საქმე №ას-521-2024 24 ივლისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს ,,გ.კ–ი’’ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ.ი.ტ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „გ.კ–ის“ (შემდგომში მოპასუხე, დამკვეთი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ნ.ი.ტ–სის“ (შემდგომში მოსარჩელე ან გადამზიდავი კომპანია) სარჩელი დამკვეთის მიმათ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2470.94 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა აკავშირებდა მოპასუხესთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სასამართლომ ამ გარემოების დასადასტურებლად არასწორად მიიჩნია მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი, რომელშიც მოპასუხე მიუთითებს, რომ მას მოსარჩელის მიმართ შესრულებული აქვს ყველანაირი ვალდებულება. წარდგენილი შესაგებელი სასამართლომ არასწორად მიიჩნია ფულადი ვალდებულების აღიარებად.
3. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი და წარდგენილი სარჩელი არასწორად არ მიიჩნია ხანდაზმულად.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1. მოსარჩელე არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია;
8.2. 2019 წლის 18 ნოემბერსა და 26 ნოემბერს, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 3 800 ევროს ღირებულების მომსახურება. მოპასუხემ არ აანაზღაურა გაწეული მომსახურების ღირებულება სრულად და მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2470.94 ევროა;
8.3. მოპასუხემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება;
8.4. სარჩელზე შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას გადამზიდავი კომპანიის მიმართ ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს;
8.5. 2022 წლის 2 სექტემბრის მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე, მოპასუხემ იშუამდგომლა მოწმის სახით ბ.კ–ს დაკითხვის შესახებ და განმარტა, რომ დამკვეთმა სწორედ მითითებულ პირს გადასცა მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც მას უნდა მიეტანა გადამზიდავ კომპანიაში, ხოლო რატომ მიიტანა მხოლოდ თანხის ნაწილი (1329 ევრო), მოწმის გამოკითხვის შედეგად დადგინდებოდა.
9. მოცემულ საქმეში სადავოა, არსებობდა თუ არა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის ექსპედიციის სახელშეკრულებო ურთიერთობა (სსკ-ის 730-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია) და მართებულად მიიჩნიეს თუ არა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხის მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი ფულადი დავალიანების აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
10. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
11. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რა თქმა უნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ საქმე №ას-1423-2019, 28.02.2020). მხოლოდ სიტყვიერი განმარტება საამისოდ ვერ გამოდგება. შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს, კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი). ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
12. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
13. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
14. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და მის ფარგლებში გაწეული საექსპედიციო მომსახურების დასადასტურებლად მიუთითებს 2019 წლის 18 ნოემბრისა და 26 ნოემბრის #4230 და #4288 ინვოისებზე და აცხადებს, რომ მან მოპასუხის მიმართ ორჯერ შეასრულა გადაზიდვის მომსახურება, რომლის ღირებულება დამკვეთმა სრულად არ აუნაზღაურა (3800 ევროს ღირებულებიდან მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 1329.09 ევრო (#4230 ინვოისის მიხედვით გადახდილია 1800 ევრო, ხოლო #4288 ინვოისის მიხედვით - 2000 ევრო)). მოპასუხე კი, სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მიუთითებს, რომ მას მოსარჩელის მიმართ სრულად აქვს შესრულებული ვალდებულება და არანაირი თანხის გადახდა არ უნდა დაეკისროს.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის (მოპასუხის) პრეტენზიას იმის შესახებ, რომ შესაგებელში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება, დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე, არ უნდა მიჩნეულიყო ვალდებულების აღიარებად.
16. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს საპროცესო ურთიერთობის მიზნებისათვის აღიარების სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ, სსსკ-ის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე - წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირი აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას (საქმე №ას-373-354-2015, 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღიარება, როგორც მტკიცებულება, სამოქალაქო სამართალწარმოებაში უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევა, რადგან მიმართულია მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ და ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. ამდენად, კანონი ფაქტის აღიარების გაქარწყლების შესაძლებლობას უშვებს, თუმცა მხოლოდ ისეთი გარემოებების არსებობის პირობებში, როგორიცაა - შეცდომა, რომელიც აღიარების შემდეგ გახდა ამღიარებლისათვის ცნობილი, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდა, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.
18. ზემოაღნიშნული განმარტებების ურთიერთშეჯერებითა და საქმეზე დადგენილი იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მიუთითა მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებაზე, ამასთან, იშუამდგომლა მოწმედ იმ პირის დაკითხვის შესახებ, რომელიც, მისივე მოსაზრებით, დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის შესახებ, შესაბამისად, მართებულად დაადგინა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების აღიარების ფაქტი (რაც მას მოსარჩელის მიმართ დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებდა). კასატორს კი, სსკ-ის 133-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, არც ის გარემოება დაუდასტურებია, რომ არსებობდა აღიარების გაქარწყლების კანონით იმპერატიულად დადგენილი წინაპირობები (ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას). ამდენად, მას არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული დასკვნების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამრთლოს.
19. რაც შეეხება კასატორის აპელირებას მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას (საქმეში წარდგენილი გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ინვოისები გაცემულია 2019 წლის 18 ნოემბერსა და 26 ნოემბერს, ხოლო სარჩელი წარდგენილია 2022 წლის 1 აპრილს - სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში (იხ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების 16-18 პუნქტები, ტ. 2, ს.ფ 90-91)) და თვლის, რომ კასატორს არც მითითებულ საკითხზე წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,გ.კ–ის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს ,,გ.კ–ის’’ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 356.3 ლარის (ქვითრის საგადახდო დავალება: 21818313002; გადახდის თარიღი 13.05.2024) 70% – 249.41ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე