საქმე №ას-267-2023 8 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.ა–ძე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.მ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 იანვრის განჩინებით ქ.ა–ძისა (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“) და შ.მ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც:
1.1. მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ ქორწინების შეწყვეტის, ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ და მოძრავ ნივთებზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელესა (დაბადების თარიღი - 13 ივნისი, 1985 წელი) და მოპასუხეს (დაბადების თარიღი - 16 ნოემბერი, 1983 წელი) შორის 2004 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის Nმნ 0043579) შეწყდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისი, ........., კომერციული ფართი N1, სართული I, ფართი: 102.50 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ...... – ½ ნაწილის მესაკუთრედ; მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების - ტოიოტა AQUA, ტიპი: ჰეტჩბეკი, ფერი: თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი: ......., სახელმწიფო ნომერი: ....... (სარეგისტრაციო მოწმობა AM1217216, გაცემული: 22.04.2018 წელს) – ½ ნაწილის მესაკუთრედ;
1.2. მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ თანხის დაკისრების, ქორწინების განმავლობაში აღებული საერთო ვალის ნახევრის დაკისრებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაეკისრა უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისი, სოფელი ....., ს/კ ........, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის ½ ნაწილის - 5000 აშშ დოლარის (ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად) გადახდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაეკისრა უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ......., ს/კ ........, დადებული 25.06.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან (NCCLCA000425094-6736694-10390822) დარჩენილი თანხის ½ ნაწილის - 118 323 ლარის გადახდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაეკისრა მოძრავი ნივთისათვის - 2012 წელს გამოშვებული ავტომობილის, საიდენტიფიკაციო ნომრით: ......, სახელმწიფო ნომრით: ......... (სარეგისტრაციო მოწმობა AM121..), მიყენებული ზიანის სახით - 1430 ლარის გადახდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ; შეგებებული სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2004 წლის 21 სექტემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: 2004 წლის 21 ოქტომბერს დაბადებული ნ.მ–ი, 2008 წლის 02 მარტს დაბადებული ნ.მ–ი, 2010 წლის 21 ოქტომბერს დაბადებული მ.მ–ი და 2012 წლის 24 აპრილს დაბადებული შ.მ–ი. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია 2021 წლიდან (ოქტომბერი) და არ არსებობს მხარეთა ნება ოჯახის აღდგენა/შენარჩუნებისა;
2.2. უძრავი ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ......., კომერციული ფართი N1, სართული 1, ფართი: 102.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: .....), საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. აღნიშნული ქონება შეძენილია მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას თანაბარი წილების გათვალისწინებით. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 25/06/2020, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 300 000 ლარი (ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები: ზ.ბ–ია (გამყიდველი), მოპასუხე (მყიდველი), ნასყიდობის საგანზე რეგისტრირებული იყო სს „ს.ბ–ის“ იპოთეკა, დამოწმებული 13.03.2018წ.). აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება, იპოთეკარი: სს „ს.ბ–ი“, იპოთეკის ხელშეკრულება CAH000425089, დამოწმების თარიღი: 25/06/2020, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
2.3. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: რეგისტრაციის ნომერი - QE083TI, გამოშვების წელი - 2012, რეგისტრაციის თარიღი - 22.04.2018, მარკა - TOYOTA, ტიპი - ჰეტჩბეკი, მოდელი AQUA, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი - NHP106109272, სარეგისტრაციო მოწმობა AM1217216, გაცემული: 22.04.2018 წელს. აღნიშნული შეძენილია მოსარჩელესთან რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებას თანაბარი წილების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული მოძრავი ნივთი (ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტოიოტა AQUA, ს/ნ: N......, სახელმწიფო ნომერი: .......) დაზიანებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად (მოსარჩელის მონაწილეობით);
2.4. 2021 წლის 24 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, კომერციული ფართი N1, სართული 1, ფართი: 102.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: .......), შეფასებულია 232 460 ლარად. 2021 წლის 24 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, მოძრავი ნივთი, რომლის რეკვიზიტებია: რეგისტრაციის ნომერი - QE083TI, გამოშვების წელი - 2012, რეგისტრაციის თარიღი - 22.04.2018, მარკა - TOYOTA, ტიპი - ჰეტჩბეკი, მოდელი AQUA, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი - NHP106109272, შეფასებულია 15 400 ლარად;
2.5. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NGCL000425079-9271338 ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლის 25 ივნისს სს „ს.ბ–ში“ გაიხსნა მოპასუხისა და ც.ა–ძის (მოპასუხის დედა) სახელზე საკრედიტო ხაზი 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ სს „ს.ბ–იდან“ აიღო კრედიტი, მოცულობით 250 000 ლარი, ვადით - 03.07.2025წ-მდე. სს „ს.ბ–ში“ (სესხის ნომერი 6736694) მოპასუხის კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, 04/07/2022 წლისათვის სესხის საბოლოო ნაშთი შეადგენს 169 097.01 ლარს, ყოველთვიური გადახდა - 5634.41 ლარს, ტრანში შეადგენდა (სესხის თანხა) 250 000 ლარს. 2022 წლის 14 იანვრის მდგომარეობით (შეგებებული სარჩელის აღძვრამდე) მხარეები ერთობლივად ფარავდნენ სესხის თანხას, სარჩელის აღძვრის მომენტიდან კი სესხის დასაფარი თანხაა 236 645 ლარი, საიდანაც ძირ თანხას წარმოადგენს 198 641 ლარი, ხოლო პროცენტს - 38 004 ლარი. 2020 წლის 25 ივნისს სს „ს.ბ–თან“ გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ნივთი;
2.6. „TOYOTA CENTER TBILISI”-ს 2021 წლის 07 დეკემბრის N27293 ინვოისში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: დამკვეთი - ა–ძე, მოდელი - QE083TI AQUA. წინა ბამპერი - 2710, წინა ბამპერის მარჯვენა სალასკა - 110, წინა ბამპერის მარცხენა სალასკა - 90, წინა ბამპერის ქვედა აბლიცოვკა - 265, წინა პანელის ზედა სამაგრი - 165, კაპოტი - 1100, კაპოტის მარჯვენა პეტლი - 115, კაპოტის მარცხენა პეტლი - 115, წინა მარჯვენა ფარი - 1300, სამღებრო სამუშაოები - 3250, სათუნუქე სამუშაოები - 2400. სრული თანხა: 11 620 ლარი. „ტოიოტა ცენტრი თბილისში“ შეძენილ ა/მ-ს დაზიანებისას სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს ცენტრის სერვისში, წინააღმდეგ შემთხვევაში ა/მ მოიხსნება გარანტიიდან;
2.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელის დაკვეთის საფუძველზე (შემოსვლის თარიღი: 06/10/2021წ.) მომზადდა 2021 წლის 13 ოქტომბრის N007204421 ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, მოძრავი ნივთისათვის, რომლის რეკვიზიტებია: რეგისტრაციის ნომერი - QE083TI, გამოშვების წელი - 2012, რეგისტრაციის თარიღი - 22.04.2018, მარკა - TOYOTA, ტიპი - ჰეტჩბექი, მოდელი - AQUA, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი - NHP106109272, მიყენებული მატერიალური ზარალის (აღნიშნული ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მის ძარასა და ძარის გადაკრულობის წინა ნაწილზე აღინიშნება ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები რთული და საშუალო დეფორმაციების სახით. კერძოდ, დეფორმირებულია: ძრავის სახურავი, წინა პანელი, წინა მარცხენა ფრთა. დაზიანებულია: წინა ბამპერი, წინა მარჯვენა მაშუქი, წინა ბამპერის მარცხენა სამაგრი, კონდიციონერის რადიატორი. დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად საჭიროა რიგი დეტალების შეცვლა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების (10%) გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 2860 ლარს.
2.8. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 600 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ..........), საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მოპასუხის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 27/06/2014, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მოპასუხის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ......., სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 600 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ........), აღირიცხა მოსარჩელის სახელზე 2015 წლის 21 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 600 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ........) აღირიცხა გ.კ–ძის სახელზე 2021 წლის 30 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის საფასურმა შეადგინა 10 000 აშშ დოლარი;
2.9. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ფართი (მშენებარე), სადარბაზო 2, სართული 5, ბინა N29ა, ფართი 50.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ........), საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მოპასუხის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 29/10/2019, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მოპასუხის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ფართი (მშენებარე), სადარბაზო 2, სართული 5, ბინა N29ა, ფართი 50.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ..........), აღირიცხა ს.ს–ას სახელზე 2021 წლის 18 ოქტომბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნასყიდობის საფასურმა შეადგინა 17 500 აშშ დოლარი;
2.10. უძრავ ნივთით, მდებარე: ქ. თბილისი, ........, კომერციული ფართი N1, სართული 1, ფართი: 102.50 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: ..........), სარგებლობს (კომერციული დანიშნულებით - მაღაზია) ინდივიდუალური მეწარმე (ს/ნ ..........) ც.ა–ძე - მოპასუხის დედა;
2.11. უძრავი ნივთი (მდებარე - ქ. თბილისი, ......., ს/კ ........) შეძენილი იყო რა მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას. აღნიშნული ქონების გასხვისებით მიღებული ნასყიდობის საფასური 10 000 აშშ დოლარი მიიღო მხოლოდ მოსარჩელემ და არ დასტურდება მისი მხრიდან ოჯახის საერთო მიზნებისათვის თანხის განკარგვა;
2.12. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ფართი (მშენებარე), სადარბაზო 2, სართული 5, ბინა N29ა, ფართი 50.30 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: .........), რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოპასუხის სახელზე, შეძენილი იყო რა მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას. მოპასუხის მიერ აღნიშნული ქონების გასხვისებისას, ნასყიდობის საფასური 17 500 აშშ დოლარი მიღებულია მხოლოდ მის მიერ და არ დასტურდება თანხის განკარგვა მოსარჩელის მიერ;
2.13. მოძრავი ნივთისათვის (ავტოსატრანსპორტო საშუალება - ტოიოტა AQUA, ტიპი: ჰეტჩბეკი, ფერი: თეთრი, საიდენტიფიკაციო ნომერი: N........, სახელმწიფო ნომერი: ........, სარეგისტრაციო მოწმობა AM1217216, გაცემული: 22.04.2018 წელს) ავტოსაგზაო შემთხვევის (ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელე სარგებლობდა აღნიშნული ავტომანქანით, ბრალეული პირი არ არის ამ ეტაპზე დადგენილი) შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2860 ლარს, რომელიც ასევე თანაბარ წილად უნდა გაიყოს მეუღლეთა შორის (ვინაიდან უდავოა მოსარჩელის საკუთრების უფლება აღნიშნული მოძრავი ნივთის ½ ნაწილზე).
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით არ იკვეთება მოპასუხის მიერ შედავებული გარემოების - ავტომანქანის შეკეთების საფასურის 11620 ლარის ოდენობით განსაზღვრის ფაქტობრივი მოცემულობა.
4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის მოთხოვნა ემყარება „TOYOTA CENTER TBILISI”-ს 2021 წლის 07 დეკემბრის N27293 ინვოისს, რომლის თანახმადაც, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისათვის სრული თანხა შეადგენს 11 620 ლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 13 ოქტომბრის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის მატერიალური ზარალის ოდენობა, შეფასების დროისთვის არსებული საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 2860 ლარს. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა მის ძარასა და ძარის გადაკრულობის წინა ნაწილზე აღნიშნული ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები რთული და საშუალო დეფორმაციის სახით. კერძოდ, დეფორმირებულია: ძრავის სახურავი, წინა პანელი, წინა მარცხენა ფრთა. დაზიანებულია: წინა ბამპერი, წინა მარჯვენა მაშუქი, წინა ბამპერის მარცხენა სამაგრი, კონდენციონერის რადიატორი. ავტომობილის აღსადგენად საჭიროა რიგი დეტალების შეცვლა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება.
5. სააპელაციო პალატამ ზიანის ოდენობის დასადგენად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ემყარება სიღრმისეული კვლევის მეთოდებს, ხოლო ტოიოტა-ცენტრის ინვოისი არ შეიცავს რაიმე კვლევას ავტომობილის დაზიანებასთან დაკავშირებით და მასში ჩამოთვლილია მხოლოდ ავტომობილის ნაწილების ცენტრისეული ფასები, რის გამოც, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნის ოდენობის დამადასტურებლად მითითებული დოკუმენტი ვერ იქნება მიჩნეული კომპეტენტური ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულებად.
6. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 442-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51.1 მუხლის შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მიუვა (იხ. სუსგ №ას-753-721-2016, 17.05.2019წ.). ამასთან, იმისათვის, რომ განხორციელდეს მოთხოვნათა გაქვითვა, აუცილებელია სახეზე იყოს გარიგების ნამდვილობის ყველა წინაპირობა: უფლებამოსილი პირის მიერ გაქვითვაზე გამოვლენილი ნება, რომელიც ადრესატს მიუვიდა, გასაქვითი მოთხოვნების ერთგვაროვნება, ურთიერთმოთხოვნათა შესრულების ვადის დადგომა და სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობა.
7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე შეგებებულ სარჩელში ითხოვდა არა მხოლოდ მეუღლეთა საერთო ვალის გაყოფას, არამედ ვალის ½ ნაწილის - 118 323 ლარის გაქვითვას, უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ......., კომერციული ფართი N1, სართული I, ფართი: 102.50 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......) ½ წილიდან, რომელიც ეკუთვნის მოსარჩელეს, რასაც ეს უკანასკნელი არ დაეთანხმა, თუმცა სესხის თანხის ნახევრის, როგორც საერთო ვალიდან მისი წილის, დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ცნო. სასამართლოს განმარტებით, გასაქვითი მოთხოვნები არაერთგვაროვანი ხასიათიაა, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისთვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა კი, მხარეთა ორმხრივ ნებასთან ერთად, სწორედ გასაქვით მოთხოვნათა ერთგვაროვნებაა.
8. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, იმ პირობებში, როდესაც სესხის ხელშეკრულების სრულად შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა (თუმცა შეგებებული სარჩელით მოპასუხე თანახმაა საერთო ვალის ნახევრის გადახდაზე) და სს „ს.ბ–ის“ წინაშე არსებული სესხის დაფარვა ხდება თანხის ყოველთვიური შეტანით, წინასწარ გაწერილი გრაფიკის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების ჩამორთმევა ვალის გაქვითვით ან მისი ნების საწინააღმდეგოდ განკარგვა, მით უფრო, როცა სახეზეც არ არის მოთხოვნათა ერთგვაროვნება, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორის იურიდიული ინტერესი სესხის თანხის ნახევრის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილებულია შეგებებული სარჩელით მოპასუხის მხრიდან მოთხოვნის ცნობით, - არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული/დაცული საკუთრების უფლების იურიდიულ ბუნებასაც.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა განქორწინების და თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, მხოლოდ მოპასუხე ასრულებს სასესხო ვალდებულებას. შესაბამისად, მოსარჩელეს, თითქმის წელია, რაც დარღვეული აქვს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. აღნიშნული იძლევა იმის საფუძველს, რომ მას მთლიანად დაეკისროს თანხა და ამასთანავე გაიქვითოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს მოუწევს დაუყადაღოს მოსარჩელეს საკუთარი უძრავი ქონების ნახევარი და იქიდან მოახდინოს მის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც ლოგიკას მოკლებულია. არსებობს იმის დიდი რისკი, რომ მოსარჩელე გაასხვისებს ქონების კუთვნილ ნახევარ წილს კეთილსინდისიერ შემძენზე, რის შემდეგაც მოპასუხის მოთხოვნა აღუსრულებელი დარჩება, ვინაიდან მოსარჩელეს სხვა არანაირი ქონება და შემოსავალი არ გააჩნია. იგი თავადვე აღიარებს, რომ მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო სიდედრის მაღაზიაში მუშაობა იყო, იქაც ასრულებდა მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოებს, რასაც მისი მეუღლე ეუბნებოდა;
14.2. სასამართლო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე უარს იმ დასაბუთებით ამბობს, რომ უძრავ ქონებაზე არსებული ვალდებულება არის პერიოდულად გადასახდელი თანხა, რომლის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა და ამის გამო მოსარჩელეს ვერ შეუზღუდავს საკუთრების უფლებას. ამის მიუხედავად კი, მოსარჩელეს აღნიშნული გადაწყვეტილებითვე აკისრებს 118323 ლარის გადახდას მოპასუხის სასარგებლოდ, რაც ლოგიკას მოკლებულია. თუ სასამართლომ მოსარჩელეს წინასწარ დააკისრა მთლიანი თანხა, მაშინ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე იმ არგუმენტით, რომ ვალდებულება პერიოდულია, უარს როგორ ეუბნება?
14.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ავტომობილს ავარიის დროს მართავდა მოსარჩელე, მაგრამ ამბობს, რომ ბრალეული პირი არ არის ამ ეტაპზე დადგენილი, რაც არ არის სიმართლე. საპატრულო პოლიციის მიერ საჯარიმო ოქმი შედგენილია მოსარჩელის სახელზე, ვინაიდან პატრულ-ინსპექტორმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაადგინა მოსარჩელის ბრალეულობა. აღნიშნულ შემთხვევაში მოსამართლე დაეყრდნო არა წარმოდგენილ საქმის მასალებს, არამედ - მოსარჩელის განმარტებას, რომ იგი საკუთარ თავს არ მიიჩნევდა ბრალეულად, ვინაიდან ამბობდა, რომ პატრულ-ინსპექტორმა არასწორად დაუწერა ჯარიმა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოსარჩელის ბრალეულობით;
14.4. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოსარჩელის მიერ წარდგენილი შეფასება მოიცავს ავტომანქანის შეკეთებას მეორადი ნაწილებით, ხოლო მოპასუხის შეფასება არის ავტომანქანის მარკის ოფიციალური ცენტრის შეფასება, რომელიც მოიაზრებს ახალი ნაწილებით შეკეთებას. ამასთან, მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნაში არის მანქანის სულ სხვა ნაწილების შეკეთების საფასური დათვლილი (რეალურად მათი, რომლებიც დაზიანდა), ხოლო მოსარჩელის მიერ შეფასებულია ავტომანქანის სულ სხვა ნაწილები, მათ შორის, მანქანის შიდა დაზიანებები, რომლებიც მოპასუხეს არ ჰქონდა შეფასებული (ალბათ ისინი შეაფასებინა ექსპერტს, რომლებიც ნაკლები ღირებულების იქნებოდა). შესაბამისად, მოსამართლეს კი არ უნდა აერჩია ერთი დასკვნა, არამედ ორივე დასკვნის შეჯერებით (ვინაიდან ძირითადად სულ სხვადასხვა ნაწილებია შეფასებული) უნდა დაედგინა რეალური ზიანის ოდენობა, რისი ურთიერთმოთხოვნათა გათქვითვაც შემდგომში უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს არა 1430 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ, არამედ - 11 620 ლარის, რაც შემდგომში უნდა გაიქვითოს.
15. საკასაციო საჩივრის ფარგლებში ერთ-ერთი სადავო საკითხია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე უარის თქმის კანონიერება.
16. საქართველოს კანონმდებლობა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს ანიჭებს უფლებას, ერთმანეთის მიმართ არსებული მოთხოვნები გაქვითონ და ვალდებულება ისე შეწყვიტონ, კერძოდ, სსკ-ის 442-ე მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
17. გაქვითვა წარმოადგენს პირის მატერიალურ-სამართლებრივ აღმჭურველ უფლებას და ამ უფლების რეალიზაციას ერთ-ერთი მხარე მეორე მხარისათვის შეტყობინებით ახდენს (იხ. სუსგ საქმე №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი). მოთხოვნის გაქვითვის თაობაზე გამოვლენილი ნება ცალმხრივი გარიგებაა და ამავე კოდექსის 51.1 მუხლის შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც მეორე მხარეს მიუვა (იხ. სუსგ საქმე №ას-753-721-2016, 17 მაისი, 2019 წელი). ამასთან, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის, როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. სსკ-ის 442.2 მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის მქონე მხარს უჭერს გაქვითვას.
18. მოთხოვნათა გაქვითვა გაქვითვის უფლების მქონე პირებს ორ მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს: 1) იგი იძლევა შესაძლებლობას, რომ ვალდებულმა პირმა თავისი ვალდებულება რეალური შესრულების გარეშე შეასრულოს; 2) იგი უმარტივებს კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებას სასარჩელო პროცესში ჩაბმის გარეშე. გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე (იხ. სუსგ საქმე №ას-236-2023, 4 მაისი, 2023 წელი).
19. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა მსგავსი საპასუხო მოთხოვნების არსებობა. ამ მოთხოვნების საგანი უნდა იყოს მსგავსი, ხოლო შინაარსი იდენტური. როგორც წესი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა გამოიყენება ფულადი ვალდებულებების დროს ანდა, თუ ვალდებულების საგანს შეადგენენ გვარეობითი (გვაროვნული) ნივთები. უწინარეს ყოვლისა, აქ საუბარია შესრულების საგნის მსგავსებაზე, მაგრამ არა მოთხოვნათა სამართლებრივ საფუძველზე (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, ვალდებულებითი სამართალი, ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 547-548). გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-236-2023, 4 მაისი, 2023 წელი).
20. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაეკისრა უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ........, ს/კ ........., დადებული 25.06.2020წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან დარჩენილი თანხის ½ ნაწილის - 118 323 ლარის გადახდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის (118 323 ლარი) გაქვითვას უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ......... ქუჩა N96 (ს/კ ..........), არსებული მოსარჩელის კუთვნილი ½ წილიდან.
21. ამდენად, მოპასუხე შეგებებული სარჩელით ითხოვდა არა მხოლოდ მეუღლეთა საერთო ვალის გაყოფას, არამედ ვალის ½ ნაწილის -118323 ლარის გაქვითვას უძრავ ქონებაზე მოსარჩელის კუთვნილი ½ წილიდან. გამომდინარე აქედან, ცალსახაა, რომ გასაქვითი მოთხოვნები არაერთგვაროვანი ხასიათისაა, რის გამოც კასატორს მართებულად ეთქვა უარი აღნიშნული მოთხოვნების გაქვითვაზე.
22. რაც შეეხება კასატორის შედავებას ავტომანქანის შეკეთების საფასურის ოდენობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია „TOYOTA CENTER TBILISI”-ს 2021 წლის 07 დეკემბრის N27293 ინვოისი, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისთვის სრული თანხა შეადგენს 11620 ლარს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6. ქვეპუნქტი), ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოსარჩელის დაკვეთის საფუძველზე მომზადებული 2021 წლის 13 ოქტომბრის N007204421 ექსპერტის დასკვნის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების (10%) გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს 2860 ლარს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7. ქვეპუნქტი).
23. აღნიშნული ორი მტკიცებულების ურთიერთშედარების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გაიზიარეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. სასამართლოსთვის უფრო დამაჯერებელი და ობიექტური მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მომზადებულია კომპეტენტური და ნეიტრალური პირის (ექსპერტის) მიერ, ვიდრე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ინვოისი, რომელშიც ავტომობილის ნაწილების ცენტრისეული ფასებია მოცემული და არ ემყარება ავტომანქანისთვის მიყენებული ზარალის ოდენობის დასადგენად რაიმე კვლევას და, გამომდინარე აქედან, ვერ მიიჩნევა კომპეტენტური ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულებად.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 510 ლარის 70% – 357 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ქ.ა–ძეს (პ/ნ N......) დაუბრუნდეს ი. ნ–ას (პ/ნ N.......) მიერ 2023 წლის 3 აპრილის №16610924004 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 510 ლარის 70% – 357 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი