საქმე №ას-938-2024
25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ–სი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ნ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „გ–სმა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ნ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „სავარაუდო მსესხებელი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2022 წლის 21 იანვარს სს „თ.ბ–სა“ და შპს „გ–სს“ შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოთხოვნის დამთმობმა მოთხოვნის შემძენს დაუთმო №1 დანართში მითითებული მსესხებლების/მოვალეების მიმართ მოთხოვნები, რომელიც გამომდინარეობს საკრედიტო/სესხის ხელშეკრულებებიდან/უფლებადამდგენი დოკუმენტებიდან. შეთანხმების საფუძველზე, 2022 წლის 25 მარტს, შპს „გ–სს“ საკუთრების უფლებით გადაეცა №3834522-1123303 სესხიდან გამომდინარე ნ.ნ–ის დავალიანება;
6.2. 2023 წლის 20 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე 2020 წლის 24 დეკემბერს დადებული №3834522-1123303 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 5 332,64 ლარით, საიდანაც ძირი თანხაა 3 082,20 ლარი, პროცენტი - 917,64 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 332,80 ლარი;
6.3. სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისათვის 5 027,24 ლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით მხარეთა შორის წარმოშობილი იყო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოპასუხეს არ შეუსრულებია;
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ სადავოდ გახადა სს „თ.ბ–თან“ 2020 წლის 24 დეკემბერს სესხის ხეშეკრულების დადებისა და მისთვის სესხის თანხის გადაცემის (ჩარიცხვის) ფაქტი.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას, რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც.
9. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით. სწორედ მოსარჩელეს უნდა წარედგინა სასამართლოსთვის იურიდიულად სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობას - 2020 წლის 24 დეკემბერს სესხის ხელშეკრულების დადებისა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე თანხის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტს - დაადასტურებდა.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო გარემოების დადასტურების კუთხით, მოსარჩელე მხარემ წარადგინა: 1. ელექტრონული ფორმით გაცემული ხელშეკრულება შესაბამისი სესხის პირობების მითითებით; 2. სს „თ.ბ–ის“ მიერ 2020 წლის 24 დეკემბერს გაცემული ქვითარი; 3. 2023 წლის 23 ოქტომბერს გაცემული ნ.ნ–ის ანგარიშიდან ამონაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ნ.ნ–ის სახელზე 2020 წლის 24 დეკემბერს გაიცა სესხი 3 200 ლარის ოდენობით, საიდანაც 117, 8 ლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 74 ლარით კი საკომისიო; 4. სესხის გრაფიკი; 5. სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია მოსარჩელე მხარე თანხის მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხვის სამტკიცებლად მიუთითებს 2020 წლის 24 დეკემბერს გაცემულ №283300007 ორდერზე, თუმცა 2023 წლის 25 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტავს, რომ GET29TB00001101015510110 ანგარიში არის სს „თ.ბ–ის“ ანგარიში, რომლიდანაც ჩაერიცხა მოწინააღმდეგე მხარეს სესხის თანხა. მოპასუხის კუთვნილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარდგენილა.
12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2020 წლის 24 დეკემბრით დათარიღებულ №3834522-1123303 სპეციალურ პირობებზე. ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირობები მოპასუხესთან იყო შეთანხმებული და მას მომხმარებელი (მსესხებელი) დაეთანხა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. საქმეში წარდგენილი კრედიტის გაცემის სპეციალური პირობები მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი არ არის და არც სხვაგვარად დასტურდება ამ პირობებზე მოპასუხის თანხმობა (ნების გამოვლენა). ამ კუთხით, სასამართლომ მიუთითა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული კანონის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტი არის ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; კანონის 4.3 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული. მითითებულ კანონში დეტალურად არის ჩამოთვლილი რეკვიზიტები, რომელსაც ელექტრონული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს. მოსარჩელემ ვერ წარადგინა ელექტრონულად დამტკიცებული სესხის შემთხვევაში, ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი (ასლი), რომელიც დადასტურებული იქნებოდა დადგენილი წესის შესაბამისად.
13. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება ასევე გაამახვილა მოპასუხის იმ არგუმენტზე, რომ მას სს „თ.ბ–ში“ ჰქონდა მხოლოდ ორი ანგარიში და მოსარჩელის მიერ მითითებული ანგარიში, რომელზეც მოხდა 3 200 ლარის ჩარიცხვა, მას არ ჰქონია, ხოლო რაიმე თანხა მის ანგარიშებზე 2020 წლის 24 დეკემბერს არ ჩარიცხულა. ამასთან, საქმის მასალებში წარდგენილია მოპასუხის განცხადება ერთგულ ბარათზე მიბმული ანგარიშის (N4100036) დახურვის შესახებ.
14. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის რაიმე ვალდებულების არარსებობის ფაქტი.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
16. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
16.1. მხარემ სააპელაციო სასამართლოს განუმარტა პოზიცია და წარადგინა მტკიცებულებები, კერძოდ, ამონაწერი ანგარიშიდან GE05TB7452236010100042, რომელზეც განხორციელდა კრედიტის თანხის ჩარიცხვა და რომლის მფლობელს, ამავე ამონაწერის მიხედვით, წარმოადგენდა მოპასუხე;
16.2. მიუხედავად მოსარჩელის დეტალური განმარტებისა, სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის თქმით, GE29TB0000110105510110 ანგარიში ეკუთვნოდა სს „თ.ბ–ს“ და არა ნ.ნ–ს, რის გამოც არ დასტურდება მოპასუხის მფლობელობაში არსებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ უგულებელყო მოსარჩელის დასაბუთება, რომ თანხა ჩაირიცხა ნ.ნ–ის მფლობელობაში არსებულ GE05TB7452236010100042 ანგარიშზე და არა GE29TB0000110105510110 ანგარიშზე (რაც ნათელია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებიდან - ამონაწერიდან);
16.3. სააპელაციო სასამართლო (საქალაქო სასამართლოს მსგავსად) სადავოდ ხდის სესხის ხელშეკრულების დადებისა და ნ.ნ–ის ანგარიშზე კრედიტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვის ფაქტს. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან საქმეში წარდგენილი სესხის ხელშეკრულება - სპეციალური პირობები - არ არის ორმხრივად ხელმოწერილი, ვერ დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ამასთან, სასამართლო მიუთითებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების საფუძვლებს. „ონლაინ სესხი“ წარმოადგენს საბანკო პროდუქტს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, მარტივად, ზედმეტი დროისა და რესურსის დახარჯვის გარეშე აიღოს სესხი ბანკთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად. „ონლაინ სესხის“ აღებისთვის საჭიროა მომხმარებელმა კონკრეტული ბანკის აპლიკაციის/ინტერნეტ პლატფორმის საშუალებით შეავსოს მისი პირადი მონაცემები, როგორებიცაა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი (რომელიც უნიკალურია თითოეული ადამიანისთვის და ივარაუდება, რომ მასზე წვდომა არ აქვს მესამე პირს), საკონტაქტო ტელ. ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა ინფორმაცია. ხოლო ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან იგივდება ველის „გავეცანი და ვეთანხმები პირობებს“ მონიშვნა, რომელიც განთავსებულია საკრედიტო ხელშეკრულების პირობების ქვემოთ, და რომლის მონიშვნის გარეშე ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება (სესხი არ გაიცემა). ცხადია, მომხმარებელი რეალურად გაეცნობა თუ არა ხელშეკრულების პირობებს, კერძო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, მის რისკს წარმოადგენს;
16.4. ონლაინ გაცემულ სესხებზე არ უნდა გავრცელდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დადებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, არამედ სახეზე გვაქვს დისტანციურად დადებული ხელშეკრულება, რომელიც რეგულირდება ბრძანებით;
16.5. სესხის ონლაინ გაცემის ზემოაღნიშნული პროცედურა უკვე წლებია, აპრობირებული მეთოდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ განვითარებულ ქვეყანაში. აღნიშნული პროდუქტი მიმზიდველია მომხმარებლისთვის სწორედ მისი სიმარტივის გამო. იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ გაცემულ სესხზე დადებულ ხელშეკრულებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ დოკუმენტად მივიჩნევთ, და მომხმარებელს დავავალდებულებთ, შექმნას ელექტრონული ხელმოწერა, მივიდეს შესაბამის დაწესებულებაში ან შეიძინოს შესაბამისი ტექნიკა, რათა ელექტრონულად მოაწეროს ხელი დოკუმენტს, ამ შემთხვევაში „ონლაინ სესხის“ პროდუქტის არსებობას აზრი ეკარგება, ვინაიდან მომხმარებლისთვის იმავე სირთულის/მნიშვნელობის იქნება ბანკში მისვლა დოკუმენტზე მატერიალურად ხელმოსაწერად და დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა; თუ სასამართლო ეჭვქვეშ დააყენებს ყველა ონლაინ გაცემული სესხის ნამდვილობას, არათანაბარზომიერად შეიზღუდება კრედიტორის უფლება სასამართლოს გზით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა;
16.6. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №32/04 ბრძანება (შემდგომში - ბრძანება) განსაზღვრავს ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესს. ბრძანების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „დასაშვებია ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის საფინანსო პროდუქტის პირობებზე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და ხელშეკრულების დადება“. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „დისტანციური საკომუნიკაციო საშუალება არის ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისა და მიწოდებისათვის გამოყენებული კომუნიკაციის საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მომხმარებლის ერთდროულ ფიზიკურ თანდასწრებას“. ბრძანების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის მომხმარებლის მიერ მიღების დასტურის, ასევე, შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღება“. ხოლო ბრძანების მე-2 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „დისტანციურად დადებული ხელშეკრულება არის ხელშეკრულება საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებით, რომლის მომხმარებლისთვის შეთავაზება და დადება სრულად განხორციელდა ფინანსური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ერთი ან რამდენიმე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით“. ბრძანების მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, „შეთავაზებულ პირობებზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ ძალაში შედის დისტანციურად დადებული ხელშეკრულება“;
16.7. დისტანციურად დადებული გარიგების დროს, ხელშეკრულების გაფორმების მტკიცების ტვირთი ეკისრება კრედიტორს, სწორედ ამიტომ, მოსარჩელეს წარდგენილი აქვს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ხელშეკრულების დადებისა და კრედიტორის მიერ მოპასუხისთვის თანხის ჩარიცხვის ფაქტს ადასტურებს: ა) საქმეში წარდგენილია 2020 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული №3834522-11233303 ხელშეკრულების სპეციალური პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება); ხელშეკრულებაში მითითებულია მსესხებლის პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი) და ხელშეკრულების პირობები; ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტის თანხად განისაზღვრა 3 200 ლარი; ხელშეკრულებაში მითითებულია ანგარიშის ნომერი (GE05TB7452236010100042), რომელზეც გამსესხებელს უნდა განეხორციელებინა კრედიტის თანხის ჩარიცხვა; ბ) საქმეში წარდგენილია სს „თ.ბ–ის“ ბეჭდით დამოწმებული, ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი №283300007 მემორიალური ორდერი (შემდგომში - ორდერი), რომლითაც დასტურდება 24.12.2020 წელს (ხელშეკრულების დადების თარიღში) ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე (GE05TB7452236010100042) 3 200 ლარის ჩარიცხვის ფაქტი. ორდერის დანიშნულებაში მითითებულია: „სესხის გაცემა“, მსესხებლის სახელი და გვარი, ხელშეკრულების ნომერი, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი; გ) საგადახდო ისტორია 20/09/2023 წლის მდგომარეობით (მსესხებლის პირადი მონაცემებისა და ხელშეკრულების ნომრის მითითებით), რომლითაც დასტურდება 24.12.2020 წელს სესხის გაცემა 3 200 ლარის ოდენობით და მსესხებლის მიერ თანხის ჩარიცხვა (24/12/2020 წელს - 74 ლარის ოდენობით (გაცემის საკომისიო) და 30/12/2020 წელს - 117.80 ლარის ოდენობით (ძირის დაფარვა)); დ) შპს „გ–სის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ; ე) სესხის გრაფიკი, სიცოცხლის დაზღვევის მნიშვნელოვანი პირობები და საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პოლისი; ვ) ამონაწერი GE05TB7452236010100042 ანგარიშიდან (რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში, როგორც ანგარიშის ნომერი, რომელზეც უნდა განხორციელდეს გამსესხებლის მიერ თანხის ჩარიცხვა, ასევე, მითითებულია ორდერში, როგორც ანგარიში, რომელზეც განხორციელდა თანხის ჩარიცხვა 3 200 ლარის ოდენობით), რომლის მფლობელია ნ.ნ–ი. აღნიშნულს ადასტურებს ამონაწერის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული შემდეგი ინფორმაცია: ამონაწერი GE05TB7452236010100042 ანგარიშიდან: ანგარიშის მფლობელი: ნ.ნ–ი. ამასთან, ამონაწერით დასტურდება, რომ ანგარიშზე (GE05TB7452236010100042) თანხის ჩარიცხვა განხორციელდა 24/12/2020 წელს (ცხრილის პირველი სვეტი - „თარიღი“), ანგარიშიდან GE29TB0000110105510110 (მე-2 სვეტი - „მაკორესპონდირებელი ანგარიში“), 3 200 ლარის ოდენობით (მე-5 სვეტი - ბრუნვა (კრედ.)), შემდეგი დანიშნულებით (მე-7 სვეტი - „დანიშნულება“) – „სესხის გაცემა, ნ.ნ–ი, ხელშ. №3834522-11233303“;
16.8. სესხის გამცემ ორგანიზაციაში იქმნება სესხთან დაკავშირებული რამდენიმე ანგარიში: ე.წ. „სესხის ძირის ანგარიში“, „პროცენტის ანგარიში“, „საკომისიოს ანგარიში“, „პირგასამტეხლოს ანგარიში“ (საჭიროების შემთხვევაში). სესხზე ჩარიცხული თანხა მიემართება შესაბამის ანგარიშზე იმის მიხედვით, ძირი იფარება, პროცენტი, საკომისიო თუ პირგასამტეხლო. აღნიშნული პრაქტიკა შემუშავებულია საბანკო ოპერაციების ზუსტი პროგრამული აღრიცხვისთვის. ხოლო მომხმარებლისთვის ცნობილი და ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთი - „მიმდინარე ანგარიში“, რომელზეც ხდება კრედიტის თანხის ჩარიცხვა სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ (მოცემულ შემთხვევაში - GE05TB7452236010100042 ანგარიში);
16.9. ამონაწერში მითითებული ყველა ანგარიში, ცხადია, წარმოადგენს სს „თ.ბ–ი“-ს ანგარიშს, თუმცა, ე.წ. „მიმდინარე ანგარიში“, რომელზე წვდომაც ჰქონდა და შესაბამისად, რომლის მფლობელიც იყო ნ.ნ–ი, გახლავს GE05TB7452236010100042 ანგარიში. რაც შეეხება „მაკორესპონდირებელ ანგარიშებს, მოგახსენებთ, რომ ანგარიში GE29TB0000110105510110 არის ე.წ. „სესხის ძირის ანგარიში“. სწორედ აღნიშნულ ანგარიშზე ჩაირიცხა თავდაპირველად კრედიტის თანხა (სესხის ძირი) – 3200 ლარი, ხოლო შემდგომ, 24/12/2020 წელს აღნიშნული ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა ე.წ. „მიმდინარე ანგარიშზე“ (GE05TB7452236010100042). აღნიშნული ასევე დასტურდება ორდერით, რომლის ნომერი მითითებულია ამონაწერის ცხრილის მე-3 სვეტში – 283300007;
16.10. „მიმდინარე ანგარიშიდან“ 24/12/2020 წელს თანხა 74 ლარის ოდენობით გადაირიცხა ე.წ „საკომისიოს ანგარიშზე“ (GE12TB0000110105510610 ანგარიში), რომლის დანიშნულებაშიც მითითებულია - „საკომისიოს დაფარვა, ნ.ნ–ი, ხელშ. №3834522-11233303. აღნიშნული ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საგადახდო ისტორიით;
16.11. „მიმდინარე ანგარიშიდან“ 24/12/2020 წელს თანხა 933.64 ლარის ოდენობით გადაირიცხა GE67TB7452245063600037 ანგარიშზე „სასესხო თანხის დასაფარად“ (დანიშნულებაში ასევე მითითებულია ხელშეკრულების ნომერი, რომლიდან გამომდინარე ვალდებულების დასაფარადაც მიემართა აღნიშნული თანხა). ხოლო 30/12/2020 წელს თანხა 2074.56 ლარის ოდენობით „ძირითადი/მიმდინარე ანგარიშიდან“ გადაირიცხა GE69TB7452245064100036 ანგარიშზე „ერთგული ბარათის დასაფარად“ (დანიშნულებაში ასევე მითითებულია ერთგული ბარათის ხელშეკრულების ნომერი, რომელიც იდენტურია ანგარიშის ნომრის). აღნიშნულ ტრანზაქციას ადასტურებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებაც - ამონაწერი GE69TB7452245064100036 ანგარიშიდან (რომელსაც იგი შესაგებელს ურთავს). აღნიშნული ამონაწერით ირკვევა, რომ 30/12/2020 წელს GE05TB7452236010100042 ანგარიშიდან („მაკორესპონდირებელი ანგარიში“) გადმოირიცხა თანხა 2 074.56 ლარის ოდენობით, რასაც თავად მოპასუხე ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით. შესაბამისად, ცხადია, რომ მისი მტკიცება, თითქოს ბანკისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა არ მიუღია, არ შეესაბამება სიმართლეს;
16.12. ზემოთ განხილული მტკიცებულებები კუმულატიურად ადასტურებს ა) სს „თ.ბ–სა“ და ნ.ნ–ს შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს და ბ) სს „თ.ბ–ი“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (თანხის ჩარიცხვას მსესხებლის ანგარიშზე). ასევე ცალსახად დასტურდება, რომ ანგარიში, რომელზეც მოხდა კრედიტის თანხის ჩარიცხვა, ეკუთვნოდა ნ.ნ–ს.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად დაადგინა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა სასეხსო ურთიერთობა.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ. სუსგ საქმეზე №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი 2015 წელი). ანუ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს არა გამსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის წინაპირობას. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნადვილობისათვის, სესხის საგანზე შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.
24. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სესხის წერილობითი ხელშეკრულება დადებულად უნდა მივიჩნიოთ, თუ ამ ხელშეკრულებაში ასახულია მხარეთა შეთანხმება სესხის საგანზე და მსესხებლისათვის მის გადაცემაზე.
25. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისა და სესხის თანხის მისთვის გადაცემის ფაქტს, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ფაქტების დადასტურების წესის თავისებურებაზე.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
27. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით (იხ. სუსგ საქმეზე №ას-839-890-2011, 8 ნოემბერი 2011 წელი; საქმე №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი 2015 წელი).
28. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22.03.2019 წელი; №ას-1329-2018, 22.02.2019 წელი; №ას-1610-2019, 07.02.2020 წელი).
29. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე მოსამართლის შინაგანი რწმენა. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და უკავშირდებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102. 3 მუხლი)(იხ. სუსგ საქმე Nას-438-2024, 22 ივლისი, 2024).
30. მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (იხ. სუსგ საქმე №ას-279-264-17, 21 აპრილი 2017 წელი); მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული).
31. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
32. მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს) (იხ. სუსგ საქმე №ას-929-891-2014, 22 აპრილი 2015 წელი). სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემ ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს - მოსარჩელეს (იხ. სუსგ საქმე №ას-1067-1026-2016, 23 ივნისი 2017 წელი).
33. მართალია, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს (იხ. სუსგ საქმეზე №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი 2015 წელი). მაგალითად, სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამ დროს, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, საჭიროა, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, სავალო ხელწერილის, პირადი მიმოწერის ან რაიმე წერილობითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება სესხის არსებობა.
34. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა სესხის ხელშეკრულების დასადებად წერილობითი ფორმა შეარჩიეს, მაშინ ამ ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა ჩანდეს როგორც მხარეთა შეთანხმება სესხის საგანზე, ასევე, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.
35. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადასტურდეს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, უნდა შეიცავდეს, ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ. დოკუმენტი ასეთად რომ შეფასდეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 624-ე მუხლების მიხედვით, მასში, აუცილებლად, უნდა ჩანდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები, რამაც სესხის კონკრეტული ხელშეკრულების დადება განაპირობა (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1705-1689-2011, 4 ივნისი 2012 წელი). ცხადია, თუ წერილობით დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას სესხის საგანზე ან მსესხებლისათვის მის გადაცემაზე, იგი დადებულად ვერ ჩაითვლება.
36. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების რეალურად დადების ფაქტი და მისი ოდენობა. მოპასუხისთვის კი აუცილებელია ვალის გადახდის თაობაზე საბუთის ფლობა, რადგან მას, თავის მხრივ, მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა (სსკ-ის 429-ე მუხლი).
37. ბოლო პერიოდში, სამართლებრივ სივრცეში სულ უფრო მზარდია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით ხელშეკრულებების დადება. ამ ტიპის ხელშეკრულებაში კონტრაჰირება შესაძლებელია როგორც წინასწარ შედგენილი ხელშეკრულების ფორმულარზე თანხმობის ფანჯრის მონიშვნით, ისე ელექტრონული მიმოწერის ფარგლებში ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებითა და თანხმობის გამომხატველი ნების გამოვლენის მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ასეთი აქცეპტის დროს განმსაზღვრელია, რომ აქცეპტი, როგორც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, მოექცეს მეორე მხარის ძალაუფლების სფეროში, და ამავდროულად, მეორე მხარისათვის აქცეპტანტის ნება იყოს აღქმადი, ანუ აქცეპტის ფორმა მეორე მხარეს უნდა აძლევდეს აქცეპტანტის პასუხის იდენტიფიცირების საშუალებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1160-2023, 16 ნოემბერი 2023 წელი).
38. ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებული ხელშეკრულების, სხვა ფორმით დადებული ხელშეკრულებებისაგან მთავარი განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ ის, რომ ამგვარი ხელშეკრულების დადება ხდება მხარეთა უშუალო შეხვედრის გარეშე. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება ხდება საკომუნიკაციო საშუალების - ტელეფონის, ინტერნეტის, ფაქსის გამოყენებით. ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და იკისრებენ გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს. მსგავსი კონსესუსი მიიღწევა ერთი მხარის მიერ მეორესათვის შეთავაზებით და თანხმობის მიღებით. ოფერტი და აქცეპტი ტრადიციულად, ხელშეკრულების დადების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ხელშეკრულებას დადებულად მიიჩნევენ ოფერტისა და აქცეპტის საშუალებით. სამოქალაქო სამართლის ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულების დადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად ოფერტისა და აქცეპტის განხორციელება ითვლება. ოფერტისა და აქცეპტის ცნებებისა და მათი, როგორც ხელშეკრულების დადების სტადიების დაყოფა, მომდინარეობს არათანმყოფი პირების მიერ, დისტანციურად, დადებული ხელშეკრულებებიდან. ოფერტი (ხელშეკრულების დადების შეთავაზება) და აქცეპტიც (შეთავაზების მიღება) წარმოადგენს ნების გამოვლენას, თუმცა სამართლებრივი შედეგი მხოლოდ მაშინ დგება, თუ სახეზე ერთდროულად გვაქვს ორივე. (ნინო ფაჩუაშვილი, ელექტრონული საშუალებებით დადებული ხელშეკრულებები, მათი ბათილობის, შეწყვეტის, მათზე უარის თქმის საფუძვლები და სამართლებრივი შედეგები, 2019 წელი, გვ. 95 https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Nino_Fachuashvili.pdf ).
39. ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებული ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერა შესაძლოა სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული და ის არ მოიცავს ელექტრონულ დოკუმენტზე მხოლოდ სახელის და გვარის მითითებას. ელექტრონული ხელმოწერა შესაძლოა იყოს ხმის ჩანაწერი, სიმბოლო ან პროცესი, რომელიც მიმაგრებულია ან სხვაგვარად არის დაკავშირებული იმ პირთან, რომელიც ივარაუდება რომ ასრულებს მას. ელექტრონული ხელმოწერის ერთ-ერთი ფორმაა „ვეთანხმები პირობებს“ ღილაკზე ხელის დაჭერა, რითაც მომხმარებელი გამოხატავს ნებას შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობებში ელექტრონულად (იქვე, გვ 37).
40. „ვეთანხმები პირობებს“ ღილაკზე ხელის დაჭერა ატარებს გარკვეულ რისკებს, როგორიცაა ის, რომ, შესაძლოა, მხარემ, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დასადასტურებლად ეყრდნობა მსგავს მტკიცებულებას, მართლაც შესაძლოა, დაადასტუროს, რომ აღნიშნული ღილაკი მონიშნულია, თუმცა აღნიშნულის დამტკიცება სულაც არ ნიშნავს, რომ მომხმარებელმა, ამ შემთხვევაში, სავარაუდო მსესხებელმა, დააჭირა მონიშნა დასახელებული ღილაკი. კავშირი ღილაკის მომნიშვნელსა და პიროვნების ვინაობას შორის რთული სამტკიცებელია (Mason St., Electronic Signatures in Law, London, Institute of Advanced Legal Studies for the SAS Humanities Digital Library, 2016, 208, https://sas-space.sas.ac.uk/6518/1/ElectronicSignaturesStephenMason.pdf ).
41. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აქვე მოიხმოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონულ დოკუმენტად მიიჩნევა ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; ხოლო ამავე კანონის 4.2. მუხლის დანაწესის შესატყვისად, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
42. ელექტრონული საშუალების გამოყენებით დადებული ხელშეკრულებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე ას-1160-2023, 16 ნოემბერი 2023 წელი განმარტა, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაცია ცხადყოფს, რომ ელექტრონული დოკუმენტის რაობის განმსაზღველი კანონმდებლობა, ელექტრონული კომუნიკაციის საშაულებებით შექმნილ ვიზუალიზირებად ტექსტს წერილობითი დოკუმენტის ტოლფასი მნიშვნელობის დოკუმენტად განიხილავს, რაც დამატებით განამტკიცებს ელექტრონული ფოსტის გამოყენებით მიღწეული შეთანხმების წერილობით ხელშეკრულებად მიჩნევის ზემოხსენებულ მსჯელობას. გარდა ამისა, მოხმობილი საკანონმდებლო მოწერიგების გარეშეც, თუკი დეტალურად ჩავუღრმავდებით ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულებების სამართლებრივ ბუნებას, ისედაც თვალსაჩინოა ელექტრონული საფოსტო შეტყობინების ინსტრუმენტის გამოყენებით ურთიერთთანმხვედრი ოფერტისა და აქცეპტის გაცვლა-გამოცვლის შედეგად დადებული ხელშეკრულების მიკუთვნება წერილობითი ხელშეკრულების სამართლებრივი კონსტრუქციისთვის. ზეპირი ხელშეკრულება ხელშეკრულებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც, როგორც წესი, თანმყოფ პირებს შორის იდება, შეთანხმება უმალვე მიიღწევა და შედეგსაც დაუყოვნებლივ წარმოშობს. როგორც წესი, ზეპირი ხელშეკრულებები ყოფით და მარტივ სახელშეკრულებო ურთიერთობებში გამოიყენება, რომელსაც თან არ ახლავს წონადი/ფასეული სახელშეკრულებო რისკები. არათანმყოფ პირებს შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების შესაძლო შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ სატელეფონო ზარის შედეგად მიღწეული შეთანხმებაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ზეპირი ხელშეკრულებისთვის განმსაზღვრელია, რომ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების გაცხადება ხდება ვერბალური, ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის გზით.
43. საქართველოს უზენაესი სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ედავება სესხის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს და მისი პრეტენზიის გასამყარებლად უთითებს, რომ არცერთი ხელშეკრულება მისი მხრიდან ხელმოწერილი არ არის. თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი აპელირებს სესხის ე.წ დისტანციურად გაფორმებასთან დაკავშირებით და „ონლაინ“ სესხის ინსტიტუტზე. ამასთან, მიუთითებს, რომ სადავო სესხის ხელშეკრულება უნდა დარეგულირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №32/04 ბრძანებით (შემდგომში - „ბრძანება“).
44. ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისტანციურად დადებული ხელშეკრულება არის ხელშეკრულება საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებით, რომლის მომხმარებლისთვის შეთავაზება და დადება სრულად განხორციელდა ფინანსური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ერთი ან რამდენიმე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით. ამავე მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისტანციური საკომუნიკაციო საშუალება – ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისა და მიწოდებისათვის გამოყენებული კომუნიკაციის საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მომხმარებლის ერთდროულ ფიზიკურ თანდასწრებას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოდავე მხარეებს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრძანებაც.
45. ბრძანების მე-4 მუხლი განსაზღვრავს ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებებს ხელშეკრულების დისტანციურად დადებისას. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაშვებია ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის საფინანსო პროდუქტის პირობებზე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და ხელშეკრულების დადება, ასევე მოქმედ ხელშეკრულებაში ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ცვლილებების შეტანა. დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის მომხმარებლის მიერ მიღების დასტურის, ასევე, შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღება. მტკიცების ტვირთი, რომ შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობა იყო გამოთქმული, ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას. დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით პირობების შეთავაზებისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე მატერიალურად ან მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით მიაწოდოს მას სახელშეკრულებო პირობები ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული სავალდებულო ინფორმაციის მითითებით, ხოლო სპეციფიკური საფინანსო პროდუქტების შემთხვევაში – ამ წესის შესაბამისად გათვალისწინებული სახით (მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი). შეთავაზებულ პირობებზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ ძალაში შედის დისტანციურად დადებული ხელშეკრულება (მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი).
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსად სამოქალაქო კოდექსისა კასატორის მიერ დასახელებული ბრძანება დისტანციური სესხის ხელშეკრულების გაფორმების/ გაფორმებაზე მომხმარებლის თანხმობის მტკიცების ტვირთს საფინანსო ორგანიზაციას/ გამსესხებელს აკისრებს.
47. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი აღნიშნავს, რომ თანხმობას უტოლდება „გავეცანი და ვეთანხმები პირობების“ მონიშვნა, რომელიც განთავსებულია საკრედიტო ხელშეკრულების პირობების ქვემოთ, და რომლის მონიშვნის გარეშე ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება. მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნული ფაქტის არსებობას, შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება ხელშეკრულების გაფორმების/ მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე თანხმობის დადასტურების მტკიცების ტვირთი („მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს“). საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო სესხის ხელშეკრულებაზე სწორედ მოპასუხის მიერ მოხდა „გავეცანი და ვეთანხმები“ ველის მონიშვნა. კავშირი დასახელებული ველის მომნიშვნელსა და სავარაუდო მსესხებელს (მოპასუხეს) შორის მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
48. სასამართლო, რა თქმა უნდა, ვერ მიუთითებს მტკიცებულებაზე, რომლითაც საფინანსო ორგანიზაციამ/ გამსესხებელმა შეიძლება დაადასტუროს ზემოაღნიშნული სადავო გარემოება, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ რა ტექნიკური საშუალებით (მობილური, კომპიუტერი) მოხდა ველის მონიშვნა, რა IP მისამართით, ან კონკრეტულად როდის, გაიარა თუ არა ე.წ ავთენტიფიკაცია (authentication) სავარაუდო მსესხებელმა, საფინანსო ორგანიზაციაში უნდა ინახებოდეს. როგორც მინიმუმ სასამართლოში უნდა წარმოდგენილიყო ნებისმიერი მიმოწერა ბანკსა და მსესხებელს შორის სესხის განაცხადთან, სესხის დამტკიცებასთან ან პირობებთან დაკავშირებით.
49. ბრძანება საფინანსო ორგანიზაციას ავალდებულებს დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე მატერიალურად ან მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით მიაწოდოს მას სახელშეკრულებო პირობები ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული სავალდებულო ინფორმაციის მითითებით. საქმის მასალებით არც ის ფაქტი დასტურდება, რომ სს „თ.ბ–მა“ საქმეში წარდგენილი სესხის ხელშეკრულების დოკუმენტები (მაგ.: სესხის გრაფიკი, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ს.ფ 91-97) მხარეს მატერიალურად გაუგზავნა ან ჩააბარა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების (მაგ.: ელექტრონული ფოსტით) გამოყენებით.
50. საქართველოს უზენაესი სასამართლო დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით გაცემულ სესხებთან დაკავშირებით მიუთითებს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაზე, რომელთა მიხედვით ასეთი ტიპის ხელშეკრულების დადება ძირითადად ელექტრონული ფოსტის/სატელეფონო მიმოწერის გაცვლით ხდება (Mason St., Electronic Signatures in Law, London, Institute of Advanced Legal Studies for the SAS Humanities Digital Library, 2016, 227, https://sas-space.sas.ac.uk/6518/1/ElectronicSignaturesStephenMason.pdf ).
51. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელი და არათანმიმდევრულია კასატორის პრეტენზია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში, თავდაპირველად, მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებდა, რომ მემორიალურ ორდერზე (ს.ფ 19) GE29TB0000110105510110 ანგარიში სავარაუდო მსესხებელს ეკუთვნოდა, ხოლო შემდგომ უთითებს, რომ ეს ანგარიში ბანკს ეკუთვნის, რამდენადაც ამავე ორდერზე გადამხდელად მითითებულია - „საცალო სესხები - ძირითადი თანხა - ფიზიკური პირი“; ასევე ორდერთან დაკავშირებით წარმომადგენელი განმარტავს, რომ იგი ადასტურებს, რომ მხარეს „დაერიცხა“ თანხა, ამასთან, მოსამართლის შეკითხვაზე, რომ ანგარიშის ნომერი დასრულებული 110-ზე არის ბანკის ანგარიში თუ სავარაუდო მსესხებლის ანგარიში წარმომადგენელი გარკვევით უთითებს, რომ არის ბანკის ანგარიში (იხ. 2023 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 14:41:00-14:55:23). საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ GE29TB0000110105510110 ანგარიში არის ე.წ „სესხის ძირის ანგარიში“ და აქვე მითითებულია შემდეგი სიტყვები „სწორედ აღნიშნულ ანგარიშზე ჩაირიცხა თავდაპირველად კრედიტის თანხა (სესხის ძირი) – 3 200 ლარი...ხოლო შემდგომ, 24.12.2020 წელს აღნიშნული ანგარიშიდან თანხა გადაირიცხა ე.წ. „მიმდინარე ანგარიშზე“ (იხ. საკასაციო საჩივარი ს.ფ. 200); ეს პოზიციები იმდენად გაუგებარია სასამართლოსთვის და იმდენად დაუსაბუთებელი, რომ შეუძლებელია დასკვნის გამოტანა. ასეც, რომ არ იყოს, საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულებები, რომ ნ.ნ–ის სახელზე გაიხსნა სადავო ორი ანგარიში (GE29TB0000110105510110 და GE05TB7452236010100042), არ არის წარდგენილი მაგ.: მტკიცებულება, რომ მოპასუხემ თანხმობა განაცხადა ანგარიშის გახსნაზე, მხოლოდ აპელირება 2023 წლის 23 ოქტომბრის ამონაწერზე (ს.ფ. 89) სადაც ანგარიშის მფლობელად, მოდავე ბანკის მიერვე, მითითებულია ნ.ნ–ი, არ უქმნის სასამართლოს რწმენას, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო ანგარიშის გახსნაზე, დაეთანხმა და ნამდვილად მის ანგარიშს წარმოადგენს ზემოხსენებული ორი ანგარიში.
52. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდა იმისა, რომ მოსარჩელის პრეტენზია არათანმიმდევრულია, ასევე, არადამაჯერებელი და წინაღმდეგობრივია.
53. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების დადების (სესხის გაცემის) ფაქტი, ხოლო მოპასუხემ, მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სესხის არსებობის პრეზუმფცია გააქარწყლა. როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად დადგინდა მოდავე მხარეებს შორის სასესხო-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის ფაქტი.
54. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
55. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქმე №ას-1193-2020, 23 აპრილი 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
56. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „გ–სს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 24 ივნისს №1791721164 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე