ბს-1026-979(2კ-06) 7 ივნისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
YBYYBYნინო ქადაგიძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსაჩრელე) - ბ. ბ.-ი
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
სარჩელზე მოპასუხე - სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ცაგერის რაიონის სატყეო მეურნეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.06წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩო
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
20.03.06წ. ბ. ბ.-მა სარჩელი აღძრა ცაგერის რაიონულ სასამართლოში ცაგერის რაიონის სატყეო მეურნეობის მიმართ და მოპასუხისათვის 21 219.40 ლარისა და ყოველთვიური სარჩოს სახით 216 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა ცაგერის რაიონის სატყეო მეურნეობის სოფელ ...-ის ხის გადამამუშავებელ საამქროში მუშად, იღებდა ხელფასს გაწეული შრომისათვის. 13.05.85წ. სამუშაოს შესრულების დროს ხის კოტრის ფარულმა კორძმა ჩაშალა ხერხის ნორმალური მუშაობა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმა _ დაკარგა მარცხენა ხელის მტევნის ოთხი თითი. შედგენილი იქნა საწარმოში მომხდარ უბედური შემთხვევის აქტი. ცაგერის საექიმო საექსპერტო კომისიის მიერ განესაზღვრა შრომის უნარის დაკარგვა 60%-ით და ინვალიდობის III ჯგუფი. ცაგერის სატყეო მეურნეობა ზიანის ანაზღაურების მიზნით უხდიდა თანხას. თანხის გადახდა მოპასუხე ორგანიზაციამ შეუწყვიტა 1995 წლის ნოემბრიდან. მოსარჩელის განცხადებით, არაერთხელ მიმართა სატყეო მეურნეობას, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხე თანხის გაცემაზე უარს ეუბნებოდა 1996 წლის დასაწყისში სატყეო მეურნეობაში სამრეწველო საქმიანობის გაუქმების და სატყეო მეურნეობაში მრეწველობის მუშის შტატის არ არსებობის გამო. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 09.02.97წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-2 თავის მე-11 პუქნტის თანახმად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს გადახდის იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვალიდობის ჯგუფი. მოსარჩელის აზრით, ცაგერის სატყეო მეურნეობას არ ჰქონდა უფლება შეეჩერებინა ან შეეწყვიტა მისთვის სარჩოს გადახდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ “შრომითი მოვალეობის შესარულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” შესაბამისად, თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობდა აღნიშნული ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო უნდა განსაზღვროდა ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობით. სატყეო მეურნეობის მიერ გაცემული ცნობით დგინდებოდა, რომ საწარმოში არ არსებობდა ის შტატი, რომელზეც მუშაობდა საწარმოო ტრამვის მიღებამდე. მოსარჩელის განცხადებით, სატყეო მეურნეობას უნდა აენაზღაურებინა ზიანი ორგანიზაციაში არსებული საშუალო ხელფასის გათვალისწინებით.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 01.04.06წ. გადაწყვეტილებით ბ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცაგერის რაიონის სატყეო მეურნეობას მოსარჩელე ბ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ასანაზღაურებლად 20919 ლარის და 40 თეთრის და ყოველთვიური სარჩოს სახით 216 ლარის გადახდა.
ცაგერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საპელაციო სასამართლოს 06.11.06წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 01.04.06წ. გადაწყვეტილება, ბ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ცაგერის რაიონის სატყეო მეურნეობას ბ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადად 2160 ლარის, ხოლო 01.04.06წ. აპრილიდან ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბ. ბ.-მა სატყეო მეურნეობაში მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც შეუმცირდა შრომის უნარი 60%-ით, უვადოდ. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სატყეო მეურნეობის მოვალეობა ბ. ბ.-სათვის სარჩოს გადახდის შესახებ წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რის გამოც მასზე უნდა გავრცელებულიყო სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბ. ბ.-ს უნდა ანაზღაურებოდა მხოლოდ ბოლო სამი წლის მიუღებელი თანხა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-11 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს დაზარალებულის ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობიდან. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ვინაიდან, ცაგერის სატყეო მეურნეობაში აღარ არსებობდა ის თანამდებობა, რომელიც ადრე ეკავა დაზარალებულს, ასევე გაუქმებული იყო მრეწველობის დარგი, სადაც იგი მუშაობდა, ხოლო სახელმწიფოს მინიმალური ხელფასი შეადგენდა 20 ლარს, ბ. ბ.-ს ყოველთვიურად 20X30 ანუ 60 ლარი უნდა მიეღო, ხოლო 3 წლის მიუღებელი თანხა 60X36, ამდენად, 2160 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბ. ბ.-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო დაწესებულებებში მინიმალური ხელფასი შეადგენდა 115 ლარს და შესაბამისად გაანგარიშებაც უნდა განხორციელებულიყო 115 ლარიდან. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹43 ბრძანებულებით 115 ლარის ოდენობის მინიმალური ხელფასი გათვალისწინებული იყო მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითთმართველობისა და მმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო თანხის გადახდა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, მოსარჩელის მოთხოვნა ბოლო სამი წლის მიუღებელ თანხაზე არ იყო ხანდაზმული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ.-მა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სადავო სამართალურთიერთობა უნდა გადაეწყვიტა სსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. კასატორის განმარტებით, ცაგერის სატყეო მეურნეობამ ავანსის სახით გადაუხადა 400 ლარი და სისტემატურად პირდებოდა თანხის გადახდას, რითაც კასატორის აზრით, აღიარებდა მოთხოვნის არსებობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ მოპასუხეს სადავო თანხა უნდა დაკისრებოდა 1995 წლიდან 2005 წლის ოქტომბრამდე და გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო ცაგერის სატყეო მეურნეობაში არსებული ხელფასის მინიმალური ოდენობიდან, რაც, ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 120 ლარს შეადგენდა. კასატორი თვლის, რომ თანხის გაანგარიშებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა ქვეყანაში არსებული მინიმალური ხელფასის ოდენობით - 20 ლარით.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 29.08.05წ. ¹726 ბრძანებულება, რომლის მიხედვით საბიუჯეტო სფეროში დასაქმებული მუშაკთა ხელფასი შეადგენს 115 ლარს 1 სექტემბრიდან, არ გამოიყენა ასევე შრომის კანონთა კოდექსის 76-ე მუხლი, რომლის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, მინიმალური თვიური ანაზღაურება არ შეიძლება იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები. მინიმალური ხელფასის დაცვა სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისთვის მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ არასწორად განმარტა კანონი, სარჩო განსაზღვრა სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობით და არა სამმაგი ოდენობიდან, როგორც ეს დადგენილი იყო ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 11.09.03წ. ¹443 ბრძანებულების მე-2 პუნქტით.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მისი სარჩოს ოდენობა შემდეგნაირად უნდა გამოეთვალა:
1997 წლის 1 ნოემბრიდან 1997 წლის 1 აპრილამდე: 6,60 X 10 X 17 X 06 = 673.20 სადაც 6.60 იქნებოდა აღნიშნული პერიოდისათვის ხელფასის მინიმალური ოდენობა, 10-კოეფიციენტი, 17-თვეების რაოდენობა, ხოლო 0,6 შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი.
1997 წლის 1 აპრილიდან 1 აგვისტომდე:
12.60 X 10 X 4 X 0,6 = 302.40
1997 წლის 1 აგვისტოდან 1998 წლის 1 მარტამდე
16 X 10 X 7 X 0,6 = 672
1998 წლის 1 მარტიდან 2000 წლის 1 აგვისტომდე:
18 X 10 X 29 X 0,6 = 3132
2000 წლის 1 აგვისტოდან 2003 წლის 1 ოქტომბრამდე:
20 X 10 X 38 X 0,6 = 4560
2003 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე
120 X 3 X 15 X 0,6 = 3240
2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ნოემბრამდე
115 X 3 X 22 X 0,6 = 4554
აღნიშნულის გათვალისწინებით კასატორმა მოპასუხისათვის 16 733.Ì60 ლარის დაკისრება მოითხოვა. კასატორის აზრით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ყოველთვიურად სარჩოს სახით 207 ლარის გადახდა შემდეგი გაანგარიშების საფუძველზე: 115 X 3 X 0,6 = 207
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.12.06წ. განჩინებით ბ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
28.12.06წ. სასამართლოს საკასაციო საჩივრის მომართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იყო გარკვეული ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებითაც დადგინდებოდა ხანდაზმულობის დაწყების თუ შეწყვეტის დრო. სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებების სისრულე არ იძლეოდა შესაბამისი დასკვნის გაკეთების საშუალებას. კასატორის აზრით, ბ.-მა სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა დაარღვია. მართალია, მოსარჩელის განცხადებით, მან თავის უფლების დარღვევის შესახებ 2005 წლის 10 მაისს შეიტყო, თუმცა მან 1997-2005წწ. არ გამოიყენა თავისი უფლებების დაცვის ყველა საშუალება. კასატორის აზრით, სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ბ.-ის შრომის უნარის დაკარგვის პროცენტული მაჩვენებელი - 60%. კასატორის აზრით გადასახდელი თანხის გაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო შემდეგნაირად:
20 X 3 = 60 60-ის 60% = 36
36 X 36 (3 წელი) 1 296 ლარი
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული გადაწვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო პალატის 29.01.07წ. განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს უფლება მიეცათ წარმოედგინათ მოსაზრებანი შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე. საკასაციო პალატის 19.04.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების, საკასაციო საჩივრის და შეგებებული საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესრულებულ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. ბ.-მა სასარჩელო განცხადებით სასამართლოს 20.03.06წ. მიმართა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ ბ. ბ.-ს ერთდროულად უნდა მიეცეს 3 წლის მიუღებელი ყოველთვიური სარჩო - 2003 წლის 20 მარტიდან 2006 წლის 20 მარტამდე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ ბ. ბ.-ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ მის მიმართ არსებული დავალიანება აღიარა, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულებას წარმოადგენს. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის სამოქალაქო სამართლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი რაიმე დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დავალიანება აღიარებულად ჩაითვლებოდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს ოდენობა სააპელაციო პალატას ბ. ბ.-ის შრომის უნარიანობის დაკარგვის პროცენტული მაჩვენებლის გამოყენებით უნდა დაედგინა. საქართველოს პრეზიდენტის 09.02.97წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესარულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-11 მუხლის თანახმად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ ბ. ბ.-ს შრომის უნარი დაკარგული აქვს 60%-ით.
საქართველოს პრეზიდენტის 09.02.97წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესარულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-11 მუხლის 2003 წლის 11 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ზიანის ოდენობა განისაზღვრებოდა შრომის ხელშეკრულების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან. საქართველოს პრეზიდენტის 04.06.99წ ¹351 ბრძანებულებით მინიმალური ხელფასი 20 ლარით განისაზღვრა. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ 2000 წლის 1-ლი აგვისტოდან ცაგერის სატყეო მეურნეობაში მინიმალური ხელფასი 20 ლარი იყო. ამდენად, 2003 წლის 20 მარტიდან 20 სექტემბრამდე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 6 თვის გადაუხდელი თანხის, კერძოდ, 20 X 10 = 200-ის 60% = 120 X 6 = 720 ლარის გადახდა. საქართველოს პრეზიდენტის 09.02.97წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესარულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესებში” საქართველოს პრეზიდენტის 11.09.03წ. ¹443 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების შედეგად წესების მე-11 მუხლის ,,გ" ქვენპუნქტით დადგინდა, რომ დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობიდან. ამდენად, 2003 წლის 20 სექტემბრიდან მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა დაეკისროს 20 X 3 = 60-ის 60% = 36 36X30 = 1080 ლარის (1080ლ+720ლ) გადახდა.
ამდენად, მიუღებელი თანხის სახით მოპასუხეს ბ. ბ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამი წლის გაუცემელი სარჩო ერთდროულად გადასახდელი თანხა 1800 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. ¹53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის" 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2007 წლის 1 მარტის შემდეგ არ შეიძლება დაწესდეს ახალი გასაცემლები საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის" იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც არეგულირებდნენ უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში გასაცემლების დანიშვნის საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხებზე სამართალწარმოება სასამართლოებში. განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოების არარსებობის გამო საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ბ. ბ.-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს გადახდა საქართველოს პრეზიდენტის 09.02.97წ. ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესარულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების” საფუძველზე 36 ლარის ოდენობით სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვის დღიდან - 2006 წლის 20 მარტიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საკასაციო პალატის მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.11.06წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს ერთდროულად გადასახდელი თანხის სახით 1800 ლარის, 2006 წლის 20 მარტიდან ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს სახით 36 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.