საქმე №ას-537-2024 26 ივნისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა.გ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ტ–ძე“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იძულებითი განაცდურისა და სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაციის ოდენობის ნაწილში
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება, ჩაცმის სტილის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა.გ–ის (შემდგომში მოსარჩელე, დასაქმებული, ყოფილი დასაქმებული, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ყოფილი დასაქმებულის სარჩელი შპს „მ.ტ–ძის“ (შემდგომში დამსაქმებელი, სილამაზის სალონი, მოპასუხე, მოპასუხე ორგანიზაცია ან მოპასუხე კომპანია) მიმართ, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2023 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2023 წლის 1 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებმადე იძულებითი განაცდურის სახით 200 ლარისა (ხელზე მისაღები თანხა) და კომპენსაციის სახით - 400 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ანაზღაურება; დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში და თვლის, რომ სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობისას მისი ხელფასის ოდენობა (ფიქსირებული 200 ლარი), რის გამოც, არასწორად დაიანგარიშეს მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხები. სილამაზის სალონში სხვადასხვა მომსახურებაზე დადგენილი იყო სხვადასხვა ფასი და სალონის მეპატრონე (ანუ მოპასუხე) მას უხდიდა გაწეული მომსახურების ღირებულების (გამომუშავებული თანხის) 50%-ს, რაც დასტურდება, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოსარჩელის პირადი (ე.წ რვეულის) ჩანაწერებით და საბანკო გადარიცხვის ქვითრებით. ამრიგად, მოპასუხემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის ხელფასი ხელზე მისაღები 200 ლარი იყო, აღნიშნულის საპირისპიროდ კი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მას ხელფასი ერიცხებოდა თითოეული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ (მაგალითად, თმის შეჭრა, დავარცხნა, წარბის კორექცია და ა.შ.). სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სტილისტის პოზიციაზე, რომლის ხელფასი, საქმეში არსებული საშტატო ნუსხის მიხედვით, 1000 ლარია, საიდანაც უნდა გამოთვლილიყო როგორც იძულებითი განაცდურის თანხა, ასევე, მოპასუხისთვის დასაკისრებელი კომპენსაცია.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. მოსარჩელე ზეპირი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში სტილისტის პოზიციაზე 2022 წლის აპრილიდან და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 200 ლარს;
7.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, 2023 წლის 10 აპრილის მდგომარეობით, 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილამდე მოსარჩელეს მოპასუხისგან ხელფასის სახით მიღებული აქვს 1530.6 ლარი, საიდანაც დაკავებულია საშემოსავლო გადასახადი - 300 ლარი;
7.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, 2023 წლის 9 ივნისის მდგომარეობით, 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით მოსარჩელეს მოპასუხისთვის ხელფასის სახით ჯამურად მიღებული აქვს 1703.42 ლარი, საიდანაც დაკავებულია საშემოსავლო გადასახადი - 333.87 ლარი;
7.4. 2023 წლის აპრილიდან მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან;
7.5. მოსარჩელემ სადავოდ გახადა მისი გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით, 3000 ლარის დაკისრება. საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი: მოსარჩელეს უარი ეთქვა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და აქედან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით 200 ლარის (გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე), ხოლო კომპენსაციის სახით - 400 ლარის გადახდა; დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კი, მოსარჩელეს ეთქვა უარი.
7.6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია (შესაბამისად,მოპასუხის მიერ მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და შესულია კანონიერ ძალაში), ხოლო მოსარჩელემ იგი გაასაჩივრა იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, რაც უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით.
7.7. წინამდებარე საკასაციო საჩივრით სწორედ აღნიშნული საკითხია სადავოდ გამხდარი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 14.1-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების (შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: თანამდებობა (არსებობის შემთხვევაში მიეთითება რანგი, თანრიგი, კატეგორია და სხვა) და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა; შრომის ანაზღაურება (მიეთითება ხელფასი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − დანამატი) და მისი გადახდის წესი), 41.1-ე (შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ) 41.2-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით), 41.3-ე (შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ), 44-ე (დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება მისი შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.
9. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
10. კასატორის (მოსარჩელის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, არასწორად დაადგინა მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობისას დასაქმებულის ხელფასის ოდენობა (ფიქსირებული 200 ლარი), რის გამოც, არასწორად დაიანგარიშა მოპასუხისთვის დასაკისრებელი იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის თანხა.
11. საკასაციო პალატა ვერ იზიარებს მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების თაობაზე კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში, კერძოდ, რაკი მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობაა, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ საქმე №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-182-171-2017, 27 დეკემბერი, 2019 წელი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც მოსარჩელისთვის ყოველთვიურად ასანაზღაურებელი ხელფასის ოდენობას განსაზღვრავდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ზეპირი შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა ფიქსირებულ 200 ლარს.
12. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით, მოპასუხე მოსარჩელეს რეგულარულად, ყოველთვიურად ურიცხავდა თანხებს და რვა გადარიცხვიდან მხოლოდ პირველი შეადგენდა 172.82 ლარს, ხოლო დარჩენილი შვიდი 255.1 ლარი იყო (იხ. ტ. 1. ს.ფ 132), რაც საშემოსავლო და საპენსიო დაქვითვის პირობებში, ნამდვილად 200 ლარს შეადგენდა.
13. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის აპელირებას იმის შესახებ, რომ დასაქმებულის პირადი ჩანაწერები (ე.წ რვეულის ჩანაწერები, სადაც მითითებულია სალონში არსებული სხვადასხვა მომსახურების ღირებულებები (იხ. ტ. 1. ს.ფ 138-155)) და ამონაწერები მოსარჩელის პირადი საბანკო ანგარიშებიდან (სადაც ჩანს ორგანიზაციის მეპატრონის მიერ მოსარჩელისთვის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოდენობის თანხების ჩარიცხვა (იხ. ტ. 1. ს.ფ 22-23)) ადასტურებდა ფიქსირებული 200 ლარის გარდა ხელფასის სახით დამსაქმებლისგან დამატებითი შემოსავლის მიღებას, რასაც დამსაქმებელი უხდიდა დასაქმებულს სხვადასხვა მომსახურების (თმის შეჭრა, წარბის კორექცია და სხვა) გაწევის სანაცვლოდ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ მიიჩნია აღნიშნული დოკუმენტები საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რელევანტურ მტკიცებულებებად, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (იხ. ტ. ს. ს.ფ 132), ნათლად და არაორაზროვნად ადასტურებს დასაქმებულისთვის ხელფასის სახით ყოველთვიურად გაცემული თანხის ოდენობას (რაც არ აღემატება 200 ლარს), აღნიშნულის საპირწონედ კი ვერ გამოდგება თავად მოსარჩელის მიერ შედგენილი პირადი ჩანაწერები და ასევე, მის პირად ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციები, მითუმეტეს, რომ ეს ტრანზაქციები განხორციელებულია არა თავად დამსაქმებლის (ორგანიზაციის), არამედ ფიზიკური პირის, მ.ტ–ძის მიერ (და გადახდის დანიშნულებაშიც „პირადი გადარიცხვაა“ მითითებული)). ამასთან, კასატორის მხოლოდ ზეპირი სახის მითითება, რომ მის საშტატო პოზიციაზე (სტილისტის პოზიციაზე) ხელფასი განსაზღვრული იყო 1000 ლარით, ასევე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე