Facebook Twitter

საქმე №ას-855-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – მ.ნ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოსარჩელე)

II კასატორი – სს „თ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ნ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია ან მეორე კასატორი) სარჩელი მ.ნ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან პირველი კასატორი) წინააღმდეგ, ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელისათვის და მოსარჩელის კონტრაქტორი კომპანიებისათვის (პირებისათვის), ქ. თბილისში, ..... ქუჩაზე ელ.მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი-აღდგენითი და ელ.კაბელის განთავსების სამუშაოების წარმოებაში ხელშეშლა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე კომპანიას, 2021 წლის 12 აპრილს, განცხადებით მიმართა ამხანაგობის „...... ქუჩაზე“ წარმომადგენელმა ლ.თ–მა და მოითხოვა ქ. თბილისში, ........ მდებარე საცხოვრებელი სახლის - ელექტრო ენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიერთება;

3.2. მოსარჩელე კომპანიას, 2021 წლის 17 მაისს, ანალოგიური განცხადებით შპს „ჩ.გ. და ხ.კ–იამ“ მიმართა;

3.3. მოსარჩელემ 2021 წლის 29 აპრილს მოამზადა პროექტი ელექტრო ტექნიკურ ნაწილში ამხანაგობის „....... ქუჩაზე“ სასარგებლოდ და 2021 წლის 10 მაისს გასცა ტექნიკური პირობა #CNS04/2227/21, რომლითაც განისაზღვრა ელექტრო მომარაგების დაწყების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი;

3.4. კომპანიამ, წარმოებაზე თანხმობის მისაღებად და პროექტის შესათანხმებლად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართა;

3.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 30 ივნისის QN1831933 გადაწყვეტილებით, კომპანიის განაცხადი დაკმაყოფილდა. თანხმობა გაიცა ქ. თბილისში, ....... მიმდებარედ ელექტრო მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, N1 დანართში მონიშნულ სავარაუდო მონაკვეთზე, N2 დანართით განსაზღვრული პირობების დაცვით, N3 დანართით დადგენილი საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად;

3.6. კომპანიამ, 2021 წლის 3 ივნისს, მოამზადა პროექტი ელექტრო ტექნიკურ ნაწილში „ჩ.გ. და ხ.კ–იის“ საქართველოს ფილიალის სასარგებლოდ და 2021 წლის 3 ივნისს გასცა ტექნიკური პირობა #CNS-05/2853/21, რომლითაც განისაზღვრა ელექტრო მომარაგების დაწყების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი;

3.7. სადავო ხაზობრივი ნაგებობისთვის ჩასატარებელი გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის მისაღებად და პროექტის შესათანხმებლად მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართა;

3.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობას გათხრითი სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით ყოველთვის წინ უსწრებს შესაბამისი კომპანიებისგან წინასწარი თანხმობა კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით;

3.9. ...... ქუჩაზე დაგეგმილი ორი პროექტი ერთამენთზეა მიბმული, კერძოდ, პროექტი #CC-615/21 მიბმულია პროექტ #CC- 504/21-2-ზე. ამასთან, არც ერთი პროექტი ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ თავისი ინიციატივით ან მხარის ინიციატივით ვადამდე ადრე არ გაუქმებულა. ამჟამად პროექტებს გასული აქვთ პროექტის მოქმედების ვადა;

3.10. ამხანაგობა „......... ქუჩაზე“ ითხოვდა ელექტროენერგიის მომარაგებას უძრავ ქონებაზე ს/კ N......., ხოლო „ჩ.გ. და ხ.კ–იის“ საქართველოს ფილიალი კი -უძრავ ქონებაზე ს/კ N........;

3.11. მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მისამართი - ქ. თბილისი, ......, მდებარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ტერიტორიის მიმდებარედ, რომელზეც მოსარჩელე კომპანიამ უნდა აწარმოოს მიწის გათხრითი-აღდგენითი სამუშაოები;

3.12. ქ. თბილისში, ....... მიმდებარედ, 2021 წლის 7 ივლისს, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შეადგინა რეაგირების ოქმი. აღნიშნულ ოქმში მიეთითა, რომ პოლიცია გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც იმყოფებოდა მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელი ნ.კ–ძე, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა შესაბამისი სამუშაოები ამ ქუჩაზე, „რაზეც პრეტენზია ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას, ვინაიდან აცხადებდნენ, რომ აღნიშნული სამუშაოები პრობლემას შეუქმნიდა და დააზიანებდა მათ საკუთრებაში მყოფ კომუნიკაციებს“. „განგვიცხადა მოქ. ნ.მ–მა“, რომ „ანალოგიური შემთხვევებს რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი უახლოეს წარსულში, რის შემდგომაც განხორციელდა პროექტის კორექტირება ალტერნატიული მარშრუტით. ასევე მოგახსენებთ, რომ ერთმანეთის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია“;

3.13. რაიმე სახის გათხრითი სამუშაოები ...... ქუჩაზე თავდაპირველი პროექტის მიხედვით, არ მიმდინარეობდა და არც ამჟამად მიმდინარეობს;

3.14. “სემეკის” გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეცა დრო მიერთების ვადის გადაწევის თაობაზე პირველ ობიექტზე 2022 წლის 25 მარტამდე, ხოლო მეორე ობიექტზე - 2022 წლის 1 სექტემბრამდე. ამასთან, “სემეკისთვის” ცნობილია მოცემული დავის თაობაზე, თუმცა დამატებითი ვადა კომპანიას არ განუსაზღვრა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დგინდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში;

3.15. საქმეზე წარმოდგენილია შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ 2021 წლის 8 ნოემბრის წერილი, რომლის მიხედვითაც, მოქ. მ.ნ–ის მოთხოვნით გაცემულია საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ინფორმაცია სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების სტანდარტების თაობაზე.

3.16. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ამჟამად ამხანაგობას „......... ქუჩაზე“ მიეწოდება ელექტროენერგია დროებითი ქსელის მეშვეობით 2021 წლის 15 ოქტომბრიდან, ხოლო „ჩ.გ. და ხ.კ–იის“ საქართველოს ფილიალს კი - 2022 წლის 3 ნოემბრიდან.

4. სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოწვეული იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. კერძოდ, ა.რ–ძემ (შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ სპეციალობით მუშაობის 42 წლიანი გამოცდილება) განმარტა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ვიწრო ქუჩებზე სხვადასხვა კომუნიკაციის არხების განთავსება ხდება ზედდებით. სპეციალური სტანდარტებით დადგენილია, რომ შესაძლებელია ისინი მდებარეობდნენ ერთმანეთთან ახლოს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ დაცული არ უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები. მაგალითისთვის, თუკი გაზის გამტარს უახლოვდება ელ. ენერგიის გამტარი ასეთი დაშვებულია მსოფლიოში, მაგრამ დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები, ამასთან თანხმდებიან, რომ ავარიის შემთხვევაში, ერთდროულად და შეთანხმებით აღმოფხვრიან პრობლემას უსაფრთხოებიდან გამომდინარე. სპეციალისტის განმარტების თანახმად, როდესაც შედის განცხადება ისინი გასცემენ დასკვნას, თუმცა ნებართვას გასცემს მერიის შესაბამისი სამსახური. მათი მხრიდან ალტერნატიული გზის მოძიება არ ხდება, არამედ მოწმდება შეთავაზებული ტრაექტორია. ამასთან, თუკი ეს ტრაექტორია უალტერნატივოა და სხვა გამოსავალი არ არსებობს, რაზეც მიუთითებს მერიის სამსახური, რეკომენდაცია გაიცემა, რომ დაცული უნდა იყოს უსაფრთხოება, ანუ სხვა დამატებითი ზომები იქნას მიღებული, რის შემდეგაც პროექტი ხორციელდება.

5. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტმა პ.მ–ძემ ასევე მიუთითა, რომ კომუნიკაციების შესაძლო გადაკვეთის შემთხვევების გამო, კომპანიები ერთმანეთთან ათანხმებენ სამუშაოებს. არსებობს სპეციალური წესები/სტანდარტები, რომელიც უნდა იყოს დაცული (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 01 დეკემბრის სხდომის ოქმი 11.40.18სთ- 12.20.30 სთ.).

6. ორივე სპეციალისტმა მიუთითა, რომ პროექტის შეთანხმების დროს ხდება მისი შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ, კონკრეტული პირობების დაცვის შესაბამისად, თანხმობის გაცემა.

7. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე კომპანია ვერ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლის ფაქტს, კერძოდ, კონკრეტულად რაში გამოიხატება ხელშეშლა და რა მოქმედების განხორციელება უნდა აეკრძალოს მოპასუხეს. მოსარჩელეს ხელშეშლის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია, გარდა საპატრულო პოლიციის 2021 წლის 7 ივლისის რეაგირების ოქმისა, თუმცა მისი შინაარსით არ დგინდება ხელშეშლის შესახებ ფაქტობრივი გარემოება („...თ–ის წარმომადგენელს (ნ.კ–ძე), უნდა ჩაეტარებინა კონკრეტული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რაზეც პრეტენზია ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეებს. მათ შორის მ.ნ–ის მიერ განმარტებული იქნა, რომ ანალოგიურ შემთხვევებს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი უახლოეს წარსულში, რის შემდგომაც განხორციელდა პროექტის კორექტირება ალტერნატიული მარშუტით... ერთმანეთის მიმართ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია“). საქმეზე დართული ფოტოებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოსარჩელე კომპანიამ მხოლოდ ასფალტის საფარის ის მონაკვეთები მონიშნა, რომლებიც უნდა გათხრილიყო, რა დროსაც მოსახლეობამ პრეტენზია განაცხადა. ამდენად, მოსარჩელე კომპანიას, ასფალტზე მონიშვნის გარდა, არანაირი გათხრა არ უწარმოებია.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

9. სსკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

10. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. ასეთი ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ-ები: N ას-843-809-2016, 26.10.2016 წ.; N ას-674-2019, 30.09.2019 წ; N ას-826-2021, 17.11.2021წ.).

11. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ; N -826-2021, 17.11.2021).

12. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მხარეზე იყო იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მის მიერ მოპასუხედ დასახელებულმა პირმა მას თავის კანონიერ ქმედებებში შეუშალა ხელი. წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა- განმარტებით დგინდება, რომ ამ ეტაპზე იმ ადმინისტრაციულ აქტს, რის საფუძველზეც მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული სამუშაოები, ვადა გასული აქვს. ამასთან, მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედიოდა, გამოეკვეთა მოპასუხის ის ქმედებები, რაც მას სამუშაოების შესრულებაში უშლიდა ხელს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხის მხრიდან რაიმე ქმედებას, რომელიც ხელს შეუშლიდა მოსარჩელე კომპანიას სამუშაოების წარმოებაში, წარმოდგენილი არ ყოფილა. თვით სასარჩელო მოთხოვნაშიც კი მხოლოდ ზოგადი მითითებაა, რომ მოპასუხეს აეკრძალოს ხელშეშლა. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, სადაც მხარემ დეტალურად უნდა მიუთითოს თითოეული მათგანი, მე-4 ფაქტობრივ გარემოებაში, ასევე ზოგადი ფრაზით მიუთითებს მოსარჩელე, რომ მოპასუხის „ხელშეშლისა“ და „გაწეული წინააღმდეგობის გამო“ დღემდე ვერ ხერხდება საქმიანობის განხორციელება. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ვალდებულებაა, შეამოწმოს სადავო ფაქტობრვი გარემოებები, სამსჯელოა, თუ რა იგულისხმებოდა მოპასუხის მხრიდან „ხელშეშლასა“ და „გაწეულ წინააღდეგობაში“. თავად მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დაზუსტებული, თუ რა იგულისხმებოდა აღნიშნულ ტერმინებში და ასევე კონკრეტულად მოპასუხის რა ქმედების მიმართ ჰქონდა მოსარჩელეს პრეტენზია, რათა სასამართლოს აღეკვეთა მოპასუხის ასეთი კანონშეუსაბამო ქმედება, თუმცა ეს მოსარჩელემ ვერ დააზუსტა. ასევე საგულისხმოა, სარჩელში მითითებული გარემოება, რომ კომპანია „დღემდე“ ვერ ახორცილებს სამუშაოებს მოპასუხის გამო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ასევე არ დგინდება და მხარეებმაც დაადასტურეს, რომ, 2021 წლის 7 ივლისის გარდა, მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლები ...... ქუჩაზე, გარდა ერთი ვიზიტისა, ადგილზე არ გამოჩენილან, შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან დღემდე გრძელდება ხელშეშლა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. რაც შეეხება საკუთრივ 2021 წლის 7 ივლისის ფაქტს, ანუ იმ ერთადერთ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწიეს, დგინდება მხოლოდ ერთი მტკიცებულებით, 2021 წლის 7 ივლისის საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმით (ტ. 1, ს.ფ. 31-32), სადაც არსად არის მითითება, თუ რაში გამოიხატა მოპასუხის მიერ წინააღმდეგობის გაწევა. დაგეგმილი სამუშაოების მიმართ „პრეტენზიის“ ქონა, არ წარმოდგენს დამაბრკოლებელ გარემოებას მოსარჩელის მიერ სამუშაოების ჩატარებისთვის, ამასთან, ელექტროენერგიის კაბელის ჩასაგდებად ალტერნატიული გზის შეთავაზება, ასევე ვერ ჩაითვლება ხელშეშლად, თუ წინააღდეგობის გაწევად. ამავე ოქმში მითითებულია, რომ ერთმანეთის მიმართ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არც ფიზიკურ და არც ვერბალურ დონეზე მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კომპანიის წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობა გაწეული არ ყოფილა. ეს რომ ასეა, ადასტურებს ორივე მხარის მიერ საპატრულო პოლიციის ოქმზე არსებული ხელის მოწერები. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

13. ამდენად, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა უკანონო ხელშეშლის ფაქტი, რაც მის მიერ სასამართლოსთვის შეთავაზებული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი და დადასტურებული, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხის შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, ადვოკატისათვის გადახდილი საფასურის 100 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის დამატებით გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეთა პალატას არ უმსჯელია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოპასუხის მიერ გაწეული სამართლებრივი მომსახურების ხარჯის ანაზღაურების საკითხზე;

14.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი;

14.3. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით;

14.4. მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. როგორც აღინიშნა, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მაქსიმუმის ფარგლებში (დავის საგნის ღირებულების 4%), სასამართლომ ადვოკატის დახმარებისათვის საფასური უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მოცულობის, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული, არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში;

14.5. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის და სხვა პირების მიერ, ადვოკატ გ.თ–ძისთვის გადახდილია საადვოკატო მომსახურების საფასური 1 500 ლარის ოდენობით (იხ. ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების შესახებ ტ.1, ს.ფ. 53-55 და საგადახდო დავალება ტ. 1, ს.ფ. 56). განსახილველ შემთხვევაში მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ ადვოკატს მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 15 ფიზიკურ პირთან, მათ შორის - მოპასუხესთანაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანხა მხოლოდ მოპასუხემ გადაიხადა, აღნიშნულ თანხაში ასევე შედიოდა სხვა 14 პირის საადვოკატო მომსახურების ხარჯიც, რაც პირდაპირ არის მითითებული ხელშეკრულებაში. ამდენად, მოსარჩელე კომპანიას, მოპასუხის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მხოლოდ ამ უკანასკნელის შესაბამისი წილის პროპორციული საადვოკატო მომსახურების თანხის - 100 ლარის ანაზღაურება.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე კომპანიამ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15.2. მოსარჩელის (მეორე კასატორის) განმარტებით, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ხელს უშლიდა სამუშაოების წარმოებაში, არამედ მან მიუთითა, რომ მასთან ერთად სხვა მაცხოვრებლებიც უშლიდნენ ხელს კომპანიას. მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მოსარჩელე კომპანიის პროექტის თანახმად შეუძლებელი იყო უსაფრთხოების დაცვით ელ.კაბელის განთავსება, რამდენადაც დაზიანდებოდა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ისა“ და შპს „თ.ე–ის“ კომუნიკაციები, არსებობდა ალტერნატიული გზა ელ.კაბელის განთავსებისათვის;

