Facebook Twitter

საქმე №ას-1846-2018 7 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ლ–ლი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2018 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – სასამართლოს ინიციატივით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.05.2022 წლის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება

პალატამ გამოარკვია:

1. შპს „მ–ომ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „ლიზინგის გამცემი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ლ–ლის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „ლიზინგის მიმღები“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.03.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2018 წლის გადაწყვეტილებით - ლიზინგის გამცემის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლიზინგის მიმღებს ლიზინგის გამცემის სასარგებლოდ დაეკისრა 1986.93 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.05.2022 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2018 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ლიზინგის სამართლებრივ ინსტიტუტთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზისას საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.05.2022 წლის გადაწყვეტილებას. აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი) დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, ე.წ. ოტავის კონვენციის ძირითადი რეგულაციების ჩამოთვლისას (კონვენციით: „ლიზინგის საგნის ხარისხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მიმწოდებელს ეკისრება; ლიზინგის მიმღები პასუხს არ აგებს ლიზინგის საგნის გამოყენებით გამოწვეული გარდაცვალების, ჯანმრთელობის თუ ქონების დაზიანების შემთხვევებში; ლიზინგის გამცემის ინტერესები დაცულია ლიზინგის მიმღების გაკოტრებისას (იხ. UNIDROIT CONVENTION ON INTERNATIONAL FINANCIAL LEASING (Ottawa, 28 May 1988) (https://www.unidroit.org/instruments/leasing/convention/)“), მეორე წინადადებაში ნაცვლად „ლიზინგის გამცემისა“ მითითებულია „ლიზინგის მიმღები“. ამდენად, უსწორობა უნდა გასწორდეს კონვენციის ტექსტის (მუხლი 8.1.b) შესატყვისად.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების საკითხი უნდა გადაწყდეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.05.2022 წლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (მე-10 პუნქტი) დაშვებული უსწორობა და წინადადებაში - „ლიზინგის მიმღები პასუხს არ აგებს ლიზინგის საგნის გამოყენებით გამოწვეული გარდაცვალების, ჯანმრთელობის თუ ქონების დაზიანების შემთხვევებში“, „ლიზინგის მიმღების" ნაცვლად, მიეთითოს „ლიზინგის გამცემი“.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე