საქმე №ას-977-2024
25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ვ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ვ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ, მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. ქ. თბილისში, .......... მდებარე 114.60 კვ.მ. უძრავი ქონება (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) მოსარჩელის საკუთრებაა;
6.2. სადავო უძრავი ქონება მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაშია.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების საკითხზე აპელირებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელესთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის ფარგლებშიც მას გადახდილი აქვს 80 000 ლარზე მეტი, მას წარმოუშობს სადავო ბინაში ცხოვრების სამართლებრივ საფუძველს.
8. სააპელაციო სასამართლომ მითითებით, მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მის მიერ მითითებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მას სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლებას ანიჭებდა და არსებობდა მხარეთა შეთანხმება, რასაც შეეძლო მესაკუთრე სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში მოექცია სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით. აპელანტის მითითება მორალურ ვალდებულებაზე ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ სადავო ქონების ფლობის მართლზომიერ საფუძვლად.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მოპასუხის მიერ მითითებული გარიგებიდან გამომდინარე მოთხოვნები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს შეიძლება გააჩნდეს გარკვეული მოთხოვნები მოსარჩელის მიმართ, რაც სარჩელის წარდგენის გზით უნდა შემოწმდეს.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
11.1. წინამდებარე სარჩელზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად საჭირო სამი წინაპირობიდან ორი, კერძოდ, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედაა და მოპასუხე ამჟამად ცხოვრობს დასახელებულ ქონებაში. არცერთ სასამართლოს არ გამოუკლევია ჰქონდა თუ არა მოპასუხეს სადავო უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მითითებებს მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე;
11.2. კანონმდებლობა განსაზღვრავს საკუთრების შეზღუდვისა და შებოჭვის გამონაკლისებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. ამასთან, სამოქალაქო სამართლებრივი წესრიგის შექმნისას აუცილებელია, მიღწეულ იქნას სწორი ბალანსი საკუთრების უფლებასა და სხვა უფლებებს შორის;
11.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, გარანტირებულია კეთილსინდისიერების პრინციპი. წინამდებარე საქმეზე მოპასუხემ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ბანკისათვის გადახდილი აქვს 80 000 ლარზე მეტი. დასახელებული თანხა არ არის მცირე ოდენობის და მიუთითებს ამ ქონების მნიშვნელობის ხარისხზე მოპასუხისათვის. ბანკმა მიითვისა გადახდილი თანხა და უძრავი ქონებაც, ამასთან, ხდება კასატორის გამოსახლება მისი ერთადერთი ქონებიდან, რაც არ გამომდინარეობს მორალური ღირებულებებიდან.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
19. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას.
21. ვინდიკაციური სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)
22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 19), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
25. საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის განხილვის საგანი, ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში, ვერ იქნებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ამასთან წინამდებარე დავაში საკვლევი გარემოება, ასევე ვერ გახდებოდა, ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხის ოდენობა და მისი კავშირი ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებასთან, რამდენადაც ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში. ამასთან, თანხის გადახდიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომელიც კასატორს შეიძლება ჰქონდეს ბანკის წინაშე შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დავის საგანი. მოპასუხეს შეგებებული სარჩელი მსგავსი მოთხოვნებით არ წარუდგენია და არც ის მიუთითებია, რომ აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოში მიმდინარე სხვა დავის საგანს.
26. კასატორის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, ის და მისი ოჯახი უსახლკაროდ რჩებიან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რა თქმა უნდა, აღნიშნული წარმოადგენს მძიმე მორალურ არგუმენტს, თუმცა აქვე მხარეს განუმარტავს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას. საქმის მასალებში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით, დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება 2023 წლიდან აღარ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, თუმცა იგი მაინც აგრძელებს ამ ქონებით სარგებლობას. ამ ქმედებით უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს ეზღუდება მისი უძრავი ნივთის დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლება, ამგვარი შეზღუდვის გამართლების საფუძველი კი, ვერ გახდება ის არგუმენტი, რომ კასატორის ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, რამდენადაც სასამართლო კანონის დარღვევით, ერთ პირს მეორე პირის ხარჯზე მიანიჭებს უპირატესობას, რაც არც მორალური და არც კანონისმიერი დანაწესებიდან არ გამომდინარეობს (იხ. სუსგ საქმე №ას-5-2022, 28 მარტი 2022 წელი).
27. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის შეპირისპირება წარმოადგენს, შესაბამისად, მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნის შესაგებლით გამორიცხვაც სწორედ ამ გარემოების წარმატებით მტკიცების რეალიზაციაზეა დამოკიდებული. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ., მაგ., სუსგ საქმე №ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი; საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1370-2020, 30 ნოემბერი, 2021 წელი; №ას-1220-2020, 14 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-111-2022, 11 მარტი, 2022 წელი; №ას-316-2022, 21 ივნისი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ვ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ვ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 5 აგვისტოს №23186395446 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე