Facebook Twitter

საქმე №ას-913-2024 9 ოქტომბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს.ი–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავის ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ი–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) საკასაციო პრეტენზიების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 აგვისტოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება გ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

1.1. კასატორის პრეტენზია ძირითადად მიმართულია გასაჩივრებული განჩინებით ძალაში დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე. კასატორის მოსაზრებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საჭიროებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1.განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას/ და 172.1-ე /მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება/ მუხლების დანაწესი.

4.2. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი გარემოებები:

4.2.1. უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ......., ბინა N50, ფართი: 68.99 კვ.მ (საკადასტრო კოდი N......), წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

4.2.2. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე - ქ.თბილისში, ......., სართული 14, ბინა N50, ფართი: 68.99 კვ.მ (საკადასტრო კოდი N.......) არის მოპასუხის მფლობელობაში.

4.2.3. სადავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (მდებარე - ქ. თბილისში, ........., ბინა N50, ფართი: 68.99 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........)) არის მოპასუხის არამართლზომიერ მფლობელობაში.

4.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 170-ე და 172.1-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, კერძოდ: ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 24 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელია. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

6. კასატორს არ წარმოუდგენია საჯარო რეესტრის ამონაწერის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება. ამასთან, სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე.

7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია განკარგულება NA19064663-018/001, დამოწმების თარიღი: 18/12/2020, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის სააღსრულებო ბიურო, რაც სადავოდ არ არის გამხდარი კანონით დადგენილი წესით (განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ ს.ფ.17-19). კასატორი პირველი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებდა, რომ აუქციონი ჩატარდა უკანონოდ და აუქციონის შედეგებიც უნდა გამოცხადდეს უკანონოდ, ხოლო გ.მ–ი წარმოადგენს ქონების არაკეთილსინდისიერ შემძენს, თუმცა, კასატორს აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებებზე არ მიუთითებია, საქმეში არ არის აუქციონის დადგენილი წესით შედავების რაიმე მტკიცებულება.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ ფაქტორს არც ის გარემოება წარმოადგენს, რომ კასატორი არის აფხაზეთიდან დევნილი, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და მასთან ერთად ცხოვრობენ არასრულწლოვნები. მითითებული გარემოებები შეიძლება წარმოშობდეს სახელმწიფოს მიმართ გარკვეული მოთხოვნების უფლებას, თუმცა, არა ვალდებულებას რომელიმე ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომ ასარგებლოს ასეთი საჭიროებების მქონე პირი თავისი საკუთრებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.

9. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს კასატორის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ვერ დაძლია კანონით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, კერძოდ, ვერ დაადასტურა მის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხის არამართლზომიერი ფლობით მოსარჩელეს ადგება ზიანი, მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით, რაც დასტურება საქმეზე არსებული მტკიცებულებებით.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები ვერ გახდება მოსარჩელის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე ახორციელებს მოსარჩელის საკუთრების ფაქტობრივ ფლობას, ფლობის მართლზომიერების დასადასტურებლად კი რაიმე მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს.

11. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

12. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 მარტის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე, რომელიც არ საჩივრდება. გარდა ამისა, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის სამართლებრივი შედეგი უცვლელად არის დატოვებული, შესაბამისად, პრეტენზიის ეს ნაწილიც უსაფუძვლოა.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-102-2021, 31.03.2021 წ., Nას-110-2022, 15.04.2022 წ., ას-1259-2022, 09.12.2022 წ; N ას-271-2023, 20.04.2023წ., N ას-769-2023, 21.07.2023წ., Nას-789-2023, 29.09.2023წ.; N ას-1166-2023, 17.11.2023წ.; Nას-1083-2023, 26.01.2024წ.).

14. საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი შეამოწმა ძირითადი საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81), შესაბამისად, კასატორის სამართლებრივად უმნიშვნელო შედავებაზე სასამართლო მსჯელობას აღარ განავითარებს.

15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ს.ი–ს (პირადი #........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 27.08.2024 წლის #723489757200 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური