¹ბს-1026-980(კ-07) 26 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
ლალი ლაზარაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 24 მაისს მ. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1996-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში. 2004 წელს, მოპასუხე ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სამსახურიდან გათავისუფლების დროს, კონტროლის პალატამ აუნაზღაურა მხოლოდ 2 თვის საკომპენსაციო თანხა. რაც შეეხებოდა 1998-2003 წლებში მოსარჩელეზე დარიცხულ და გადავადებულ სახელფასო და სამივლინებო თანხას _ 2598,56 ლარს, საიდანაც მისაღები ჰქონდა 2202,19 ლარი, მოპასუხისადმი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ვერ მიიღო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. შ.-მ მოითხოვა მოპასახისათვის დავალიანების _ 2202,19 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
2007 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მ. შ.-ს მიმართ სახელფასო _ 2597,56 ლარი (ხელზე მისაღები 2098,59 ლარი) და სამივლინებო _ 103,60 ლარი დავალიანება წარმოიშვა 1998-2003 წლებში, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულყოფილად დაფინანსება.
შესაგებლის ავტორმა აღნიშნა, რომ «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს 2004-2007 წლების კანონებით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო გარკვეული თანხა, საიდანაც საქართველოს კონტროლის პალატას არავითარი ასიგნება არ მიუღია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოქმნილი სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შემთხვევაში მოპასუხე მზად იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის კუთვნილი თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მ. შ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა 1998-2003 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანების _ 2597,56 ლარისა და სამივლინებო თანხის _ 103,60 ლარის ანაზღაურება მ. შ.-ს სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების ამონაწერის მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. შ.-ა 2004 წლის 25 აგვისტოდან «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-15 მუხლის «ა” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან და ჩაირიცხა საკადრო რეზერვში.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს კონტროლის პალატის 2007 წლის 17 მაისის ¹337/43 წერილის თანახმად, 1998-2003 წლებში დარიცხული გადავადებული შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2597,56 ლარს, ხელზე მისაღები თანხა _ 2098,59 ლარს, ხოლო სამივლინებო თანხა _ 103,60 ლარს, რომელთა დაფარვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ფინანსთა საქართველოს სამინისტრო საქართველოს კონტროლის პალატისათვის დამატებით გაითვალისწინებდა ამ მიზნით შესაბამის დაფინანსებას.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე, მუშაობდა რა საქართველოს კონტროლის პალატაში, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს ჰქონდა მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. იმავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 და 37-ე მუხლების საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა. «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” 2001-2003 წლების საქართველოს კანონებით, წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ხარჯისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა გარკვეული თანხა. ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლის პალატას არ მიუღია ასიგნება აღნიშნულ თანხაზე, არ წარმოადგენდა მის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
საქალაქო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შრომითი უფლების დაცვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, შრომის უფლების დაცვა და სამართლიანი გასამრჯელოს მიღების უფლება ყოველი ადამიანის ღირსეული არსებობის მნიშვნელოვანი პირობა იყო. ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი შრომის სამართლიან ანაზღაურებას მიიჩნევდა შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობების სერიოზულ გამოვლინებად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა, ხოლო ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლის პალატას არ მიუღია ასიგნება აღნიშნულ თანხაზე, არ წარმოადგენდა მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების უზრუნველყოფა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები, იმავე კოდექსის 390-ე მუხლის თანახმად, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. შ.-ა მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში, ... დეპარატმენტის ...-ად; საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა საკადრო რეზერვში; საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯომარის 2007 წლის 18 აპრილის ¹471/16 წერილის თანახმად, მოსარჩელეზე დარიცხული გადავადებული შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2597,56 ლარს, საიდანაც მას ხელზე მისაღები ჰქონდა 2098,59 ლარი და სამივლინებო თანხა _ 103,60 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენდა სახელმწიფო დაწესებულებას, რომელში საქმიანობაც ითვლებოდა საჯარო სამსახურად. იმავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდებოდა კანონით განსაზღრულ თავისებურებათა გათვალისწინებით, ხოლო 1973 წლის 28 ივნისის საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, მოსამსახურეს მისი დათხოვნისას დაწესებულებისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლეოდა დათხოვნის დღეს. თუ მუშაკი დათხოვნის დღეს არ მუშაობდა, მაშინ შესაბამისი თანხა გადაცემული უნდა ყოფილიყო არა უგვიანეს შემდეგი დღისა, დათხოვნილი მუშაკის მიერ ანგარიშსწორების შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად არ მიიჩნია აპელანტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ თანხის გაუცემლობა მოხდა არა საქართველოს კონტროლის პალატის მიზეზით, არამედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მათი დაუფინანსებლობის გამო და ამ უკანასკნელს ეკისრებოდა სოლიდარული პაუხისმგებლობა, რადგან დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში, მასთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში, მისგან იღებდა ხელფასსა და სამივლინებო თანხას და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (1978 წლის 28 ივნისი) მე-16 მუხლის საფუძველზე სწორედ იგი იყო ვალდებული, მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა აღნიშნული თანხა. ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის დაკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების არსებობა გამოიწვია 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა საქართველოს კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონებში არც შემდგომ პერიოდში იქნა გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა გაუცემელი ხელფასებისა და სამივლინებო დავალიანებათა დასაფარავად.
კასატორი აღნიშნავს, რომ «სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს 2001-2007 წლების კანონებით წინა წლებში წარმოქნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო გარკვეული თანხები, საიდანაც საქართველოს კონტროლის პალატას დღემდე არავითარი ასიგნება არ მიუღია.
კასატორის განმარტებით, «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელსაც დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია კონტროლის პალატასთან ერთად.
კასატორს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის _ მ. შ.-ს სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების, კერძოდ, საქართველოს კონტროლის პალატისათვის მისი სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, არაკანონიერია და სასამართლომ არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოებანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების უზრუნველყოფა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 26 დეკემბრამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.