15.3. მეორე კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულება, რათა დაედასტურებინა მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლის ფაქტი;

15.4. მეორე კასატორის განმარტებით, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და თანხმობა გასცა 2014 წლის 22 დეკემბრის #19-75 დადგენილებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, გარემოებათა სრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

15.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ (პირველმა კასატორმა) და მის მიერ გაღებული საადვოკატო ხარჯის სრულად ანაზღაურება მოითხოვა;

15.6. პირველი კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მის მიერ გადახდილ 1 500 ლარში შედიოდა საქმეში არამონაწილე 14 პირის მომსახურების ხარჯიც;

15.7. პირველი კასატორის განმარტებით 1 500 ლარი მან გადაიხადა, ამიტომ მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმეში ჩაებმებოდნენ თუ არა მესამე პირები.

15.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისისა და 2024 წლის 7 აგვისტოს განჩინებებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადები.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

20. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

21. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).

22. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-1250-2018, 21.12.2018 წ; №ას-826-2021, 17.11.2021წ.).

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე კომპანიამ ვერ დაადასტურა, თუ რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან ხელშეშლა და კონკრეტულად რის აღკვეთას მოითხოვდა იგი (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი). საპატრულო პოლიციის ოქმით დასტურდება, რომ არც ფიზიკურ და არც ვერბალურ დონეზე მოპასუხის მხრიდან მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობა გაწეული არ ყოფილა. საპატრულო პოლიციის ოქმი ორივე მხარის მიერ ხელმოწერილია. მეორე კასატორის პრეტენზია, რომ ოქმში მითითებულიდან გამომდინარე, რადგან ფიზიკური ან სიტყვიერი შელაპარაკება არ მომხდარა მხარეებს შორის, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან არ ხდება ხელშეშლა მოსარჩელე კომპანიის საქმიანობაში, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან სააპელაციო სასამართლომ არა მხოლოდ დასახელებულ ოქმზე დაყრდნობით იმსჯელა, არამედ, შეისწავლა ნეგატორულ სარჩელში მითითებული გარემოებები, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ ფაქტობრივი ნაწილის თვალსაზრისითაც კი არ არის მითითებული, თუ რაში გამოიხატება მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ხელშეშლა. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის დასაბუთებულობის კვლევის კუთხით, როგორც წინამდებარე განჩინების 20-21 პუნქტებშია მითითებული, სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს მტკიცების ტვირთი, რომლის მიხედვითაც თითოეულ მხარეს მოეთხოვება, მიუთითოს და დაადასტუროს მისთვის ხელსაყრელი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კომპანიას, როგორც ნეგატორული სარჩელის აღძვრის ინიციატორს, საკმარის ფაქტობრივ გარემოებებზეც კი არ მიუთითებია, რათა პრეზუმფციის (მაღალი ალბათობის ვარაუდის) სახით მაინც გადასულიყო მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე.

24. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან (იხ. სუსგ Nას-25-2021, 27.04.2021წ).

25. პირველი კასატორის (მოპასუხის) საკასაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საადვოკატო ხარჯის - 1 500 ლარის, მოპასუხის სასარგებლოდ, მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2021 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულების, მომსახურების გაწევის შესახებ, თანახმად იურისტ გ.თ–ძესთან სამართლებრივი მომსახურება თხუთმეტმა პირმა მოითხოვა. ხელშეკრულებას მოპასუხის გარდა 14 პირი აწერს ხელს და გ.თ–ძისთვის გადახდილია საადვოკატო მომსახურების საფასური 1500 ლარი (იხ. ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების შესახებ ტ.1, ს.ფ. 53-55 და საგადახდო დავალება ტ. 1, ს.ფ. 56). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილებით, სრულიად მართებულად დადგინდა მოპასუხისათვის გადახდილი თანხისა და ხელშეკრულების მონაწილე პირების პროპორციულად 100 ლარის ანაზღაურება.

26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

27. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივრები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადების არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ნ–ისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „თ–ს“ (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.04.2023 წლის #830 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

3. მ.ნ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.07.2024 წლის #6750 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური