საქმე №ას-1038-2024 11 ოქტომბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ძე(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი,) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურებს თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5500 ლარის გადახდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ა.ბ–ძე, რომელიც ,,TOYOTA COROLLA“-ს მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომერი: .......) მართავდა, 2022 წლის პირველ აგვისტოს, შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ HONDA-ს მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომერი: .......). (მხარეთა ახსნა-განმარტება, სარჩელი, შესაგებელი. რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 34).
4.2. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ,,TOYOTA COROLLA“-ს მარკის ავტომანქანა მოპასუხის ბალანსზე ირიცხებოდა. ა.ბ–ძე ავტოავარიის დროს მოპასუხე დაწესებულების თანამშრომელი იყო. ა.ბ–ძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა - 250 ლარით.
5. განახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა, სადავოა 2022 წლის 1 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ზიანის ოდენობა 5500 ლარი.
6. სააპელაციო სასამართლომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2003 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ ,,HONDA FIT“-ზე, სახელმწიფო ნომერი - ,,.......“, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 5 500 ლარს შეადგენს.
7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ექსპერტის აღნიშნული დასკვნის გამოკვლევით ნაწილს, რომელშიც მითითებულია ავტომობილზე არსებული ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებების ჩამონათვალი; აღნიშნულია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის (,,HONDA FIT“, სახელმწიფო ნომერი - ,,.......“) საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, მისი დამზადების წლის, ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობის, ასევე მსგავსი, ტექნიკურად გამართული ავტომობილების დღევანდელი საბაზრო ღირებულებისა და საავტომობილო ბაზრობებსა და ინტერნეტ გვერდებზე მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებითა და კორექტირებით, საორიენტაციოდ, 8 800 ლარს შეადგენდა; ხოლო აღნიშნული ავტომობილის ნარჩენი საბაზრო ღირებულება, მასზე განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, მსგავსი მარკა-მოდელისა და კომპლექტაციის ავტომობილის საბაზრო ფასების გათვალისწინებითა და კორექტირებით, საორიენტაციოდ, 3300 ლარი იყო.
8. ამდენად, ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა დაზიანებამდე მის საბაზრო ღირებულებასა და მისივე ნარჩენ ღირებულებას შორის სხვაობით განისაზღვრა.
9. განსახილველ შემთხვევაში, მთავარი შედავება მიმართულია ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ ზიანის ოდენობაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დასკვნით დადგენილი ზიანის განსხვავებული ოდენობით დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელითაც დადგინდებოდა ის გარემოება, რომ ავტომობილების საბაზრო ღირებულება 8 800 ლარს არ შეადგენდა ან, რომ მისი ნარჩენი საბაზრო ღირებულება 3 300 ლარი არ იყო.
10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტს შეეძლო წარედგინა ალტერნატიული მტკიცებულება, როგორც დაზიანებამდე ავტომობილის საბაზრო ღირებულებასთან, ისე მის ნარჩენ ღირებულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ისეთი ალტერნატიული მტკიცებულება, რომელიც საფუძველს გამოაცლიდა, გააქარწყლლებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ოდენობით ზიანის მოცულობის განსაზღვრას. მაგალითად, ასეთი ალტერნატიული მტკიცებულება შესაძლებელია ყოფილიყო დაზიანებამდე ავტომანქანის საბაზრო ღირებულების შეფასება, არსებული დაზიანებების შეფასება, რაც საქმეში წარდგენილი მტკიცებულების საპირწონე და ზიანის განსხვავებული ოდენობით დადგენის საფუძველი გახდებოდა. აღნიშნული კი, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, ექსპერტის დასკვნა მომზადებულია ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტის დასკვნის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სახეზე არ არის, ხოლო მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება არ ქმნის აღნიშნული ექსპერტის დასკვნით განსაზღვრული ზიანის განსხვავებული ოდენობით დადგენის საფუძველს.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
12.2. კასატორის განმარტებით, დასკვნა მთლიანად ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკვლევ ობიექტს ისე, რომ ექსპერტს წარდგენილი ინფორმაციის სისწორე და უტყუარობა არ შეუფასებია. ამასთან, მოსარჩელემ ექსპერტიზას მიმართა ავტოსაგზაო შემთხვევიდან 5 თვის შემდეგ, ხოლო გამოსაკვლევი ობიექტის სპეციფიკურობის გათვალისწინებით და საგზაო შემთხვევიდან 3 წლის შემდეგ სარჩელის წარდგენით, შეუძლებელია ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება.
12.3. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სასამართლო სხდომაზე ექსპერტისთვის ახსნა-განმარტებით ჩამორთმევის საჭიროება.
12.4. სასამართლომ არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ მსგავსი დაანგარიშებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის განმაპირობებელი გარემოებები.
12.5. კასატორის შეფასებით, საქმეზე ვერ დადგინდა მიყენებული ზიანის ოდენობა, მოსარჩელემ ვერ დაძლია ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი და სასამართლომ არასარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.
12.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. კასატორის/მოპასუხის ძირითადი პრეტენზიის თანახმად, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ არის სარწმუნო, რადგან ეფუძნება მოსარჩელის მიერ წარდგენილ საკვლევ ობიექტს ისე, რომ ექსპერტს წარდგენილი ინფორმაციის სისწორე და უტყუარობა შეფასებული არ აქვს. ამასთან, საქმეზე ვერ დადგინდა მიყენებული ზიანის ოდენობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
16. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.)
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება. რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად წარმოეშობა. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის შემდეგი ელემენტების კუმულაციური არსებობაა საჭირო: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აღნიშნული ნორმის დისპოზიციას უნდა შეესაბამებოდეს. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს(იხ. სუსგ-ები: N ას-912-2021, 08.02.2022წ; N ას-1285-2018, 1.04.2022წ; N ას-1614-2022, 1703.2023წ; N ას-934-2023, 3.10.2024წ;). ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა სადავო არ არის.
17.1. დადგენილია, რომ “TOYOTA COROLLA”-ს მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომერი: .......), რომელიც 2022 წლის პირველ აგვისტოს მოსარჩელის კუთვნილ HONDA-ს მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომერი: ......) შეეჯახა, ა.ბ–ძე მართავდა. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს “TOYOTA COROLLA”-ს მარკის ავტომანქანა მოპასუხე დაწესებულების ბალანსზე ირიცხებოდა. დადგენილია და სადავო არაა, რომ ა.ბ–ძე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოპასუხე სამინისტროს თანამშრომელი იყო.
17.2. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო, იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით, უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს, ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელთაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ-ები №ას- 494-463-2010, 9.11.2010 წ.; Nას-630-2019, 30.09.2020წ; ას-1158-2020, 12.07.2021წ; N ას-589-2021, 14.09.2021წ.; № ას-784-2021, 5.04.2022წ.; N ას-1311-2021, 21.04.2022წ; N ას-1911-2018, 31.05.2022წ; ას-135-2022, 03.06.2022წ.; Nას-1219-2022, 09.12.2022წ.).
18. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებთ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის დამადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2022 წლის 16 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2003 წელს დამზადებულ მსუბუქ ავტომობილ ,,HONDA FIT“-ზე, სახელმწიფო ნომერი - ,,.......“, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 5 500 ლარს შეადგენს.
19. მნიშვნელოვანია ექსპერტის აღნიშნული დასკვნის გამოკვლევითი ნაწილი, რომელშიც მითითებულია, რომ ავტომობილზე არსებული ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებების ჩამონათვალი; აღნიშნულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, მისი დამზადების წლის, ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობის, ასევე მსგავსი ტექნიკურად გამართული ავტომობილების დღევანდელი საბაზრო ღირებულებისა და საავტომობილო ბაზრობებსა და ინტერნეტ გვერდებზე მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით და კორექტირებით, საორიენტაციოდ 8800 ლარს შეადგენდა. ხოლო აღნიშნული ავტომობილის ნარჩენი საბაზრო ღირებულება, მასზე განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, მსგავსი მარკა-მოდელისა და კომპლექტაციის ავტომობილის საბაზრო ფასების გათვალისწინებითა და კორექტირებით საორიენტაციოდ 3300 ლარი იყო.
20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა, დაზიანებამდე მის საბაზრო ღირებულებასა და მისივე ნარჩენ ღირებულებას შორის სხვაობით, სწორად განისაზღვრა.
21. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მითითებული დასკვნით დადგენილი ზიანის განსხვავებული ოდენობით დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ის გარემოება, რომ ავტომობილების საბაზრო ღირებულება 8 800 ლარს არ შეადგენდა, ან რომ მისი ნარჩენი საბაზრო ღირებულება 3300 ლარი არ იყო. მოპასუხეს შეეძლო წარედგინა ალტერნატიული მტკიცებულება, როგორც დაზიანებამდე ავტომობილის საბაზრო ღირებულებასთან, ისე მის ნარჩენ ღირებულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ისეთ ალტერნატიული მტკიცებულება, რომელიც საფუძველს გამოაცლიდა, გააქარწყლებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ოდენობით ზიანის მოცულობის განსაზღვრას. მაგალითად, დაზიანებამდე ავტომანქანის საბაზრო ღირებულებების შეფასება, არსებული დაზიანების შეფასება, რაც საქმეში წარდგენილი მტკიცებულების საპირწონე და ზიანის განსხვავებული ოდენობით დადგენის საფუძველი გახდებოდა.
22. განსახილველ შემთხვევაში კასატორს/მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ზიანის ოდენობას გააქარწყლებდა არ წარმოუდგენია.
23. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას, იგი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით. ამ შემთხვევაშიც სსსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, მოქმედებს მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების პრინციპი. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევ მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია მთელ რიგ პროცედურულ ასპექტებზე, კერძოდ, სწორად გაიგო თუ არა ექსპერტმა დასმული კითხვა და რამდენად სწორად არის ეს გადმოცემული მის დასკვნაში; რამდენად სწორ საფუძვლებსა და წინაპირობებს ეყრდნობა ექსპერტი; მოყვანილია თუ არა დასკვნაში ის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის შედეგებამდე; იყო თუ არა გამოსაკვლევი მასალა (ნიმუში) საკმარისი; არის თუ არა გასაგები დასკვნის შედეგი. ამასთან, ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122.).
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ექსპერტის დასკვნის ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან რამდენიმე თვის შემდეგ მომზადების მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტის დასკვნის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ხოლო მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება არ ქმნის მითითებული დასკვნით განსაზღვრული ზიანის განსხვავებული ოდენობით დადგენის საფუძველს.
25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური