებისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;
- შ.ბ–ძის სარჩელი მიუღებელ ხელფასზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საურავის - 0,07%-ის დარიცხვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;
- შ.ბ–ძის სარჩელი აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 20 000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;
- შ.ბ–ძის სარჩელი შპს „ტ–ის” სასარგებლოდ ბ.დ–ისა და მ.ფ–ვას მიმართ 572 125,68 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში (ა. ს–სთვის და დ. ჯ–ისთვის ფართების იაფად რეალიზიით დამდგარი ზიანის ნაწილი) არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო;
შპს „ტ–ის“, ბ.დ–ის, მ.ფ–ვას და მ.ც–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
- შ.ბ–ძეს შპს „ტ–ის” სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 73 873 ლარის გადახდა;
- შპს „ტ–ის”, ბ.დ–ის, მ.ფ–ვას და მ.ც–ძის სარჩელი შ.ბ–ძისათვის საწარმოსთვის მიყენებული ზიანის (საგადასახადო ვალდებულების, შ.მ–ძისათვის ქონების იაფად გასხვისების გამო, მოზიდული თანხების ბუღალტერიაში არ ასახვითა და უძრავი ქონების ნასყიდობის ფასების სხვაობის ნაწილში) ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;
- შ.ბ–ძეს შპს ,,ტ–ის” სასარგებლოდ დაეკისრა 257 108,21 ლარის გადახდა;
- შპს „ტ–ის”, ბ.დ–ის, მ.ფ–ვას და მ.ც–ძის სასარჩელო მოთხოვნა შ.ბ–ძისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;
- ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტ–ის” 2012 წლის 12 ოქტომბრის კრების ოქმი;
- შ.ბ–ძეს დაეკისრა შპს „ტ–ის”, ბ.დ–ის, მ.ფ–ვასა და მ.ც–ძის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის ანაზღაურება. ასევე, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ შ.ბ–ძისათვის მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის ანაზღაურება (იხ. ტ. 10, ს. ფ. 135-197).
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ.ბ–ძემ, ბ.დ–მა, შპს ,,ტ–მა’’, მ.ფ–ვამ და მ.ც–ძემ (იხ. ტ. 10, ს.ფ. 207-218, 223-232, 237-256; ტ. 12, ს.ფ. 4-18, 42-55).
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- შ.ბ–ძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (პირველი პუნქტი);
- შპს „ტ–ისა“ და ბ.დ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა (მე-2 პუნქტი); ხოლო, შ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (მე-3 პუნქტი);
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და შ.ბ–ძისათვის შპს „ტ–ის“, ბ.დ–ის, მ.ფ–ვასა და მ.ც–ძის სასარგებლოდ 5 000 ლარის დაკისრების ნაწილში (მე-4 პუნქტი);
- შპს „ტ–ის“, ბ.დ–ის, მ.ფ–ვასა და მ.ც–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (მე-5 პუნქტი);
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ.ბ–ძის სარჩელი შპს „ტ–ისათვის“ შ.ბ–ძის სასარგებლოდ თანხისა და სარგებლის დაკისრების, მიუღებელი ხელფასისა და მიუღებელ ხელფასზე პროცენტის დაკისრების, ბ.დ–ისათვის შპს „ტ–ის“ სასარგებლოდ თანხის დაკისრებისა და შპს „ტ–ისათვის“ შ.ბ–ძის სასარგებლოდ აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი 20 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში (მე-6 პუნქტი);
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შ.ბ–ძეს უარი ეთქვა აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებულად აღიარებაზე, გადახდის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე და ბ.დ–ისა და მ.ფ–ვასათვის შ.ბ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის თანხისა და მიუღებელი შემოსავლის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე დარჩა უცვლელი (მე-7 პუნქტი);
- შ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (მე-8 პუნქტი);
- გარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა, შპს „ტ–ს“ შ.ბ–ძის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა - სესხზე დარიცხული სარგებლის, 656 666 ლარისა და 2012 წლის 01 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 621 426 ლარის 1,5%-ის გადახდა (მე-9 პუნქტი);
- შპს „ტ–ს“ შ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის - 22 500 ლარისა და 2009 წლის 01 ივნისიდან ამ თანხის გადახდამდე ყოველდღიურად 22 500 ლარის 0,07%-ის გადახდა (მე-10 პუნქტი);
- შპს „ტ–ს“ შ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა (მე-11 პუნქტი);
- გარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა, ბ.დ–ს შპს „ტ–ის“ სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 838 542,6 ლარის გადახდა (მე-12 პუნქტი);
- შპს „ტ–სა“ და ბ.დ–ს შ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრათ 5 000 ლარის გადახდა (მე-13 პუნქტი);
- შპს „ტ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 7 000 ლარის გადახდა (მე-14 პუნქტი);
- ბ.დ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა (მე-15 პუნქტი) (იხ. ტ. 12, ს.ფ. 196-219).
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ბ.დ–მა, შპს „ტ–მა“, მ.ფ–ვამ და მ.ც–ძემ (იხ. ტ. 12, ს.ფ. 236-254, 264-269).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ბ.დ–ის, შპს „ტ–ის“, მ.ფ–ვასა და მ.ც–ძის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ტ–ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს „ტ–ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, დარჩა ძალაში. დანარჩენ ნაწილში გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება შ.ბ–ძისა და ბ.დ–ის სააპელაციო საჩივრების გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებაზე (იხ. ტ. 12, ს.ფ. 349-356).
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ტ–მა“, ბ.დ–მა, მ.ფ–ვამ და მ.ც–ძემ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „ტ–ის”, ბ.დ–ის, მ.ფ–ვას და მ.ც–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, იმავე სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელი (იხ. ტ. 12, ს.ფ. 532-548).
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბერს განცხადებით მიმართა შ.ბ–ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება - დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა (იხ. ტ. 13, ს.ფ. 35), თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შ.ბ–ძის განცხადება შპს ,,ტ–ის’’ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, დარჩა განუხილველი. შ.ბ–ძეს განემარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით შეეძლო მიემართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის; შ.ბ–ძის განცხადება შპს ,,ტ–ისათვის’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელი (იხ. ტ. 13, ს.ფ. 37-42, 107-112, 163-170).
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შ.ბ–ძის შუამდგომლობა და შეჩერდა საქმის წარმოება შ.ბ–ძისა და ბ.დ–ის სააპელაცო საჩივრის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებაზე, შ.ბ–ძის სარჩელის გამო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ (საქმე N3/5892-15) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იხ. ტ. 13, ს.ფ. 87-100).
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილს განცხადებით მიმართა შ.ბ–ძემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მის სასარგებლოდ დადგინდა 20 000 ლარისა და 656 666 ლარის ანაზღაურების ვალდებულება; 2012 წლის 01 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 621 426 ლარის 1,5%-ისა და მიუღებელი ხელფასის - 22 500 ლარის გადახდის ვალდებულება; ასევე, 2009 წლის 01 ივნისიდან ყოველდღიურად 22 500 ლარის 0,07%-ისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება (იხ. ტ. 13, ს.ფ. 336), თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით შ.ბ–ძის აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 13, ს.ფ. 337-344).
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბერს კვლავ მიმართა განცხადებით შ.ბ–ძემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 (რომლითაც გარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა, შპს „ტ–ს“ შ.ბ–ძის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა - სესხზე დარიცხული სარგებლის - 656 666 ლარისა და 2012 წლის 01 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 621 426 ლარის 1,5%-ის გადახდა), მე-10 (რომლითაც შპს „ტ–ს“ შ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის - 22 500 ლარისა და 2009 წლის 01 ივნისიდან ამ თანხის გადახდამდე ყოველდღიურად 22 500 ლარის 0,07%-ის გადახდა) და მე-11 (რომლითაც შპს „ტ–ს“ შ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა) პუნქტებზე.
14. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ტ–ის“ საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელი. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები, რომლითაც დაკმაყოფილდა შ.ბ–ძის სასარჩელო მოთხოვნები შპს „ტ–ის“ მიმართ შესულია კანონიერ ძალაში; შ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრისა და ბ.დ–ის დამოუკიდებელი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე მიმდინარე საქმის წარმოება შეეხება შპს „ტ–ის“ სასარგებლოდ ბ.დ–ის დირექტორობის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2014წ. განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით გადაწყვეტილ საკითხებთან და, შესაბამისად, არ აბრკოლებს მათ აღსრულებას. ამასთან, საქმის წარმოების განახლების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება არ შეეხება შპს „ტ–ის“ მიმართ შ.ბ–ძის იმ სასარჩელო მოთხოვნებს, რომელთა ბედიც გადაწყვეტილია 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9, მე-10, მე-11 პუნქტებით.
15. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2.ა, 20.1, 20.2 და 21.2 მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა კრედიტორის სასარგებლოდ დასაშვებია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული არ ყოფილა. შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნის მართებულობის დასადგენად მნიშვნელოვანია გამოირკვეს აღნიშნული განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების ზემოთ ხსენებული პუნქტები (მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები) გასაჩივრების შედეგად დარჩა თუ არა უცვლელი და შევიდა თუ არა კანონიერ ძალაში.
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა მხოლოდ შპს „ტ–ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს „ტ–ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და განახლდა საქმის წარმოება შ.ბ–ძისა და ბ.დ–ის სააპელაციო საჩივრების გამო; დადგენილია, რომ შპს „ტ–ის“ სააპელაციო საჩივრით დავის საგანს წარმოადგენდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შ.ბ–ძის მოთხოვნა და შპს „ტ–ს“ შ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 621 426 ლარისა (1.1. პუნქტის პირველი წინადადება) და 13 177,86 ლარის (1.3 პუნქტის პირველი წინადადება) ანაზღაურება, ასევე, იმ ნაწილში რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ტ–ისა“ და სხვების შეგებებული სარჩელი შ.ბ–ძის მიმართ; შ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრის მიხედვით კი, დავის საგანს წარმოადგენდა ის სასარჩელო მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაზე შ.ბ–ძეს უარი ეთქვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით. კერძოდ, შ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრით დავის საგანს წარმოადგენდა შპს „ტ–ისათვის“ სარგებლის სახით 656 666 ლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 621 426 ლარის 1,5%-ის გადახდის დაკისრება, ასევე, მიუღებელი ხელფასის - 22 500 ლარისა და 22 500 ლარის 0,07 %-ის ანაზღაურება და შპს „ტ–ისათვის“ შ.ბ–ძის სასარგებლოდ 20 000 ლარის დაკისრება; უდავოა, რომ შ.ბ–ძის სააპელაციო საჩივრის აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით, თუმცა ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა (გარდა სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-14 პუნქტებისა) და შ.ბ–ძისა და ბ.დ–ის სააპელაციო საჩივრების გამო საქმის წარმოება განახლდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ცხადყოფს, რომ ზემოხსენებულ თანხებთან მიმართებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები, მათი გაუქმების გამო, კანონიერ ძალაში არ შესულა. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელზეც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას (სარეზოლუციო ნაწილის მე-9-11 პუნქტები), გაუქმებულია, რის გამოც, განმცხადებლის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელიც კრედიტორ შალვა ბახატაძის სასარგებლოდ აღსრულებას დაექვემდებარებოდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შ.ბ–ძის, როგორც კრედიტორის, სასარგებლოდ გასცეს სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განმცხადებლის სასარგებლოდ იძულებით აღსასრულებელი ვალდებულება დადგენილი არ არის.
19. სააპელაციო პალატის მითითებით, გარდა ამისა, უდავოდ დადგენილია, რომ შ.ბ–ძემ სააღსრულებო ფურცლის გაცემა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე მოითხოვა არაერთხელ, რაზეც მას, ასევე, არაერთხელ ეთქვა უარი. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შ.ბ–ძის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დარჩა განუხილველი (იხ. ტ. 13, ს.ფ. 37-42, 163-170); ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით შ.ბ–ძის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში (იხ. ტ. 13, ს.ფ. 336, 337-344).
20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 7.2, 186.1.ბ, 187.2, 272.ბ მუხლებით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში უკვე არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ.ბ–ძის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, მიიჩნია, რომ შ.ბ–ძის 10.11.2023წ. განცხადება იგივე მოთხოვნებით იყო დაუშვებელი, რის გამოც სახეზე იყო განცხადებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
21. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე შ.ბ–ძემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალება მოითხოვა.
22. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
22.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი) დაკმაყოფილდა შ.ბ–ძის სასარჩელო მოთხოვნები შპს „ტ–ის“ მიმართ, ხოლო მე-5 პუნქტით არ დაკმაყოფილდა შპს „ტ–ის“, ბ.დ–ის, მ.ფ–ვას და მ.ც–ძის შეგებებული სარჩელი. ამდენად, შპს „ტ–ის“ მიმართ შ.ბ–ძის ზემოთ დასახელებულ მოთხოვნებზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ შალაში;
22.2. შ.ბ–ძის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ბ.დ–ისათვის მისი დირექტორობის დროს შპს „ტ–ისათვის“ მიყენებული ზიანის - 948 540 ლარისა და 282 562 ლარის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ანაზღაურება; ამ ნაწილში შ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბ.დ–ს შპს „ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 682 123 ლარის გადახდა. აქედან გამომდინარე, შ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი მოიცავს ბ.დ–ის მიმართ სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილსაც, ხოლო ბ.დ–ი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მასზე დაკისრებული თანხის ნაწილში 08.05.2014წ. გადაწყვეტილების გაუქმებას; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2014წ. განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი და ბ.დ–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 08.05.2014წ. გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხასთან ერთად, დამატებით დაეკისრა 838 542 ლარი, ხოლო ბ.დ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო. თუმცა, ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის გამო, 28.11.2014წ. განჩინებით 17.10.2014წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა;
22.3. ბ.დ–ი შ.ბ–ძის მოპასუხეა შპს „ტ–ის“ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, რომელსაც კავშირი არ აქვს 08.05.2014წ. გადაწყვეტილების 1.1, 1.6, 1.7 და 1.8 პუნქტებით გათვალისწინებულ შ.ბ–ძის სასარჩელო მოთხოვნებთან, სადაც მოპასუხე იყო შპს „ტ–ი“. აქედან გამომდინარე, ბ.დ–ის სააპელაციო საჩივარს კავშირი არ აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2014წ. განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებთან, სადაც მოპასუხეა შპს „ტ–ი“, რომლის სააპელაციო საჩივარი, საჩივარი და საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, 28.11.2014წ. განჩინებით საქმის წარმოება არ განახლებულა 17.10.2014წ. განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებზე. არამედ, საქმის წარმოება განახლდა შ.ბ–ძის საქმეზე შპს „ტ–ის“ სასარგებლოდ ბ.დ–ისათვის ზიანის ანაზღაურების სრულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის მართლზომიერება.
27. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები შესულია კანონიერ ძალაში და, შესაბამისად, შესაძლებელია მათ აღსასრულებლად სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტვს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.
30. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების, აღსრულების შესახებ ბრძანებისა და თავდაცვის კოდექსის 35-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა; სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
31. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ (გარდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებებისა, სსსკ-ის 268-ე მუხლი) და სააღსრულებო ფურცლის გაცემაც კრედიტორის სასარგებლოდ სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არის დასაშვები.
32. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2014წ. განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები, რომელთა აღსასრულებლადაც ითხოვს განმცხადებელი სააღსრულებო ფურცლის გაცემას, არ არის კანონიერ ძალაში შესული, რის გამოც მათზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა დაუშვებელია.
33. კერძოდ, წინამდებარე საქმეში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.11.2014წ. განჩინებით ბ.დ–ის, შპს „ტ–ის“, მ.ფ–ვას და მ.ც–ძის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2014წ. განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა მხოლოდ შპს „ტ–ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა (განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი) და შპს „ტ–ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7 000 ლარის გადახდის დაკისრების (განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-14 პუნქტი) ნაწილში. ხოლო, დარჩენილ ნაწილში, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2014წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და განახლდა საქმის წარმოება შ.ბ–ძისა და ბ.დ–ის სააპელაციო საჩივრების გამო. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით.
34. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის მიხედვით, შ.ბ–ძის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეთა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. შესაბამისად, შ.ბ–ძე ითხოვდა, მათ შორის, შპს „ტ–ისათვის“ სარგებლის 656 666 ლარისა და სარჩელის წარდგენიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 621 426 ლარის 1,5%-ის გადახდის დაკისრებას; ასევე, მიუღებელი ხელფასის - 22 500 ლარისა და მასზე დარიცხული ყოველდღიური საურავის 0,07%-ის გადახდის დაკისრებასა და აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი 20 000 ლარის ანაზღაურებას. შ.ბ–ძის აღნიშნული სააპელაციო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2014წ. განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები), თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.10.2014წ. განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები კანონიერ ძალაში არ არის შესული და სასამართლო არ არის უფლებამოსილი მათ აღსასრულებლად კრედიტორის სასარგებლოდ გასცეს სააღსრულებო ფურცელი.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი