Facebook Twitter

საქმე №ას-838-2024 27 სექტემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის (შემდეგში: მოსარჩელე, დამზღვევი) სარჩელი შპს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდეგში: მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია, მზღვეველი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 42 139 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N04/01/20-CON (კონსოლიდირებული ტენდერი CON200000308), რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 აპრილი. ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა ცენტრის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალება „ფოლკსვაგენ კრაფტერი“ სახ. ნომერი ….. (პოლისის ნომერი AUTO-NVI-…..);

3.2. ხელშეკრულების 10.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით;

3.3. ქ. ბათუმში, …… და ….. ქუჩების კვეთაზე, 2021 წლის 9 აგვისტოს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოსაგზაო შემთხვევის ბრალეულ მხარედ განისაზღვრა მოსარჩელე ცენტრის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ზ.რ–ძე, რომელიც 250 ლარით დაჯარიმდა;

3.4. მოსარჩელემ წერილობით მოსთხოვა მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამის პასუხად, 2021 წლის 16 აგვისტოს, მზღვეველმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე იმ დასაბუთებით, რომ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის, ზ.რ–ძის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას არ ექვემდებარება;

3.5. შპს „ი.ა–ოს“ 2021 წლის 20 ოქტომბრის კალკულაციით, მანქანის დაზიანებული ნაწილების შესაკეთებლად 42 139 ლარია საჭირო.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა ისეთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის სამართლებრივ საფუძველს. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ში დაზღვევის სამართლის მომწესრიგებელი ნორმები, ამ თავში გაწერილი თავისებურების გათვალისწინებით, არა იზოლირებულად, არამედ სსკ-ის ზოგად დებულებებში მითითებულ ნორმებთან ერთობლიობაში მოქმედებს. სსკ-ის 799-ე მუხლის დეფინიცია ნათლად განმარტავს, რომ მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულება, სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ამ ინდუსტრიას ახასიათებს (დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, სადაზღვევო პოლისის პირობების შედგენა, რაც მეტია დაზღვეული რისკი - იზრდება სადაზღვევო შენატანის ოდენობაც). მზღვეველის ანაზღაურების ვალდებულების განსასაზღვრად ამოსავალია დაზღვევის ხელშეკრულება, ხოლო, ისეთ დროს, როდესაც მხარეები სსკ-ის 829-ე მუხლში მითითებულ რომელიმე გარემოებაზე არ თანხმდებიან, ასეთ შემთხვევებში მოქმედებას იწყებს აღნიშნული ნორმა და მხარეთათვის მბოჭავი ხდება.

7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმგვარ სპეციფიკურ ხელშეკრულებაში, როგორიც სადაზღვევო ხელშეკრულებაა, სადაც ხელშეკრულების საგანს გარკვეული რისკის დაზღვევა წარმოადგენს, აუცილებელია საგამონაკლისო პირობები გარკვევით, ამომწურავად და სტრუქტურირებულად იყოს აღწერილი, შესაბამისად, განსახილველ საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, სასამართლო იმ გარემოების კვლევას შეუდგება, თუ რამდენად შეიძლებოდა, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს, აპელანტის მიერ, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებისას გამოხატული ნების განმარტება წარმოადგენს.

8. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება, მის ნამდვილ ნებას შეესაბამება. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა მხარეთა ნების განმარტების და არა სასამართლოს მიერ კანონის განმარტების ან/და ნორმის შეფარდების მართებულობის დადგენას ეხება, ამიტომ, მსგავსი კატეგორიის დავების გადაწყვეტისას მხარეთა ახსნა-განმარტებებს და საქმეში არსებულ სხვა სახის მტკიცებულებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება, მოულოდნელი/გაუგებარი არ იყოს.

9. დაზღვევის ხელშეკრულების მიზანს დაინტერესებული პირისთვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ისეთი რისკების დაზღვევა წარმოადგენს, რომელიც მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის ყველაზე მეტად მოსალოდნელია. ასეთ დროს სადაზღვევო კომპანია აფასებს დასაზღვევი რისკების ხდომილების ალბათობას, შესაბამისად, განსაზღვრავს სადაზღვევო პრემიის ოდენობასაც, ვინაიდან რაც მეტია ხდომილება, მით მეტია ხდომილების მოხდენის შესაძლებლობაც.

10. წინამდებარე საქმეში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება დადებულია სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2021 წლის კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე. სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია დაზღვევის პირობები და რისკები. კერძოდ, კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკები იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა იყოს შემსყიდველის/დამზღვევის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევა, მათ შორის: ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეული ზიანი; სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ზიანი; წითელ შუქზე გავლის შედეგად გამოწვეული ზიანი; არასწორი პარკირების დროს მესამე პირის მხრიდან მიყენებული ზიანი; გზაჯვარედინზე პრიორიტეტულობის დაუცველობით გამოწვეული ზიანი; საგზაო ნიშნების არდამორჩილება.

11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული რისკების გათვალისწინება მნიშვნელოვანი იყო იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება გადაუდებელი დახმარების ცენტრის მუშაობას, მით უფრო, პანდემიის პერიოდში გადატვირთული გამოძახებების ფონზე და იმ პირობებში, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მთავარი ამოცანაა, დროულად უზრუნველყოს გამოძახებაზე გამოცხადება. გამოცხადებიდან დაბრუნების შემდეგ კი ასევე დროულად უნდა გაევლო, კოვიდინფექციის გავრცელების ხელის შეშლის გამო, სადეზინფექციო სამუშაოები და გასულიყო ახალ გამოძახებაზე. ამ პირობებზე და რისკებზე თანხმობა სადაზღვევო კომპანიამ (მზღვეველმა) განაცხადა, მიიღო მონაწილეობა ტენდერში და დადო ხელშეკრულება მოსარჩელესთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმა, იმ მიზეზით, რომ საგზაო-სატრანსპორტო საშუალება მოხდა მძღოლის ბრალეულობით, ეწინააღმდეგება თავდაპირველად შეთანხმებულ პიროებებს, რომლის მიხედვითაც, კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკები იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა). აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროისთვის მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. შესაბამისად, მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევების გამო ეკისრებოდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი მართებულად გადაანაწილა, სადაზღვევო ურთიერთობების ბუნების გათვალისწინებით, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის პირობებში, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი და ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა, ხოლო მოპასუხეს უნდა მიეთითებინა ზიანის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის ან ზიანის შემცირებული მოცულობით ანაზღაურების გარემოებების არსებობაზე.

14. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში, მოსარჩელემ შეძლო ზიანის ფაქტის მტკიცება, ხოლო მოპასუხემ ვერ მიუთითა მისი ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებებზე.

15. მტკიცებულებების შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ სადაზღვევო კომპანიას, ზიანის დაზღვევის სამართლებრივ ურთიერთობებში აქვს ზიანის შეფასების პროფესიული გამოცდილება, რაც, როგორც წესი, არ გააჩნია დაზღვეულს ან ზიანის მიმყენებელს. ამასთან, სადაზღვევო კომპანია ყოველთვის დაინტერესებულია ხარჯების შემცირებით. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სადაზღვევო ზიანის მოცულობის განსაზღვრისას, სასამართლომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები/ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები უნდა შეაფასოს ობიექტური კრიტერიუმით.

16. წინამდებარე საქმეში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის - „ფოლკსვაგენ კრაფტერის“ (სახ. ნომერი EM-392-SC) დაზიანების გამო მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ღირებულებამ 42 139 ლარი შეადგინა. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა შპს „ი.ა–ოს“ 2021 წლის 20 ოქტომბრის კალკულაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მანქანის დაზიანებული ნაწილების შესაკეთებლად საჭიროა 42 139 ლარი. მოპასუხეს (მზღვეველს) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო ხარჯთან დაკავშირებით კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. კერძოდ, მოპასუხეს ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, მისი გამაქარწყლებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ კალკულაციაზე დაყრდობით მართებულად დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის - „ფოლკსვაგენ კრაფტერის“ (სახ. ნომერი ….), დაზიანების გამო მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ღირებულებამ 42 139 ლარი შეადგინა.

17. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხისათვის/მზღვეველისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან,განსახილველ შემთხვევაში, ორივე სახეზეა, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული.

19. პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს.

20. საქმეზე დადგენილია, რომ აპელანტმა დაარღვია მოწინააღმდეგე მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულება; ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N04/01/20-CON ხელშეკრულების 10.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით.

21. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას, პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს.

22. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

23. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, ნათია ჩიტაშვილი, გვ.17, http://lawjournal.ge/wp- content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf ).

24. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

25. აპელანტმა (მოპასუხემ) დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მას მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული/შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, იგი შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ არის და შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს არ იძლევა.

26. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

26.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

26.2. კასატორის განმარტებით, მხარეები ხელშეკრულებითვე შეთანხმდნენ უხეში გაუფრთხილებლობის საგამონაკლისო პირობაზე და სასამართლომ აღნიშნულზე საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება. გადაწყვეტილება მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ დაზღვეული რისკების ჩამონათვალზე და არ არის ნამსჯელი ხელშეკრულებით და კანონმდებლობით დადგენილ საგამონაკლისო პირობებზე;

26.3. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ წითელ შუქნიშანზე გავლა არ უნდა გამხდარიყო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა ასევე დაადგინეს, რომ უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენდა გამონაკლისს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „წითელზე“ გავლაც არ იყო უპირობო დათქმა და ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, კერძოდ, რად შეიძლება ჩაითვალოს მძღოლის ქმედება, თუ არა უხეში გაუფრთხილებლობად, როდესაც მას არ აქვს აუცილებლობა, ჩაიდინოს ისეთი დარღვევა, როგორც არის „წითელზე“ გავლა, მას არ ჰყავს პაციენტი და არ მიდის გამოძახებაზე, შესაბამისად, არ არსებობს ის უკიდურესი აუცილებლობა, რაც შესაძლებელია ემსახურებოდეს უპირატესი სიკეთის გადარჩენას; მძღოლმა ის მინიმალური სტანდარტიც კი არ დაიცვა, რაც არის ციმციმისა და სიგნალის გამოყენება, რათა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალებებისათვის აღქმადი ყოფილიყო, რომ ის იყენებდა უპირატესობას;

26.4. კასატორის განმარტებით, ხაზი უნდა გაესვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლს, რომელიც ადგენს იმ უპირატესობებს, რომელიც გააჩნია სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და აქვე უთითებს შემდეგს: პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. აღნიშნულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მძღოლი არ მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში, ის ბრუნდებოდა ფილიალში და შესაბამისად სამსახურეობრივი მოვალეობისათვის მას არც ესაჭიროებოდა უპირატესობის გამოყენება, ასევე, სანამ უპირატესობას გამოიყენებდა, უნდა დარწმუნებულიყო, რომ მას გზას დაუთმობდნენ, რაც ამ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ გზის არ დათმობა წარმოადგენს სამართალდარღვევას, რომელიც დაფიქსირდა მხოლოდ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს, რომ მათი მხრიდან გამოყენებულ იქნა წინდახედულების ნორმა;

26.5. კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდება ზიანის ანაზღაურების დაკისრება, დაკისრებული პირგასამტეხლო, 5 000 ლარის ოდენობით, არის შეუსაბამოდ მაღალი.

26.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (სადაზღვევო კომპანიის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

28. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

30. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

31. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის, კერძოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულებოის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნდა შესრულებისათვის) მუხლები.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა დაზღვევის ხელშეკრულებაც. მეტი სიცხადისათვის, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი.

33. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით (ნორმის დეფინიცია იხ. მე-5 პუნქტში) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების საფუძველი.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სსკ-ის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი. მოცემულ სამართალურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულებით, რომელთა შორისაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება საგამონაკლისო დათქმების გათვალისწინებით.

35. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (იხ. სუსგ-ები: Nას--1147-1067-2017, 29.12.2017წ: N ას-462-2022, 24.06.2022წ).

36. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის/მზღვეველის მტკიცებას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს სადავო შემთხვევაში უპირატესობით არ უნდა ესარგებლა, ამასთან მძღოლი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მას გზას უთმობდნენ, რითაც სპეციალური კანონმდებლობის მოთხოვნები დაარღვია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის სწრაფი გადაადგილების უზრუნველსაყოფად არსებობს გარკვეული გამონაკლისები, რომლებითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები სარგებლობენ. სწორედ ასეთ გამონაკლისს ჰქონდა ადგილი განსახილველ შემთხვევაშიც და მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ აქვს (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი).

37. საკასაციო სასამართლო ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში ასახულ მსჯელობაზე მიუთითებს და დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორს სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ზიანის ოდენობა, სადავოდ არ გაუხდია.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.

39. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით, მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა იქნეს მიჩნეული.

40. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებლად მიიჩნევს და ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას (იხ. ამ განჩინების 17-25 პუნქტები).

41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, მისი არსებითად განხილვისათვის დაუშვებლად ცნობისა და, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

42. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი.

43. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ.ვ.დ–ვას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ნ.ვ.დ–ვას“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 10.05.2024 წლის #1715341571 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 23.15 ლარი და დარჩენილი 2 356.95 ლარის 70% - 1 649.86 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური