საქმე №ას-157-2024 15 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჰ.დ.კ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ჩ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, შრომის ანაზღაურების დაკისრება და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ.ჩ–ვამ (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა შპს „ჰ.დ.კ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან დამსაქმებელი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის 2018 წლის 12 აპრილის ბრძანების გაუქმება და მოსარჩელის აღდგენა მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 2.მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება თვეში 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, 2018 წლის 12 აპრილიდან მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენამდე, 3.შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების დაკისრება, 2015 წლის იანვრის თვიდან 2017 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით, 76 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, „კ.ჰ–ის“ დერივაციული გვირაბის მშენებლობის წარმოებისათვის; 4.შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების დაკისრება, 2015–2016 წლებში ნამუშევარ 7 თვეზე, 14000 ლარის ოდენობით, „მ.ჰ–ის“ მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებისათვის; 5.მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, „კ.ჰ–ის“ დერევაციული გვირაბის მშენებლობისთვის დაყოვნებული (გაუცემელი) ხელფასის - 76 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრება 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 6.მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, „მ.ჰ–ის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის დაყოვნებული (გაუცემელი) ხელფასის - 14 000 ლარის, 0.07%-ის ანაზღაურების დაკისრება, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2014 წლის 1 აპრილს, დაინიშნა მოპასუხე კომპანიაში მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელის მოვალეობა იყო კ.ჰ–ის მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა მშენებელი კომპანიის (კონტრაქტორი - შპს „ე–ის“) მიერ წარმოებულ სამუშაოებზე, რომელიც ახორციელებდა კ.ჰ–ის (სათავე ნაგებობა, სალექარი, სადერევაციო გვირაბი, ჰესის შენობა) მშენებლობას ქობულეთის რაიონის სოფელ ......... მოსარჩელის შრომის ანაზღაურება 2014 წლის 1 აპრილიდან შეადგენდა 2400 აშშ დოლარს თვეში, ხელზე მისაღები სახით; მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებლობის მწარმოებელმა კონტრაქტორმა შპს „ე–მა“ ვერ შეძლო გამკლავებოდა ჰესის (მათ შორის, გვირაბის) მშენებლობას, შპს „ჰ.დ.კ–ის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა კონტრაქტი მშენებელ კომპანიასთან შპს „ე–თან“, რის შემდგომაც, შპს „ჰ.დ.კ–იმ“ კ.ჰ–ის მშენებლობის გაგრძელებაზე კონტრაქტი გააფორმა კომპანია „ააი–პი გროუპთან“, რომელსაც უნდა ეწარმოებია კ.ჰ–ის (სათავე ნაგებობის, სალექარის და ჰესის შენობის) მშენებლობა სადერევაციო გვირაბის გამოკლებით, რამდენადაც აღნიშნულ კომპანიას არ გააჩნდა გვირაბის მშენებლობის გამოცდილება; იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არის გვირაბის მშენებლობის სპეციალისტი, შპს „ჰ.დ.კ–ის“ მესაკუთრის სს „ს.ჰ–ოს“ პასუხისმგებელი პირი და აქციონერი ჰ.ვ–ვი, რომელიც წარმოადგენდა, ასევე კ.ჰ–ის მშენებლობის წარმოების ერთ–ერთ მთავარ პასუხისმგებელ პირს, გაესაუბრა მოსარჩელეს და ჰკითხა შეძლებდა თუ არა ის აეღო პასუხისმგებლობა ეწარემოებინა გვირაბის მშენებლობა, რაზეც მოსარჩელე დათანახმდა იმ პირობით, თუ შპს „ჰ.დ.კ–ი“ უზრუნველყოფდა დერევაციული გვირაბის მშენებლობის მომარაგებას მის მიერ მოთხოვნილი საჭირო ტექნიკით და დანადგარებით; მხარეთა შეთანხმებით მოსარჩელეს ახალ პოზიციაზე დამატებით უნდა მიეღო ხელფასი იგივე ოდენობით, რასაც ის იღებდა კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობისათვის - ჰესის მშენებლობის ზედამხედველობისათვის. ამასთან, გვირაბის წარმატებით გაყვანის შემთხვევაში, ხელფასთან ერთად დამატებით უნდა მიეღო სოლიდური პრემია, ყველაზე ცუდ ვარიანტში, ყოველ ნამუშევარ თვეზე 1600 აშშ დოლარის ოდენობით. პარალელურად კი უნდა გაეგრძელებინა ზედამხედველობა კ.ჰ–ის მშენებლობაზე; 2014 წლის დეკემბრის თვეში, მხარეთა შორის დაიდო ზეპირი შრომითი ხელშეკრულება კონკრეტული მოცულობის სამუშაოების შესრულების მიზნით და 2015 წლის იანვრის თვიდან მოსარჩელე დაშვებული იქნა შპს „ჰ.დ.კ–იში“ კ.ჰ–ის სადერევაციო გვირაბის მშენებლობის ხელმძღვანელად; მოსარჩელემ შეადგინა გვირაბის მშენებლობის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა და გრაფიკი, წარადგინა მოთხოვნა ტექნიკაზე და დანადგარებზე. მანამდე, სანამ კომპანია უზრუნველყოფდა გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო ტექნიკის მოწოდებას, მოსარჩელემ თავად უზრუნველყო საქართველოში არსებული გვირაბის მშენებლობისათვის საჭირო ტექნიკა–დანადგარების მობილიზება და დაიწყო კ.ჰ–ის დერევაციული გვირაბის მშენებლობა ქობულეთის რაიონის სოფელ ჭახათის ტერიტორიაზე; ჰ.ვ–ვის დაპირების შესაბამისად, მოსარჩელეს ხელფასი პრემიასთან ერთად უნდა ანაზღაურებოდა მშენებლობის დასრულების შემდეგ; შეთანხმებიდან გამომდინარე, 2015 წლის იანვრის თვიდან მოსარჩელემ მუშაობა განაგრძო შპს „ჰ.დ.კ–იში“ იმ დამატებით აღებული ვალდებულებებით, რაც უკავშირდებოდა კ.ჰ–ის დერევაციული გვირაბის მშენებლობის წარმოების ხელმძღვანელობას (დერევაციული გვირაბის მშენებლობის მთავარი ინჟინერი); მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი გვირაბის მშენებლობის წარმოებისთვის აუცილებელი ტექნიკის (გვირაბის დამტვირთველის) მოწიდება, მოსარჩელემ მაინც შეძლო გვირაბის გაყვანის დასრულება მის მიერ წარდგინილი გრაფიკისა და ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. გვირაბის მშენებლობის დღის და ღამის ცვლაში შესრულებული სამუშაოების შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველ დილით 09:00 სთ.-მდე მოსარჩელე უგზავნიდა ხელმძღვანელობას, ელ.ფოსტაზე (მ.ტ–ევი, ჰ.ვ–ვი, პ.ფ–ძე); დერევეციული გვირაბის მშენებლობის დასრულების მიუხედავად (2017 წლის სექტემბრის თვე) მოსარჩელეს კომპანიისაგან გვირაბის მშენებლობაზე გაწეული სამუშაოების შესრულებისათვის არ მიუღია, არც შეთანხმებული ხელფასი და არც დანაპირები პრემია. „კ.ჰ–ის“ მშენებლობის ზედამხედველობის და დერევაციული გვირაბის მშენებლობის ხელმძღვანელობის პერიოდში, მოსარჩელე, შპს „ჰ.დ.კ–ის“ დირექციის მოთხოვნით, ასევე, ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, პარალელურად ჩაერთო წალენჯიხის რაიონში ასაშენებელი „მ.ჰ–ის“ პროექტში, მოსამზადებელი სამუშაოების წარმოების ხელმძღვანელად, სადაც 2015–2016 წლებში 7 თვის განმავლობაში იკავებდა მშენებლობის მთავარი ინჟინრის პოზიციას. ხსენებულ შემთხვევაშიც, მოსარჩელესთან დადებული იყო ზეპირი შეთანხმება, რომ ანაზღაურებას გადაუხდიდნენ გაწეული სამუშაოების შეფასების მიხედვით, ჰესის მშენებლობის დასრულებისას, ყოველ ნამუშევარ თვეზე 2000 ლარის ოდენობით დაანგარიშებით; „მ.ჰ–ის“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა 2015 წლის ივნისიდან 2015 წლის სექტემბრამდე და 2016 წლის ივნისიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით. სამუშაობის წარმოების შესახებ ინფორმაციას და ფოტო-მასალას მოსარჩელე ყოველდღიურად უგზავნიდა მეილზე ხელმძღვანელობას (მ.ტ–ევი, ჰ.ვ–ვი, პ.ფ–ძე); მოსარჩელეს, ზეპირი შეთანხმების მიუხედავად, „მ.ჰ–ის“ მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებისათვის კომპანიისგან ანაზღაურება არ მიუღია; 2017 წლის სექტემბრის თვიდან, მას შემდეგ, რაც დასრულდა „კ.ჰ–ის“ მშენებლობა, მოსარჩელემ არაერთხელ მოითხოვა შპს „ჰ.დ.კ–ისაგან“ და ხსენებული კომპანიის მესაკუთრე კომპანიის სს „ს.ჰ–ოს“ დირექციისაგან, მის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება შეთანხმებული ოდენობით, თუმცა უშედეგოდ; მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მოპასუხეს სახელფასო დავალიანება მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია. ამასთან, მიუღებელი ხელფასების მოთხოვნის გამო, შპს „ჰ.დ.კ–ის“ დირექტორმა, 2018 წლის 12 აპრილის ბრძანებით, უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეწყვიტა მოსარჩელესა და შპს ჰ.დ.კ–ის“ შორის 2014 წლის პირველ აპრილს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის.
3. მოპასუხე კომპანიამ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის შეწყდა კანონიერად. მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობა უნდა შეესრულებინა არა ერთ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, არამედ კომპანიის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მტკიცება, რომ შრომის ანაზღაურება სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით უნდა მიეღო დამატებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელფასისაგან დამოუკიდებლად. ამგვარი შეთანხმება ან დაპირება მხარეთა შორის არ არსებობდა და ეს არც სათანადო მტკიცებულებებით დასტურდება. დასაქმებულის ცოდნა მდგომარეობდა სადერივაციო გვირაბების მშენებლობაში და ის ხელმძღვანლობდა გვირაბების მშენებლობას. მას შემდეგ, რაც გვირაბების მშენებლობა დასრულდა, მოსარჩელეს რეალურად შესასრულებელი სამუშაო აღარ გააჩნდა - დამსაქმებელს აღარ ესაჭიროებოდა გვირაბის მშენებელი ინჟინერი, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ. შრომის ანაზღაურება კი მოსარჩელეს მიღებული აქვს სრულად. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2018 წლის 12 აპრილის ბრძანება, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელეს უარი ეთქვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დაკავებულ თანამდებობაზე - შპს „ჰ.დ.კ–ის“ მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით 28800.00 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე, ხელზე მისაღები სახით); არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა შპს „ჰ.დ.კ–ის“ მიმართ, „კ.ჰ–ის“ დერივაციული გვირაბის მშენებლობის წარმოებისა და „მ.ჰ–ის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებისათვის, შრომის ანაზღაურების - 76 800 აშშ დოლარისა და 14000 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში; არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა შპს „ჰ.დ.კ–ის“ მიმართ, შრომის ანაზღაურების - 76 800 აშშ დოლარისა და 14000 ლარის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურების თაობაზე, 2017 წლის 01 ოქტომბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება დამსაქმებლის 2018 წლის 12 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობის, დამსაქმებლისათვის კომპენასაციის სახით 28,800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და საპროცესო ხარჯის დაკისრების ნაწილში (იხ., ს.ფ. 13. ტ.3).
6. მოსარჩელემ (დასაქმებული) შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის, სამსახურში აღდგენამდე იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის 2400 აშშ დოლარის გადახდევინებაზე უარის თქმის, „კ.ჰ–ის“ დერევაციული გვირაბის მშენებლობისათვის და „მ.ჰ–ის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებისათვის შრომის ანაზღურების 76800 აშშ დოლარის და 14000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში; შრომის ანაზღაურების 76800 აშშ დოლარის და 14 000 ლარის დაყოვნებისათვის, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაყოვნებული თანხის 0.07% ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (ს.ფ. 74-76 ტ.3).
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება შეიცვალა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ჰ.დ.კ–ის“ კ.ჩ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 28 800.00 (ოცდარვა ათას რვაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე, ხელზე მისაღები სახით) და შპს „ჰ.დ. კ–ის“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 2367.36 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-8 პპ.) და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ჰ.დ.კ–ის“, კ.ჩ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 24000 (ოცდაოთხი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე, ხელზე მისაღები სახით); კ.ჩ–ვას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორმა მოითხოვა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის სახით 24,000 აშშ დოლარის და ხარჯების დაკისრების ნაწილში, ასევე, გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და მოპასუხეს დაეკისრა 100 ლარი და მოსარჩელეს სრულად ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააკსაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ჰ.დ.კ–ი“-ს კ.ჩ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს 15000 აშშ დოლარის (დაბეგრილი, ხელზე ასაღები) გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი; შპს „ჰ.დ.კ–ი-“ს (ს.კ: ..........) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 09.02.2024წ. საგადახდო დავალებით N 1707481898 გადახდილი 3188.76 ლარიდან 1195.80 ლარი.
განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. 2024 წლის 02 აგვისტოს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება შემდეგ გარემოებათა გამო:
11. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-157-2024, ნამსჯელია მხოლოდ უზენაეს სასამართლოში გადახდილ სახელმწიფო ბაჟზე, ხოლო არ არის ნამსჯელი პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრებულ ბაჟთან დაკავშირებით. საქმის მასალების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2376.36 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომელიც შეადგენდა გადაწყვეტილებით მოპასუხეზე დაკისრებული თანხის 3%-ს. რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ შეამცირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა, ამიტომაც სააპელაციო სასამართლომ შესაბამისად შეამცირა პირველ ინსტანციაში დაკისრებული ბაჟის ოდენობა და დაიანგარიშა 3% შემცირებული თანხიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით კომპენსაციის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, უზენაესმა სასამართლომ არ იმსჯელა, რომ კასატორმა ( მოპასუხემ) სახელმწიფო ბაჟი ( 3%-ის ოდენობით) უნდა გადაიხადოს უკვე შემცირებული და საბოლოოდ დაკისრებული თანხიდან, ანუ უზენაეს სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მოპასუხემ უნდა გადაიხადოს 15000X3%=450 აშშ დოლარი. საქმედან გამომდინარეობს, რომ საბოლოოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციიდან, რომელიც შეუსაბამოდ ჩათვალა უზენაესმა სასამართლომ და მნიშვნელოვნად შეამცირა. უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შეეცვალა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული ბაჟის ოდენობა და განესაზღვრა 15000X3%=450 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით.
12. განმცხადებელმა სსსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დადგინდება საბოლოოდ დაკისრებული კომპენსაციის შესაბამისად მოპასუხის მიერ გადასახდელი ბაჟის ოდენობა.
13. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ უზენაესმა სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის საკითხი, დაადგინა რა, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბაჟის ნაწილი, მაშინ როდესაც ეს ბაჟი უნდა დაკისრებოდა კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, რომელიც მიუთითებს, რომ „მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გაადხდისაგან“. შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს კასატორისათვის ბაჟი კი არ უნდა დაებრუნებინა დაკმაყოფილებული საკასაციო საჩივრის პროპორციულად, არამედ მისი გადახდა უნდა დაეკისრებინა მოწინააღმდეგე მხარისათვის. ( იხ. განცხადება).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სსსკ-ის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია – იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. (შდრ. სუსგ №ას-1054-2019, 30 სექტემბერი, 2019წ.).
18. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა“ (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცავს პასუხს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო სასამართლო პროცესში (იხ. დამატებით: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.372.).
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
21. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინტიტუტს. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით. მითითებული საკანონმდებლო დანაწესი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების ანაზღაურება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019, 30 სექტემბერი, 2019წ., №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წ.). ამასთანავე, სსსკ-ის 261-ე მუხლის რეგულირების ქვეშ მოიაზრება მთლიანად საპროცესო ხარჯების საკითხი (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 26 იანვარი, 2015 წელი).
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
23. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (შდრ. სუსგ-ებები: №-ას-225-217-2012, 25 ივნისი, 2012წ.; №ას-385-366-2015, 14 მაისი, 2015წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (სუსგ. №ას-1670-2019, 21 მაისი, 2020წ.; №ას-920-870-2015, 09 ივნისი, 2016 წ.) ასეთის არსებობის შემთხვევაში.
24. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რა მოვლენას უკავშირებს კანონმდებელი დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლის დაწყებას – ესაა გადაწყვეტილების ზეპირ სხდომაზე გამოცხადება. კანონის ამ დათქმას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ მხარე სასამართლო სხდომაზე მოისმენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და მყისიერად შეიტყობს, სასამართლომ იმსჯელა და პასუხი გასცა თუ არა მის ყველა მოთხოვნას. ასეთ ვითარებაში მხარე, რომელიც აღმოაჩნეს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების წარდგენის სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული რომელიმე წინაპირობა, 7 დღეში მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სასამართლოს მხრიდან გამოტოვებული საკითხის გადაწყვეტას.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა ზეპირ სხდომაზე ყოველთვის არ მიმდინარეობს და მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონომდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, რიგ შემთხვევებში დავა გადაწყვიტოს მხარეთა მოწვევის გარეშე. ასეთ დროს მხარეებს დავის სამართლებრივი შედეგი ეცნობებათ მას შემდეგ, რაც გადაეცემათ სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება.
26. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განხილული იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე, სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა, უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან. (შდრ. სუსგ.-ები: №ას-259-2020, 11 მარტი, 2021; №ას-1602-2018, 24 მარტი, 2021). ვადის ათვლა ასეთ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების/განჩინების მხარისათვის ჩაბარებას, რამეთუ იქამდე მხარე მოკლებული იყო ობიექტურ შესაძლებლობას, ევარაუდა დამატებითი გადაწყვეტილების/განჩინების გამოტანის საჭიროება (შდრ. სუსგ №ას-242-2020, 20 ოქტომბერი, 2020). დამკვიდრებული პრაქტიკით, საკითხი ანალოგიურადაა რეგლამენტირებული ისეთ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება მხარე, რომლისათვის ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი (იხ. სუსგ №ას-180-180-2018, 04 მაისი, 2018წ.). არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხარვეზების გარეშე და ასეთი ხარვეზების დაშვება განხილულ უნდა იქნეს გამონაკლის შემთხვევად და არა სავარაუდო შედეგად.
27. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში სსსკ-ის 261-ე მუხლით დადგენილი საპროცესო ვადა უნდა აითვალოს არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დღიდან, არამედ მხარისათვის მისი სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მომენტიდან, ანუ იმ დროიდან როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის საჭიროების არსებობის შესახებ (შდრ: სუსგ №ას-1316-2022, 02 თებერვალი, 2023 წ.).
28. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ დაცულია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის კანონმდებლობით დადგენილი 7 დღიანი ვადა.
29. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, თუ რა საფუძვლით ითხოვს განმცხადებელი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, განმცხადებელი მიუთითებს, რომ
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-157-2024, ნამსჯელია მხოლოდ უზენაეს სასამართლოში გადახდილ სახელმწიფო ბაჟზე, ხოლო არ არის ნამსჯელი პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხისათვის გადასახდევინებლად დაკისრებულ ბაჟთან დაკავშირებით. საქმის მასალების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2376.36 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომელიც შეადგენდა გადაწყვეტილებით მოპასუხეზე დაკისრებული თანხის 3%-ს. რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ შეამცირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა, ამიტომაც სააპელაციო სასამართლომ შესაბამისად შეამცირა პირველ ინსტანციაში დაკისრებული ბაჟის ოდენობა და დაიანგარიშა 3% შემცირებული თანხიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით კომპენსაციის ოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, უზენაესმა სასამართლომ არ იმსჯელა, რომ კასატორმა ( მოპასუხემ) პირველ ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟი ( 3%-ის ოდენობით) უნდა გადაიხადოს უკვე შემცირებული და საბოლოოდ დაკისრებული თანხიდან, ანუ უზენაეს სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მოპასუხემ უნდა გადაიხადოს 15000X3%=450 აშშ დოლარი. საქმედან გამომდინარეობს, რომ საბოლოოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციიდან, რომელიც შეუსაბამოდ ჩათვალა უზენაესმა სასამართლომ და მნიშვნელოვნად შეამცირა. უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შეეცვალა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული ბაჟის ოდენობა და განესაზღვრა 15000X3%=450 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით.
30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. შესაბამისად, გასაზიარებელია განმცხადებლის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომ შპს „ჰ.დ.კ–ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟი 450 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით ექვივალენტი ლარი) ოდენობით.
31. განმცხადებლი ასევე მიუთითებს, რომ უზენაესმა სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის საკითხი, დაადგინა რა, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბაჟის ნაწილი, მაშინ როდესაც ეს ბაჟი უნდა დაკისრებოდა კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი პუნქტი, რომელიც მიუთითებს, რომ „მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გაადხდისაგან“. შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს კასატორისათვის ბაჟი კი არ უნდა დაებრუნებინა დაკმაყოფილებული საკასაციო საჩივრის პროპორციულად, არამედ მისი გადახდა უნდა დაეკისრებინა მოწინააღმდეგე მხარისათვის (იხ. განცხადება).
32. საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლის აღნიშნულ მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო:
33. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე №ას-157-2024 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების პპ.84-86, კერძოდ, საკასაციო პალატამ მიუთითა: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. სსსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროფორციულად, რომელიც დაკამყოფილებულია. რადგან სარჩელი დაკამყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 09/02/2024 წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3188.76 ლარი) 1195.80 ლარი“ (იხ. 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება).
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. იმავე კანონის მე-3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე; ხოლო იმავე კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან;
35. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ჰ.დ.კ–ი“-ს კ.ჩ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 15000 აშშ დოლარის (დაბეგრილი, ხელზე ასაღები) გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარის (მხარეთა) გათავისუფლება შეიძლება მოხდეს, როგორც კანონის ძალით, ასევე სასამრთლოს მიერ. „მაგრამ არც კანონს და არც სასამართლოს არ შეუძლია მხარე გაათავისუფლოს ისეთი სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რომელიც მეორე მხარეს უნდა აუნაზღაურდეს. გადახდისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხებისაგან. ასეთი თანხების კატეგორიას, როგორც წესი, განეკუთვნება სახელმწიფო ბაჟი“ (იხილეთ: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ, გვ.145).
37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ამკვიდრებს პრინციპს, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (სსსკ-ის 53.1 მუხლი). ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის (აგრეთვე სხვა საპროცესო ხარჯების) გადახდა დაეკისრება მოპასუხეს მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სსსკ-ის 53.1 მუხლი აზუსტებს იმ წესს, რომლის თანახმად, მხარე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ იმ სასამართლო ხარჯებისაგან, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა იქნეს შეტანილი. მხარე ვერ გათავისუფლდება იმ ხარჯების გადახდისაგან, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა იქნეს გადახდილი“ (იხილეთ: თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2007 წ, გვ. 101.).
38. სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, რადგან იგი გათავისუფლებული იყო მისი გადახდისაგან, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია (იხილეთ: თენგიზ ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2007 წ, გვ. 105.).
39. შესაბამისად, საქმეზე №ას-157-2024 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების პპ.85-86, სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
40. საკასაციო პალატა განუმარტავს განმცხადებელს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჰ.დ.კ–ი“-ს განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ჰ.დ.კ–ი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 450 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით ექვივალენტი ლარი) ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე