საქმე №ას-1121-2021 23 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „შ.ზ“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – დომენური სახელის გადაცემა, ინტერნეტ საიტის მონაცემების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს „შ.ზ–ისა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) და გ.თ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც:
1.1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.2. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე კომპანიისთვის:
1.2.1. საიტზეhttp://r...ge/ რეგისტრირებული დომენური სახელის - S.ge-ს გადაცემა;
1.2.2. ოფიციალური საიტის S.ge დაბლოკვამდე არსებული მდგომარეობით გადაცემა, კერძოდ, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ადმინის სახელისა და პაროლის, საიტის ადმინისტრირების ყველა პაროლის, კომპანიის ყველა ოფიციალური ფოსტისა და მისი პაროლების, სოციალური ქსელის facebook.com (https://www.facebook.com/s.ge/) მონაცემების, რომლითაც საზოგადოება ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, გადაცემა;
1.3. სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა მოსარჩელე კომპანიის პარტნიორობიდან მოპასუხის გარიცხვასა და მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1010 ლარის გადახდის დაკისრებას, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე კომპანია რეგისტრირებულია 2016 წლის 18 ოქტომბერს და მისი დირექტორები იყვნენ ზ.შ–ძე და მოპასუხე. მოსარჩელე კომპანიის პარტნიორები არიან: მოპასუხე - 33,34% წილის მფლობელი პარტნიორი, ზ.შ–ძე - 33,33% წილის მფლობელი პარტნიორი, გ.შ–ძე - 33,33% წილის მფლობელი პარტნიორი;
2.2. მოსარჩელე კომპანიის საქმიანობის საგანი არის ელექტრონული კომერცია;
2.3. 2016 წლის 26 ოქტომბერს, ერთი მხრივ, მოსარჩელე კომპანიასა („დამკვეთი“) და, მეორე მხრივ, შპს „ჯ–ის“ („შემსრულებელი“), შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად მოსარჩელე კომპანიამ შეიძინა CS-Cart მულტივენდორული პროგრამის გამოყენების მუდმივი ლიცენზია;
2.4. 2016 წლის 21 ოქტომბერს, ერთი მხრივ, შპს „კ–ს“ და, მეორე მხრივ, მოსარჩელე კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საინფორმაციო-ტექნიკური მომსახურების გაწევა, რაც ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის მფლობელობაში არსებულ ფართზე (შემდგომში სასერვერო ფართი) აპარატურის განთავსებას, თანალოკაციას, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვებასა და ტექნიკურ-სერვისულ მომსახურებას;
2.5. მოსარჩელე კომპანიის 2018 წლის 23 მარტის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების პარტნიორი - მოპასუხე გარიცხული იქნა საზოგადოებიდან და ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხის კუთვნილი წილი თანაბარწილად გადაფორმდეს სხვა დანარჩენ პარტნიორებზე.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავოა ოფიციალური საიტის - www.S.ge-ს კუთვნილების ფაქტი, მისი მესაკუთრე და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამოთხოვილ უნდა იქნას მოპასუხისაგან, როგორც არაუფლებამოსილი პირისგან (ასეთად მიჩნევის შემთხვევაში) საიტის ადმინისტრირების პაროლები და ა. შ.;
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ საიტის - www.S.ge-ს მესაკუთრეა მოსარჩელე კომპანია.
5. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლის განმარტებას, რომ საზოგადოებას იმთავითვე ჰქონდა გადაწყვეტილი სამეწარმეო საქმიანობა განეხორციელებინა საიტის - www.Sh.ge-ს მეშვეობით და მისი დომენური სახელი კომპანიის საფირმო სახელწოდების იდენტური ყოფილიყო. აღნიშნული დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ კომპანიის ოფიციალურ ელ.ფოსტად მითითებული იქნა ელ.მისამართი S.ge@gmail.com. კომპანიის ოფიციალური საიტის დომენის რეგისტრაცია განხორციელდა http://r.ge/-ს მეშვეობით და მისი მომსახურების ფასმა შეადგინა 30 ლარი, რაც 2017 წლის 07 სექტემბერს გადაიხადა ზ.შ–ძემ მოპასუხის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით (იხ. საგადახდო დავალება - ტომი 1, ს.ფ. 36). 2016 წლის 26 ოქტომბერს კომპანიასა და შპს „ჯ–ის“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში შეძენილი იქნა მულტივენდორული მზა ონლაინ მაღაზიის ლიცენზია (ღირებულება გადახდილი იქნა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან (იხ. საბანკო ამონაწერი - ტომი 1, ს.ფ. 46)). ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 23 იანვარს და 07 თებერვალს გაფორმდა შეთანხმებები დამატებითი მომსახურების შესყიდვების თაობაზე, კერძოდ, კომპანიამ შეისყიდა სს „ს.ბ–ის“ ონლაინ განვადების ინტეგრაცია საიტზე Sh.ge (მომსახურების საფასური გადახდილი იქნა კომპანიის ანგარიშიდან (იხ. საგადახდო დავალება - ტომი 1, ს.ფ. 54)). სერვისების კოლოკაციის მიზნით კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება შპს „კ–თან“ და დომენის რეგისტრაციის საიტზე, შესაბამის ველებში მითითებული იქნა შემდეგი სერვისები: ns1.cinnect.ge და ns2.cinnect.ge. ასევე საიტის უსაფრთხოებისათვის შესყიდული იქნა სერთიფიკატი (საფასური გადახდილი იქნა კომპანიის ანგარიშიდან (იხ. ინვოისი - ტომი 1, ს.ფ. 69)).
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოპასუხის განმარტებაზე, რომლის თანახმად, ვებ-საიტი მან შექმნა, მისი ინტელექტუალური შრომაა მასზე დახარჯული და ამდენად, მესაკუთრეც თავად არის; ვინაიდან მოსარჩელე კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ინტერნეტ-კომერცია, კომპანიას ესაჭიროებოდა შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა, რა მიზნითაც მოსარჩელემ გამოიყენა მოპასუხის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი და დომენი Sh.ge; შპს „ჯ–ისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად არ მომხდარა მზა ონლაინ-მაღაზიის შეძენა, ვებ-გვერდი შექმნილია კომერციისთვის განკუთვნილი პლატფორმა CS-Cart-ის გამოყენებით, თუმცა მას აქვს განსხვავებული დიზაინი და ფუნქციები, რომლებიც შექმნილია მოპასუხის მიერ, შესაბამისად, სადავო ვებ-გვერდი არის მოპასუხის ინტელექტუალური საკუთრება.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე სააპელაციო საჩივარში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ის სადავოდ არ ხდის დომენური სახელის S.ge კომპანიისთვის გადაცემას და არ აცხადებს, რომ ეს უკანასკნელი მისი ინტელექტუალური საკუთრებაა. ის პრეტენზიას აცხადებს ვებ-საიტთან მიმართებით, რაც არ არის დომენური სახელის იდენტური.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ge დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების თანახმად, დომენური სახელი ნიშნავს იდენტიფიცირების ნიშანს და შედგება - ა) .ge დაბოლოების დომენისაგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი მეორე დონის დომენისაგან; ბ) .ge დაბოლოების დომენისაგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი ზოგადი დომენისაგან.
9. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე კომპანიის საქმიანობის საგანი არის ელექტრონული კომერცია. ონლაინ-მაღაზიის მიერ ელექტრონული კომერციის სრულყოფილად განხორციელებისათვის კი აუცილებელია არსებობდეს სამი ძირითადი, სრულად გამართული კომპონენტი: (1) დომენური სახელი, რომლის გარეშეც მომხმარებელი ვერ მოძებნის მაღაზიას ელექტრონულ სივრცეში/ მისამართი; (2) ვებ-საიტი - სადაც ატვირთულია მონაცემები, რითაც კომპანია ახორციელებს ელექტრონულ კომერციულ საქმიანობას და (3) ჰოსტინგი (სერვერი) - ვებ-სივრცე ვებ-საიტის განსათავსებლად. ეს სამივე კომპონენტი უპირობოდ აუცილებელია. ასევე საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სადავო საიტის www.s.ge-ს კონტენტის (საიტის) გადატანა სხვა სერვერზე შესაძლებელია, ასევე შესაძლებელია მისი დომენური სახელის ცვლილება, არსებული საიტის დაკოპირება თავისი ფუნქციონალებით (იხ. შპს „შ.ზისა და შპს „ჯ–ის“ მიმოწერა; ტომი II, ს.ფ. 57). შესაბამისად, პალატამ ცალკე იმსჯელა ვებ-საიტზე - www.s.ge, როგორც ელექტრონული კომერციის დამოუკიდებელ კომპონენტზე.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2016 წლის 26 ოქტომბერს, ერთი მხრივ, მოსარჩელე კომპანიასა („დამკვეთი“) და მეორე მხრივ, შპს „ჯ–ის“ („შემსრულებელი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ შეიძინა CS_Cart მულტივენდორული პროგრამის გამოყენების მუდმივი ლიცენზია დომენისათვის: //Sh.ge. ამასთან, ვებ-გვერდს Shoppingzone.ge სადემონსტრაციო ვერსიისაგან განსხვავებით დამატებული აქვს ძირითადი მენიუს კატეგორიები, კატეგორიების ქვეკატეგორიები, საძიებო ველში სწრაფი ძებნის ფუნქცია, გვერდზე განთავსებული პროდუქციის მახასიათებლების მრავალფეროვნება, პროდუქციის ფილტრაცია სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, ვებ-გვერდის ქვედა ნაწილიდან ვებ-გვერდის დასაწყისში გადასვლის ღილაკი, ქართული ენის მხარდაჭერა და ა. შ., თუმცა საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 ივლისის დასკვნით დგინდება, რომ გამოკვლეული იქნა CS-Cart სადემონსტრაციო ვერსია, რომელსაც ასევე გააჩნია ზემოაღნიშნული ფუნქციები, რომელთა გამოყენების საშუალება აქვს შემძენს დროის წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში შესაბამისი ლიცენზიის გააქტიურებამდე, რის შემდგომაც ვებ-გვერდი იფუნქციონირებს სრულყოფილად. საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა (27.07.2018; N5004751218) და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სხდომაზე დაკითხული ექსპერტის გიორგი შარაბიძის განმარტების თანახმად, ვებ-გვერდი არის სტანდარტული ვერსია, რომლითაც პირდაპირ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, შეგიძლია იყიდო და იმუშავო, როგორც მზა მულტივენდორული ონლაინ-მაღაზია, შესაბამისი ლიცენზიის პირობებში, ხოლო ამ უკანასკნელის შეძენის გარეშე შეუძლებელია მაღაზიის ფუნქციების გამოყენება.
11. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლის მითითებას, რომ შპს-ს სამივე რეგისტრირებულ პარტნიორს - ზ.შ–ძეს, მოპასუხესა და გ.შ–ძეს ჰქონდათ თავიანთი ფუნქცია/მოვალეობები კომპანიის მიმართ, გამიჯნული იყო მათ მიერ შესასრულებელი, ჩასატარებელი სამუშაოები/საქმე. სასამართლოს მითითებით, მხარის ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტება დასტურდება და სრულ თავხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან - პარტნიორთა მიმოწერებთან (იხ. ტომი I, ს.ფ. 197-238, ტომი II, ს.ფ. 18-41; 97-106;). მოპასუხის მიერ პარტნიორებისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის „მუშაობის სქემა“ იყო შემდეგნაირი: მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო ტექნიკური მხარე, ადმინისტრირება და სისტემის შეუფერხებელი მუშაობა და ფუნქციონირება; ზ.შ–ძეს უნდა ეზრუნა კლიენტების მოყვანაზე, მარკეტინგსა და გაყიდვებზე; გ.შ–ძეს უნდა ემუშავა კლიენტებთან და დაემუშავებინა ორდერები (იხ. წერილი - ტომი I, ს.ფ. 209). საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნულ წერილებში სადავო საიტს მოდავე მხარეები მოიხსენიებენ როგორც საერთო საიტს - მოპასუხე: „გილოცავთ!!! ჩვენი საიტი გავამწვანე. ახლა ჩვენი საიტის პრესტიჟმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიწია“ (ტომი II, ს.ფ. 22); „ადვილი გასაკეთებელია ეგ, იღებ ჩვენი საიტიდან რამეს და შემდეგ ნახულობ კონკურენტ საიტებზე ფასებს“ (ტომი II, ს.ფ. 149), „დღეს გ–ის, ბიჭს ვინც შეიყვანა ინფორმაცია ჩვენს საიტზე, გამომუშავებული 60 ლარი უნდა მივცე წახალისების პონტში (თან მგონი უფულოდ არის) და შემდეგისთვის ხელფასის დღე დავნიშნოთ და იმ დღეს მივცეთ ხოლმე“ (ტომი II, ს.ფ. 168). ზ.შ–ძე: „გ., მე მომწონს, უბრალოდ კიდევ რას ვფიქრობ იცი? ჩვენი საიტის ფერები რომ არის, იმასთან კავშირში რომ იყოს სავიზიტო ბარათი უკეთესი არ იქნება?“ (ტომი II, ს.ფ. 32). „ამის შედარება ჩვენ საიტთან, ჩემი აზრით, არაადექვატურია, ვინაიდან ეს არის კონკრეტულად ბრენდის საიტი და არა ჩვენი ტიპის საიტის“ (ტომი II, ს.ფ. 153) და სხვ.;
12. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ საიტი მან შექმნა, მისი ინტელექტუალური შრომაა მასზე დახარჯული და ამდენად, წარმოადგენს მის საკუთრებას, რადგან საქმის მასალებით (მიმოწერით) დასტურდება, რომ საიტის შექმნა პარტნიორებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, ისინი ურთიერთშეთანხმებით მართავდნენ მას, ხვეწდნენ მის დიზაინს, ფუნქციებს, არჩევდნენ ფერებს, კატეგორიების განლაგებას, ასწორებდნენ საიტზე დაშვებულ ტექნიკურ უზუსტობებს და ა.შ. მაგ: ზ.შ–ძე: „კი არის ეგრე. ჯერ უნდა იფიქრო და მერე გააკეთო, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში გამოვიდა ისე, რომ საიტის გაკეთება გვინდოდა და ისიც არ ვიცოდით, ჰორიზონტალურად უნდა განგვეთავსებინა კატეგორიები თუ ვერტიკალურად“ (ტომი II, ს.ფ. 34). „კიდევ ერთი საიტი გავაკეთოთ?“ (ტომი II, ს.ფ. 37). „უბრალოდ წითელი კარგად ჩანს“; „ყვითელი უფრო ჩანს, მაგრამ სალათისფერი უფრო წყნარი ფერია. პრინციპში იყოს ყვითელი და უფრო შეამჩნევენ“ (ტომი II, ს.ფ. 39); „მე მომწონს. უკანა მხარეზე შავი ფონი რომ იყოს მთლიანად და თეთრად ეწეროს Sh–e ან SH.GE.“ (ტომი II, ს.ფ. 33). „გ., საიტზე ავტო ქეას აღწერილობითში ერთი ასო აკლია“ (ტომი II, ს.ფ. 166). „გლოიოუსშიც ბოლოში სრულად არის ამოსაღები“ (ტომი II, ს.ფ.166). „ყველაზე მაგრად მუშაობს განვადების ფასები რომ აწერია საქონელს და არა გასაყიდი ფასები“ (ტომი II, ს.ფ.174) და ა.შ.; გ.შ–ძე: „ცუდად ჩანს მე მგონი თეთრი“ (ტომი II, ს.ფ. 30). „ხო ნუ მეც სურათზე რასაც ვუყურებ თეთრი ჯობია სავარაუდოდ“ (ტომი II, ს.ფ. 31).
13. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან CS_Cart მულტივენდორული პროგრამის გამოყენების მუდმივი ლიცენზია დომენისათვის: http//Sh.ge შეიძინა მოსარჩელემ, ამავდროულად, ექსპერტის განმარტების თანახმად, ვებ-გვერდი არის სტანდარტული ვერსია, რომლითაც პირდაპირ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეგიძლია იყიდო და იმუშავო, როგორც მზა მულტივენდორულმა ონლაინ-მაღაზიამ შესაბამისი ლიცენზიის პირობებში, ხოლო ამ უკანასკნელის შეძენის გარეშე შეუძლებელია მაღაზიის ფუნქციების გამოყენება, ასევე ვებ-გვერდის ფერები და ზოგადად დიზაინი შერჩეულია პარტნიორთა მიერ, ვებ-გვერდის შექმნისთვის ყველა ხარჯი გაწეულია კომპანიის მიერ, ასევე ზემოთმითითებულ მტკიცებულებათა ანალიზიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ვებ-გვერდი Sh.ge შეიქმნა კომპანიის პარტნიორების მიერ კომპანიისათვის, მისი შემდგომი საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ვებ-გვერდს, სადემონსტრაციო (დემო) ვერსიისაგან განსხვავებით, დამატებული აქვს ძირითადი მენიუს კატეგორიები, კატეგორიების ქვეკატეგორიები, საძიებო ველში სწრაფი ძებნის ფუნქცია, გვერდზე განთავსებული პროდუქციის მახასიათებლების მრავალფეროვნება, პროდუქციის ფილტრაცია სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, ვებ-გვერდის ქვედა ნაწილიდან ვებ-გვერდის დასაწყისში გადასვლის ღილაკი, ქართული ენის მხარდაჭერა, აქვს განსხვავებული დიზაინი და ა.შ., რაც გაკეთდა მოპასუხის მიერ, თუმცა დადგენილია ისიც, რომ გვერდის შექმნისთვის სამივე პარტნიორს განაწილებული ჰქონდა ფუნქციები, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გვერდის შექმნისათვის განხორციელებული სამუშაოები, ისევე როგორც გ.შ–ძისა და ზ.შ–ძის მიერ გაწეული სამუშაოები, უნდა შეფასდეს, როგორც პარტნიორების გაწეული საქმიანობა და ზრუნვა კომპანიის შემდგომი განვითარებისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა კომპანია ყოფილიყო მომგებიანი, ხოლო მოგება განაწილდებოდა დივიდენდების სახით პარტნიორებს შორის.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე კომპანია წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, კერძოდ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს) და რეგისტრირებულია 2016 წლის 18 ოქტომბერს. მისი დირექტორები იყვნენ ზ.შ–ძე და მოპასუხე. კომპანიის პარტნიორები არიან: მოპასუხე - 33,34% წილის მფლობელი პარტნიორი, ზ.შ–ძე - 33,33% წილის მფლობელი პარტნიორი; გ.შ–ძე - 33,33% წილის მფლობელი პარტნიორი. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.5 მუხლის მიხედვით, „საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა“.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს მოპასუხეს გადასცეს მოსარჩელეს ოფიციალური საიტი Sh.ge დაბლოკვამდე არსებული მდგომარეობით, კერძოდ, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ადმინის სახელი და პაროლი, საიტის ადმინისტრირების ყველა პაროლი, კომპანიის ყველა ოფიციალური ფოსტა და მისი პაროლები, სოციალური ქსელის facebook.com (https://www.facebook.com/sh.ge/) მონაცემები, რომლითაც საზოგადოება ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას - საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება შემდეგი სასარჩელო მოთხოვნა: დაევალოს მოპასუხეს გადასცეს მოსარჩელეს ოფიციალური საიტი Sh.ge დაბლოკვამდე არსებული მდგომარეობით, კერძოდ, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ადმინის სახელი და პაროლი, საიტის ადმინისტრირების ყველა პაროლი.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
20. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
22. საკასაციო საჩივრის თანახმად:
22.1. მოსარჩელეს აქვს დომენის (sh.ge) გადაცემისა და ვებ-გვერდის გადაცემის სასარჩელო მოთხოვნები. ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნებია. მოპასუხეს პრეტენზია დომენურ სახელთან დაკავშირებით არ გააჩნია;
22.2. გადაწყვეტილებით საკმარისად არ არის დასაბუთებული, რატომ არ არის ვებ-გვერდი მოპასუხის მიერ შექმნილი და რატომ არ ვრცელდება მასზე მოპასუხის ინტელექტუალური საკუთრების უფლება;
22.3. ვებ-გვერდი მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სხვადასხვა დარგით დაცულ ელემენტებს, როგორიცაა: ლოგოები, დიზაინი, კონტენტი, ვებსაიტის კოდი, მუსიკა, ვიდეო, სურათები, მონაცემთა ბაზები და ა.შ.; სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმაზე, რომ ვებ-გვერდზე გამოყენებული დიზაინი, ფოტოების, ლოგოების, კონტენტისა და სხვადასხვა ელემენტების განთავსება მოფიქრებული და განხორციელებული იყო პირადად მოპასუხის მიერ;
22.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვებ-გვერდს სადემონსტრაციო ვერსიისაგან განსხვავებით დამატებული აქვს ძირითადი მენიუს კატეგორიები, კატეგორიების ქვეკატეგორიები, საძიებო ველში სწრაფი ძებნის ფუნქცია, გვერდზე განთავსებული პროდუქციის მახასიათებლების მრავალფეროვნება, პროდუქციის ფილტრაცია სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, ვებ-გვერდის ქვედა ნაწილიდან ვებ-გვერდის დასაწყისში გადასვლის ღილაკი, ქართული ენის მხარდაჭერა, აქვს განსხვავებული დიზაინი და ა.შ.; სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ CS-Cart სადემონსტრაციო ვერსიას ასევე გააჩნია აღნიშნული ფუნქციები. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ CS-Cart სადემონსტრაციო ვერსიას თავისთავად კი არ გააჩნია აღნიშნული ფუნქციები, არამედ CS-Cart-ს აქვს იმის ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ დაემატოს სხვადასხვა ფუნქციები. თუმცა, ამას სჭირდება შესაბამისი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების მეცნიერების ცოდნის გამოყენება. საჭიროა შესაბამისი ცოდნა, რომ პლატფორმა აამუშავო და მოარგო კონკრეტულ მოთხოვნებს. ამრიგად, ეს ფუნქციები ვებ-გვერდს ემატება არა თავისთავად, არამედ სამუშაოების ჩატარების შედეგად (ეს გარემოება ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექსპერტმა). თუ დავუშვებთ, რომ პლატფორმა CS-Cart-ს ზემოთ მითითებული ფუნქციები თავისთავად აქვს და მათი ვებ-გვერდზე დამატებისათვის არანაირი სამუშაოს ჩატარება არ არის საჭირო, მაშინ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადავოც არაფერი ყოფილა. გაუგებარია, მაშინ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ამ ნაწილში, მით უფრო, რომ მოპასუხეს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია არც დომენზე და არც ლიცენზიაზე. სასამართლოს საერთოდ არ აქვს ნამსჯელი იმაზე, რატომ არ ვრცელდება ინტელექტუალური საკუთრების უფლება ზოგადად ვებ-გვერდზე და ამ შემთხვევაში ინტერნეტკომერციისთვის განკუთვნილი პლატფორმა CS-Cart-ის ფუნქციების გამოყენებით შექმნილ ვებ-გვერდზე;
22.5. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ სასამართლოს საერთოდ არ აქვს შეფასებული მოპასუხის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დგინდება, რომ ინტერნეტკომერციისთვის განკუთვნილი პლატფორმა CS-Cart-ის ფუნქციების გამოყენებით შექმნილ ვებ-გვერდს და სადავო ვებ-გვერდს აქვს განსხვავებული დიზაინი. მოცემულ შემთხვევაში, ვებ-გვერდის ფუნქციონალთან და მონაცემთა ბაზებთან ერთად, მოპასუხის შექმნილია ვებ-გვერდის დიზაინიც, რომელიც ასევე წარმოადგენს საავტორო უფლებით დაცულ ობიექტს. დიზაინი არის მთლიანი პროდუქტი ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნების, მათ შორის, ხაზების, კონტურების, ფერების, ფორმის, ტექსტურის და/ან მასალისგან, ან პროდუქტის მორთვისაგან. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, სადავო ვებ-გვერდი ისე გადაეცა მოსარჩელეს (გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება), რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ვებ-გვერდის დიზაინთან დაკავშირებით;
22.6. სასამართლო ვერ გაერკვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებში იმ დონეზე, რაც აუცილებელი იყო მოცემულ საკითხზე კვალიფიციური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. უფრო მეტიც, მოპასუხემ არამხოლოდ CS-Cart-ის პლატფორმის ფუნქციების გამოყენებით შექმნა ვებ-გვერდი, არამედ განახორციელა ჩარევა ვებ-გვერდის პროგრამულ კოდშიც, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების მეცნიერების ცოდნის გარეშე. სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს ზემოთ მითითებულ საკითხზეც.
22.7. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მხარეებმა ერთობლივად გადაწყვიტეს საიტის შექმნა და ისინი ურთიერთშეთანხმებით მართავდნენ მას, რაც გამოყენებულ იქნა იმის დასადასტურებლად, რომ ვებ-გვერდი კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა. არ არსებობს იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მომხდარიყო ვებ-გვერდის კომპანიის კაპიტალში შეტანა, რის საფუძველზეც დადგინდებოდა ვებ-გვერდზე კომპანიის საკუთრების უფლება. ერთადერთი გარემოება, რასაც სასამართლო დაეყრდნო, არის პარტნიორებს შორის მიმოწერა, სადაც პარტნიორები ვებ-გვერდს რამდენჯერმე მოიხსენიებენ, როგორც „ჩვენი საიტი“, მაგრამ ამ დიალოგების გარდა უამრავი მიმოწერა იყო კიდევ, სადაც პარტნიორები პირდაპირ ეუბნებიან მოპასუხეს, რომ ვებ-გვერდი მისი შექმნილია (მათ შორის არის ფრაზა: „საიტის შექმნის მეტი რა გააკეთე“). აღნიშნული სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ აქვს ნახსენებიც კი;
22.8. ვებ-გვერდის www.sh.ge მესაკუთრეს არ წარმოადგენს მოსარჩელე კომპანია, არამედ მისი მესაკუთრეა მოპასუხე, როგორც ამ ვებ-გვერდის ერთადერთი შემქმნელი. მოსარჩელე კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ინტერნეტკომერცია, რისთვისაც კომპანიას სჭირდებოდა შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა. ამ მიზნით მოსარჩელემ გამოიყენა მოპასუხის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი და დომენი sh.ge. შპს „ჯ–ისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად არ მომხდარა მზა ონლაინმაღაზიის შეძენა. ვებ-გვერდი, რომელიც განკუთვნილი იყო ონლაინმაღაზიისათვის, შექმნილი იყო მოპასუხის მიერ, სანამ მოხდებოდა შპს „ჯ–ისთან“ ხელშეკრულების დადება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა მხოლოდ ლიცენზიის შეძენა ონლაინმაღაზიისათვის. მოსარჩელე კომპანიამ შპს „ჯ–ისგან“ შეიძინა ინტერნეტკომერციის პლატფორმის მოხმარების ლიცენზია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვებ-გვერდის შექმნას, რადგან აღნიშნული ორი დამოუკიდებელი, ერთმანეთისაგან გამიჯნული აქტივობაა. ვებ-გვერდი იქმნება ადამიანების მიერ შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნის საფუძველზე და წარმოადგენს მისი ავტორის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს. ვებ-გვერდი შექმნილია კომერციისთვის განკუთვნილი პლატფორმა CS-Cart-ის გამოყენებით, თუმცა მას აქვს განსხვავებული დიზაინი და ფუნქციები, რომლებიც შექმნილია მოპასუხის მიერ. shopingzone.ge არ წარმოადგენს CS-Cart-ის სტანდარტულ ვერსიას, რომლის გადმოწერაც შეუძლია ნებისმიერ პირს CS-Cart-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან. 2016 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებით მოსარჩელემ მიიღო არა შექმნილი ვებ-გვერდი, არამედ სხვა სარგებელი, კერძოდ: ბარათებით გადახდის ინტეგრაცია, ონლაინგანვადების ინტეგრაცია, ონლაინგანვადების ფასის გამოსახვა, სარეგისტრაციო ფორმის ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თავისი კომერციული მიზნებისთვის იყენებდა მოპასუხის კუთვნილ ვებ-გვერდს, ამ უკანასკნელს თავისი ეს საკუთრების უფლება კომპანიისათვის არ გადაუცია. გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხეს თავის მიერ შესრულებული სამუშაო კომპანიის კაპიტალში არ შეუტანია, შესაბამისად, მასზე არ შეიძლება არსებობდეს მოსარჩელის საკუთრების უფლება. სარგებლობა არ ნიშნავს საკუთრების უფლებას, ხოლო კომპანიისათვის ვებ-გვერდზე საკუთრების უფლება მოპასუხეს არ გადაუცია;
22.9. თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება, რომ სადემონსტრაციო ვერსიით და ნაყიდი ლიცენზიით შესაძლებელია ელექტრონული კომერციისთვის საჭირო ვებ-გვერდის მუშაობა, მაშინ საერთოდ გაუგებარია სასარჩელო მოთხოვნა ამ ჭრილში, რადგან, ერთი მხრივ, მხარე ადასტურებს, რომ სადემონსტრაციო ვერსიისაგან განსხვავებული არაფერი შეუქმნია მოპასუხეს და, მეორე მხრივ, სადემონსტრაციო ვერსიითაც შესაძლებელია ვებ-გვერდის გამართულად მუშაობა. ფაქტი ერთია, მოპასუხის მიერ შექმნილია ვებ-გვერდი, რომელიც აწყობილია სადემონსტრაციო ვებ-გვერდის ბაზაზე, მაგრამ არსებითად განსხვავდება მისგან, დამატებული აქვს ისეთი დეტალები, როგორც დიზაინის, ისე ფუნქციონალის კუთხით, რომ ამის გაკეთება ინფორმაციული ტექნოლოგიების არმცოდნე პირის მიერ ფაქტობრივად შეუძლებელია. შესაბამისად, როგორც ვებ-გვერდის დიზაინზე, ისე მთლიანად ვებ-გვერდზე ვრცელდება მოპასუხის ინტელექტუალური საკუთრების უფლება.
23. განსახილველ შემთხვევაში კასატორს საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული შედავება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იმ ფაქტის საწინააღმდეგოდ, რომ ვებ-გვერდის - www.Sh.ge-ს მესაკუთრეა მოსარჩელე კომპანია.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
25. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
26. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს, ერთი მხრივ, მოსარჩელე კომპანიასა („დამკვეთი“) და მეორე მხრივ, შპს „ჯ–ის“ („შემსრულებელი“) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ შეიძინა CS_Cart მულტივენდორული პროგრამის გამოყენების მუდმივი ლიცენზია დომენისათვის: //Sh.ge. დადგენილია ისიც, რომ ვებ-გვერდს Sh.ge სადემონსტრაციო ვერსიისაგან განსხვავებით დამატებული აქვს ძირითადი მენიუს კატეგორიები, კატეგორიების ქვეკატეგორიები, საძიებო ველში სწრაფი ძებნის ფუნქცია, გვერდზე განთავსებული პროდუქციის მახასიათებლების მრავალფეროვნება, პროდუქციის ფილტრაცია სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, ვებ-გვერდის ქვედა ნაწილიდან ვებ-გვერდის დასაწყისში გადასვლის ღილაკი, ქართული ენის მხარდაჭერა და ა. შ., თუმცა საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 ივლისის დასკვნით დგინდება, რომ გამოკვლეული იქნა CS-Cart სადემონსტრაციო ვერსია, რომელსაც ასევე გააჩნია ზემოაღნიშნული ფუნქციები, რომელთა გამოყენების საშუალება აქვს შემძენს დროის წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში შესაბამისი ლიცენზიის გააქტიურებამდე, რის შემდგომაც ვებ-გვერდი იფუნქციონირებს სრულყოფილად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი).
28. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე იყო მოსარჩელე კომპანიის დირექტორი და არის 33,34% წილის მფლობელი პარტნიორი. ამასთან, მოსარჩელე კომპანიის საქმიანობის საგანი არის ელექტრონული კომერცია.
29. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.5 მუხლის თანახმად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.
30. საკასაციო პალატა მიუთითებს მოპასუხის მიერ პარტნიორებისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიის „მუშაობის სქემა“ იყო შემდეგნაირი: მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო ტექნიკური მხარე, ადმინისტრირება და სისტემის შეუფერხებელი მუშაობა და ფუნქციონირება; ზ.შ–ძეს უნდა ეზრუნა კლიენტების მოყვანაზე, მარკეტინგსა და გაყიდვებზე; გ.შ–ძეს უნდა ემუშავა კლიენტებთან და დაემუშავებინა ორდერები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი).
31. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო ვებ-გვერდი მისი საკუთრებაა. მართალია, სადავო ვებ-გვერდს, სადემონსტრაციო (დემო) ვერსიისაგან განსხვავებით, დამატებული აქვს ძირითადი მენიუს კატეგორიები, კატეგორიების ქვეკატეგორიები, საძიებო ველში სწრაფი ძებნის ფუნქცია, გვერდზე განთავსებული პროდუქციის მახასიათებლების მრავალფეროვნება, პროდუქციის ფილტრაცია სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, ვებ-გვერდის ქვედა ნაწილიდან ვებ-გვერდის დასაწყისში გადასვლის ღილაკი, ქართული ენის მხარდაჭერა, აქვს განსხვავებული დიზაინი და ა.შ., რაც გაკეთდა მოპასუხის მიერ, თუმცა, მოპასუხის მიერ საიტის შექმნისათვის დახარჯული ინტელექტუალური შრომა წარმოადგენს მისი, როგორც პარტნიორის, მიერ გაწეულ საქმიანობას კომპანიის შემდგომი განვითარებისათვის და, შესაბამისად, ვერ იქნება მიჩნეული მის საკუთრებად.
32. გამომდინარე აქედან, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს გ.თ–ძეს (პ/ნ N...........) დაუბრუნდეს ი.ს–ძის (პ/ნ N0....... მიერ 2021 წლის 30 აგვისტოს №11491187537 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი