Facebook Twitter

საქმე №ას-487-2024 24 ივლისი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - კ.კ–ი (აპელანტი, მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს ლ.ბ–ის (შემდეგში მოსარჩელე, გამსესხებელი, კრედიტორი, ბანკი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კ.კ–ის (შემდგომში მოპასუხე, მსესხებელი ან მოვალე) სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კრედიტორის სარჩელი მოვალის მიმართ და მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო კრედიტის #21236787 ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების (5218.52 ლარის, საიდანაც ძირითადი თანხაა 4452 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 716.52 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 50 ლარი) გადახდა) და ახალი გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი მსესხებლის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გირავნობის საგანი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ უნდა შეფასებულიყო, შესაბამისად, არასწორად დაასკვნა, რომ ბანკმა ვერ დაადასტურა გირავნობის საგნის ღირებულების შემცირების ფაქტი. აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი უნდა შეეფასებინა ბანკს, რაც შესრულდა კიდეც - სწორედ ბანკის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა დაწერა დასკვნა ავტომანქანის ღირებულების შესახებ, როგორც სესხის გაცემის ასევე, მომდევნო ეტაპზე. მოპასუხეს კი არ წარუდგენია სხვა რაიმე ალტერნატიული მტკიცებულება (შეფასების აქტი), რაც ბანკის მიერ გაკეთებული შეფასების აქტს გააბათილებდა. აღსანიშნავია, რომ როგორც სესხის გრაფიკის ვადაგადაცილების, ასევე გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ მოვალეს წერილობით ეცნობა, თუმცა აღნიშნულ წერილებზე მას რეაგირება არ ჰქონია და მხოლოდ მას შემდეგ გამოთქვა პრეტენზია დარჩენილი დავალიანების გადახდაზე, რაც ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში „სსსკ“), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2018 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის #21236787 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 22 500 ლარი, წლიური 42% სარგებლის დარიცხვით, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 17 ივლისამდე;

7.2. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო კრედიტის ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

7.3. საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 17 იანვარს, ბანკსა და მსესხებელს შორის დაიდო გირავნობის #21236787 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, გირავნობის ობიექტად განისაზღვრა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება - MERCEDES BENZ - S 500 L, გამოშვების წელი - 2006 (შემდგომში, გირავნობის საგანი ან ავტომობილი), ხოლო მის ღირებულებად 30 000 ლარი განისაზღვრა;

7.4. ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, თუ ბანკის მიერ გირავნობის ობიექტის რეალიზაცია/საკუთრებაში მიღების მომენტისთვის გირავნობის ობიექტის ღირებულება იქნებოდა უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, რომელიც ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, ბანკს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია დამგირავებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ხოლო გირავნობის ობიექტის ღირებულება დადგინდებოდა ბანკის შეფასების საფუძველზე;

7.5. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;

7.6. 2018 წლის 18 აპრილს ბანკის ექსპერტ-შემფასებელმა გასცა აქტი ავტომობილის დათვალიერებისა და შეფასების შესახებ, რომელშიც, გირავნობის საგნის ღირებულებად მითითებულია 19 000 ლარი. (შეფასების აქტში აღნიშნულია, რომ ავტომობილს აღენიშნება მცირე და საშუალო ზომის ექსპლუატაციური ხასიათის დაზიანებები: ნაკაწრების, ნაჭდევების, გასმულების და ორმო-ჩაღრმავებების სახით. დაზიანებულია: წინა და უკანა ბუფერი, ცხაური, კაპოტი. დაზიანება აღენიშნება ავტომობილს ძარის მარცხენა მხარეს: წინა ფრთა, წინა კარი, უკანა კარი, უკანა ფრთა, უკანა ფარი. ასევე, დაზიანებულია ავტომობილის ძარის მარჯვენა მხარე: წინა ფრთა, წინა კარი, უკანა კარი, უკანა ფრთა. აღენიშნება შესრულებული სამღებრო სამუშაოების კვალი, საჭის უსაფრთხოების ბალიშს აღენიშნება აღდგენითი სამუშაოების კვალი. ავტომობილი არ იქოქება, უცნობია ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი. ასევე გაუმართავია პნევმო ბალიშების სისტემა);

7.7. 2018 წლის აპრილში მსესხებელმა ბანკს გადასცა გირავნობის საგანი (ავტომობილი MERCEDES BENZ - S 500 L, გამოშვების წელი - 2006, ავტომობილის ტიპი - სედანი, საიდენტიფიკაციო კოდი - ..........., სახელმწიფო ნომრით .........), რომლის რეალიზაცია მოხდა 19 718 ლარად. აღნიშნული თანხით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა - 18048 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1575 ლარი და აღსრულების ხარჯი - 95 ლარი;

8. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის კრედიტორის მიერ განსაზღვრული საკრედიტო ვალდებულების მოცულობა და არც გირავნობის საგნის რეალიზაციის საფუძვლის არსებობა. მოსარჩელე (კასატორი) დავობს იმაზე, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის დროისთვის ავტომობილის ღირებულება იყო საგრძნობლად შემცირებული ხელშეკრულების დადების პერიოდთან შედარებით (ხელშეკრულების დადებისას იგი განსაზღვრული იყო 30 000 ლარით, ხოლო ავტომობილის რეალიზაციის პერიოდში - 19 000 ლარით), რის გამოც, სრულად ვერ დაიფარა მოპასუხის ვალდებულება და შესაბამისად, მოვალეს ბანკის წინაშე გადასახდელი დარჩა დავალიანება (7376.77 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 4452 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 716.52 ლარი, ხოლო ჯარიმა - 2208.25 ლარი). ამრიგად, სადავოა, გირავნობის საგნის რეალიზაციის მომენტისთვის ავტომანქანის ღირებულების განსაზღვრის მართლზომიერება - შემცირდა თუ არა ავტომანქანის ღირებულება სადავო ხელშეკრულების დადებიდან მის რეალიზაციამდე პერიოდში.

9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაამახვილა ყურადღება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთზე, რადგან როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია მითითებული, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.

10. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

11. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

12. ამასთან, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

13. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა გირავნობის საგნის შეფასებას ბანკის თანამშრომელთა მხრიდან, ხოლო ბანკის ექპერტ-შემფასებლის 2018 წლის 18 აპრილის აქტით დადასტურებულია რეალიზაციის დროს ავტომანქანის ღირებულების შემცირება, არსებობდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

15. მითითებული პრეტენზიის პასუხად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გირავნობის საგანი ბანკის თანამშრომლის მიერ შეფასებულია ორჯერ - პირველად, ხელშეკრულების დადებისას, 2018 წლის 17 იანვარს, 30 000 ლარად (იხ. გირავნობის ხელშეკრულება, ტ. 1. ს.ფ 156-160), ხოლო მეორედ, ზუსტად სამი თვის შემდეგ, 2018 წლის 18 აპრილს, 19 000 ლარად (იხ. ტ. 1. ს.ფ 161). აღსანიშნავია, რომ არცერთი დოკუმენტის შინაარსით არ დგინდება, თუ რამ გამოიწვია ასეთ მოკლე დროში გირავნობის საგნის ღირებულების ამგვარი მკვეთრი შემცირება. მართალია, 2018 წლის 18 აპრილის შეფასების აქტში მითითებული ხარვეზები (ავტომობილს აღენიშნება მცირე და საშუალო ზომის ექსპლუატაციური ხასიათის დაზიანებები: ნაკაწრების, ნაჭდევების, გასმულების და ორმო-ჩაღრმავებების სახით. დაზიანებულია: წინა და უკანა ბუფერი, ცხაური, კაპოტი. დაზიანება აღენიშნება ავტომობილს ძარის მარცხენა მხარეს: წინა ფრთა, წინა კარი, უკანა კარი, უკანა ფრთა, უკანა ფარი. ასევე, დაზიანებულია ავტომობილის ძარის მარჯვენა მხარე: წინა ფრთა, წინა კარი, უკანა კარი, უკანა ფრთა. აღენიშნება შესრულებული სამღებრო სამუშაოების კვალი, საჭის უსაფრთხოების ბალიშს აღენიშნება აღდგენითი სამუშაოების კვალი. ავტომობილი არ იქოქება, უცნობია ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი. ასევე გაუმართავია პნევმო ბალიშების სისტემა), შესაძლოა გამხდარიყო ავტომობილის ღირებულების შემცირების საფუძველი, თუმცა იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარდგენილი არცერთი დოკუმენტით არ დგინდება, თუ რა მდგომარეობაში იყო ავტომანქანა ხელშეკრულების დადებისას (2018 წლის 17 იანვარი), გააჩნდა თუ არა მას აღნიშნული ნაკლოვანებები, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ასეთ მოკლე დროში (სამ თვეში) შეიძინა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ზემოთ მითითებული შეფასების აქტი ვერ მიიჩნევა ავტომანქანის ღირებულების შემცირების დამადასტურებელ ერთადერთ და რელევანტურ მტკიცებულებად. კასატორი კი ვერ მიუთითების სხვა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული დაკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ლ.ბ–ს“ (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 368.83 ლარის (ქვითრის საგადახდო დავალება: 1; გადახდის თარიღი 02.05.2024) 70% – 258.18 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე