საქმე №ა-5062-შ-134-2024
10 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ხ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ა.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – შვედეთის ბლექინგის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის №T 982-08 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შვედეთის ბლექინგის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის №T 982-08 გადაწყვეტილებით განხილულ იქნა საქმე ა.ხ–ნსა (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“, „განმცხადებელი“) და რ.ა–ს (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) შორის განქორწინების თაობაზე და დადგინდა, რომ მხარეებს შორის განქორწინების წიპირობები არსებობს.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ასევე მოიცავს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხს.
3. 2024 წლის 2 ოქტომბერს ა.ხ–ნმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შვედეთის ბლექინგის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის №T 982-08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მხოლოდ განქორწინების ნაწილში.
4. შვედეთის ბლექინგის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის №T 982-08 გადაწყვეტილების მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს მიერ დაენიშნა ადვოკატი, რომელიც იცავდა მის ინტერესებს.
5. საცნობი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი კანონიერ ძალაშია 2009 წლის 29 იანვრიდან.
6. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. შუამდგომლობის ტექსტის თანახმად, განმცხადებლის იურიდიული ინტერესია ქორწინების შეწყვეტის დარეგისტრირება იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოში.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ა.ხ–ნის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში, შვედეთის ბლექინგის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის №T 982-08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, შვედეთის ბლექინგის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის №T 982-08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, შვედეთის ბლექინგის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის №T 982-08 გადაწყვეტილება, განქორწინების ნაწილში, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ხ–ნის შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, შვედეთის ბლექინგის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის №T 982-08 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შვედეთის ბლექინგის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის №T 982-08 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ მხარეებს (ა.ხ–ნსა და რ.ა–ს) შორის განქორწინების წიპირობები არსებობს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე